რატომ ეძინა ვახო ჩაჩანიძეს ერთი წელი, როდის უსკდება მას გული და რის საბაბს არ აძლევს ის ცოლს
მსახიობი ვახო ჩაჩანიძე, ალბათ, ყველას გემახსოვრებათ სერიალ „კლინიკიდან”. ამ სერიალის შემდეგ, ის თითქმის აღარსად გვინახავს. რისი ბრალია მისი ეკრანიდან „გაუჩინარება” და როგორ მოხვდა სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”, ამას თავად მსახიობი გვიამბობს.
– მაყურებელმა სერიალ „კლინიკიდან” გაგიცნო. შემდეგ კი აღარსად ჩანდი. რისი ბრალი იყო შენი ტელესივრციდან გაუჩინარება?
– კი, მართალი ხარ, გავუჩინარდი. თუმცა ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ სცენაზე თამაში მომბეზრდა. უბრალოდ, შემოთავაზებები აღარ მქონდა. შეიძლება ითქვას, ერთი წელი მეძინა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსახიობობის სურვილი დავკარგე. პირიქით, ეს პერიოდი დამეხმარა იმის გააზრებაში, თუ როგორ მიყვარს ეს საქმე.
– ესე იგი, პატარა შემოქმედებითი პაუზა გქონდა.
– არც ისე პატარა. დაახლოებით, ექვსი წლის განმავლობაში შეხება არ მქონია ამ სფეროსთან. თუმცა, ეს პაუზა არანაირად არ მაშინებს. პროფესიით მსახიობი ვარ და აუცილებლად მივაღწევ ჩემს საქმეში იმას, რაც გულით მინდა. ალბათ, იმდენად მონდომებული არ ვიყავი აქამდე. ყველა ადამიანშია სიზარმაცის მარცვალი. ახლა კი ძალიან დიდი შემართებით ვარ.
– ქასთინგებზე დადიხარ ხოლმე?
– კი, ამ ბოლო დროს უფრო დავდივარ. არ მაქვს პრეტენზია, რომ აუცილებლად მთავარი როლი ვითამაშო. ჩემი ნაკლი, ალბათ, უფრო ის არის, რომ საკუთარი თავის წარმოჩენა არ მიყვარს. ჩემნაირ ტიპს აგენტი სჭირდება, რომელიც დაეხმარებოდა გზის გაკვალვაში. ამჟამად არც ერთ თეატრში არ ვარ. ეს შეიძლება, რაღაც მომენტში, ცუდია და რაღაცაში – კარგი. როცა თეატრის შტატში ხარ, უკვე ისე თავისუფლად ვეღარ წახვალ უცხოეთში. მაგალითად, ცოტა ხნის წინ შემოთავაზება მქონდა გერმანიიდან, კინოს იღებენ და შეიძლება მეც მივიღო მონაწილეობა. იქ დარჩენა კი იმდენ ხანს მომიწევს, რამდენიც ფილმისთვის იქნება საჭირო. თეატრიდან კი დიდი ხნით, ალბათ, არ გამიშვებდნენ. ამ ლაპარაკით, შეიძლება ითქვას, თავს ვიმშვიდებ, თორემ რუსთაველის თეატრიდან ან სხვა კარგი თეატრიდან რომ მივიღო შემოთავაზება, უარს როგორ ვიტყვი (იცინის).
– როგორც ჩანს, თავისუფლება ძალიან გიყვარს?
– ნამდვილად (იცინის). თავისუფლება ვის არ უყვარს. თუმცა, ისიც ძალიან მიყვარს, როცა საქმეებით ვარ ძალიან დატვირთული. ფილმზე ან სპექტაკლზე მუშაობის პროცესი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ოღონდ, ჩემი თამაშით არასდროს ვარ კმაყოფილი. როცა ჩემს თავს ეკრანზე ვუყურებ, გული მისკდება, ძალიან მაღიზიანებს და მერე ვეღარ ვუყურებ. (იცინის).
– კი, მაგრამ რატომ?
– არ ვიცი. ძალიან ბევრ შეცდომას ვხედავ. კიდევ კარგი, ეს ამბავი ჯერჯერობით არ მაკომპლექსებს, თორემ საშინელება იქნებოდა (იცინის). ერთი პერიოდი, ფილმებს ჩავუჯექი და ვუყურებდი, ვაკვირდებოდი მსახიობებს, როგორ თამაშობდნენ. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და „დავამუღამე”. მახსოვს „კლინიკის” გადაღებების დროს, თავიდან, რამდენიმე სერიაში დაბმული ვიყავი. გადაღების შემდეგ ყველა უყურებდა ხოლმე მონიტორში საკუთარ თამაშს, მე კი, რადგან დაბმული ვიყავი, ვერ ვდგებოდი. ბოლოს ვერ მოვისვენე და ვუთხარი გიორგი ლიფონავას, მეც მანახეთ-მეთქი. მოკლედ, ამხსნეს თოკები და როცა ჩემი თამაში ვნახე მონიტორზე, გავგიჟდი, ისე არ მომეწონა, რომ ვთქვი, თავიდან გადაგვეღო. გადავიღეთ თავიდან, მაგრამ ისევ არ მომეწონა. მოკლედ, თორმეტი დუბლი ჩავწერეთ. ბოლოს გიორგი ლიფონავა მეუბნება – მოდი რა, დაწექი და ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, რა დავტოვოთ და რა არაო. შენ თუ გიყურეთ, ასე ფილმს ვერ გადავიღებთო (იცინის).
