30 თებერვალი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹30–21(543)
– კი.
– ეგ ტერორისტები შენს მოსაკლავად იყვნენ გამოგზავნილები.
***
შავი ფერის „მერსედესი“ ზუსტად დათქმულ დროს მოვიდა და ჯაბა რომ მანქანაში ჩაჯდა, მძღოლი მას მიესალმა:
– გამარჯობა, ჯაბა.
– გაგიმარჯოს, – მიუგო ჯაბამ მძღოლს და დაამატა: – რა ნაცნობი ხმა გაქვთ.
– მე დაგირეკე.
– თქვენ?
– ჰო, მე, – თქვა მძღოლმა და მანქანა ადგილიდან დაძრა, – საძმოს წევრები ერთმანეთს შენობით მივმართავთ.
– სავსებით მისაღებია, – გაეღიმა ჯაბას – უშუალობა ერთობას უწყობს ხელს.
– მაგრამ, ჩვენ უმკაცრესად ვიცავთ სუბორდინაციას, – დაამატა მძღოლმა, რომელიც ოსტატურად მართავდა ავტომობილს და სხვადასხვა მანევრს მიმართავდა, რომ სავარაუდო „კუდი“ აღმოეჩინა და ჩამოეცილებინა.
– ვინმე გვხოსტავს? – იკითხა ჯაბამ.
– გამორიცხული არაა, თუმცა, ჯერჯერობით არავინ ჩანს, – მიუგო მძღოლმა და მორიგი მანევრის შემდეგ დაამატა: – მგონი, ყველაფერი სუფთადაა და შეგვიძლია, შეკრებაზე წავიდეთ.
– ვინ უნდა აგვეკიდოს? მით უმეტეს, უახლოესი ტექნოლოგიები გვაქვს და ტელეფონზეც კი ვერ გვისმენენ, – თქვა ჯაბამ.
– მოსმენა უფრო რთულია, ვიდრე კუდზე დაჯდომა. თუმცა, ამჯერად არც კუდი ჩანს და წავედით, – თქვა მძღოლმა და მანქანა მარცხნივ მოაბრუნა, რომ კონსპირაციული სახლისკენ წაეყვანა, მაგრამ უმალვე გადაიფიქრა, მორიგი მანევრი დაიწყო, თან თქვა, – მე მგონი, ვიჩქარე და კუდი გვაზის.
– კუდი?
– ჰო, თუ არ ვცდები, – მიუგო მძღოლმა და პაუზის შემდეგ კი თქვა: – არ ვცდები, შავი „ოპელი“ მოგვდევს.
– „ოპელი“ რას დაგვეწევა.
– ფორსირებული ძრავა აქვს, სვლაზე ეტყობა, თუმცა, ეს არაა მთავარი. მთავარი ისაა, რა სიურპრიზი მოგვიმზადეს.
– სიურპრიზი?
– ჰო, სიურპრიზი. რადგან მოგვდევენ, ესე იგი, რაღაც ჩაიფიქრეს.
– რა უნდა ჰქონდეთ ჩაფიქრებული?
– ბევრი რამ. მათ მრავალფეროვანი არსენალი აქვთ, თუმცა ყველაფერი ერთ რამემდე უნდა დაიყვანონ, – მიუგო მძღოლმა და „მერსედესმა“ სისწრაფეს უმატა.
– ლიკვიდაციას გულისხმობ?
– დიახ. თუმცა, ამის გაკეთება არც ისე ადვილი საქმეა.
– „მერსედესი“ დაჯავშნულია?
– არა მარტო დაჯავშნული.
– კიდევ რა ნავაროტკები აქვს?
– თითქმის ყველაფერი, რაც ამერიკის პრეზიდენტის „ლიმუზინს“, იმის გამოკლებით, რომ რადიაციული დაცვა არ გვაქვს. ეს არ გვჭირდება და იმიტომ არ დავუყენეთ.
– ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი „მერსედესი“ ჩანს და ყურადღებას არაფრით იპყრობს.
– ეს ჩვენი პრინციპია. ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ და ყურადღებას არ ვიპყრობთ, – მიუგო მძღოლმა, – მგონი, რადიკალური ზომების მიღებას აპირებენ და მოემზადე.
– რადიკალურის? მაინც, რა უნდა ქნან?
– ალბათ, გვესვრიან.
– ჰოდა, აქაურობას გაერიდე, რომ უდანაშაულო ხალხი არ დაზარალდეს.
– სწორედ ასე ვიქცევი, – მიუგო მძღოლმა, სიჩქარე გამოცვალა და „მერსედესით“ საოცარი მანევრები ჩაატარა, გადატვირთულ მოძრაობაში გაძვრა და ქალაქგარეთ აიღო გეზი.
იგივე გაიმეორა შავმა „ოპელმა“, რომელსაც ეტყობოდა, რომ მაღალი კლასის მძღოლი მართავდა.
