კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაუსწორდა ქალი კერძო დეტექტივს, რომელმაც მისი დაყაჩაღება განიზრახა

სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ბრალდებულ 38 წლის ნიკო კოხორაშვილს სასამართლომ თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიუსაჯა – ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე ჩადენილი დანაშაული აღიარა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინება მოითხოვა, მაგრამ ბრალდებულის მხარის ეს მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა – ნიკო კოხორაშვილს ქურდობის, მკვლელობის მცდელობისა და ჩადენილი აფერისთვის გისოსებს მიღმა ყოფნა სასამართლოს მკაცრი ვერდიქტით მოუწევს.

ნიკო კოხორაშვილი წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი. პირველად საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში გაასამართლეს – 19 წლის ნიკომ საკუთარი ბებიის სახლის სარდაფი გაქურდა, ოჯახმა კი ამის შესახებ პოლიციაში განაცხადა. დამნაშავის ძებნაში სამართალდამცველებმა ნიკო კოხორაშვილს მიაგნეს. ბებიამ მისი დაცვა ვეღარ შეძლო და ქურდმა შვილიშვილმა ორი წელი ციხეში გაატარა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ის რამდენიმე თვეში ისევ აღმოჩნდა გისოსებს მიღმა – ამჯერად, გაუპატიურების მცდელობისთვის მოიხადა სასჯელი. თუმცა, ერთი შეხედვით მეორე სასჯელის შემდეგ მან ცხოვრების წესი შეიცვალა – დაოჯახდა და მუშაობა დაიწყო, მაგრამ, არც ამჯერად გაუმართლა.

კერძო დეტექტივის ამპლუაში

რამდენიმე წლის წინ ნიკო კოხორაშვილმა კერძო დეტექტივის სამსახური დააარსა. ვინაიდან ფირმის ლიცენზირება ვერ შეძლო, ძირითადად, არალეგალურად უწევდა მუშაობა. მისი კლიენტები უმეტესად ქალბატონები იყვნენ, რომლებიც ნიკოს სახლში გახსნილ ოფისში მეგობარ-ნაცნობების დახმარებით ხვდებოდნენ. ნიკო რისი ნიკო იყო, წარსულის გამოცდილება რომ არ გაეთვალისწინებინა და, შედეგად, იმ ქალბატონების უმეტესობა, ვინც მასთან დახმარების სათხოვნელად იყო მისული, „დეტექტივის“ აფერის ბადეში გაებნენ. სამართალდამცველებისთვის ნიკო კოხორაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებიდან მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი იყო ცნობილი, მაგრამ, მოხერხებული თაღლითის გამოსვლამ სასამართლო პროცესზე, რომლის მიხედვითაც, თავის საბედისწერო შეცდომა კლიენტის დაღაჩაღება მიაჩნია, ცხადი გახადა, რომ მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ნუსხა უფრო მრავალფეროვანია. თემის დელიკატურობის გამო და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, „კერძო დეტექტივის” მიერ დაზარალებულმა ქალებმა თავად ითხოვეს საკუთარი ანონიმურობის დაცვა.

ნიკო კოხორაშვილს კერძო დეტექტივის სამსახურთან იმდენივე საერთო ჰქონდა, რამდენიც ჩინეთის სახელმწიფო ბიუჯეტთან. ამის შესახებ მან თავად აღიარა სამართალდამცველებთან: „ეს ფირმა მეგობრის რჩევით გავხსენი – მან მითხრა, ფულს ისე იშოვი, პრობლემა არ შეგექმნებაო. ჩემთან ისეთი ქალები მოდიოდნენ, ჩემი პატარა ოფისი, ფოტოაპარატი და ერთი სათამაშო პისტოლეტიც საკმარისი იყო იმისთვის, რომ დაეჯერებინათ, თითქოს მართლა კერძო დეტექტივი ვიყავი – ლიცენზიას ისინი არ მთხოვდნენ და არაფერი, პირიქით, ორმაგ თანხებს მთავაზობდნენ იმისთვის, რომ მათი ვინაობა ანონიმური ყოფილიყო და ოჯახები არ დანგრეოდათ. ზოგიერთი საყვარელს დასდევდა, ზოგი – ქმარს. ბოლო პერიოდში ამ საქმემ ისე გამიტაცა, ტექნოლოგიებიც დავხვეწე: ვიყიდე აპარატი, რომელიც, უბრალოდ, ჩამწერი იყო, თუმცა, არ მიჭირდა ჩემი კლიენტების დარწმუნება, რომ მისი მეშვეობით იმისი დადგენაც იოლად შემეძლო, რას აკეთებდნენ მათი მამაკაცები ჩაკეტილ სივრცეში, სადაც შეღწევა არ შემეძლო. ძალიან მხიარული სამსახური მქონდა – ფულსაც ვშოულობდი და ქალებსაც ვეკურკურებოდი, ძირითადად ისეთ ქალებს, რომლებსაც საკუთარი ვინაობის გამხელას სიკვდილი ერჩიათ. ბოლოს უკვე ისე შევედი აზარტში, კლიენტებს მე თვითონ ვარჩევდი. ეკონომიკური კრიზისის მერე ჩემმა შემოსავლებმა იკლო – ერთხანს სამუშაო საერთოდ გაჩერდა, ამიტომ, ბაქოში ვაპირებდი გადასვლას, მაგრამ, ერთი ორი საქმე ჩამივარდა, კარგად მიხდიდნენ და შევყოვნდი. ეს რომ არა, ახლა ბაქოში გავფცქვნიდი აზერბაიჯანელ ქალებს – ეს საქმე იქ ორჯერ ძვირიაო გავიგე.“

