როგორ რეაგირებს ჰიდრანგეა გადარგვაზე და რომელი მცენარის წვენი იწვევს თვალების ანთებას
ახლა სწორედ ის დროა, როდესაც მცენარეების უმეტესობა გარე კლიმატში უნდა გაიტანოთ, თუმცა, ზაფხულის სიცხემ, შეიძლება, ფოთლებიც გაუყვითლოს. „ფლორა ინტერნაციონალის“ ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან ერთად გავარკვევთ, სად დავდგათ ახლა ჰიდრანგეა და კოდიუმი, რა სიხშირით მოვრწყათ და როგორ გადავარჩინოთ მათი ფოთლები გაყვითლებისგან.
– ბატონო ამირან, რას გვეტყვით ჰიდრანგეას შესახებ, როგორი მცენარეა ის?
– არსებობს ჰიდრანგეას ბევრი სახეობა, რომლებიც განსხვავდებიან როგორც ფორმით, ასევე, ყვავილების ფერითაც. ეს მცენარე შეიძლება იყოს: მწვანე, წითელი, ვარდისფერი, თეთრი, ლურჯი ან ყვითელი. ჰიდრანგეა ძალიან ეფექტური მცენარეა და ყველას თვალს ჭრის ყვავილების ფერთა გამით. ის არ არის ჰიბრიდული და ეს ფერებიც ბუნებრივად აქვს. მისი სამშობლო ინდოეთია, სადაც მისი ყვავილებით უამრავ რიტუალს ატარებენ.
– რა სიმაღლის იზრდება ჰიდრანგეა და რა სიხშირით შეიძლება ვაყვავილოთ ეს მცენარე?
– მცენარე ქოთნის პირობებში ძალიან დიდი არ იზრდება, მისი მინიმალური სიმაღლე 30 სანტიმეტრია, ზოგიერთი სახეობა კი ერთ მეტრ სიმაღლეს აღწევს. ის არ არის ერთხელ მოყვავილე მცენარე, შეგიძლიათ, წელიწადში რამდენიმეჯერ აყვავილოთ.
– როგორ ადგილას დავდგათ ჰიდრანგეა და რამდენ ხანში ერთხელ მოვრწყათ ზაფხულში მცენარე?
– გაზაფხულიდან, შეგიძლიათ, მცენარე აივანზე გაიტანოთ. ჰიდრანგეა ზაფხულში მორწყეთ სამ დღეში ერთხელ და დადგით ისეთ ადგილას, სადაც მზის გაფანტული სხივები მოხვდება.
– რაც შეეხება ზამთარს?
– ზამთარში აუცილებლად ოთახში შეიტანეთ, სადაც მინიმალური ტემპერატურა 18 გრადუსი იქნება. მართალია, ზოგჯერ ზამთარში არ ყვავის, მაგრამ, ეფექტური ფოთლები და ლამაზი ფორმა მაინც დიდი შთაბეჭდილებას ახდენს.
– როგორ რეაგირებს ჰიდრანგეა გადარგვაზე და რით შეიძლება ამ მცენარის გამრავლება?
– მცენარეს არ უყვარს ფესვთა სისტემის შეცვლა ან შეკვეცა, ამიტომ, გადარგვისას ეცადეთ, მის ფესვებს არ შეეხოთ. მცენარე მხოლოდ კალმით მრავლდება, ამონაყარი არ აქვს. დაყვავილების შემდეგ შეგიძლიათ, მოაჭრათ ტოტი, რომელზეც იქნება ოთხი ან ექვსი ფოთოლი. ფოთლები შეაჭერით ნახევარ-ნახევარზე და ჩადეთ წყალში. ფესვთა სისტემა ერთ თვეში გამოუვა. ეცადეთ, წყალი კვირაში ერთხელ გამოუცვალოთ, რომ სუფთა ჰქონდეს.
– რას გვირჩევთ, როგორ მიწაში ჩავრგათ ჰიდრანგეა?