– მაგარი „რული“ ჩანს, – თქვა ჯაბამ „ოპელის“ მძღოლზე, რომელიც „მერსედესს“ კუდზე აჯდა.
– ეტყობა, რომ სპეცმომზადება აქვს გავლილი, – მიუგო ჯაბას მძღოლმა და სისწრაფეს უმატა.
– რაზე ატყობ?
– მანქანის მართვაზე. ასე მართვას მხოლოდ სპეცებს ასწავლიან.
– შენც სპეცი ხარ?
– მეც, – გაეცინა მძღოლს, – თუმცა ახლა ფეხსაცმელებს ვკერავ.
– სერიოზულად?
– სრულიად, – მიუგო მძღოლმა ჯაბას, თან რაღაც პატარა ღილაკს დააჭირა თითი, – ახლა ნახე სეირი.
„მერსედესის“ საბარგულიდან სითბური რაკეტა გავარდა, რამაც დაჯავშნული მანქანა შეარყია, „ოპელს“ კი პირდაპირ წინა საქარე მინაში მოხვდა და ააფეთქა.
– რა ზუსტად მოხვდა! – აღმოხდა ჯაბას.
– ამერიკული წარმოებისაა, – მიუგო მძღოლმა, და მაქსიმალურად მოუმატა სისწრაფეს – ახლა კი შეგვიძლია, შეკრებაზე გავემართოთ.
– საათ-ნახევრით დავიგვიანეთ, – თქვა ჯაბამ, – ვინღა იქნება?
– რას ამბობ, – გაეცინა მძღოლს, – ერთი კვირა რომ არ მივსულიყავით, მაინც დაგველოდებოდნენ. მით უმეტეს, ძმებმა ყველაფერი თავისი თვალით ნახეს.
– ეგ როგორ?
– ხომ გითხარი, მხოლოდ ანტირადიაციული დაცვა არ გვაქვს და, ისიც იმიტომ, რომ არ გვჭირდება. ყველა დანარჩენი ნავაროტკებით კი ჩვენი „მერსედესი“ ამერიკის პრეზიდენტის „ლიმუზინს“ არ ჩამოუვარდება. მანქანაში ვიდეოკამერებია ჩამონტაჟებული და ძმები ყველაფერს პირდაპირ ეთერში, თანამედროვედ რომ ვთქვათ, ლაივში უყურებდნენ.
– ალბათ, თან ყველაფერი იწერება.
– ისტორიისთვის. თუმცა, ცხრაკლიტულში ვინახავთ და მისი გახსნა და ნებისმიერი შენახული მასალის ნახვა მხოლოდ შენ შეგიძლია.
– გასაგებია, – თქვა ჯაბამ, რომელიც კომფორტულად მოკალათდა სავარძელში და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა და მძღოლს უთხრა: – შეკრებაზე, ალბათ, მინისტრიც იქნება.
– არავითარ შემთხვევაში, – გაეცინა მძღოლს.
– არა?
– არა, – მიუგო მძღოლმა.
– ხუმრობ?
– სულაც არა.
– რატომ არ იქნება მინისტრი?
– იმიტომ, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ მინისტრია, საძმოს რიგითი წევრი და არა მთავარი საბჭოს წევრი, ამ შეკრებაზე კი მხოლოდ მთავარი საბჭოს წევრები ვიქნებით. მინისტრმა ჩვენი შტაბის ადგილსამყოფელიც კი არ იცის.
– მართლა?
– მართლა, – მიუგო ჯაბას მძღოლმა, „მერსედესს“ სისწრაფე დაუგდო და ქალაქის გადატვირთულ მოძრაობას შეერია, რამდენიმე ჩვეული მანევრი ჩაატარა და, რომ დარწმუნდა, არავინ მისდევდა, თქვა: – ახლა კი შეკრებაზე!
მძღოლი და ჯაბა საძმოს სხდომების დარბაზში რომ შევიდნენ, სადაც მრგვალი მაგიდა, თორმეტი სკამი და ერთი ტახტისმაგვარი სავარძელი იდგა, მათ უკვე თერთმეტი ადამიანი ელოდა. ისინი ფეხზე წამოდგნენ და, მას მერე, რაც ჯაბა სავარძელში ჩაჯდა, თვითონაც დასხდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ დაინახა ჯაბამ, რომ უზარმაზარ ოთახში ოთხი უზარმაზარი, პლაზმური ტელევიზორი იყო ჩამოკიდებული კუთხეებში.
– სხდომას გახსნილად ვაცხადებთ, – თქვა ჯაბამ, რომლისთვისაც არავის უთქვამს, რომ სხდომა უნდა გაეხსნა, თავისით გააკეთა ეს, – გისმენთ. ვინ წაიკითხავს დღის წესრიგს? დავიწყოთ. გასაგები მიზეზების გამო, რაც თქვენ, ალბათ, ამ ტელევიზორებით იხილეთ, ისედაც დაგვიგვიანდა და, დრო რომ არ დავკარგოთ, საქმეს შევუდგეთ.
