როგორ მოუწყვეს „რახიტას“ მილიციის მაიორმა და მისმა აგენტმა ქურდმა „შიკომ“ ქურდული „ობშიაკის“ განიავების ინსცენირება
თვითმკვლელობა
ავლაბარში მდებარე ერთ-ერთ ქურდულ კონსპირაციულ ბინაში ათი ქურდი იყო შეკრებილი და თავიანთ კოლეგას „შიკოს“ ელოდებოდნენ. ქურდებს „სხოდკა“ ჰქონდათ, რომელზეც ერთ-ერთი ქურდის, „რახიტას“, საქმე უნდა გაერჩიათ. მას ქურდული სალაროს გაფლანგვაში ადანაშაულებდნენ, რადგან მისთვის მიბარებული 90 ათასი მანეთიდან 35 ათასი გაქრა. რახიტა ამ ფაქტს ვერ ხსნიდა, თუმცა ფულის დახარჯვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა. „სხოდკაზე“ მთავარი ბრალმდებელი შიკო იყო და როდესაც ის მოვიდა, გარჩევაც დაიწყო, რომელიც სამ საათს გაგრძელდა და რახიტას გამტყუნებით დასრულდა.
– არაქურდი ხარ! – უთხრა შიკომ რახიტას, რაც დანარჩენმა ქურდებმაც გაიმეორეს და ყოფილი სახელოვანი ქურდი, რომელიც ქურდულ სამყაროს აზანზარებდა, წამში გააცამტვერეს.
– ახლა აქედან აახვიე და გახსოვდეს, რომ ქურდების ვალი გაქვს. იჩალიჩე და თანდათან გადაიხადე, თუ არ გინდა, რომ პეტუხებში ამოჰყო თავი, – უთხრა რახიტას „ფიშკამ“ და დაამატა, – გენდობოდით, შე ტრაკო და შენ კიდევ უკანასკნელი წაკლასავით მოიქეცი.
შეურაცხმყოფელი სიტყვების გაგონებაზე რახიტას ძველებურად აუელვარდა თვალები და სასტიკი პასუხის გაცემა დააპირა, მაგრამ უცებ გაახსენდა, რომ ქურდი აღარ იყო, ამიტომ თავი ჩაღუნა და „სხოდკა“ უხმოდ დატოვა. მეორე დღეს 41 წლის ყოფილი კანონიერი ქურდი ჭიჭიკო აქუბარდია, მეტსახელად რახიტა, მესაფლავემ კუკიის სასაფლაოს ერთ-ერთ საფლავზე აღმოაჩინა მკვდარი. მას საფეთქელი ჰქონდა გახვრეტილი ტყვიით, ხოლო „ბრაუნინგის“ სისტემის პისტოლეტი მარმარილოს ფილაზე ეგდო, რომლებზეც რახიტას მშობლების სახელები იყო ამოტვიფრული.
ყოფილი ქურდი დიდი პატივით დაკრძალეს და მის გასვენებას არც შავი სამყაროს ცნობილი წარმომადგენლები აკლდნენ და არც მალულად მისული მოთვალთვალე მილიციელები. ქელეხი რესტორან „არაგვში“ გადაიხადეს და დაიშალნენ...
საიდუმლო შეხვედრა
კაპიუშონმოხურული მამაკაცი სასტუმრო „უშბასთან“ ტაქსიდან გადმოვიდა და როდესაც მანქანა წავიდა, მიიხედ-მოიხედა. როცა დარწმუნდა, რომ არავინ უთვალთვალებდა, ასიოდე მეტრი ფეხით გაიარა და ფიჭვნარში მდგომ „ჟიგულში“ ჩაჯდა, უკანა სავარძელზე.
– შიკოს ვახლავარ, შიკოს! – მიესალმა ახალმოსულს საჭესთან მჯდომი მამაკაცი და დაამატა, – როგორ გრძნობ თავს „ქურდების პაპის“ როლში?
