იყო კი... სიყვარული?!
პერსპექტიული „პრინცების“ რიცხვი ისე კატასტროფულად შემცირდა, ყველას რომ არ ეყოფა, ფაქტია (თუკი, საერთოდ დარჩა რომელიმე და ძველ პრინცებთან მსგავსებაც შესამჩნევია). თუ თქვენ ორიენტირად იდეალური მამაკაცი გყავთ, იმედგაცრუება გელით. არის ერთადერთი გამოსავალი – ცხოვრების თანამგზავრი თავად უნდა „გამოძერწოთ“. „მასალა“ საშუალო მაინც უნდა იყოს და თქვენც უნდა შეემზადოთ ამისთვის. დიდი მნიშვნელობა აქვს, თავად როგორ მიუდგებით ამ საკითხს, რა გამოძრავებთ – სიყვარული თუ, უბრალოდ, სურვილი, მარტო არ იყოთ. არასოდეს ინერვიულოთ იმაზე, რაც რეალურად არც ყოფილა. მაგალითად, რატომ უნდა მოიგონოთ სიყვარული, თუკი სიყვარული ეს არ არის?! რატომ უნდა დაირწმუნოთ თავი იმაში, რომ მის გარეშე ვერც სიცოცხლეს შეძლებთ და ვერც ცხოვრების გაგრძელებას?! ასეთ იმიტაციას კარგი არაფერი მოაქვს, მით უფრო, თუკი ურთიერთობა არ გამოვა და ყველაფრის დასრულება მოგიწევთ. ზოგიერთს მიაჩნია, რომ მამაკაცებს, მათი რაციონალურობიდან გამომდინარე, არ აქვთ საკუთარი გრძნობის გაანალიზების უნარი, თანაც, ნებისმიერ ქალთან ურთიერთობაში, პრობლემების წარმოქმნისას ფრთხებიან. მართალია, პრინციპში, ასეა, მათთვის ეს ძალიან შემაწუხებელია და ცდილობენ, გაექცნენ მას. სწორედ ამით აიხსნება მამაკაცის მავნე ჩვევა – „აორთქლდეს“ პირველივე წინააღმდეგობისას. რა ქნას, ასეთია მისი ბუნება. გამონაკლისი იქნება ის, ვისაც მართლა შეუყვარდებით, ვინც ვერაფრით გაძლებს თქვენს უნახავად და მაშინ არც წინააღმდეგობების შეეშინდება. ამიტომ, თუკი „აორთქლდა“, ძალიანაც ნუ გაეტირებით – ეს სიყვარული არ ყოფილა. კიდევ ერთი სტატისტიკა, თუმცა, არ ვიცით, რამდენად დაგამშვიდებთ: იმ მამაკაცების 28 პროცენტი, რომელიც ოჯახს ტოვებს, რაღაც პერიოდის შემდეგ უკანვე ბრუნდება, ცოლთან. ყოველ შემთხვევაში, ამის დაუოკებელი სურვილი აქვს. მხოლოდ ცოლზეა დამოკიდებული, მისცემს თუ არა მას მეორე შანსს.