მწვანე კუთხე
კითხვა: ბინაში ფრთიანი პალმა მაქვს. შესაძლებელია, რომ იყვავილოს?
პასუხი: მართალია, ამ პალმის მეცნიერული სახელი ასე განიმარტება: „ყვითელი მცენარე, რომლის ნაყოფი პეპლის ჭუპრს ჰგავს”, მაგრამ ოთახის პირობებში ის ვერც ყვავილობს და ვერც ნაყოფს იღებს. ამიტომ მისგან ყვავილს ნუ ელით და მხოლოდ მისი გარეგნული სილამაზით დატკბით.
კითხვა: რა ზომის იზრდება ცისუსი?
პასუხი: თუ ამ მცენარეს საყრდენს მიახმართ, ეს ლიანა ულვაშებით დაეხვევა საყრდენს და, შეიძლება სიგრძეში ორ მეტრსაც კი მიაღწიოს, მაგრამ, თუ საყრდენის გარეშე გაზრდით, ცისუსი სიმაღლეში აღარ წავა და ქოთნიდან ძირს დაეშვება.
კითხვა: რა განსხვავებაა დიფენბახიას სახეობებს შორის?
პასუხი: მათი განსხვავებულობა მხოლოდ ფოთლების მოხატულობაშია. მოვლის თვალსაზრისით, ყველა სახეობა იოლი გასაზრდელია. მათთვის მთავარია, ძალიან არ გამოუშროთ ჰაერი და, შეძლებისდაგვარად, სინათლე არ მოაკლოთ.
კითხვა: რა ტემპერატურაზე ვამყოფო იუკა?
პასუხი: თუ იუკას ზამთრის ბაღში დარგავთ, ის ზაფხულის თაკარა მზესაც აიტანს და ზამთრის სიგრილესაც. მისთვის კარგია ოთახის ტემპერატურა (18-24 გრადუსი), ხოლო ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 8-10 გრადუსი.
კითხვა: როგორ მოვუარო ფიტონიას?
პასუხი: მისთვის აუცილებელია სითბო და მაღალი ტენიანობა. ზაფხულის თვეებში, მცენარის აქტიური ზრდის პერიოდში, ფიტონია გაზავებული ბალანსირებული სასუქით მორწყეთ. ზედმეტად ნუ მორწყავთ, განსაკუთრებით – ზამთარში, თორემ, შეიძლება, ღეროები დაულპეს. ზაფხულობით მიწა ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ, არა სველი. კარგი იქნება, თუ მცენარეს ქილაში ან აკვარიუმში ჩადგამთ.
კითხვა: გინურას ფოთლებს წყალი რომ მოხვდეს, ხომ არ დააზიანებს მას?
პასუხი: მის ფოთლებზე წყლის დასხმა სასურველი არ არის. ეცადეთ, მორწყვისას, წყალი პირდაპირ მიწაზე ან ლამბაქზე დაუსხათ. ზაფხულობით მისი მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ზამთარში კი იშვიათად მორწყეთ.