როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ბასიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ბასილი, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და სამეფოს ნიშნავს. ასევე, გვხვდება საკუთარი სახელი ბასი, რომელიც ძველი ქართული წყაროების ეთნონიმს – ბასს, ბესს უკავშირდება.
საკუთარი სახელი ბასია გვხვდება რაჭაში, სოფელ ჭიორაში, ერთ-ერთ ისტორიულ საბუთში.
ამავე ძირისაა გვარები: ბასიაშვილი, ბასიკაშვილი, ბასილაშვილი, ბასელაშვილი, ბასიშვილი და ბასილია.
საქართველოში 533 ბასიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 382, კასპში – 98, რუსთავში – 30. არიან სხვაგანაც.
ქიტუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ქიტუა.
ასევე, გვხვდება სახელები: ქიტე, ქიტელა, ქიტესა, ქიტისა, ქიტო, ქიტია.
1721 წელს მოიხსენიება მანგლელის ყმა თათარა ქიტუაშვილი.
1721 წელსვე, ვერხვნალაში მოიხსენიება დათუნა გერმანოზიშვილის ყმა, ზაქუტა ქიტუაშვილი.
საქართველოში 568 ქიტუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 272, გურჯაანში – 109, მცხეთაში – 62. არიან სხვაგანაც.
ბურდიაშვილი – ბურდაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ბურდია.
1393 წელს მოიხსენიება ვირშელ ბურდასშვილი.
1734 წელს, ისტორიულ წყაროებში, მოიხსენიება ამირან ბურდიაშვილი.
1721 წელს, კრწანისსა და სამშვილდეში ბურდიაშვილი მემამულედ მოიხსენიება.
ამავე ძირისაა გვარი ბურდაშვილი.
საქართველოში 599 ბურდიაშვილი ცხოვრობს: ყვარელში – 234, გურჯაანში – 146, თბილისში – 82. არიან სხვაგანაც
ფერიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული სიტყვა – ფერია.
„როსტომ მეფემ 1658 წელს სოფელ ენაგეთში პაპუნა ბარათაშვილს აჩუქა ფერიაშვილის და შირაქას მამულზე მოსახლე დავრეშათი თამაზითურთ”...
ფერიაშვილები მოხსენიებულნი არიან დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 1660 წლით.
საქართველოში 213 ფერიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 95, გურჯაანში – 41, გარდაბანში – 38. არიან სხვაგანაც.
ბადრიაშვილი – ბადრიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ბადრი, რომელიც არაბულად „თოთხმეტი დღის მთვარეს“ ნიშნავს.
ამავე ძირისაა გვარი ბადრიძე.
1721 წელს ქაიხოსრო სოლოღაშვილთან მოიხსენიება გიორგი ბადრიაშვილი.
ბადრიაშვილები იყვნენ როგორც აზნაურები, ისე გლეხები.
საქართველოში 313 ბადრიაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 123, თბილისში – 96, გორში – 21. არიან სხვაგანაც.
ასრაკაძე – არსაკაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ასრაკი.
სოფელ ფარცხისში 1871 წელს მოიხსენიება ოლიკო ასრაკაძე-კიხოლაშვილი.
ასრაკაძე, არსაკაძე და არსაკიძე, ერთი და იგივე გვარებია.
ბოგვში მცხოვრებ დავით არსაკიძის მეუღლეს 1820 წელს შეეძინა ქალიშვილი – თამარი. მიმრქმელი იყო ბორბალოში მცხოვრები იმერელი კვირია ქებაძე.
საქართველოში 26 ასრაკაძე ცხოვრობს: თბილისში – 16, გარდაბანში – 5, თეთრი წყაროში – 3. არიან სხვაგანაც.
ბედიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ბედია.
1729 წელს ბედიაშვილი მოიხსენიება სოფელ ცხნარის მკვიდრად ვახუშტი ორბელიანისა და მისი მეუღლის, ანა-ხანუმის ნასყიდობის წიგნში.
ადუა ბედიაშვილი 1678 წელს ყმის ნასყიდობის წიგნში დურმიშხანის ყმად მოიხსენიება.
1843 წელს სოფელ კოდაში ზურაბ და სოლომონ ბედიაშვილები მოიხსენიებიან.
საქართველოში 423 ბედიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 172, საგარეჯოში – 76, ხარაგაულში – 54. არიან სხვაგანაც.
გარსევანიძე – გარსევანიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – გარსევანი.
ბერუა გარსევანიშვილი თონეთში 1843 წელს მოიხსენიება.
გარსევანიშვილი თავადაზნაურული გვარი იყო.
საქართველოში 75 გარსევანიძე ცხოვრობს: თბილისში – 52, ახმეტაში – 13, საგარეჯოში – 5. არიან სხვაგანაც.
ქუმსიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ქუმსი.
1721 წელს ყაფლანიშვილის მამულში მცხოვრები ნიკოლოზის ყმა ბერუა ქუმსიაშვილი მოიხსენიება.
საქართველოში 766 ქუმსიაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 281, თბილისში – 246, ყვარელში – 57. არიან სხვაგანაც
აღდგომელაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – აღდგომელა. წინათ ამ სახელს, აღდგომა დღეს დაბადებულ ადამიანებს არქმევდნენ.
აღდგომელა ერქვა ქრისტეს საფლავის მომსახურე ქართველ ბერს.
ყმის ნასყიდობის წიგნში მოწმედ დასახელებულია გომის მოურავი აღდგომელა.
აღდგომელაშვილები, 1873 წლის აღწერით, სოფელ ერტისში მოიხსენიებიან.
საქართველოში 573 აღდგომელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 252, თეთრი წყაროში – 100, გორში – 60. არიან სხვაგანაც.
ბუნტური – ბუნტურიშვილი
გვარი ბუნტური უფრო მთაშია გავრცელებული. გვხვდება სახელადაც და გვარადაც. არის, ასევე, გვარი ბუნტურიშვილი.
დიდ თიანეთში 1818 წელს მოიხსენიებიან ბერი და გრიგოლ ბუნტურები.
საქართველოში 699 ბუნტური ცხოვრობს: თბილისში – 199, კასპში – 186, დედოფლისწყაროში – 80. არიან სხვაგანაც.
ლაიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ლაილა.
ლაიშვილები 1941 წლის სექტემბერში ამბროლაურის რაიონის სოფელ მორიდან ასურეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.
გადმოცემის მიხედვით, ლაიშვილები წარმოშობით მესტიის რაიონის სოფელ ლაიშიდან არიან.
საქართველოში 64 ლაიშვილი ცხოვრობს: ამბროლაურში – 20, თბილისში – 19, თეთრი წყაროში – 9. არიან სხვაგანაც.
ნანუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ნანუა, რომელიც ქალის სახელად იყო გავრცელებული.
1721 წელს მოიხსენიება ყმა ლუარსაბ ნანუაშვილი.
საქართველოში 324 ნანუაშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 165, თბილისში – 87, გურჯაანში – 40. არიან სხვაგანაც.
მორჩაძე – მორჩილაძე –
მორჩილაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – მორჩი.
ვანო მორჩაძე ოჯახითურთ მოიხსენიება სოფელ ბორბალოში 1823 წლის აღწერაში.
ამავე ძირისაა გვარები: მორჩილაძე, მორჩილაშვილი.
საქართველოში 760 მორჩილაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 421, ტყიბულში – 75, თბილისში – 57. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით