კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკრძალვები აქვთ „წმიდა გიორგის” ჯგუფის წევრებს და როგორ ისჯებიან ისინი

სრულიად საქართველოს მოხიბვლა იმ არაჩვეულებრივად ნიჭიერმა ბავშვებმა შეძლეს, რომლებიც, ქართული ფოლკლორული შედევრების აკომპანემენტის თანხლებით მართლაც დაფრინავდნენ ფილარმონიის სცენაზე. ჯგუფი „წმიდა გიორგი” დიდი ხანია არსებობს და დღეს ამ საოცარ ბავშვებს უკვე ყველა იცნობს. წარმატების საფუძვლად ჯგუფის ხელმძღვანელ კახა კაკაბაძეს ღვთის სიყვარული და ძალიან დიდი და უანგარო შრომა მიაჩნია.

კახა კაკაბაძე: უწმიდესის კურთხევით არის დაარსებული ჩვენი ჯგუფი, წმიდა გიორგის სახელიც მან შეგვარქვა. ისევე, როგორც წმიდა დიდმოწამე გიორგი, ქრისტეს ერთგული მოწაფე იყო მებრძოლი, ეს ბავშვებიც მებრძოლებად და რაინდებად უნდა გაიზარდონ. უწმინდესმა მოგვცა კურთხევა, რაც შეიძლება მეტი ბავშვი წაართვით ქუჩას, ნარკოტიკებს, პოკერ-კლუბებს, ყველაფერ იმას, რაც სულის ცხონებასა და სხეულის ჯანმრთელობას უშლის ხელსო. ღვთის წყალობით, უკვე ოცდამეშვიდე წელია, ამ საქმეს ვაკეთებთ. ჯგუფი აფხაზეთში, ქართულ სკოლაში დაარსდა, ომის შემდეგ აქ განვაგრძეთ საქმიანობა. ვმსახურობ ვაკის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესიაში და მამა დანიელმა კურთხევა მოგვცა, რომ „ნიჭიერში” გამოვსულიყავით. გვიყვარს ქართული ფოლკლორიც, ეს ცეკვაც და კარატეც.

– კი მაგრამ, კარატე ხომ აღმოსავლური ფილოსოფიაა, რომელსაც საფუძვლად რელიგია უდევს.

– სხვათა შორის, ეს უწმიდესმაც აღნიშნა. კარატე ძალიან მალე შეიჭრა და გავრცელდა ყველა ქვეყანაში. საბრძოლო ხელოვნებას, რა თქმა უნდა, მოჰყვება აღმოსავლური ფილოსოფია, მედიტაციები და სხვა. უწმიდესმა კურთხევა მოგვცა, ყველანაირად ეცადეთ, ეკლესიურად, ქართული სულით, მართლმადიდებლური სულისკვეთებით აღზარდეთ ბავშვებიო. ასე რომ, იქ არანაირი აღმოსავლური სულისკვეთება არ არის, მხოლოდ საბრძოლო ილეთებია. თუ ადამიანს თურქული ქურთუკი აცვია, თურქი ხომ არ უნდა გახდეს ან მეჩეთში სიარული ხომ არ უნდა დაიწყოს?!

– ამ ვარჯიშებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სულის სიმტკიცე.

– რა თქმა უნდა. ჩვენთვის საკმარისია, პირჯვარი გადავისახოთ, „მამაო ჩვენო“, ღვთისმშობლის და წმიდა დიდმოწამე გიორგის ტროპარები წარმოვთქვათ და, ვიწყებთ ვარჯიშს.

– „ნიჭიერისთვის” ბავშვები როგორ შეირჩნენ?

– შევარჩიეთ ყველაზე მონდომებულები, ნიჭიერები, ისინი, რომლებსაც დიდი წარმატებები აქვთ კარატეში. შარშან რომ ვუყურეთ ამ პროექტს, ძალიან მოგვეწონა და გადავწყვიტეთ, ჩვენც გამოვსულიყავით. ჩინელმა რომ ჩინურად ილაპარაკოს, ამაში ხომ გასაკვირი არაფერია, მაგრამ აქ საოცარი არის კარატე ქართული მუსიკის თანხლებით. გაკვეთილებს ყოველთვის მთიულურის, ხორუმის მუსიკის ფონზე ვატარებთ.

– ეს თქვენი იდეაა?

– არ დაგიმალავთ და, ჩემი იდეაა. ძალიან მიყვარს ცეკვა, არ ვაცდენ სუხიშვილების არც ერთ კონცერტს. ღმერთმა დალოცოს ეს და, საერთოდ, ყველა ფოლკლორული ანსამბლი საქართველოში, ამინ! ქართულ ცეკვაში არის უამრავი საბრძოლო ილეთი და ამ სულისკვეთებამ ჩამატარებინა გაკვეთილები მთიულურისა და ხორუმის მუსიკის თანხლებით. მელოდიის გარეშე ბავშვებს უჭირდათ ფიზიკური მომზადება. ვთქვათ, გააკეთეს მუცლის სამასი პრესი. როცა ჩავურთე მუსიკა, რვაასი გააკეთეს – იღვიძებს ქართული გენი და უფრო მეტი შემართებითა და მონდომებით შრომობენ.

– როგორია თქვენი ვარჯიშები?

– ყოველდღე ვატარებ გაკვეთილებს: ახლები 4 საათიდან მყავს, მერე – საშუალოები და 7 საათიდან უკვე მოდიან „ნიჭიერის” ბავშვები და ისინი, ვინც იაპონიაში, თურქეთში, ირანსა და ესპანეთში იგებენ ტურნირებს. მუცლის სამასი პრესი საშუალო დონეზე მომზადებული მოსწავლეებისთვისაა, ძველები ათასამდე ადიან. აკეთებენ მუშტებზე აზიდვებს, „შპაგატზე“ ვარჯიშებს, ჰაერიდან აკეთებენ „შპაგატებს“ და სხვა. მაღალი ნახტომები აუცილებელია.

– თითქოს დაფრინავენ...

– ეს, რა თქმა უნდა, მაღალი ზნეობიდან მოდის. პირველ ყოვლისა, ეს არის უფლის სიყვარული, მშობლების დაჯერება. ღმერთმა მაპატიოს და, ზნეობის საკითხებში ბავშვებს ცოტა დისციპლინირებულად, მკაცრად ვუდგები. აკრძალული მაქვს მათთვის უზრდელობის ყურება, კომპიუტერული თამაშებით გართობა. დავაკვირდი და, ცოტა გათიშულები არიან ის ბავშვები, რომლებიც კომპიუტერში თამაშობენ. დედამ თავისი სამი თვის შვილი მოკლა იმიტომ, რომ „ფერმაში” მოსავლის აღებაში შეუშალა ხელი. ბავშვებს დავაკვირდი და შევნიშნე, რომ, ვინც მიატოვა თამაში, ის უფრო კარგად იქცევა, უფრო მეტი დისციპლინა აქვს და მშობლებსაც უფრო უჯერებენ.

– დამჯერები არიან?

– ჩვენთან ქრისტესმიერი სიყვარულია. როგორც არ უნდა დაისაჯოს ბავშვი (დასჯა კი ხდება ასი აზიდვით მუშტებზე, ასი ბუქნით) ის დიდი სიყვარულით არის გარემოცული და ამას სულ გრძნობს. მაგალითად, მირეკავს მშობელი და მეუბნება: კახა მასწავლებელო, მიშველე, გაკვეთილებს არ სწავლობს, მანერვიულებს, წნევამ ამიწიაო. ამის გამო ვსაყვედურობ ბავშვს: „რატომ მოიქეცი ასე? გააკეთე ახლა ასი ბუქნი“!.. ნელ-ნელა სწორდება ის ბავშვი. კარატე არ არის მხოლოდ ფეხის ქნევა. ფეხს, უკაცრავად და, სახედარიც იქნევს. აქ ჩადებულია ის საოცარი სულის სიმტკიცე, რაც ბევრ სპორტში არ არის. ფეხბურთს არ განვიკითხავ, მაგრამ, იქ ჩვეულებრივი მოვლენაა: „პასი მომე, შენი დედა... პასი მომე ჩემი დედა“... ჩვენთან ღირსეული ბრძოლაა. წაქცეულ მონაწილეზე იერიში არ მიგვაქვს და კიდევ არის ძალიან ბევრი აკრძალვა, რომლებსაც უსიტყვოდ ვიცავთ. ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ ბავშვი ღირსეულ მოქალაქედ და მამულიშვილად ჩამოყალიბდეს.

– გავიგე, უცხო ქვეყნებშიც ძალიან ბევრი მიღწევა გქონიათ?

– დიახ. იაპონიის ტურნირების თორმეტი პრიზიორი გვყავს. თურქეთში ხუთი ბავშვი წავიყვანეთ და იქაური საერთაშორისო ტურნირიდან ხუთი ოქრო ჩამოვიტანეთ. გარდა ამისა გვყავს, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი გიორგი ბასილაშვილი, რომელმაც სასწაულები მოახდინა: ცალ ფეხზე 1 წუთში 121 აზიდვა გააკეთა, ორ ხელზე ნახევარ წუთში – 156 აზიდვა, ხოლო ცალ ფეხზე 3 წუთში 124 ბუქნის გაკეთება შეძლო. დაახლოებით ათი წლის წინ ვიყავით მოსკოვში, სადაც გუნდური ტურნირი მოვიგეთ: 6 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი ავიღეთ. სხვათა შორის, ბელორუსიის ნაკრების მწვრთნელმა ყაბარდოელ მწვრთნელს უთხრა, ნახე, ჩემმა მოსწავლემ ოქროს მედალი აიღოო, რაზეც ყაბარდოელმა უპასუხა – იმ წონაში ქართველები არ იყვნენ და იმიტომო.

– ასეთ ბავშვებს არ აქვთ წახალისებები? ხელფასი სახელმწიფოსგან ან რაღაც ასეთი.

