რატომ იმატებს ძაღლის პატრონის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ზაფხულში და როგორ მოვუაროთ ცხოველებს წელიწადის ამ დროს
ყველას უხარია ზაფხულის დადგომა, მაგრამ, თუ გყავთ ძაღლი და მასზე პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული, უნდა გახსოვდეთ, რომ გარდამავალი პერიოდი, ტემპერატურის ცვლილება და სხვა დანარჩენი, უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. ამ ყველაფრის შესახებ კი, ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი გესაუბრებათ, რომელიც დაწვრილებით აღნიშნავს იმ გაფრთხილებებს, რაც თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის დადებითად იმოქმედებს.
– რა რჩევას მისცემთ ძაღლის პატრონებს წელიწადის ამ დროსთან დაკავშირებით, ანუ, როგორ უნდა მოუარონ თავიანთ ცხოველებს, რა უნდა გაითვალისწინონ?
– წელიწადის ეს დრო განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს ძაღლის პატრონისგან. სასურველია, ლეკვები და ახალგაზრდა ძაღლები რაც შეიძლება მეტხანს ვამყოფოთ სუფთა ჰაერზე, თუ გვაქვს საშუალება, ვასეირნოთ ტყეში ან სანაპიროზე. გაითვალისწინეთ, რომ ტყეში სეირნობისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ძაღლმა ეკალ-ბარდზე არ დაიზიანოს კანის საფარველი და, განსაკუთრებით – თვალების მიდამო. კარგია, თუ ძაღლს ხშირად ვაბანავებთ გამდინარე წყალში – ეს ძალიან სასარგებლოა მისი ჯანმრთელობისთვის. ტემპერატურის სხვაობა მატონიზებლად მოქმედებს ცხოველის ორგანიზმზე და აკაჟებს მას, ხოლო ცურვა ავითარებს კუნთოვან და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს. რა თქმა უნდა, წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცივი და წყალში პირველმა ჩასვლამ არ უნდა შეაშინოს ცხოველი, რომ შემდგომ მას წყლის მიმართ შიში არ გაუჩნდეს.
– აცრებთან დაკავშირებით რას გვირჩევთ?
– მოგახსენებთ. აუცილებელია, ცხოველი აცრილი იყოს ლეპტოსპიროზზე, რადგან ამ მეტად საშიში დაავადებით დასნებოვნება სწორედ ტბებსა და მდინარეებზე ბანაობის დროს შეიძლება მოხდეს.
ამ პერიოდში მინდორსა და ტყეში სეირნობისას, დიდი შანსია, ძაღლს უკბინოს ტკიპამ, რომელიც ითვლება ისეთი საშიში დაავადებების გადამტანად, როგორიცაა მაგალითად, პიროპლაზმოზები.
– როგორ დავიცვათ ცხოველი ამ საშიშროებისგან?
– პროფილაქტიკისთვის საჭიროა, გამოვიყენოთ ანტიპარაზიტული საშუალებები, მაგალითად, როგორებიცაა: ანტიპარაზიტული სპრეი, წვეთები და სპეციალური საყელოები. თუ შევნიშნავთ ძაღლზე ტკიპას, აუცილებლად უნად მივმართოთ ვეტერინარს.
– ალბათ, ამ ყველაფერთან ერთად გასათვალისწინებელია კვების რაციონიც და, შესაბამისად, მის შემადგენლობაში საჭირო ცვლილებების შეტანაც საჭირო იქნება. ამასთან დაკავშირებით რა რეკომენდაციას გაუწევთ ძაღლის პატრონებს?
– გეთანხმებით. გაზაფხულისა და ზაფხულის გარდამავალი პერიოდი კვების მხრივაც არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ, რადგან ეს საკითხი ცხოველის ჯანმრთელობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. მართალია, ამ პერიოდისთვის დიდი ყურადღება უნდა მიექცეს კვებას, მაგრამ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ საკვების სიახლეს, რადგან, თუ საკვები სათანადოდ არ არის შენახული, ადვილად ფუჭდება. ამ პერიოდისთვის სასურველია, ცხოველს მივცეთ ნაკლებად ცხიმიანი საკვები. არც იმან შეგაშინოთ, თუ თქვენი ძაღლი ჭამას მოუკლებს, რადგან ზოგიერთი ძაღლისთვის ეს ნორმალურია.
– წელიწადის ამ დროს ხშირია ქარიანი ამინდები. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ პერიოდში?
– ქარის დროს ძაღლი არ არის დაზღვეული კონიუნქტივიტისგან, რაც განპირობებულია მტვრის მოხვედრით თვალის ლორწოვან გარსზე. ძაღლს ამ დროს თვალი დახუჭული აქვს, აღენიშნება ცრემლდენა და უსივდება ქუთუთოები.
– როგორ გავუწიოთ ამ შემთხვევაში პირველადი დახმარება?
– ამ დროს ცხოველს თვალი უნდა გაუწმინდოთ ჩაის წყლით, შემდეგ კი მივიყვანოთ ვეტერინართან, რომელიც დაუნიშნავს მას თვალის სპეციალურ წვეთებს. ამ პერიოდში, ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს ჭრილობების მოვლას, რადგან, ადვილად ვითარდება ჭრილობის ინფექციები. აგრეთვე, საშიშია პარაზიტული ბუზები, რომლებიც ჭრილობაში დებენ მატლების კვერცხებს.
ასე რომ, თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ და თქვენს ცხოველს სათანადოდ მოუვლით, მას ნაკლებად დაემუქრება საფრთხე.