თამაში ბედთან
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹14-21(543)
„ცუდი ტიპები” მარტო მულტფილმებსა და კინოებში კი არ მარცხდებიან, რეალურ ცხოვრებაშიც ვერ უწევენ კონკურენციას ვერც ევოლუციურ და ვერც სოციალურ, კეთილშობილ პერსონებს. ფიქრი იმაზე, რომ ხვალიდან აუცილებლად კეთილი უნდა გახდე და საოცრებები უნდა ჩაიდინო, რა თქმა უნდა, სისულელეა, მაგრამ, რატომღაც მგონია, ყველაზე ბოროტ კაცსაც კი, ერთხელ მაინც, აუცილებლად უფიქრია ამაზე. თუმცა, იმასაც ყველა ვამჩნევთ, რა მოსდით დიდსულოვან, სიკეთით სავსე ადამიანებს. მაგრამ ჯუნგლების კანონი რომ იმარჯვებს ეს ჯერ კიდევ აქტუალურია.
***
თემომ ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო და თავის გუნდს იმედგაცრუებული მზერა შეავლო. მარიკა მაგიდის განაპირა კუთხეში იჯდა, ხელში კალამი ეჭირა და ხელისგულზე რაღაცას იწერდა თუ იჯღაბნიდა. ერთი შეხედვით, საკუთარ ფიქრებში ღრმად ჩაძირულს ჰგავდა, გარე სამყაროს მოწყვეტილს და სადღაც გადაკარგულს. დევი ჩუმად ეწეოდა სიგარეტს გამოღებულ ფანჯარასთან. მხოლოდ ვახო ჰგავდა ბეჯით მოსწავლეს, გაფაციცებული რომ უსმენს მასწავლებელს – არ დავიღუპო და არც ერთი სიტყვა არ გამომეპაროსო...
– მოკლედ, ასე. გამოძიება ჩიხში შევიდა – თქვა თემომ და ოთახში მყოფებს კიდევ ერთხელ, სათითაოდ შეხედა.
– ეგ რომელ გამოძიებას გულისხმობთ, ბატონო თემო? – მიამიტი ბავშვივით დაახამხამა წამწამები ვახომ და დევის გახედა.
– ჰო, ვახოს შეკითხვას მეც გავიზიარებ, გააჩნია, რომელ საქმეს გულისხმობ.
– ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე, – გაღიზიანდა თემო, – ბერაძის მკვლელობის საქმე უკვე გადავეცი სასამართლოს. იცით, თქვენ, რომ სხვა გამოსავალი აღარ მქონდა – ახვლედიანმა კუთხეში მიმიმწყვდია. ის ქალიც ჯიუტად არ ალაპარაკდა.
– ახვლედიანი თვითონ არის კუთხეში მიმწყვდეული, – ჩაილაპარაკა დევიმ და შეიჭმუხნა, – საინტერესოა, როგორ დაუმტკიცებენ, რომ სწორედ მან ჩაიდინა დანაშაული? სამხილები ძალიან ცოტაა. მხოლოდ ის, რომ თორმეტი თუ თხუთმეტი წლის წინ მოკლული ეჭვმიტანილის გაუპატიურებისთვის გაასამართლეს, მტკიცებულებად არ გამოდგება.
– რატომაც არა. შურისძიების მიზნით ჩადენილი დანაშაული. ბრალდების მხარე ადვილად შეძლებს დაამტკიცოს, რომ ეჭვმიტანილი წლების განმავლობაში, უცდიდა ხელსაყრელ დროს, მოძალადესთვის სამაგიერო რომ გადაეხადა, მით უმეტეს, რომ ადვოკატიც სახაზინო ჰყავს, – თავისი მოსაზრება გამოთქვა ვახომ. დევიმ მოწონებით დაუქნია თავი და თითები გაატკაცუნა.
– ყოჩაღ, ღოღაძე! რაღაც შენც გისწავლია. რას ერჩი, თემო, ამ ბიჭს? ის თქვა, რასაც მეც ვფიქრობ. თანაც, დაინტერესება, ანუ, მოტივაციაა ისეთი, მიუსჯიან.
– მე მას შანსი მივეცი, – თავისმართლებასავით გამოუვიდა თემოს.
– ცუდია, რომ ის ია ლომიძეც არაფერში დაგვეხმარა, – დამნაშავის ხმით თქვა მარიკამ, – ისე გაჯიუტდა, მასთან ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა, მაგრამ, მივხვდი, რომ პაციენტი იცნო.
– ეს მხოლოდ შენი ვარაუდია. რომ არ ეცნო, ამაშიც არაფერი იქნებოდა დაუჯერებელი.
– რატომ? – ჰკითხა მარიკამ.
– იმიტომ, რომ ია ლომიძის რანგის ექიმებს იმდენი პაციენტი ჰყავთ და კიდევ იმდენი ვიზიტორი, ყველას ფიზიკურად ვერ დაიმახსოვრებენ, – აუხსნა დევიმ.
– მე ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევა უნდა დაეხსომებინა, – მხრები აიჩეჩა მარიკამ და აწკრიალებულ მობილურს ბრაზით დახედა.
– შენ არ იცი, რომ თათბირზე მობილური უნდა გამორთო? – მკაცრი ტონით დატუქსა ვახომ გოგო და, რატომღაც, თემო დაიმოწმა, – ასე არ არის, ბატონო თემო?
– ასეა, მაგრამ, მარიკა ჯერ ჩვენი თანამშრომელი არ არის. თანაც, შენ ხომ არ იცი, ვის ზარს ელოდება? – დევიმ მრავალმნიშვნელოვნად აღმართა თითი და ვახოს საყვედურით ანიშნა – შეხედე, გოგო, როგორ გააწითლე შენი უტაქტო შენიშვნითო.
– ბოდიშს ვიხდი, – მარიკამ მობილური გამორთო, – წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის.
თემოს თითქოს არც გაუგონია, რაზე საუბრობდნენ მის კაბინეტში, მოღუშული იჯდა და შუბლს ისრესდა.
– ამ ახალ მკვლელობაზე რა აზრის ხართ? დევი, შენ ისევ ფიქრობ, რომ საქმე სერიოზულ მკვლელთან გვაქვს?
– ვარაუდია, თემო, და ამ მოსაზრებასაც აქვს არსებობის უფლება, თუმცა ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ეს სამი მკვლელობა ერთმანეთთან კავშირშია. ნოდარ დევიძე ისე მალავს თავისი საქმის დეტალებს, იმის იმედი, რომ ამ სამი მკვლელობის გაერთიანებას შევძლებთ, პრაქტიკულად, არ უნდა გვქონდეს. ვერც მოვთხოვთ. მით უმეტეს – მე. მაგრამ, შენ თუ ახვლედიანს გააგებინებ, რა მნიშვნელობა ექნება იმას, რომ შენ და დევიძემ შეთანხმებულად იმოქმედოთ...
– ახვლედიანი ახლა ბედნიერია და კმაყოფილი – ბერაძის მკვლელობის საქმე თავიდან მოიშორა. ვერ დავარწმუნებ, რომ კავშირი ამ სამ მკვლელობას შორის არსებობს.
– პიროვნების იდენტიფიკაცია მოახდინეთ? – თემო ვახოს მიუბრუნდა.
– დიახ. იმდენად ჩვეულებრივი ადამიანია, ანუ, უმნიშვნელო...
– უმნიშვნელო და ჩვეულებრივი მანამდე იყო, სანამ გამოფატრულს ვიპოვიდით, – უხეშად გააწყვეტინა თემომ, – ეს რა ლოგიკაა! ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი მკვლელობა არ არსებობს. თუ მუშაობა არ გინდა და გეზარება, პირდაპირ მითხარი და დღესვე გადაგიყვან დევიძესთან, არ არის პრობლემა!
– თემო, დამშვიდდი, სულ ტყუილად ნერვიულობ, დამიჯერე. რას ერჩი ახლა ამ ბიჭს, სხვა რამის თქმა უნდოდა და სხვა გამოუვიდა. საქმე ისაა, რომ მოკლულზე, გუშინდელ გვამს ვგულისხმობ, ცნობები თითქმის არ გვაქვს. ინფორმაცია იმდენად მწირია და უმნიშვნელო, პრაქტიკულად, მოტივს ვერ ვასახელებ, მაგრამ, მოტივის გარეშე ჩადენილი მკვლელობა რომ არ არსებობს, ჩემზე უკეთ შენ მოგეხსენება.
– იმიტომ თქვი, შეიძლება, საქმე სერიულ მკვლელთან გვქონდესო? – თემო ჩაფიქრდა.
– თუ ამ სამ მკვლელობას შორის რაიმე კავშირს აღმოვაჩენთ, რამე ისეთს, რასაც რეალურად მოვეჭიდებით, მაშინ უფრო თამამად ვიტყვი, რომ ქალაქში სერიული მკვლელი გამოჩნდა.
– მკვლელი ქალი... მდაა... არ გინდა, ახვლედიანს ამაზე ელაპარაკო? გგონია, მიხვდება, რას ნიშნავს „სერიული მკვლელი“? მით უმეტეს, თუ მივანიშნებთ, რომ, შეიძლება, სერგი ბერაძეც ამ მანიაკის მსხვერპლთა სიაში აღმოჩნდეს.