– რადგან ამ საკითხს შევეხეთ, არავის განკითხვა არ მინდა, მაგრამ, გულდაწყვეტილმა უნდა აღვნიშნო, რომ არასდროს არავისგან არანაირი დახმარება არ მიგვიღია. უამრავი ბიზნესმენი და საქმოსანი ხალხი რესტორანში ერთ სადილზე იმდენს ხარჯავენ, რამდენიც ჩემს ას მოსწავლეს ეყოფა და ამაზე მტკივა გული. ერთი თეთრი არ გვახსოვს არავისგან. შემოწირულობების ყუთი გვიდგას დარბაზში და იქ ბავშვები თვითონ ყრიან, რისი საშუალებაც აქვთ. ორმოცდათოთხმეტი ობოლი მოწაფე მყავს, რომლებიც საერთოდ უსასყიდლოდ დადიან ჩემთან. ამ ყუთში გაკვეთილზე მოსული ზოგი მოსწავლე ორ-სამ ლარს აგდებს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ყუთში სულ 12 თეთრი აღმომიჩენია და, ხატების წინ დავდექი და ვიტირე იმაზე, თუ რა დონეზე დაეცა ჩვენი ქართული სული. როდესაც მშობელი შვილს „ჯიპით“ მოიყვანს და თვეში 120 ლარს სიგარეტში ხარჯავს, არ მგონია, რომ ოცი-ოცდაათი ლარი უჭირდეს თვეში. განკითხვით არ ვამბობ ამას, გულისტკივილით ვამბობ. მით უმეტეს, რომ დარბაზის, დამლაგებლისა და კიდევ უამრავი ხარჯი დასაფარია. ღმერთმა შეარგოს იმ ხალხს, ვინც მთელ დღეს რესტორანში ატარებს და საქართველოს სადღეგრძელოებს ამბობს, მაგრამ, რასაც ისინი ერთ ჯერზე მიირთმევენ, რომ მოსულიყვნენ და ის თანხა მოეცათ – კახაბერ კაკაბაძე, ამდენი ობოლი ბავშვი გყავს, აი, შენ ეს თანხა და კიმანოები, სპორტული დამცავები, საჭირო ნივთები უყიდე ამ ბავშვებსო – ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. ისე იხაროს ჩემმა ოთხმა შვილმა, თუ იქიდან ერთი თეთრი ჩემს შვილებს მოვახმარო. თუკი ოდესმე იმ ყუთში საჭიროზე მეტი თანხა აღმომიჩენია, ბავშვები რესტორანში წამიყვანია სადილად. ერთმა ისიც კი თქვა, კახა მასწავლებელო, ხინკალს ცხოვრებაში პირველად ვჭამო. კინაღამ გავგიჟდი.

– ფინალში რა იქნება განსაკუთრებული?

– ფინალში უფრო სხვა საკითხებზე ვფიქრობთ. კარატე იქნება იმაზე უკეთესი, რაც იყო, მაგრამ, ყურადღება უფრო მეტად სულიერებაზე იქნება გამახვილებული. ფინალი იქნება ქართლის დედაზე აგებული. ქართველისთვის ქართლის დედაში ერთიანდება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, წმიდა ნინო – ქართველთ განმანათლებელი და საკუთარი დედა, რომელმაც ცხრა თვე მუცლით გატარა. ეს აზრი იმ ბიჭების შემხედვარეს მომივიდა საკუთარ დედას რომ აგინებენ. მინდა, მათ ვუთხრა: ქრისტესმიერ საყვარელო ჩემო ძამიკოებო! მომიტევეთ, მაგრამ, დედებისთვის თუ არ ლოცულობთ, ნუ აგინებთ მაინც! მეუფე ზენონის საგალობლით დაიწყება ეს გამოსვლა და, მგონი ხალხი ატირდება. ეს გალობა პირველად რომ მოვისმინე, მუხლებზე დავდექი ხატის წინ და ცრემლები თავისით წამომივიდა. ღმერთმა დალოცოს მეუფე ზენონი. მინდა, მადლობა გადავუხადო უწმიდესსა და უნეტარესს, რომ ამხელა ძალა და კურთხევა მოგვცა. მინდა, მადლობა მოვახსენო ვაკის ყოვლადწმიდა სამების ეკლესიის წინამძღვარს, მამა დანიელს, რომელმაც „ნიჭიერში” გამოსვლის კურთხევა მოგვცა და იმ დღიდან ვგრძნობ დიდმოწამე გიორგის შეწევნას. ხალხიც, ტაძარში თუ ქუჩაში, გვაჩერებს და მადლობას გვიხდის. ერთმა ლოთმაც კი გამაჩერა მეტროსთან – შენ გაიხარე, ლოთობას თავი უნდა დავანებოო. მინდა ახალგაზრდები მიხვდნენ, რომ არ სჭირდებათ ეს სიგარეტი, პლანი, ნარკოტიკები და პოკერ-კლუბებში სიარული. არ მინდა, ისედაც გაყვლეფილი საქართველო უფრო მეტად გაიყვლიფოს.




скачать dle 11.3