– როგორც ვიცი, ძალიან დიდხანს ცხოვრობდი გერმანიაში. იქ რას საქმიანობდი?
– კი, ათი წელი ვიცხოვრე იქ. თავიდან უნივერსიტეტში ვსწავლობდი გერმანისტიკის ფაკულტეტზე, პარალელურად, ვმუშაობდი. შემდეგ მოვხვდი პანტომიმის თეატრში, რაც ძალიან ბევრ რაღაცაში დამეხმარა. მანამდე ცოტა მოუქნელი ვიყავი. ფაქტობრივად, პანტომიმამ გამხსნა. ზოგადად გერმანული ცხოვრება ძალიან განსხვავდება ქართულისგან. აბსოლუტურად სხვა რიტმია. საოცრად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ცხოვრება.
– გერმანიაში ათწლიანი ცხოვრების შემდეგ, არ გაგიჭირდა აქაურ რიტმთან შეგუება?
– უფრო სწორად, შეიძლება ითქვას, ათწლიანი ცხოვრების მიუხედავად, იქაურ რიტმს მაინც ვერ შევეგუე (იცინის). მართალია, იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ათი წელი ცოტა არ არის, მაგრამ, ბოლომდე მაინც ვერ შევისისხლხორცე თუ გავისიგრძეგანე, როგორც ამბობენ (იცინის). ყოველთვის აქ მერჩივნა. უცხოეთში საცხოვრებლად აღარასდროს წავალ.
– ცოტა ხნის წინ გამოჩნდი სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”. შენს გმირზე მიამბე. როგორი ბიჭია, სინამდვილეში თუ ჰგავხართ ერთმანეთს რამით?
– მგონი, კაი ტიპია (იცინის). ჯერ ბოლომდე შეყვარებული, ვფიქრობ, არ არის. თუმცა, ბევრიც არ აკლია. სინამდვილეში, არ ვიცი, შეიძლება, რაღაცით ვგავარ, რაღაცით არა. ჩემს თავზე მე ხომ არ დავიწყებ ლაპარაკს. თუმცა, უარყოფითი პიროვნებები, ალბათ, არც ერთი არ ვართ.
– პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი? როგორც ვიცი, გყავს მეუღლე და სამი შვილი.
– კი, ჩემი სამივე შვილი გერმანიაში დაიბადა. მთელი ოჯახი იქ ვცხოვრობდით. ბოლო ერთი წელია, ვცდილობ, აქ ავეწყო. მესამე შვილი – საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ნათლულია და ძალიან მიხარია.
– როგორი მეუღლე და როგორი მამა ხარ?
– ცუდი მამა, მგონი, არ ვარ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პატარა დილიდან საღამოს ექვს საათამდე მარტო მე მყავს – მე ვაჭმევ, ვუცვლი და ასე შემდეგ, ცუდი მამა არ უნდა ვიყო (იცინის). ჯერ წლისა და სამი თვისაა, ვერც ლაპარაკობს და ხანდახან ვერ მაგებინებს რა უნდა (იცინის). კიდევ კარგი ძალიან მტირალა არ არის. ცუდი მეუღლეც არ ვარ. ალბათ, უფრო ნორმალური (იცინის).
– უცნობი თაყვანისმცემლები ხომ არ გყავს, რომლებიც გირეკავენ ან გწერენ?
– ყველა მეუბნება, რომ გყავსო, მაგრამ მე ვერ ვპოულობ ამ თაყვანისმცემლებს (იცინის). ჩემ გარშემო არავინაც არ ჩანს.
– ესე იგი, ცოლს ეჭვიანობის საბაბს არ აძლევ.
– რა ვიცი, მთლად ასეთი ანგელოზიც არ გეგონოთ (იცინის). თუმცა, მე როგორი ქმარი ვარ, ამაზე, ალბათ, ჩემს ცოლს უნდა ჰკითხოთ. იმან უკეთ იცის (იცინის).
– შენი აზრით, რას გვეტყვის?
– ინტერვიუში გეტყვით, რომ ჭკვიანი ქმარი ვარ (იცინის).
– ეჭვიანი ხარ?
– იცი რა, ბევრ რამეში დამიჭერია თავი, რომ ცოტა „გავეჭვიანდი”, თუ როგორ ვთქვა, მაგრამ ასეთი საქციელი ნამდვილად არ არის კარგი. ალბათ, ყველა ქართველ კაცშია რაღაც აზიატობა.
– გერმანიამაც ვერ შეგცვალა?
– გერმანელები შევცვალე იქით (იცინის). ჩემში ევროპულიც არის რაღაც, მაგრამ მეტი წილი აზიურია.