„კერკეტი კაკალი”

დაკავებამდე ექვსი თვით ადრე, ნიკო კოხორაშვილს პატარა ოფისში ახალგაზრდა ქალბატონი მიადგა. ეთერ კ-ძემ „კერძო დეტექტივს“ მეუღლის საქმიანობისა და პირადი კონტაქტების გამოკვლევა სთხოვა, ნიკო მიხვდა, რომ საქმე შეძლებულ ქალთან ჰქონდა და საფასური აუწია, ორი თვის ვადა ითხოვა და მისი მეუღლის ფოტოებით დადასტურებული კავშირების აღმოჩენას დაჰპირდა. ეთერ კ-ძე სხვა კლიენტებს არ ჰგავდა – ის ნიკოსთვის კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. თავიდან კერძო დეტექტივმა და მისმა კლიენტმა ურთიერთობა კარგად ააწყვეს და ერთ თვეში ნიკომ ქალს ქმრის სასიყვარულო ისტორიის დამადასტურებელი მტიცებულებებიც კი გადასცა – სასტუმროს კართან გადაღებული ინტიმური ფოტოები, მაგრამ ეს ქალისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, მან ნიკოსთან საქმიანი გარიგება არ ჩაშალა და თანამშრომლობა განაგრძო. ნიკომ ქალის ნდობა მოიპოვა, მაგრამ, მეტი ინფორმაციის მოპოვებას ვერ ახერხებდა, ქალი კი დაჟინებით მოითხოვდა, რომ კერძო დეტექტივს მისი ყველა მოთხოვნა შეესრულებინა. ნიკომ კარგად იცოდა, კლიენტის ფინანსური მდგომარეობა და მადაგახსნილმა, ქალის გაქურდვა გადაწყვიტა. თაღლითმა ეთერ კ-ძის სახლი პირწმინდად მაშინ გაქურდა, როცა კლიენტისგან იცოდა, რომ ცოლ-ქმარი ორი დღე-ღამით ბათუმში წავიდა.

ამონაწერი ეთერ კ-ძის ჩვენებიდან: „ნიკო კოხორაშვილთან მეგობარმა დამაკავშირა. ჩემი ქმრის თვალთვალი მინდოდა, მალე მივხვდი, რომ ნიკო კოხორაშვილი საკმაოდ ბევრ ფულს მძალავდა, რეალურად კი იმ ინფორმაციის მოპოვება ვერ შეეძლო, რაც მე ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ამიტომ, ფულის უკან დაბრუნება მოვთხოვე, მაგრამ, დამაშანტაჟა: იცოდე, შენს ქმარს გავაგებინებ ყველაფერსო, იძულებული ვიყავი, გავჩუმებულიყავი – სხვა გზა არ მქონდა. ერთ დღეს მე და ჩემი მეუღლე ბათუმში წავედით საქმეებზე. როცა თბილისში დავბრუნდით, სახლი გაქურდული დაგვხვდა. ბინიდან წაღებული იყო ფული – 1 500 ლარი და ჩემი ძვირფასეულობა. ჩემმა ქმარმა პოლიცია გამოიძახა, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და გამოძიებაც დაიწყეს, მაგრამ კვალს ვერ მიაგნეს. სახლის კარი კოდით იყო გახსნილი, ამ კოდის შესახებ კი მხოლოდ მე და მეუღლემ ვიცოდით, თუმცა, იყო კიდევ ერთი ადამიანი – ნიკო კოხორაშვილი, რომელსაც კოდი მხოლოდ იმიტომ გავანდე, რომ ჩვენს ბინაში ჩუმად შემოეღწია და, როგორც თვითონ მითხრა, სახლში დაეყენებინა მოწყობილობა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ჩაიწერდა ყველაფერს. მე ხშირად მიწევდა საქმეებზე ბათუმში სიარული და, სულ მქონდა ეჭვი, რომ მეუღლეს სახლში საყვარელი მოჰყავდა. ნიკომ ვერ მოახერხა ამ მოწყობილობის დამონტაჟება, სამაგიეროდ, მე დავაყენე ბინის შესასვლელში ვიდეოკამერა, რომლის შესახებ ჩემმა მეუღლემ არაფერი იცოდა. კამერის „თვალი“ ღია კარადის საკიდებს შორის იყო დამალული. ბათუმში წასვლის წინ ვიდეოთვალი ჩართული დამრჩა, რომელმაც კარგად გადაიღო, როგორ შემოაღწია ჩვენს ბინაში ნიკომ, თუმცა, იმის ინსცენირებაც გაითამაშა, ვითომ ბინაში აივნიდან შემოვიდა – სახლში შემოღწევის შემდეგ მას აივნის კარი გაეტეხა. ჩვენს ბინაში კამერის არსებობის შესახებ ვერც მეუღლეს ვეტყოდი და ვერც პოლიციას – ამით საბოლოოდ დავიღუპავდი თავს. ქურდობის მეორე დღეს ნიკოსთან მივედი და ვუთხარი, რომ თუ არ დააბრუნებდა ფულსა და ძვირფასეულობას, პოლიციაში თავად განვაცხადებდი, მაგრამ ნიკომ იცოდა, რომ მე ამას ვერ გავაკეთებდი და მშვიდად მითხრა, მე თუ დავიღუპები, შენც თან ჩაგიყოლებო. სიტუაციის გართულებას გაჩუმება ვარჩიე, მაგრამ ნიკოს მაინც დავდევდი, რომ ჩემი ფული და ნივთები უკან დამებრუნებინა.“

საბედისწერო „ტრიუკი”

ეთერ კ-ძის წარმატებული გაქურდვით გათამამებულმა ნიკომ მორიგ მსხვერპლად ასაკოვანი ქალბატონი შეარჩია, რომელიც მისი დიდი ხნის ნაცნობი და ძველი კლიენტი იყო. ეს ქალბატონი ნიკოს ფულს საქმიანი პარტნიორების თვალთვალში უხდიდა. მაგრამ ნიკომ მას დაუწყო ფარული დევნა. ერთ დღეს ობიექტს სახლამდე მიჰყვა და მისი დაყაჩაღება განიზრახა. ელენე ჭ-შვილი ბინაში მარტო ცხოვრობდა. ნიკო მის ბინაში მაშინ მივიდა, როცა ქალბატონთან რაიონიდან სტუმრად ჩამოსული ახალგაზრდა ნათესავი ათევდა ღამეს.

ამონაწერი ელენე ჭ-შვილის ჩვენებიდან: „სახლში გვიან ღამით დავბრუნდი. ლიფტიდან რომ გამოვედი, სინათლე არ ენთო. გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, რომ ვიღაცამ პირზე ხელი ამაფარა, ყელზე დანა დამადო და ყურში ჩამჩურჩულა: კარი ისე გახსენი, ხმა არ ამოიღოო. ძალიან შემეშინდა და დავემორჩილე. სახლში შევედით თუ არა, თავში ძლიერ ჩამარტყა და ძირს დავვარდი. სახეზე ნიღაბაფარებულმა მამაკაცმა მითხრა, ფული და ძვირფასეულობა მომეციო. მაშინვე დავთანხმდი. ოთახისკენ ძალით წამათრია. ბინაში ჩემი ნათესავი ბიჭი იყო – რაიონიდან ჩამოვიდა საქმეებზე და ორი დღით ჩემთან დარჩა. ხმაურზე გაეღვიძა და ოთახიდან გამოვიდა. როცა დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ის დაინახა, დანა, რომელიც ხელში ეჭირა, ბიჭს გულში ორჯერ დაარტყა. მე ცოტა გონს მოვედი, რკინის პატარა სტატუეტი ავიღე და ყაჩაღს თავში ჩავარტყი. დავინახე, როგორ წამოუვიდა თავიდან სისხლი, სისხლში ცურავდა ჩემი ნათესავი ბიჭიც. სანამ მას მივვარდი, ყაჩაღმა თავს უშველა და გაიქცა, სასწრაფო გამოვიძახე, პოლიციაც მოვიდა”.

სამართლადამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს. ელენე ჭ-შვილის ჩვენება გადამწყვეტი აღმოჩნდა, დაზარალებულმა დანაშაულში ეჭვმიტანილ პიროვნებაში ნიკო კოხორაშვილი ამოიცნო – მას სახის ნიღბით დაფარვამ არ უშველა. თავგატეხილი ნიკო კოხორაშვილი საკუთარ ოფისში ახალი კრიმინალური ისტორიის სიუჟეტზე ფიქრობდა და მორიგ მსხვერპლს არჩევდა, როცა სამართალდამცველებმა დააკავეს. თავიდან იგი უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს, თუმცა, მოგვიანებით ყველაფერი აღიარა – თაღლითობაც, ქურდობაც, ყაჩაღობაც და ის ეპიზოდებიც, რომლებიც, გარკვეული მიზეზების გამო, თავად დაზარალებულებისგან იყო გასაიდუმლოებული.


скачать dle 11.3