– რისთვის დამიბარე? – ჰკითხა მძღოლს შიკომ. მძღოლი მაიორი ხრიკული იყო, რომელიც მილიციის სამმართველოს ოპერატიულ განყოფილებაში მუშაობდა.
– მაღარიჩი შენზეა! – უთხრა ხრიკულმა, – ახლა შენ კონკურენტი არ გყავს და შეგიძლია, გაიჯეჯილო, თან ჩემს დავალებებსაც უკეთ გაართმევ თავს.
– აი, მაღარიჩი, – უთხრა შიკომ მაიორს და ცელოფანში ჩადებული შეკვრა დაუდო წინა სავარძელზე, – აქ ჩვიდმეტი ათას ხუთასი მანეთია. იმ ფულის ზუსტად ნახევარი, რომელიც „პეპომ“ რახიტას მოჰპარა. დავალებების შესრულებაზე უარს ვაცხადებ. კმარა, მეყოფა.
– ჭკუას მოუხმე, შიკო! – კბილებში გამოსცრა ხრიკულმა, – რასაც გეტყვი, იმას გააკეთებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯერ სროკზე გაგიშვებ იარაღის ტარებისთვის და ნარკომანობისთვის, ციხეში კი ჩვენი საუბრების ზაპისებს გავავრცელებ და ჩემზე უკეთ იცი, რას გიზამენ!
შიკო გაფითრდა. შემდეგ ამოიხვნეშა და მაიორს ჰკითხა:
– რა გინდა?
– ჯერჯერობით არაფერი. ცოტა დაისვენე და დატკბი ქურდებში მეფობით. შვებულებას გაძლევ. მერე კი ოფლის ღვრა მოგიწევს. თუმცა ერთი ეს მითხარი, პეპო რატომ არ ჩანს?
– მოკვდა.
– ხუმრობ?
– არ ვხუმრობ. მოიწამლა და წყალში ჩავარდა.
– ეგ როგორ?
– როგორ და საწამლავი დალია.
– საწამლავი რად უნდოდა?
– მე მივეცი.
ხრიკული შეცბა. შემდეგ შიკოს მიუბრუნდა და უთხრა:
– კვალს ანადგურებ, არა? შეგეშინდა, რომ პეპოს სადმე არ გაეთქვი და დაბრიდე?! თანაც წილის მიცემა არ გინდოდა.
– სხვა რა გზა მქონდა, – მხრები აიჩეჩა შიკომ. შემდეგ ხრიკულს გამოემშვიდობა და წავიდა.
მაიორმა ზიზღნარევი მზერა გააყოლა შიკოს, შემდგომ მანქანა ადგილიდან დაძრა და გააქროლა.
შურისძიება
შიკო საბურთალოზე ცხოვრობდა, ახალაშენებული რვასართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე. „უშბას“ წინ ხრიკულთან საუბრის დღიდან ერთი თვე იყო გასული. საღამოს 9 საათზე კარზე კაკუნის ხმა მოესმა. შიკო მარტო ცხოვრობდა, თუმცა ბინაში მარტო დარჩენას ერიდებოდა და მის გვერდით ყოველთვის ვიღაც იმყოფებოდა. იმ მომენტში კი შიკო მარტო იყო სახლში. სათვალთვალოში ფრთხილად გაიხედა, კართან მდგომი ჩანთაგადაკიდებული მამაკაცი დაინახა და ჰკითხა:
– ვინ ხარ?
– „ელექტრომონტიორი“.
– რა გინდა?
– გაყვანილობა უნდა შევამოწმო. თქვენს კორპუსში ვიღაც დენს იპარავს, ლევიზე ზის.
– მე ლევი არ მაქვს.
– ყველა ასე ამბობს. შემომიშვით, თორემ მილიციით მოგადგებით და მაინც შევამოწმებ.
შიკოს მილიციის ხსენება არ ესიამოვნა. კარი გააღო და აბეზარ სტუმარს თვალები დაუბრიალა, მაგრამ ორმა მამაკაცმა ის ბინაში შეაგდო და კარი მიხურეს. შიკოს ზურგსუკან გაუკოჭეს ხელები და რომ არ ეყვირა, პირში ჩოგბურთის ბურთი ჩასჩარეს.