– ჯერ ერთი, მე არ მითქვამს, რომ მკვლელი აუცილებლად ქალი უნდა იყოს. პირიქით, სერიული მკვლელები ქალები ძალიან იშვიათად არიან, ეს უფრო მამაკაცების „ჰობია”. მეორეც, ახვლედიანს ჯეროვნად ვერ აფასებ. თუმცა, იმაში კი გეთანხმები, რომ ბერაძის საქმის ამოწევა აშკარად არ გაახარებს. არ გამოვრიცხავ, რომ საერთოდ აგიკრძალოს.
– მოიცა... ვითომ, ქალები რატომ არ არიან სერიული მკვლელები? – დაინტერესდა ვახო, – ვითომ, ჩვენზე, მამაკაცებზე გულმოწყალენი და გულჩვილები არიან?
– გულმოწყალება და გულჩვილობა არაფერ შუაშია. უბრალოდ, ქალებს უფრო მტკიცე და გამძლე ფსიქიკა აქვთ, ანუ, გარეშე ფაქტორებისადმი უფრო მდგრადი. მამაკაცი ბავშვობაში მიღებულ ნეგატიურ ინფორმაციას მთელი ცხოვრების განმავლობაში იმახსოვრებს, ქალის ტვინი კი ავტომატურად შლის ყველაფერ ნეგატიურს – ეს თვითგადარჩენის ინსტინქტი მუშაობს ასე.
– გამოდის, ქალები უფრო მაგარი ტიპები ყოფილან.
დევის გაეღიმა:
– ჰო, ასე გამოდის. მათზე დედაბუნებამ იზრუნა და, სრულიად სამართლიანადაც – ისინი ხომ შთამომავლობაზე არიან პასუხისმგებლები. ის ფსიქოლოგები, რომლებსაც ხშირი და ინტენსიური ურთიერთობა აქვთ სერიულ მკვლელებთან, ამტკიცებენ, რომ მათ უმრავლესობას მკაცრად სჯიდნენ ბავშვობაში, ან – ამცირებდნენ, არ გამოირიცხება სექსუალური ძალადობაც. ვიღაცას შეუძლია, საშინელი მოგონებები მეხსიერების სიღრმეში კარგად მიმალოს და ცხოვრებაში წინ იაროს; ზოგი კი, უბრალოდ, ურჩხულად გადაიქცევა, სასტიკ მონსტრად, რომელიც სპობს და ანადგურებს თანამოძმეებს.
მარიკამ ამოიოხრა:
– საშინელებაა...
– გეთანხმები, საშინელებაა, მაგრამ, ადამიანი ასეა მოწყობილი და ამ რეალობას ვერსად გაექცევი. სამწუხარო ის არის, რომ ასეთი მონსტრები ჩვენს ქართულ რეალობაშიც მომრავლდნენ. იმედია, ამას მიკერძოებაში არ ჩამითვლით, მაგრამ, რუსეთი წალეკა სერიული მკვლელების სიმრავლემ და ამას ჰქონდა კიდეც თავისი ლოგიკური ახსნა.
თემო არ ერთვებოდა საუბარში, ფანქრით რაღაცას წერდა ფურცელზე, მაგრამ, რომ უსმენდა, ამას მის შუბლზე გამობერილი ძარღვი მოწმობდა. მერე უცებ თავი ასწია და ხმადაბლა შეიგინა. დევიმ განაგრძო:
– მოკლას დედა, ანუ დაანგრიოს, მოსპოს ის ინსტინქტური კავშირი, რაც ბიოლოგიურად ყველაზე ახლობელ არსებასთან მათ უმრავლესობას არ შეუძლია. მაგრამ აგრესია და პროტესტი დამშვიდების საშუალებასაც არ აძლევს. ფსიქოლოგიურად ეს ურთულესი და უმძიმესი პროცესია და, ამიტომ, „პოულობენ” გამოსავალს: სიცოცხლეს უსპობენ ქალს, რომელიც მათ დედას აგონებს. არასრულფასოვნების კომპლექსი საშინელი რამეა...
– სექსუალური კომპლექსები? – ჰკითხა ვახომ, რომელიც ძალიან დააინტერესა სერიული მკვლელების თემამ.
– ეგ არასრულფასოვნების კომპლექსს ახლავს თან. მკვლელობის მომენტში სექსუალური აგზნება მკვლელს იმ სიამოვნებას განაცდევინებს, რომელსაც რეალობაში ვერ აღწევს.