ჯაბამ რომ სიტყვა დაასრულა, ფეხზე წამოდგა ორმოცდაათიოდე წლის საშუალო სიმაღლის მამაკაცი. ჯაბა მას შორიდან იცნობდა, რადგან მამაკაცი ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში მუშაობდა გამყიდვლად და ბავშვობაში ჯაბას მისგან არაერთი პროდუქტი უყიდია, მათ შორის, სიგარეტიც.
– დღის წესრიგში ერთადერთი საკითხია. ესაა, ასე ვთქვათ, საერთაშორისო და, რა თქმა უნდა, ფარული მოლაპარაკებები ჩვენი საძმოს უცხოელ წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფებიან და ჩვენს საქმიანობას ფარულად აკვირდებიან.
– დაასრულეთ? – ჰკითხა ჯაბამ გამყიდველს.
– ბოდიში, ჯაბა, მაგრამ, საძმოში ყველანი შენობით მივმართავთ ერთმანეთს, – მიუგო ჯაბას გამყიდველმა და დაამატა, – დიახ, დავასრულე.
– ბოდიშს გიხდი, მაგრამ, შენი სიტყვების არსს ბოლომდე ვერ ჩავწვდი და, თუ შეიძლება, ამიხსენი.
– გასაგებია, – გაეცინა გამყიდველს, – ჩვენი საძმოს აქაური მმართველი შენ ხარ, მაგრამ ვინაა მისი მსოფლიო მმართველი, ეს ჩვენ არ ვიცით. ჩვენ არც ის ვიცით, სად მდებარეობს მთავარი შტაბ-ბინა. მიუხედავად ამისა, ჩვენ რეგულარულად, წელიწადში ერთხელ გზავნილს ვიღებთ მმართველისგან, რასაც უსიტყვოდ ვასრულებთ. მაგალითად, შარშან ამ დროს მან შენი არსებობის შესახებ გვამცნო და გვიბრძანა, რომ შენ საძმოს ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყავი, რაც, როგორც შენ ხედავ, შესრულდა. ახლა კი მან შეგვატყობინა, რომ მის წარმომადგენლებს უნდა მოელაპარაკო. ეს ბრძანებაა და უსიტყვოდ უნდა შესრულდეს. აქ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის დაგიბარეთ ძმებმა, რომ მთავარი მმართველის ბრძანება გაგვეცხადებინა შენთვის.
– ვის უნდა შევხვდე? – ჰკითხა ჯაბამ გამყიდველს.
– ეს ჯერ არ ვიცით, უფრო სწორად, ვერც ვერასოდეს გავიგებთ. მათ მხოლოდ შენ უნდა შეხვდე, – აუხსნა ჯაბას გამყიდველმა.
– გასაგებია, – მშვიდად თქვა ჯაბამ, – მაგრამ, ვიღაცამ ხომ უნდა გვამცნოს, თუ ვის, სად და როდის ვხვდები?
– აუცილებლად გვამცნობენ, – მიუგო ჯაბას გამყიდველმა, – და ამას გააკეთებს ის, ვისაც ყოველწლიურად მოაქვს ჩვენთან მთავარი მბრძანებლის დანაბარები.
– ვის მოაქვს? – დაინტერესდა ჯაბა.
– კონკრეტულად ვის, რა თქმა უნდა, არ ვიცით. ერთ-ერთი ჩვენგანი, რომელსაც ის ტელეფონით საუბრისას დაასახელებს ხოლმე, მიდის, მას წინასწარ დათქმულ ადგილზე ხვდება და მისგან მბრძანებლის მიერ დაწერილი წერილი მოაქვს. მბრძანებლის წარმომადგენელი ისეთ ადგილებში და ისეთ დროს ხვდება ხოლმე ჩვენი საძმოს წევრებს, რომ მის სახეს ვერ ვხედავთ და ეს არც შეიძლება. ასე რომ, მბრძანებლის დანაბარებს ჩვენ მხოლოდ მისი წერილებიდან ვიგებთ და უსიტყვოდ ვასრულებთ, – თქვა გამყიდველმა, – ამჯერად მოლაპარაკების ბრძანებაა მოსული და გაგაფრთხილე, რომ მზად იყო.
ჯაბა უკიდურესად დააინტრიგა გამყიდვლის სიტყვებმა, თან ძალიან დააინტერესა ამ ყოველივემ, იგრძნო, რომ აზარტმა შეიპყრო და გამყიდველს ჰკითხა:
– არ შეიძლება, რომ მთავარი მბრძანებლის სახელით სხვა ვინმე სარგებლობდეს?
– გამორიცხულია – მოკლედ მიუგო გამყიდველმა და თითქოს ჯაბას აზრები ამოიცნოო, იქვე დაამატა, – გამორიცხულია ისიც, რომ მბრძანებლის სურვილის საწინააღმდეგოდ წავიდეს ვინმე და ნების დაურთველად მისი ელჩის სახე ვინმემ ნახოს.