– მცენარეს ნიადაგში სჭირდება: მიწა, ტორფი, ნაკელი. მისი გადარგვის დროს, შეგიძლიათ, მიწაში აურიოთ ცოტაოდენი ფოთლის მიწა.
– როგორ ადგილს გვირჩევთ ამ მცენარის უკეთ გასახარებლად და როგორ შევუნარჩუნოთ მას კომპაქტური ფორმა?
– თუ გსურთ, რომ ჰიდრანგეა დიდი არ გაიზარდოს, პატარა ქოთანში ჩარგეთ და შეურჩიეთ ისეთი ადგილი, სადაც მზის სხივები ძალიან არ მოხვდება. ზაფხულში ხშირად დანამეთ, რომ არ გადახურდეს და ფოთლები სიმშრალისგან არ გაუყვითლდეს.
– რამდენ ხანს ძლებს მოჭრილი ჰიდრანგეას ყვავილი ლარნაკში და შესაძლებელია თუ არა, რომ ამ მცენარეს მავნებლები დაესიოს?
– მოჭრილი ჰიდრანგეას ყვავილი წყალში ერთი თვის განმავლობაში ცოცხლობს. მცენარეს მავნებლები არ უჩნდება, რადგან მას სპეციფიკური სუნი აქვს და მწერები ამის გამო არ ეკარებიან.
– ბატონო ამირან, გვიამბეთ კოდიუმის შესახებ, იოლად ეგუება ის ოთახის პირობებს?
– კოდიუმის ფერადი, ეგზოტიკური ფოთლების მკვეთრი შეფერილობა ყველას გემოვნებას ვერ აკმაყოფილებს. ის ზოგს მოსწონს, ზოგს კი – არა. ხასხასა წითელი, ნარინჯისფერი, მწვანე, ყვითელი და ზოგჯერ მოლურჯო ფერის ფოთლები სხვადასხვა ფორმისაა: ზოგი გრძელია და ზოგიც – დანაკვთული და დაგრეხილი. კოდიუმი არ არის ძალიან პრეტენზიული მცენარე და ნორმალურ პირობებშიც ხარობს.
– რა გავითვალისწინოთ თუ ბინაში კოდიუმი გვაქვს?
– ჭრელ კოდიუმს სინათლე სჭირდება. მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს, თორემ, ფოთლები მოეჭმუჭნება.
– რაც შეეხება ტემპერატურას?
– მისთვის საკმარისია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი, ხოლო ზამთარში მინიმუმ 13-14 გრადუსი მაინც სჭირდება.
– რა სიხშირით მოვრწყათ მცენარე წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?
– ზაფხულის სიცხეში ხშირად მორწყეთ. ამ დროს მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ახლაც, ეცადეთ, ზამთართან შედარებით ხშირად მორწყათ. ზამთრის სეზონზე კი მხოლოდ ოდნავ დაატენიანეთ.
– შესაძლებელია თუ არა ამ თვეში მცენარის გადაჭრა და კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ ზაფხულის სეზონზე?
– მცენარის გადაჭრა სწორედ ახლაა სასურველი, მაგრამ ეცადეთ, მისი თეთრი, რძესავით წვენი ხელზე არ მოგხვდეთ, თორემ, თვალებისა და კანის გაღიზიანებას ან ანთებას გამოიწვევს. კოდიუმი მოარიდეთ ორპირ ქარსა და სიმშრალეს, ზაფხულში კი ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყეთ.
– რა ზომის იზრდება კოდიუმი?
– მცენარე სიმაღლეში ერთ მეტრამდე იზრდება და, რაც უფრო მაღალია, მისი კაშკაშა ფერებიც უფრო მიმზიდველი ხდება. ამიტომ, გირჩევთ, შეიძინოთ ეს მცენარე და დატკბეთ მისი ლამაზი ფოთლების ცქერით.