კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დათარსული დღე

მძარცველი საქმიანი სახით იქექებოდა საწოლის ტუმბოში, როდესაც არჩერ ტრებიზონდი ოთახში შემოიპარა. ისე ფეხაკრეფით მოდიოდა, იფიქრებდით, თავადაც სხვისი ქონების წასაღებად მოსულაო. უჯრის შესწავლით გართულ მძარცველს მისი შემოსვლა არ შეუმჩნევია, მაგრამ, ცოტა ხანში მისი არსებობა იგრძნო. როდესაც შემობრუნდა და არჩერ ტრებიზონდი დაინახა, გული შეეკუმშა – ჯერ მხოლოდ მოულოდნელობისგან, შემდეგ კი დისკომფორტი მისკენ მიშვერილმა რევოლვერმა შეუქმნა.

– ჯანდაბა! – დაიწყო მან, შემდეგ კი დაახლოებით ასეთი რამ წარმოთქვა: – რა უბედურებაა, მთელი კვირა დათარსული ვარ: სამშაბათს მანქანას დავარტყი, მერე აკვარიუმი გამივარდა, რომელშიც ისეთი იშვიათი ჯიშის აფრიკული თევზები მყავდა, მათთვის ჯერ ლათინური სახელებიც არ მოუფიქრებიათ, გუშინ სადილობისას ლოყაზე ვიკბინე, ახლა კი, აი... იცით, რა უნდა მექნა? მთელი კვირა ლოგინში უნდა გამეტარებინა. შემდეგში ასეც მოვიქცევი, თუკი აქედან გავაღწიე.

– თუ გააღწიეთ, კი, – დაუზუსტა ტრებიზონდმა და დაამატა: – რა თქმა უნდა, ცოცხალმა.

მძარცველს ნიკაპი ოდნავ შესამჩნევად აუკანკალდა:

– დარწმუნებული ვარ, არ მესვრით.

– ვითომ რატომ?

– თუნდაც იმიტომ, რომ ხალიჩას დასვრით და ცოლი გაგიბრაზდებათ. გეტყვით, რომ სროლა სისულელე იქნება.

– ცოლი სახლში არაა, ერთ საათში დაბრუნდება.

– მერე რა? გასაგებია, რასაც იტყვით. ის კი არა, დარწმუნებული ვარ, პოლიციასაც არ გამოიძახებთ. საქმეს თვითონ მოვაგვარებთ. ცოტა ფული მაქვს და, როგორც კეთილი გულის ადამიანი, სიამოვნებით შევიტან ამ თანხას თქვენს საყვარელ საქველმოქმედო ფონდში. რა საჭიროა ჯენტლმენების კერძო საქმეში პოლიციის ჩარევა?

– თქვენი ფული რაში მჭირდება? ვერ ხედავთ, რომ საკუთარიც საკმარისი მაქვს? უკანა ჯიბეში რა გიდევთ?

– ეს? ეს მხოლოდ ძალაყინია.

– მომეცით! – უბრძანა ტრებიზონდმა, – აჰა, განა ეს იარაღი არ არის? ვიტყვი, რომ ამ ძალაყინით დამესხით თავს და იძულებული გავხდი, თავდაცვის მიზნით მესროლა.

– ჩემი მოკვლა რაში გჭირდებათ? – ცოტაოდენი დუმილის შემდეგ ჰკითხა მძარცველმა.

– იქნებ, მე ჯერ არავინ მომიკლავს და მაინტერესებს, ეს როგორი შეგრძნებაა? ან, პირიქით, სიამოვნებით ვკლავდი, როდესაც ომში ვიყავი და, მინდა, ეს კაიფი კიდევ ერთხელ განვიცადო? ცოტაა მიზეზი? საქმე ისაა, რომ, როგორც გვამი, შეიძლება, გამომადგეთ, ცოცხალი კი არაფრად მარგიხართ. მე საქმის კაცი ვარ და, თუ მოიფიქრებთ, როგორ შეძლებთ, ცოცხალმა უფრო მეტი სარგებელი მომიტანოთ, ვიდრე მკვდარმა, შეიძლება...

– მოდი, თქვენთვის რამეს მოვიპარავ! – წამოიძახა მძარცველმა, – ძვირფას ნახატს, თქვენი კონკურენტების საიდუმლო დოკუმენტებს... დამავალეთ რამე!

– არაფერი გამოვა, – წარმოთქვა ტრებიზონდმა, – ჯერ ერთი, არაფერი არ მინდა, ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება. შეძლებთ ჩემთვის, ვთქვათ, ქალის გულის მოტაცებას? არა მგონია. თან, საიდან უნდა ვიცოდე, რომ თქვენი ნდობა შეიძლება? აქედან რომ გახვალთ, თქვენზე ყოველგვარ გავლენას დავკარგავ. დაფიქრდით, რა ხეირია თქვენგან? მარტო გვამად თუ გამოდგებით. ძარცვისა და ქურდობის გარდა სხვა რამის კეთება იცით?

– ჭადრაკს ვთამაშობ. როცა არ ვიპარავ, ჭადრაკის კლუბში დავდივარ. უფრო ხშირად ვიგებ, ვიდრე ვაგებ.