– ვთქვათ, ასეთი რამ მაინც მოინდომა ვინმემ და შეძლო, მაშინ? – ჰკითხა ჯაბამ გამყიდველს.
– მაშინ სიკვდილი გარდაუვალია. იყო ერთხელ ასეთი შემთხვევა და მას ჩვენი საძმოს ერთ-ერთი წევრი შეეწირა.
– მოკლეს? – ჰკითხა ჯაბამ გამყიდველს.
– თუ გაინტერესებს, მოგიყვები.
– მაინტერესებს, – მიუგო ჯაბამ.
– კარგი, მაშინ მომისმინე, – თქვა გამყიდველმა და დაიწყო:
– შოფერი კაკო გახსოვს?
– შოფერი კაკო? – გაიმეორა ჯაბამ, ჩაფიქრდა და გამყიდველს ჰკითხა, – ეგ რომელი, რვა ნომერ ტროლეიბუსზე რომ მუშაობდა და ტრაგიკულად რომ დაიღუპა?
– სწორედ ის, – დაუდასტურა გამყიდველმა.
– მახსოვს კი არა, ჩემს პარალელურ ქუჩაზე ცხოვრობდა, მისი შვილი შალიკო კი ჩემი თანაკლასელი იყო და ბავშვობიდან ვძმაკაცობდი. რა მერე, კაკო რა შუაშია?
– ეგ კაკო, – სევდიანად ჩაეცინა გამყიდველს, – ჩვენი საძმოს უხუცესი წევრი იყო. ერთხელ, ანუ იმ წელს, როდესაც ის დაიღუპა, მთავარი მბრძანებლის წარმომადგენელმა კაკო შეხვედრაზე დაიბარა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს შეხვედრა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, უფრო სწორად კი, კუს ტბის ტყეში, შუაღამეს იყო დანიშნული. კაკო მას უნდა შეხვედროდა და აქ, საძმოში მთავარი მბრძანებლის წერილი მოეტანა. კაკო ზუსტად ღამის 2 საათზე დაბრუნდა და ძმებს, რომლებიც მას ველოდებოდით, გვითხრა:
– ძმებო, იცით, ვის შევხვდი?
– ვის? – ვკითხე კაკოს, თან, დარწმუნებული ვიყავი, რომ ხუმრობდა, რადგან, მან მშვენივრად იცოდა, რომ მთავარი მბრძანებლის წარმომადგენლები სახეებს მალავდნენ.
– მბრძანებლის წარმომადგენელზე გელაპარაკებით, – თქვა კაკომ.
– შენ გინდა თქვა, რომ მისი სახე ნახე? – გავოცდი მე.
– ვნახე, – მომიგო კაკომ.
– ხუმრობ?
– სულაც არა, – თქვა კაკომ და დაამატა, – მემაწვნე ვარდო იყო, ვარდო ბაბო. ხომ გახსოვთ, ტაბახმელიდან ჯერ ვირით რომ ჩამოჰქონდა მაწონი, ბოლოს კი „ნივა“ რომ იყიდა და იმით დაჰქონდა.
– ვარდო? – აღმოგვხდა ყველას, რადგან ვარდოს მთელი თბილისი იცნობდა და, რას წარმოვიდგენდით, რომ ის ასეთი მნიშვნელოვანი პერსონა იყო.
– აბა, აბა, ვარდო, – გაოცებას ვერ მალავდა კაკო, – საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი, მაგრამ, ნამდვილად ის იყო.
– კი მაგრამ, მისი სახის ნახვა როგორ მოახერხე? – ვკითხე კაკოს.
– როგორ და, – თქვა კაკომ, – როცა შევხვდით, მას კაპიუშონი ჰქონდა წამოფარებული, თან, უზარმაზარ ფიჭვს იყო ამოფარებული და წერილი რომ გადმომცა, მითხრა, წადიო. მე წამოვედი, მაგრამ, იქვე ორმოცდაათ მეტრში დავიმალე და დაველოდე. იმ ადგილებს კარგად ვიცნობ და ვიცოდი, რომ მას ყველა შემთხვევაში იმ ბუჩქებთან უნდა გაევლო, სადაც ვიმალებოდი. ათი წუთი რომ გავიდა, გვერდით კაპიუშონმოხდილმა ვარდომ ჩამიარა. მე ეს არ დავიჯერე და ჩუმად მივდიე. ის მშვიდად დაეშვა ქვევით, კუს ტბის გზა ფეხით ჩაიარა, ასასვლელთან დაყენებულ „ნივაში“ ჩაჯდა და წავიდა.
– ხომ არ შეგეშალა? – ვკითხე კაკოს.
– გამორიცხულია. ჯერ ერთი, მისი „ნივა“ იყო, მეორეც, მანქანაში რომ ჩაჯდა, სალონის შუქზე მისი სახე კარგად შევათვალიერე, – მომიგო კაკომ. აშკარა იყო, რომ მართალს ამბობდა.
– ეგ არ უნდა გექნა, – ვუთხარი კაკოს და სხვებიც დამეთანხმნენ. შემდეგ ყველანი დავიშალეთ, მეორე დღეს კი საცოდავი კაკო...
– მეორე დღეს კი საცოდავი კაკო თავისსავე ტროლეიბუსში დაიწვა, – დააბოლოვა ჯაბამ, – კარგად მახსოვს, ტროლეიბუსების პარკიდან გამოდიოდა და მაშინ...
– ჰო, ასე მოხდა, – თქვა გამყიდველმა.
– მახსოვს, მაშინ თქვეს, მოკლე ჩართვა მოხდა, კაკო დენმა გათიშა და ხანძარს იმიომ ვერ დააღწია თავიო, – თქვა ჯაბამ.
– ასეთი ხმები გავრცელდა. სინამდვილეში კი ის სიკვდილით დაისაჯა, – თქვა გამყიდველმა.
– უბრალოდ რომ ვთქვათ, ის მოკლეს, – ჩაეცინა ჯაბას.
– იმავე დღეს, კოჯრიდან მომავალი ვარდო კლდეზე გადაიჩეხა, მისი „ნივა“ აფეთქდა და ისიც თავისივე მანქანაში ჩაიწვა, – უთხრა ჯაბას გამყიდველმა.
– ვარდოც მოკლეს? – გაიმეორა ჯაბამ.
– ისიც სიკვდილით დაისაჯა.
– მას რაღას ერჩოდნენ?
– თავისი პიროვნება არ უნდა გაემჟღავნებინა.
– კარგი, გასაგებია, – თქვა ჯაბამ და დაამატა, – კიდევ რა ხდება?
– მეტი არაფერი, – მიუგო ჯაბას გამყიდველმა, – როგორც კი შეხვედრის თარიღსა და ადგილს შეგვატყობინებენ, გაცნობებ, ახლა კი შეგიძლია, წახვიდე და დაისვენო.
– წავედი, – თქვა ჯაბამ, წამოდგა და, ის იყო, საძმოს წევრებს უნდა დამშვიდობებოდა, როდესაც ოთახის კუთხეში მდგომმა დიდი ზომის ტელეფონმა დარეკა.
– რაღაც მნიშვნელოვანია, – თქვა გამყიდველმა, ტელეფონთან მივიდა, ყურმილი აიღო:
– გისმენთ, – გამყიდველმა ჯაბას შეხედა და უთხრა:
– მოდი, გეძახიან.
– ჯაბა ტელეფონთან მივიდა, ყურმილი ყურზე მიიდო და უპასუხა:
– გისმენთ!
– გამარჯობა, ჯაბა – მოისმა მამაკაცის ხმა.
– გაგიმარჯოთ!
– ჯაბა, ჩვენს საძმოში ერთმანეთს შენობით მიმართავენ.
– გასაგებია, გისმენ.
– ჯაბა, მე მთავარი მმართველის სიტყვებს გადმოგცემ.
– ყურადღებით გისმენ.
– მთავარმა მმართველმა ბრძანა, რომ მის წარმომადგენლებს უნდა შეხვდე ზუსტად ერთი კვირის შემდეგ. შეხვედრის წინა დღეს შენს ტელეფონზე დაგირეკავენ და გეტყვიან, როგორ მოიქცე. კარგად იყავი.
– კარგად ბრძანდებოდეთ, – მიუგო ჯაბამ.
– ჯაბა, ნუ გავიწყდება, რომ საძმოს წევრები ერთმანეთს შენობით მივმართავთ. კარგად იყავი!
– კარგად იყავი! – მიუგო ჯაბამ, ყურმილი დაკიდა და საძმოს მთავარი საბჭოს წევრებს უთხრა:
– ერთი კვირის შემდეგ შეხვედრაზე უნდა მოვიდე, დანარჩენს დამატებით შემატყობინებენ, ახლა კი ნახვამდის, წავედი.
საძმოს წევრები ჯაბას გამოემშვიდობნენ, მძღოლმა კი უთხრა:
– მე უნდა წაგიყვანო, წავედით.
ჯაბა და მძღოლი რომ საძმოს შტაბ-ბინის ეზოდან გამოვიდნენ, ჯაბამ მძღოლს უთხრა:
– რას ვიფიქრებდი, თუ ცხონებული კაკო ჩვენი საძმოს წევრი იყო.
– ჰო, მართლაც რომ ძნელი წარმოსადგენია, – ჩაეცინა მძღოლს, – თავდაპირველად მეც ძალიან გაოცებული ვიყავი. აქ ისეთი ხალხი მყავს ნანახი, ვერასდროს რომ ვერ წარმოვიდგენდი. თუმცა, ბოლოს შევეჩვიე.
– ჰმ, საცოდავი კაკო და ის მემაწვნე ვარდო, – თავი გააქნია ჯაბამ, – ნეტავ ასე სასტიკად რატომ დასაჯეს... მერე რა, რომ კაკომ მისი სახე დაინახა, იმან კი სიფრთხილე ვერ გამოიჩინა?
– ჯაბა, – მშვიდად უთხრა მძღოლმა ყმაწვილს, – მსგავსი აზრები თავიდან ამოიგდე და არასდროს განიზრახო ჩვენი საქმის წესების დარღვევა. მართალია, შენ ყველა ჩვენგანზე მაღლა დგახარ და მეტი უფლებები გაქვს, მაგრამ, წესის დარღვევა არავის ეპატიება და, მათ შორის – შენც.
– გასაგებია, – მიუგო ჯაბამ, – სწორია, სხვაგვარად საქმე არ გამოვა, თუმცა სიკვდილისთვის ყველა ცოდვაა, დამნაშავეებიც კი.
– გახსოვდეს, რომ დანაშაულის ჩადენა ჩვენს საქმეში გლობალურ ცუდს წარმოშობს, – თქვა მძღოლმა და მანქანა ჯაბას სახლთან დაამუხრუჭა, – მოვედით.
***
ჯაბა მძღოლს გამოემშვიდობა, თან საშინელი სიკვდილით გარდაცვლილ კაკოსა და ვარდოზე ფიქრობდა და გუნებაში იმეორებდა: „ღმერთო, შენ დამიფარე ყოველგვარი ცუდისგან და ისეთ ნაბიჯს ნუ გადამადგმევინებ, რომ ასეთი საშინელება დამემართოს“. ჯაბა გაორებული იყო, თითქმის ყველა ადამიანში საიდუმლო ორგანიზაციის წევრს ხედავდა და, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბოლომდე არავის ნდობა არ შეიძლებოდა.
„ვარდოს არ ვიცნობდი, მაგრამ, შოფერი კაკო?“ – იმეორებდა ჯაბა და ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ტროლეიბუსის უბრალო მძღოლი, უბნის კოლორიტული პიროვნება, რომელსაც მთელი თბილისი იცნობდა, საიდუმლო საძმოს გავლენიანი წევრი იყო და, ამის მიუხედავად უბრალო ცდუნებას ვერ გაუძლო, მისსავე თანამოძმეებმა კი ასე საშინლად გამოასალმეს სიცოცხლეს.
– მომენატრე, საყვარელო, – უთხრა სახლში დაბრუნებულ მეუღლეს შორენამ, კისერზე ხელები მოხვია და ჰკითხა: – შენ?
– მეც ძალიან, – მიუგო ჯაბამ, მეუღლე ხელში აიტაცა და ოთახისკენ აიღო გეზი, თან გაიფიქრა: „ხომ შეიძლება, შორენაც საიდუმლო ორგანიზაციის წევრი იყოს?“
– ჯაბა, – თქვა შორენამ, რომელიც შუა ოთახში გაჩერებულ ჯაბას ისევ ხელში აყვანილი ეჭირა, – სად ხარ, სადღა დაფრინავ, მიწაზე დაეშვი.
– მაპატიე, საყვარელო, ჩავფიქრდი, – მიუგო ჯაბამ, შორენა სავარძელში ჩასვა, თმაზე მოეფერა და უთხრა, – უჩემოდ ხომ არ მოიწყინე?
– არა, სტუმარი გვყავდა და ნახევარი საათის წინ წავიდა, – თქვა შორენამ.
– ვინ სტუმარი?
– დიტუნა.
– დიტო სულაბერიძე? – გაეცინა ჯაბას, რადგან უცებ თვალწინ წარმოუდგა ის სცენა, როდესაც დიტომ რვა ზორბა სანიტარი სცემა, თან საწოლებზე მაიმუნივით დახტოდა, რის შემდეგაც ის გაკოჭეს და „სამხეცეში“ ჩაიყვანეს.
– გელოდა, გელოდა დიტუნა და, რომ არ გამოჩნდი, წავიდა, მაგრამ, შემპირდა, აუცილებლად მოვალო, – თქვა შორენამ, – არ გშია?
– ძალიან.
– წავალ, გაგიმზადებ, – თქვა შორენამ და სამზარეულოსკენ გაემართა, მაგრამ მოულოდნელობისგან შეხტა, რადგან ფიქრებში წასულმა ჯაბამ წამოიძახა:
– დიტო! როგორ ვერ მივხვდი, ისიც აუცილებლად ორგანიზაციის წევრი იქნება.
– რაო, ჯაბა, რა თქვი? რა ორგანიზაციის წევრიაო დიტო? – ჰკითხა მეუღლეს გაოცებულმა შორენამ.
– არა, არაფერი, რაღაცაზე ვკაიფობდი ჩემთვის და გავერთე, – მიუგო ჯაბამ, მეუღლეს გაუღიმა და უთხრა, – შორენ, რას მაჭმევ?
– რასაც შენ მოისურვებ, მე მოგიტან და თვითონ აირჩიე, – მიუგო შორენამ, რომელიც ვერ ხვდებოდა, რა სჭირდა მის მეუღლეს.