– გეყოფა, ლექციის წაკითხვა სხვაგან და სხვა სიტუაციაში შეგიძლია. ჩვენი მკვლელი მამაკაცებს ხოცავს. ამიტომ, შენი თეორიები დედის მკვლელობის იმიტაციასთან დაკავშირებით, არაფერში გამოგვადგება.
– რატომ არ გამოგვადგება, თუკი დედის ნაცვლად მამას წარმოვიდგენთ? – მხრები აიჩეჩა დევიმ და თემოს მიაშტერდა.
– იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ... – ყურადღება დაძაბა თემომ.
– არ ვიცი, არ ვიცი... ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასაზუსტებელი. მარიკას იმედი მაქვს, – დევიმ მარიკას შეხედა.
– ჩემი? – განცვიფრდა მარიკა და, რატომღაც, გაწითლდა.
– ჰო, შენი კავშირების. ძალიან საინტერესო და საჭირო მეგობრები გყავს და კიდევ უფრო უნდა დაუახლოვდე – ეს ძალიან გვჭირდება.
– ჩემს მეზობელს გულისხმობ?
– სწორედ მას და მის მეგობარს თუ „დაქალს,” სულერთია. კაბა აცვიათ, თუ, ჯერჯერობით, ისევ შარვალი?
– ბატონო დევი, თქვენ იცით, რომ ორივე ძალიან კარგად იცნობდა მოკლული სერგი ბერაძის საცოლეს, ელჩის ქალიშვილს, ნეილის?
დევიმ მრავალმნიშვნელოვნად გადააქნია თავი:
– ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. რატომ არ მითხარი?
– იმიტომ, რომ ახლა უკვე აღარ აქვს ამას მნიშვნელობა.
– მნიშვნელობა როგორ არა აქვს?
– ჰმ, ეგ შენ ფიქრობ ასე, ახვლედიანს კი ამ საკითხზე განსხვავებული აზრი აქვს და, აბა, სცადე, გადაარწმუნო.
– ახვლედიანს სულაც ნურაფერს ვეტყვით, – თქვა მარიკამ. დევიმ და თემომ განცვიფრებით შეხედეს გოგოს.
– აი, მესმის, – პირველად დევი გამოერკვა, – უყურე, რა მალე მოერგო აქაურობას და ალღოც რა სწრაფად აუღო?!
– ჰო, აშკარად აზროვნებს, – უხალისოდ დაეთანხმა თემო.
– მოიცა, ახვლედიანს რა არ უნდა ვუთხრათ? – საერთოდ ვერაფერს მიხვდა ვახო.
– შენ შეგიძლია, დამშვიდდე, – გაუღიმა დევიმ პასუხად, – ეს შენ ყველაზე ნაკლებად გეხება. მარტო ის მითხარი, ჩვენთან ხარ თუ არა?
– რა თქმა უნდა, თქვენთან ვარ. ამას რატომ მეკითხები? – ხელები გაშალა ვახომ.
– მაშინ, გაჩუმდი. უბრალოდ, მოგვისმინე და მერე, რასაც თემო გეტყვის, ის გააკეთე.
– დევი, მართალია ვახო, არ გამოვა, ეს ამბავი. არაფერი გამოგვივა.
– ვითომ, რატომ? ამისთანები გამოგვსვლია? მართალია, ახლა სხვა დროა, მაგრამ... – დევიმ თვალი ჩაუკრა, – მაგრები ვართ. თან, რაც ყველაზე მაგარია, ეს ყველას გვინდა.
თემომ თავი გააქნია:
– რისკზე ვერ წავალთ, ამხელა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ ავიღებ, ეგრევე გავიშიფრებით, – უარზე დადგა თემო.
– რანაირად? დევი ჯიუტად ცდილობდა თემოს წინააღმდეგობის გატეხას, – ჩვენ გუშინდელი მკვლელობის საქმეს მივხედოთ და ბერაძეზეც ვიმუშაოთ ჩვენებურად. ხომ ხვდები?
– არა-მეთქი, დევი. ბერაძით ნახევარი დიპლომატიური კორპუსია დაინტერესებული. მის მკვლელს მალე გაასამართლებენ და მიუსჯიან კიდეც.
– ესე იგი, თემო პაპავას შეშინებაც შესაძლებელი ყოფილა, – ჩაილაპარაკა დევიმ და ადგა, – მე წავედი ჩემს გვამებთან.
მარტოდ დარჩენილმა თემომ დიდხანს ათვალიერა გეომეტრიული ფიგურებით აჭრელებული ფურცელი. საკუთარ თავში ებრძოდა რაღაცას, თავის მეორე „მესთან” ჰქონდა კონფლიქტი. მერე ტელეფონის ყურმილს დასწვდა და სადღაც დარეკა.
