ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: რა სახის ინფორმაცია ითვლება საჯარო ინფორმაციად?
პასუხი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია არის საჯარო დაწესებულებაში დაცული ყველა სახის ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის: ნახაზი, გეგმა, სქემა, მაკეტი, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები; აგრეთვე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.
კითხვა: რა შემთხვევაში შეიძლება ეწოდოს ორგანოს საჯარო დაწესებულება?
პასუხი: საჯარო დაწესებულებები არის ადმინისტრაციული ორგანოები, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირები ასეთი დაფინანსების ფარგლებში.
კითხვა: როგორც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ადამიანის წამებისთვის. კოდექსის მიხედვით, რას ნიშნავს ტერმინი „წამება”?
პასუხი: სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, წამება ნიშნავს პირის, მისი ახლო ნათესავისა, ან მასზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირისთვის ისეთი პირობების შექმნას ან ისეთ მოპყრობას, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსიობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება; ასევე, პირის დაშინება ან იძულება, ანდა, პირის დასჯა მისი ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისთვის. აღნიშნული დანაშაული მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე. მოცემულ დანაშაულს ასევე გააჩნია მაკვალიფიცირებელი გარემოებები.
კითხვა: სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, რა სახის დანაშაულია დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა და რა განსხვავებაა წამებასა და დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას შორის?
პასუხი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ოცდამესამე თავი, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადამიანის წამებისა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისთვის. რაც შეეხება ადამიანის დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5 წლამდე. აღნიშნულ დანაშაულსაც გააჩნია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები.
ზოგადად ადამიანის წამება და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა თვისობრივად ერთგვაროვან დანაშაულებს მიეკუთვნება, მაგრამ, დანაშაულის კვალიფიკაციის დროს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დამნაშავის მიზანს. კერძოდ, თუ დამნაშავე ზემოთ აღნიშნულ ქმედებებს ახორციელებს იმ მიზნით, რომ პირისგან მიიღოს ინფორმაცია, მტკიცებულება ან აღიარება, ასევე, მითითებული ქმედებების მიზანია, რომ მოახდინოს დაშინება ან იძულება, ანდა, პირის დასჯა, მისი ან მესამე პირის მიერ ჩადენილი, ან, სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისთვის, ყველა შემთხვევაში სახეზე გვექნება წამება. წამება სწორედ დამნაშავის მიზნიდან გამომდინარე მეტი საზოგადოებრივი საშიშროებით ხასიათდება და, შესაბამისად, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობასთან შედარებით, უფრო მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება. რაც შეეხება დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობით ქმედების კვალიფიკაციას, ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამნაშავეს ნებისმიერი განსხვავებული მიზანი აქვს, ვიდრე წამების დროს, ან, საერთოდ არ გააჩნია მიზანი, მაგრამ, მისი განზრახი ქმედებით ხდება პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. აღსანიშნავია, რომ მოცემულ დანაშაულებზე არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადები, შესაბამისად, ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, პირი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, დანაშაულის ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად.
კითხვა: ვარ გარდაცვლილი პიროვნების მემკვიდრე, რომელი ქონება შეიძლება ჩაითვალოს სამკვიდრო ქონებად და როდის ხდება სამკვიდროს გახსნა?
პასუხი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა გარდაცვალების მომენტისთვის. სამკვიდრო აქტივს წარმოადგენს, მაგალითად, საკუთრების უფლება, მფლობელობის უფლება, აღნაგობის უფლება და ასე შემდეგ. სამკვიდრო პასივია ის ქონებრივი მოვალეობები, რომლებიც მამკვიდრებელს ჰქონდა და სიცოცხლეში არ შეუსრულებია, მაგალითად, ნასესხები ფულის დაბრუნების მოვალეობა. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ – ამ ქონების ღირებულება, ასევე, სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის წილი. რაც შეეხება სამკვიდროს გახსნას, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
კითხვა: ხშირად მესმის სასამართლო პროცესებზე სიტყვა „პრეიუდიცია“, რას ნიშნავს პრეიუდიცია და რა იგულისხმება ამ სიტყვის მიღმა?
პასუხი: „პრეიუდიცია“ სამართლებრივი ტერმინია და მასში იგულისხმება ისეთი ფაქტები და გარემოებები, რომლებიც გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება, ანუ, პრეიუდიციულია:
ა) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები;
ბ) სასამართლოს განაჩენი ნასამართლეობაზე;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება;
დ) ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.