დაუპატიჟებელი სტუმრები სკამებზე დასხდნენ, შიკო იატაკზე დააგდეს და „მონტიორმა“ უთხრა:
– თუ არ იყვირებ, პირს გაგითავისუფლებ.
შიკომ თავი დააქნია და „მონტიორმა“ მას ჩოგბურთის ბურთი ამოუგდო პირიდან. მეორემ კი, რომელსაც გრძელი, ხშირი თმა და ხშირი წვერი ჰქონდა, შიკოს ჰკითხა:
– რახიტას რას ერჩოდით?
– ვინ რახიტას, ასეთს არ ვიცნობ, – იუარა შიკომ.
წვერიანმა პარიკი და წვერ-ულვაში მოიძრო და შიკოს თვალები დაუბრიალა.
– რახიტ, შენ? – წამოიძახა შიკომ.
– აკი არ ვიცნობო?
– შენ ხომ თავი მოიკალი კუკიაზე?
– გავცოცხლდი. მიპასუხე კითხვაზე!
– რა კითხვაზე, რახიტ? – ასლუკუნდა შიკო, – ფული მოტეხე და რა გვექნა?
– კრინტი! რახიტას რა გააცოცხლებს, მე მისი ტყუპისცალი ვარ, ჭოლა.
ჭოლა აქუბარდია ჭიჭიკოს ტყუპისცალი იყო. ძმები დაბადებიდან ცამეტი წლის ასაკამდე მოჟაისკში ცხოვრობდნენ ბებიასთან და მშობლებთან ერთად. ხოლო ცამეტი წლის ასაკში ჭიჭიკომ იქურდა და, დააპატიმრეს. ჯერ კიშინიოვში იხდიდა სასჯელს, შემდეგ კი თბილისში, ავჭალაში. დედ-მამა საქართველოში ჩამოვიდა ამის გამო და თბილისში დასახლდნენ. ჭოლა კი რუსმა ბებიამ დაიტოვა აღსაზრდელად. ავჭალიდან გათავისუფლებული ჭიჭიკო უკვე რახიტა იყო და „შავი ცხოვრება“ ჰქონდა არჩეული. ჭოლა კი სამხედრო სასწავლებელში აპირებდა სწავლის გაგრძელებას. ამიტომ ბებიამ მას გვარი და სახელი გადაუკეთა, რომ კარიერაში ხელი არ შეშლოდა. ჭოლა აქუბარდია ვიტალი პერვუხინად გადაიქცა. ამის მიუხედავად, ძმები ერთმანეთს ფარულად ხვდებოდნენ. თუმცა ამ ოჯახურ საიდუმლოს არავისთან ამხელდნენ. რახიტა ქურდი გახდა, ჭოლა კი – „გრუს“ სპეცრაზმელი. მათი მშობლები ერთ დღეს გარდაიცვალნენ, მაგრამ ჭოლა საიდუმლო მივლინებაში იმყოფებოდა და დ აკრძალვას ვერ დაესწრო. იგივე მოხდა ჭიჭიკოს სიკვდილის დროსაც და მხოლოდ საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემდეგ შეიტყო მაიორმა პერვუხინმა ძმის ტრაგედიის შესახებ. ის კარგად იცნობდა ჭიჭიკოს და იცოდა, რომ რახიტა არაფერში შეცდებოდა. ამიტომ თავის მეგობართან, იური ზავაროვთან ერთად, თბილისში ჩამოვიდა ინკოგნიტოდ და ძმის თვითმკვლელობის მიზეზების ძიებას შეუდგა.
– ბატონო ჭოლა, ეს ყველაფერი მაიორმა ხრიკულმა მოაწყო, – ლუღლუღებდა შიკო, – რახიტა ძლიერი ქურდი იყო და პალაჟენია ეკავა, ამიტომ გადავწყვიტეთ, მისთვის გაგვეჩალიჩებინა.
შიკომ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა მაიორს და არც იმის თქმა გამორჩენია, თუ როგორ მოწამლა მან პეპო. შემდეგ ბეტონის ნამსხვრევი მოაბა ფეხზე და მტკვარში ჩააგდო.
ჭოლამ შიკოს ისევ ჩოგბურთის ბურთი ჩასჩარა პირში. შემდეგ გააშიშვლა და ნელ-ნელა, თანმიმდევრულად მოკვეთა ხელებზე და ფეხებზე თითები, სასქესო ორგანოები, ცხვირი, ყურები და ხელ-ფეხი – მთლიანად. ეს პროცესი სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. შიკომ თორმეტჯერ დაკარგა გონება, თუმცა ის სპეციალური სითხით მოასულიერეს, რომელსაც სპეცრაზმელები ხმარობდნენ მტრის წამებისას. ჭოლამ ბოლოს თავი მოკვეთა, შემდეგ ორი უზარმაზარი ვირთხა ამოიყვანეს გალიიდან, შიკოს სხეულის ნარჩენებს მიუსვეს და ბინიდან გავიდნენ... იმავე ღამეს საკუთარი სადარბაზოს წინ მაიორი ხრიკული მოკლეს. მას ორი ტყვია ჰქონდა თვალებში მოხვედრილი, ერთი – გულში და ერთიც – შუბლში...
„წითელი ვარსკვლავის ორდენის“ კავალერი
შიკოს და ხრიკულის მკვლელების კვალს საქართველოს „კაგებე“ დააჯდა კუდზე და მათი ვინაობები დაადგინეს. თუმცა მაიორი პერვუხინი და კაპიტანი ზავაროვი ვიეტნამში იმყოფებოდნენ სპეცდავალებაზე... 1972 წლის 27 თებერვალს, ჩრდილოეთ ვიეტნამის ჯუნგლებში ამერიკული სამხედრო ბაზიდან „გრუს“ სპეცრაზმმა, რომელსაც პერვუხინი მეთაურობდა, ცხრა საბჭოთა ტყვე გამოიხსნა. ტყვეები ამერიკაში გასაგზავნად იყვნენ გამზადებულები, როდესაც „გრუელებმა“, რომლებიც მალულად შეიპარნენ საგანგებოდ დაცულ ტერიტორიაზე, მთელი დაცვა გაწყვიტეს, ტყვეები გაიტაცეს და ახლო მდებარე ამერიკულ ვერტმფრენში ჩასხეს, რომელიც ასაფრენად ემზადებოდა. „გრუელები“ და მათი მგზავრები თითქმის სამშვიდობოს იყვნენ გასულები და ვერტმფრენიც მიწას მოსწყდა, როდესაც ვიეტნამელებმა ნაღმმტყორცნებიდან გახსნეს ცეცხლი. პერვუხინი ბრძანებებს აძლევდა პილოტს, თან არემარეს ათვალიერებდა. უცებ მან მდელოზე ატირებული გოგონა დაინახა, რომელიც გაუნძრევლად იდგა, ხოლო ნაღმები კი მის ირგვლივ ცვიოდა.
– გაფრინდით, მე მოგვიანებით შემოგიერთდებით! – იღრიალა პერვუხინმა და რვა მეტრის სიმაღლეზე აფრენილი ვერტმფრენიდან გადახტა. შემდეგ პატარა გოგონასთან მიირბინა, ხელში აიყვანა და ტყეს შეაფარა თავი...
დაუზუსტებელი ინფორმაციით, პერვუხინმა გოგონა ახლომდებარე სოფელში მიიყვანა, თვითონ კი ჯუნგლებში დაიღუპა ამერიკელ რეინჯერებთან ბრძოლაში. ვიტალი პერვუხინს, იგივე ჭოლა აქუბარდიას, საბჭოთა მთავრობამ „წითელი ვარსკვლავის ორდენი“ მიანიჭა სიკვდილის შემდეგ.