დევიმ კიბის ბაქანზე შეაჩერა მარიკა, მკლავში მოკიდა ხელი, თავისკენ მოქაჩა და ყურში ჩასჩურჩულა:
– ხომ გინდა, მე და შენ ერთად ვიმუშაოთ?
– როგორ არ მინდა, – სახე გაუბრწყინდა მარიკას, – ძალიან მინდა! მე თქვენ ძალიან მომწონხართ.
– რა თქმა უნდა, მე ყველას მოვწონვარ. – „შეიფერა” მაჩაბელმა, – ისეთი განუმეორებელი შარმი მაქვს, მაგრამ, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ...
– გისმენთ, ბატონო დევი.
– ჯერ ერთი, ბატონო დევი არა, უბრალოდ – დევი და, მეორეც, მეც ძალიან მომწონხარ. თემოსაც მოსწონხარ, დამიჯერე. მე მისი მშურს, ხუთი წელია, ერთ წესიერ თანაშემწეს ვერ ვეღირსე, მაგას კი ასე გაუმართლა. არავის არ უნდა სასამართლო ექსპერტიზაში მუშაობა, ყველას ცოცხლებთან ურჩევნია ურთიერთობა. იმდენი არ ესმით, რომ მკვდარს ვეღარ მოკლავ, ის უკვე მკვდარია. აი, ცოცხალ პაციენტთან კი შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს.
– მამაჩემი არ დაგეთანხმებოდათ, – ყოყმანით თქვა მარიკამ.
– ჰო, რა თქმა უნდა, მე ვხუმრობ. შეცდომის დაშვების უფლება არც ჩვენ გვაქვს. თუმცა, გვამთან მუშაობა მაინც უფრო მოსახერხებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩუმად არის.
მარიკას გაეცინა და გულზე მოეშვა:
– კარგია თქვენთან საუბარი, სულ ხუმრობთ.
– ზოგიერთს ამის გამო ჭკუამხიარულიც ვგონივარ, მაგრამ, მათაც ვჭირდები, – დევიმ თითები გაატკაცუნა, – ახლა რას აპირებ?
მარიკამ მხრები აიჩეჩა:
– სიმართლე რომ გითხრათ, არც კი ვიცი. ბატონი თემოსგან ვერაფერი გავიგე. დავალებაც არ მოუცია. საერთოდ ვერ მივხვდი, რას აპირებს.
– ოო, მან ჯერ უნდა მოიფიქროს, შეიძლება, ერთ საათში დაგვირეკოს და უკან მიგვაბრუნოს. ამიტომ, მე გთავაზობ, დევიძე ვნახოთ და რაღაც-რაღაცეები გავარკვიოთ.
მარიკამ თავი დაუქნია. ნოდარ დევიძე თავის კაბინეტში დაუხვდათ. ჩართული ტელევიზორის წინ იჯდა და ყავას სვამდა.
– ოჰო, მოგიცლია, ბატონო ნოდარ, – დევიმ მარიკას სავარძელი მიუჩოჩა და თვითონ დევიძეს მიუჯდა გვერდით.
– იმის დრო არ მაქვს, რომ ბუფეტში ჩავიდე და რამე შევჭამო. ეს ერთი ჭიქა ყავა მაინც შემარგე, – უკმაყოფილოდ დაიღრიჯა დევიძე.
– რაღაც, არ გეტყობა, მარტო ყავაზე იყო მთელი დილა, – გაიცინა დევიმ, – საეჭვოდ გიღაჟღაჟებს ლოყები.
– მაჩაბელო, რა გინდა? ვინმემ დაგავალა ჩემი დღიური მენიუს შესწავლა თუ აუცილებლად ლანდი უნდა გამდიოდეს, საქმიანი კაცის იერი რომ მქონდეს?
– სამართლიანი შენიშვნაა, მიღებულია. საქმე გვაქვს შენთან.
– საქმე? – ნოდარმა მარიკას შეხედა, – რა საქმე?
– უნდა დაგელაპარაკოთ.
– ორივე ერთად თუ ცალ-ცალკე?
– მორჩი. რაღაცის გარკვევა მინდა და მაინტერესებს, ჩვენთან ხარ, თუ არა?
დევიძეს სახეზე გაოცება გამოესახა:
– რას მეკითხები, ვერაფერი გავიგე.
– ჩვენთან ხარ თუ არა-მეთქი, რა ვერ გაიგე?
– რადგან ჯერჯერობით ამ ოთახში მხედავ, ესე იგი, ვარ, მაგრამ, მაინც ვერ ვხვდები, ამით რისი თქმა გინდა.