გვიანი ვახშამი საკმაო ხანს გაგრძელდა. მთელი დღის მშიერი ჯაბა მადიანად შეექცეოდა ნაირ-ნაირ კერძებს, თან შორენას აქებდა და ეუბნებოდა:
– ყოჩაღ, საყვარელო, რა გემრიელი საჭმელებია. არ ვიცოდი, ასეთი კარგი მზარეული თუ იყავი, ოქრო ხარ, ოქრო, ნამდვილი განძი ჩავიგდე ხელში!
– ჯაბა, რა გჭირს? – ჰკითხა შორენამ მეუღლეს, როდესაც ჯაბამ ცოტათი სული მოითქვა.
– რას გულისხმობ, საყვარელო? – ჰკითხა ჯაბამ და შორენას მომზადებული ლიმონათი დალია, – უგემრიელესია, არა, მართალია ოქრო ხარ.
– ეგ უკვე მითხარი, ახლა სხვაც მოაყოლე, – თქვა შორენამ.
– ძალიან მიყვარხარ. შენ?
– მეც.
– მე უფრო მეტად, – უთხრა შორენას ჯაბამ, რომელიც მისთვის ჩვეულ სტილში ცდილობდა სალაპარაკო თემის შეცვლას, რათა ცოლის კითხვებზე პასუხის გაცემისთვის აერიდებინა თავი.
– ძველებურებს აგრძელებ?
– რა ძველებურებს?
– რატომ ცდილობ, რომ სიტყვა ბანზე ამიგდო?
– შორენ, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ, ნუთუ ეს შენთვის არაა საკმარისი? ძველებურებს შენ აგრძელებ. რაში გაინტერესებს ის, რისი ცოდნაც საჭირო არ არის? ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ზედმეტ კითხვებს აღარ დამისვამდი?
– კი, მაგრამ, მეშინია, საყვარელო.
– რისი გეშინია, სულელო, – ჯაბამ შორენას ხელი მოხვია, ლოყა ლოყაზე მიადო და უთხრა, – ნურაფრის გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება და მომენდე.
– მიყვარხარ!
– მეც ძალიან მიყვარხარ და შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ. თუმცა, შენ თვითონ არავის დააჩაგვრინებ თავს, ისეთი ხარ, – თქვა ჯაბამ, შორენას ხელი გაუშვა, ლიმონათი დალია და დააყოლა, – არა, კულინარიის ნამდვილი დედოფალი ხარ!
– შენ კი ტყუილების ნამდვილი მეფე!
– კარგი, რა, შორენ, თავიდან იწყებ? რა მოგატყუე? ტყუილი რომ მინდოდეს, მაშინ ასე კი არ გაგანაწყენებდი და ისე გაგაბრუებდი ტყუილებით, რომ შენც კმაყოფილი დარჩებოდი და არც მე მოვიშლიდი ნერვებს. არ გახსოვს მაინც, როგორ ვიტყუებოდი საგიჟეთში?
– საგიჟეთს ნუ გამახსენებ, – თქვა შორენამ, – იქ კინაღამ მეც გავგიჟდი.
– რატომ კინაღამ, არ გაგიჟდი რო?! – გაეცინა ჯაბას.
– გავგიჟდი?
– გაგიჟება არაა, მე რომ ცოლად გამომყევი? რომ მოგენდომებინა, ჩემზე ბევრად მორჩილი მეუღლე გეყოლებოდა და გექნებოდა მშვიდი და უდარდელი ცხოვრება. ასე არაა, საყვარელო?
– დამცინი?
– სულაც არა!
– მე შენ მართლა მიყვარხარ და ყველაფერი ამიტომ მაინტერესებს, შენ კი მე აბუჩად მიგდებ. ალბათ, არ გიყვარვარ და იმიტომ.
„ისევ დაიწყო“, – გაიფიქრა ჯაბამ, შორენას კი უთხრა:
– „მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი“... და რაც უფრო მეტი დრო გაივლის, მით უფრო მეტად მეყვარები.
– შანდორ პეტეფით დაიწყე და შენი სიტყვებით დააბოლოვე, – გაეცინა შორენას.
– მოდი, პოეზიაზე ვილაპარაკოთ.
– პოეზიასა და მხატვრობაზე. დამცინი, არა?
– დაგცინი? – თქვა ჯაბამ, – დაგცინი კი არა, ვგიჟდები ლექსებზე.
„მე შენ გიჩვენებ სეირს. ახლავე განახვებ, როგორ უნდა ადამიანის წყობიდან გამოყვანა და აბუჩად აგდება“, – გაიფიქრა შორენამ, ჯაბას კი უთხრა:
– სხვათა შორის, მე მხატვრობაც მიყვარს და, არცთუ ისე შორეულ წარსულში საკმაოდ ახლო შეხებაც კი მქონდა მასთან.
– მართლა?
– მართლა, – მიუგო შორენამ.
– ხატავდი, საყვარელო?
– ყოველ შემთხვევაში, ვაპირებდი მაინც.