– აჰა, გამოდის, მაინც შეიძლება, რაღაცაში გამომადგეთ. ახლა ვფიქრობდი, როგორ მოვკლა დრო ცოლის მოსვლამდე-მეთქი. ამ ერთ საათს ჭადრაკის თამაშში გავიყვან, ღირსეულ მოწინააღმდეგეს ხშირად ვერ გადააწყდები.

– და, თქვენ სიცოცხლეს შემინარჩუნებთ, რომ ჭადრაკი მეთამაშოთ?

– აბსოლუტურად სწორია.

– მოიცადეთ, რამე ხომ არ გაქვთ ჩაფიქრებული? ხომ არ მომკლავთ, თუკი...

– წავაგებ, ან – პირიქით, მოგიგებთ? რა თქმა უნდა, არა. ჭადრაკი აზარტზე მაღლა დგას.

– ჭადრაკის თამაში რომ არ მცოდნოდა, მომკლავდით?

– ეს საკითხი ასე გაღელვებთ?

– არ უნდა მაღელვებდეს?

ისინი სათამაშოდ მოეწყვნენ. მძარცველს თეთრი ფიგურები შეხვდა და სამეფო პაიკით დაიწყო სვლა. საკმაოდ მახვილგონივრულად გამოიყენა უპირატესობა. მეთექვსმეტე სვლაზე ტრებიზონდმა აიძულა, ცხენის სანაცვლოდ ლაზიერი დაეთმო. მალე მძარცველმა წაგება აღიარა. მეორე პარტიაში იგი შავებით თამაშობდა და სიცილიური დაცვის ტრებიზონდისთვის უცნობი ვარიაცია აირჩია. თამაში ჯერ თანაბარი უპირატესობებით მიდიოდა, ბოლოს კი ტრებიზონდმა წააგო.

– მშვენიერი პარტიაა, – მორცხვად აღიარა მძარცველმა.

– თქვენ კარგი მოჭადრაკე ხართ, – შეაქო თავის მხრივ ტრებიზონდმა.

– მადლობა.

მათ ფიგურების დალაგება დაიწყეს, მაგრამ ამ დროს სახლში მელისა ტრებიზონდი შემოვიდა. მამაკაცები წამოდგნენ. მისის ტრებიზონდი მათ ღიმილით მიუახლოვდა:

– ჭადრაკის ახალი პარტნიორი იშოვე? მიხარია.

ტრებიზონდმა ხელი უკანა ჯიბეში ჩაიყო და ძალაყინი ამოიღო. ახლა ის უფრო მძიმე მოეჩვენა, ვიდრე თავიდან.

– მელისა, – თქვა მან, – შენი ყველა ცოდვის ჩამოთვლაში დროს არ დავკარგავ. ეჭვიც არ მეპარება, კარგად იცი, რატომ იმსახურებ იმას, რასაც იმსახურებ.

ქალმა თვალები დააჭყიტა. მან ქმრის ნათქვამიდან ვერც ერთი სიტყვა ვერ გაიგო. არჩერ ტრებიზონდმა ძალაყინი მოიქნია და მთელი ძალით თავში ჩასცხო მელისას. როდესაც ქალი მუხლებზე დაეცა, ქმარმა სამი სწრაფი დარტყმა კიდევ მიაყენა, სწრაფად მობრუნდა და ჭადრაკის პარტნიორს გაკვირვებულ თვალებში შეხედა.

– თქვენ ის მოკალით... – ჩაიბურტყუნა მან.

– არაფერიც, – უპასუხა ტრებიზონდმა და ჯიბიდან ისევ ამოიღო თავისი რევოლვერი.

– როგორ, ის მკვდარი არ არის?

– იმედი მაქვს, რომ მკვდარია და ღმერთს ვევედრები, რომ ასე იყოს. თუმცა, იგი მე არ მომიკლავს, ეს თქვენ გააკეთეთ.

– ვერაფერს ვხვდები...

– სამაგიეროდ, პოლიცია მიხვდება, – ამ სიტყვებთან ერთად ტრებიზონდმა სასხლეტს გამოჰკრა და მძარცველი მხარში დაჭრა. მეორე გასროლა უფრო წარმატებული გამოდგა, ტყვიამ პირდაპირ გულში გაიარა. მძარცველს ფეხები მოეკვეთა და ნელ-ნელა გაიშხლართა იატაკზე.

ტრებიზონდმა ჭადრაკის ფიგურები აკრიფა, დაფა გაწმინდა და სცენა მომდევნო მოქმედებისთვის მოამზადა. ძალიან მოუნდა, რაიმე მხიარული მელოდია წაესტვინა, მაგრამ ამ სურვილს სძლია, თუმცა, საკუთარი თავით ძალიან კმაყოფილი იყო – ჭკვიანი ადამიანი ყველაფერს სათავისოდ გამოიყენებს. თუ ბედი მას მჟავე ლიმონს უგზავნის, იგი ყოველთვის შეძლებს, მისგან ტკბილი ლიმონათი დაამზადოს.

თარგმნა

ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3