– იმის, რომ ახვლედიანი ყოველთვის იმ კაბინეტში ვერ იჯდება. „ახვლედიანები” მოდიან და მიდიან. ჩვენ ვრჩებით. ამიტომ, ერთად უნდა ვიყოთ.
– რა გინდა, მაჩაბელო? პირდაპირ მითხარი, – ამოიხვნეშა დევიძემ.
– კარგი, პირდაპირ გეტყვი: გუშინდელი ამბავი გეცოდინება.
– ჰო, ყური მოვკარი.
– მარტო ყური? – დასცინა დევიმ, – ნოდარჩიკ, წეღან რაც გითხარი, იფიქრე მაგაზე. ეს ჩემი მეგობრული რჩევაა. კოლეგები ვართ, რაც არ უნდა იყოს.
– რა გინდა, დევი, აღარ იტყვი? დავიტანჯე კაცი.
– ჰოდა, უფრო მეტად რომ არ დაიტანჯო, ჩვენ გვერდით უნდა იყო. უნდა ვიცოდეთ, რას აკეთებ, რა ხდება, რა ახალი დეტალები გამოჩნდა მკვლელობის საქმეში.
– აი, თურმე რა გინდა! ახვლედიანს არ უთქვამს ჩემთვის, რომ საქმეზე კოლექტიურად ვიმუშავებდით. მასთან ანგარიშვალდებული მე ვარ, და არა თქვენ.
– ახვლედიანზე, მგონი, უკვე ვილაპარაკეთ, – შეიჭმუხნა დევი, – მშვენივრად ხვდები, რასაც ვგულისხმობ. ბერაძის საქმე კი დაიხურა, მაგრამ, არავის აქვს იმის გარანტია, რომ ეს ამბავი ისევ არ შეგვახსენებს თავს. მით უმეტეს, რომ საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის. შენც იცი, რა მოხდა და როგორ.
– ეს მე არ მეხება, არ არის ჩემი საქმე.
– შენც გეხება და შენი საქმეც არის. თუ ეს სამი მკვლელობა ერთმანეთთან კავშირშია და ჩვენ ამის დამტკიცებას შევძლებთ, მაშინ ახვლედიანი იძულებული გახდება, უკან დაიხიოს.
– მაჩაბელი, გამიჩალიჩებ რაღაცას. ძალიან გინდა, სამსახურიდან გამაგდონ? – ამოიოხრა ნოდარმა, – კარგი რა, რას მერჩი?! შენ რა გენაღვლება, შეიკეტები შენს პროზექტურაში და ხელს ვერავინ გახლებს, მთელი ქარიშხალი კი ჩვენ დაგვატყდება ხოლმე თავზე.
– ვის „ჩვენ”? – გამოაჯავრა დევიმ, – შენ რა, ახვლედიანის გეშინია?
– არავისიც არ მეშინია, საიდან მოიტანე, – წამოჭარხლდა დევიძე, – მაგრამ, შენი და პაპავას ახირებების გამო, სამსახურიდან წასვლა არ მინდა.
– ბიჭო, მომისმინე. მე ხომ არ გეუბნები, აუცილებლად ახვლედიანმა უნდა იცოდეს ჩვენი შეთანხმების შესახებ-მეთქი. პირიქით, ეს ყველაფერი მაქსიმალურად ჩუმად და კონსპირაციულად უნდა გავაკეთოთ.
დევიძემ თავზე იტაცა ხელები:
– გიჟები ხართ შენც და პაპავაც, ნამდვილი გიჟები!
– მერე, ეს ცუდია? პირიქით, ცოტა სიგიჟე აუცილებელიც კია. სამაგიეროდ, თუ ყველაფერი გამოგვივიდა, ქვეყანა ჩვენზე დაიწყებს ლაპარაკს. უფრო შენზე, თორემ, მე მართლაც რა, ექსპერტისთვის ჯერ მადლობა არავის უთქვამს.
– თავს იზღვევ, ხომ?
– ვაა, მე იმას გიხსნი, რომ არანაირად არ დაზარალდები-მეთქი. მე, შენ და მარიკას გვეცოდინება და მორჩა. არაფერს არ ვითხოვთ შენგან ისეთს, რისი გაკეთებაც შეუძლებელია ან რამე რისკს შეიცავს. უბრალოდ, საქმის კურსში ჩაგვაყენე.
– პაპავა გამოგრჩა.
– მოიცა, პაპავა რა შუაშია? პაპავაც ჩვენს ნავში ზის. რა, საწინააღმდეგო გაქვს რამე?
– მე? პრინციპში, ვიფიქრებ მაგაზე.
დევიმ გაიღიმა:
– ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ოღონდ, ძალიანაც ნუ დააგვიანებ. ხვალ შეგეხმიანები და შევიკრიბოთ.