– მერე, რა ქენი?
– მოგიყვები და გაიგებ, – უთხრა ჯაბას შორენამ და ლიმონათი დაუსხა, მიირთვი და ყურადღებით მომისმინე.
– გისმენ, საყვარელო.
– მეცხრე კლასში ვიყავი, როდესაც ჩვენი ბავშვთა სახლის სკოლაში ხატვაში ახალი მასწავლებელი დაგვინიშნეს. სამხატვრო აკადემია იმ წელს ჰქონდა დამთავრებული, სულ რაღაც 22 წლის ბიჭი იყო და თანატოლებივით გვეპყრობოდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ჩვენ 15-16 წლის ბავშვები ვიყავით, უფრო სწორად, მოზარდები და შვიდი წლით უფროს მასწავლებელს უსაშველოდ დიდად არ მივიჩნევდით. მას, კოსტა ერქვა და მას კოსტა მასწავლებელს ვეძახდით. სხვათა შორის, კარგი მხატვარიც იყო და არც გარეგნობა ჰქონდა ცუდი.
– ესე იგი, სიმპათიური ბიჭი იყო, – უთხრა ჯაბამ.
– ჰო, სიმპათიური, შეიძლება ითქვას, საკმაოდ სიმპათიური და ლამაზიც კი. მოკლედ, კოსტა მასწავლებელს გოგონებიც პატივს ვცემდით და ბიჭებიც, ისიც კარგად იყო ჩვენდამი განწყობილი და ერთმანეთს მშვენივრად ვეწყობოდით. ასეთი რამ კი ჩვენშიც იშვიათობა იყო, რადგან ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ჩვეულებრივ ბავშვებზე მეტად პრობლემურები და თამამები ვიყავით და ჩვენ არამცთუ გამოუცდელი მასწავლებლები, სტაჟიანი პედაგოგებიც კი ვერ გვთოკავდნენ.
– საყვარელო, რა ლამაზი თხრობა გცოდნია, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, – უთხრა ჯაბამ შორენას.
„ჯერ სად ხარ, გაოცება შენ ახლა ნახე“, – გაიფიქრა შორენამ და განაგრძო:
– ჰოდა, როგორც გითხარი, ამ სიმპათიურმა კოსტა მასწავლებელმა ჩვენი გულებიც მოინადირა და უკლებლივ ყველას ხატვა დაგვაწყებინა. ყველანი ვხატავდით ხალისით, კოსტა კი თავისი რჩევა-დარიგებებით სტიმულს გვაძლევდა.
– შორენ, შენ ნამდვილი ნიჭი გქონია და, გირჩევ, სერიოზულად მოჰკიდო ხელი ამ საქმეს, – მითხრა ერთხელ კოსტა მასწავლებელმა, რომელიც ზურგიდან წამომადგა თავს.
– მოგწონთ, კოსტა მასწავლებელო? – ვკითხე გახარებულმა და გავუღიმე.
მასწავლებელმა თავზე გადამისვა ხელი და მომიგო.
– ძალიან მომწონს და რაღაც-რაღაც რჩევები უნდა მოგცე, ამიტომ, გაკვეთილების შემდეგ დარჩი, რომ კონსულტაცია გაგიწიოო.
ერთი სიტყვით, გაკვეთილების შემდეგ კლასში დავრჩი და კოსტა მასწავლებელმა, რაღაც რჩევები მომცა, ბოლოს კი მითხრა:
– მოკლედ, ასე ვქნათ, შორენ. შენ ხატვის განსაკუთრებული ნიჭი გაქვს, ამიტომ, რეგულარული მეცადინეობა გჭირდება და უნდა ხატო. მე შენ ყოველმხრივ ხელს შეგიწყობ, დაგეხმარები და, მერწმუნე, რომ შენგან სახელოვანი მხატვარი გამოვა. ერთი სიტყვით, ყოველდღე მოხვალ ჩემთან და მე და შენ ორი-სამი საათის განმავლობაში ვიმეცადინებთ.
– კარგი, კოსტა მასწავლებელო, – მივუგე კოსტას და წავედი, საღამოს კი სახელოსნოში ვეწვიე, რომელიც მას ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე, მიტოვებულ სარდაფში ჰქონდა მოწყობილი, სადაც ადრე სამრეცხაო იყო.
იმ დღიდან დაწყებული, ყოველ საღამოს ვაკითხავდი კოსტა მასწავლებელს და ჩვენ ერთად ვხატავდით. ზოგჯერ ისე გავერთობოდით ხოლმე, რომ დროის შეგრძნებას ვკარგავდით და ძალიან ხშირად შუაღამითაც კი დავბრუნებულვარ ჩემს ოთახში. ჩვენი მეცადინეობის ერთი თვის თავზე კოსტა მასწავლებელმა მითხრა:
– დღეს შიშველი ნატურის ხატვა უნდა დავიწყოთ და მოემზადე.
გაგრძელება შემდეგ ნომერში