დევიძემ საყვედურით გადააქნია თავი:
– შარს გადამკიდებთ, ვიცი მე.
– შარს არა, დიდების კვარცხლბეკზე კი ნამდვილად აღმოჩნდები.
– გამოუსწორებელი ხარ, მაჩაბელო, ფორმალინი აშკარად ძალიან ცუდად მოქმედებს შენზე.
– რა ვქნა, ასეთი ვარ და ახლა ჩემი შეცვლა დაგვიანებულია, – გაიცინა დევიმ და ნოდარს მხარზე მოუტყაპუნა ხელი.
შენობიდან გამოსულმა დევიმ მარიკას შესთავაზა, სახლში მე წაგიყვანო.
– გმადლობ, მაგრამ სახლში არ მივდივარ, მამაჩემს უნდა შევუარო კლინიკაში.
– კლინიკამდე მიგიყვან და მეც პროზექტურაში უნდა მივბრუნდე ანალიზის პასუხებს ველოდები. თან, მაინც ვერ დავიძინებ – 4 საათზე აეროპორტში უნდა ვიყო, ჩემი ცოლი მოფრინავს შვეიცარიიდან. სახლში მიბრუნებას აზრი არ აქვს.
მარიკამ პასუხად გაუღიმა და მანქანაში ჩაჯდა.
***
...ელჩმა საქაღალდე დაკეცა, უჯრაში ჩადო და ჩაკეტა. მერე ბრაზით გადახედა სავარძელში ნებივრად გაშხლართულ ქალიშვილს, უდარდელი სახით, ნელა რომ წრუპავდა ვისკის. კაცს ნერვებმა უმტყუნა:
– ბილეთი აგიღე. ძალიან ნუ გამოთვრები, თვითმფრინავში ცუდად არ გახდე! დედაშენს უკვე ველაპარაკე და დაგხვდება.
ქალმა ზანტად გაახილა მოჭუტული თვალები:
– სულ ტყუილად. არსად არ ვაპირებ წასვლას.
– ეგ რას ნიშნავს? – ელჩმა ფერი დაკარგა – შენ გეკითხები!
– არ მივდივარ-მეთქი, სხვას რას უნდა ნიშნავდეს?
– წახვალ! მე პირობა შევასრულე და ახლა შენი ჯერია. უნდა ხვდებოდე, რომ აქ ვეღარ დარჩები. ეს სახიფათოა, ძალიან სახიფათო.
– ვისთვის? შენთვის თუ ჩემთვის? – დამცინავად ჰკითხა შვილმა.
– ორივესთვის. პატარა არ ხარ, რომ არ გესმოდეს. რაღა გინდა, მკვლელი ხომ დააპატიმრეს? მალე გაასამართლებენ და მიუსჯიან.
– მე ეგ ფეხებზე მკიდია, – ქალმა ხმაურით მოხვრიპა ჭიქაში ჩარჩენილი სითხე და ხელი ბოთლს წაატანა. მამამ დაასწრო, მაჯაში ხელი სტაცა და ბოთლი ძალით გამოჰგლიჯა.
– გეყოფა, ხომ ხედავ, რომ ვეღარ აზროვნებ!
– ძალიან კარგად ვაზროვნებ, – ისტერიკულად იწივლა შვილმა, – უფლება არ გაქვს, წასვლა მაიძულო, ამას ვერ გამაკეთებინებ. სულერთია, მაინც ჩამოვალ!
– ვეღარ ჩამოხვალ. ანგარიშებს გაგიყინავ და ფული აღარ გექნება. ხომ იცი, რომ არ გამიჭირდება?
ნეილიმ გადაიხარხარა:
– და, შენ ფიქრობ, რომ ამით ხელს შემიშლი? შენც უნდა იცოდე, რომ ფულის შოვნა არ გამიჭირდება, – ქალმა ისედაც მოკლე კაბის კალთა ბოლომდე წამოიწია და ჯიშიანი ბარძაყები გამოაჩინა.
– ნეილი, შენ არ გესმის, ან არ გინდა, გაიგო, რა დღეში მაგდებ, როცა ჩემს პროვოცირებას ცდილობ. ამით იმას მიაღწევ, რომ ჩემს კარიერას გაანადგურებ. თან, ისე გაანადგურებ, რომ თავი გამიხდება მოსაკლავი! რა გინდა, მითხარი, რა გინდა?
– არაფერი. ვერ ვხვდები, რატომ მიშორებ თავიდან.
– იმიტომ, რომ სკანდალს ვერიდები.
– არავითარი სკანდალი არ იქნება. უბრალოდ, მინდა, აქ ვიყო და იმ ძუკნას თვალებში ჩავხედო.
– ღმერთო, სწორედ ამისი მეშინია, სწორედ ეს იქნება ყველაზე დიდი სკანდალი! შენ სასამართლოზე არ უნდა მიხვიდე, ამას არ დავუშვებ. ხვდები მაინც, იქ რა მოხდება? ისედაც ყოველ ნაბიჯზე არიან ჩასაფრებულები ჟურნალისტები და ჩემი მტრები.
– მამა, მე საყვარელი ადამიანი მომიკლეს. შენ რატომ არ გესმის ჩემი? მითხარი, რატომ არ გესმის?
– მესმის და ამიტომაც გავაკეთე ყველაფერი, რომ დანაშაული დროზე გახსნილიყო. ის, რაც მე ჩავიდინე, სცილდება ჩემი კომპეტენციის ფარგლებს. მე ეს უკვე ძალიან მაწუხებს და, არავინ იცის, ამ ამბავმა რომ გაჟონოს, როგორ იქნება ჩემი საქმე.
– რა თქმა უნდა, ისევ კარიერა, ისევ პირადული... ოდესმე იქნები ჩემი მამა?
– არა ვარ შენი მამა? ამას როგორ მეუბნები? ამდენი ხალხი შევაწუხე შენ გამო და მაინც არ ხარ კმაყოფილი. მოემზადე, გამთენიისას გაემგზავრები, ჩემს გადაწყვეტილებას არ შევცვლი. თუ საჭირო გახდება, ძალით გაგამგზავრებ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ქვეყანაში არ შემოგიშვან, ყველაფერს!
– ბოთლი მომეცი.
– არა.
– მამა, მომეცი ბოთლი, ძალიან გთხოვ. ნუ მაიძულებ, ის გავაკეთო, რისი გაკეთებაც არ მინდა.
– შანტაჟს მოეშვი და ცოტა გონება მოიკრიბე, შენთვის ასე აჯობებს! თუ სიმართლე გაინტერესებს, მე არც შენი არჩევნით ვიყავი აღფრთოვანებული.
– ვიცი, მაგრამ, ფეხებზე მკიდია შენი აზრი სერგისთან დაკავშირებით.
– ჰო, შენ მეც ფეხებზე გკიდივარ, ნეილი. ნუ მაიძულებ, ჩაგკეტო.
– ჩამკეტე, ჩამკეტე, თუ შეძლებ. ვნახოთ, რას მიაღწევ ამით.
– გამაგებინე, რა გინდა, ჩემი დაღუპვა?
– არა. სასამართლოზე გასვლა და იმ ქალის ნახვა.
– შეუძლებელია, ამის უფლებას ვერ მოგცემ.
– მაშინ, მოახერხე ისე, რომ სასამართლომდე ვნახო.
– გაგიჟდი? ესეც შეუძლებელია! ამის უფლებას ვინ მომცემს?
– მოგცემენ. შენ ეს არ გაგიჭირდება, ტყუილად ისაწყლებ თავს.
– ნეილი...
– შემახვედრე იმ ქალს და, გპირდები, მართლა წავალ და არანაირ პრობლემას არ შეგიქმნი. ხომ მიცნობ? აუცილებლად შევასრულებ პირობას, – ნეილი ბარბაცით გავიდა ოთახიდან.
***
საოპერაციო ბლოკიდან გამოსული ზურაბი სავარძელში თვლემდა, როცა მასთან მარიკა შევიდა, ჩუმად მიუჯდა გვერდით და ფრთხილად მიეხუტა მხარზე. ზურაბმა თვალები გაახილა.
– მითხარი, ძალიან დაღლილი და განადგურებული გარეგნობა მაქვს, არა? დიდი ხანია, მოხვედი?
– არა, ეს წუთია, შემოვედი. წამოდი სახლში. მეც დაღლილი ვარ. რამე კარგი ფილმი გადმოვწეროთ ინტერნეტიდან და ვუყუროთ.
– ვერა, საყვარელო, ვერ წამოვალ. ძალიან მძიმე ოპერაცია გავაკეთე და ამაღამ აქ მომიწევს დარჩენა, პაციენტს ვერ დავტოვებ.
– არ გეკითხები, რა ოპერაციაა. არ მინდა, „დავიგრუზო”. ისედაც ძალიან დავიღალე.
– უცნაურია, მაგას რომ ამბობ. გვამებით და მოკლულებით არ „იგრუზები”?
– მე იმით „ვიგრუზები”, როცა კითხვებზე პასუხებს ვერ ვპოულობ. შენი დახმარება მჭირდება.
– ხვალამდე მოიცადე, საყვარელო, ხვალ ვილაპარაკოთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში