კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს გაშვილებულ უფროს დას 18 წლის გოგონა და რა მიზეზით იჭრიდა ის ვენებს ცოტა ხნის წინ

18 წლის გვანცა გელას ასული ასანიშვილი და 52 წლის ნინო აკაკის ასული ასანიშვილი ეძებენ 29 წლის ანა გელას ასულ ასანიშვილს (ამჟამინდელი სახელი და გვარი უცნობია).

ისტორია: მე და ჩემი შვილი ვეძებთ 1982 წლის 19 მაისს დაბადებულ ჩემს შვილს – ანა გელას ასულ ასანიშვილს (ბავშვის დაბადების წელი, თვე, რიცხვი, სახელი და გვარი დაბადების მოწმობის მიხედვითაა, ამჟამად ის სხვა გვარზეა და სახელიც სხვა ექნება). ბავშვი დაიბადა 3 კილოგრამი და 600 გრამი. იგი იყო შავგვრემანი და ლამაზი სახის, ცოტა ჩავარდნილი თვალებით. ჩემმა გოგონამ, გვანცამ, ცოტა ხნის წინ გაიგო თავისი დის გაშვილების ამბავი და ამჟამად ჩვენ მას ერთად ვეძებთ. დამოუკიდებელმა ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო. დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენი დახმარებით ჩვენ მას ვიპოვით. ბავშვი დაიბადა თბილისის პირველ სამშობიარო სახლში, ხოლო ერთი თვის ასაკში მე იძულებული ვიყავი, ის „ნახალოვკის“ ბავშვთა პოლიკლინიკიდან გამეშვილებინა (ტირის), რადგან იმ დროს მე სხვა გზა ნამდვილად არ მქონდა, რადგან ბავშვს ვეღარ ვკვებავდი. დაკარგული ანა და გვანცა ღვიძლი დები არიან. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის პოვნაში.

ინტერვიუ გაშვილებული გოგონას ბიოლოგიურ დედასთან, ქალბატონ ნინოსთან.

– გვიამბეთ, რა იყო ბავშვის გაშვილების მიზეზი?

– მე მიყვარდა ადამიანი, რომელთანაც დაქორწინებამდე მქონდა კავშირი. დღესდღეობით, ის ჩემი მეუღლეა და ჩვენ გვყავს კიდევ ერთი შვილი – გვანცა. საქმე ისაა, რომ იმ დროს მე ვიყავი გამოუცდელი და ახალგაზრდა. როდესაც ორსულად დავრჩი, მე და გელა (ასე ჰქვია ბავშვის მამას) წნორიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით. ვიქირავეთ ბინა და „ნახალოვკაში“ ვცხოვრობდით, კინო „საქართველოს“ წინ. ეს ის დრო იყო, როდესაც დაუქორწინებლად შვილის გაჩენა დიდ ცოდვად ითვლებოდა. თბილისში ცხოვრების დროს ყველას ვეუბნებოდით, რომ ცოლ-ქმარი ვართ. ქირით მრავალშვილიან ოჯახში ვცხოვრობდით. ჩვენი ბინის მეპატრონეს შვიდი შვილი ჰყავდა. მანაც ისე იცოდა, რომ მე და გელა ცოლ-ქმარი ვიყავით. დღემდე ვნანობ, რომ მას სიმართლე არ გავუმხილე, თორემ, შეიძლება, მას ჩემი გაეგო და ბავშვისთვის ეპატრონა მანამ, სანამ ფეხზე დავდგებოდი, ან ჩვენთვის საკმარის საარსებო ლუკმაპურს ვიშოვიდი. 1982 წლის 19 მაისს (გელას დაბადების დღეც სწორედ ამ დღესაა) გავაჩინე გოგონა. ვიმშობიარე პირველ სამშობიარო სახლში. ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. გელაც ესწრებოდა ჩემს მშობიარობას, მაგრამ, მეორე დღეს ის ჩემს სანახავად აღარ მოვიდა და არც სხვა დღეებში გამოჩენილა. ერთი სიტყვით, გაქრა. ვიფიქრე, რომ მიმატოვა და, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სულ მარტო დავრჩი ბავშვთან ერთად. გელას ასავალ-დასავალი არ ვიცოდი. (ტირის). ჩემმა მშობლებმა კი, გაიგეს თუ არა, რომ ბავშვი გავაჩინე, მაშინვე უარი თქვეს ჩემს მიღებაზე, ასევე მოიქცა ყველა ჩემი ნათესავი. მათ უნდოდათ, რომ ბავშვი გამეშვილებინა და მხოლოდ ამ პირობით მიმიღებდნენ ისევ ოჯახში. იმ დროს, როდესაც ეს ამბავი ხდებოდა ჩემს თავს, პირველი სამშობიარო სახლის განყოფილების გამგე იყო ლილი რამიშვილი, რომელმაც იცოდა, რომ მარტოხელა დედა ვიყავი. სწორედ ლილიმ შემომთავაზა, ბავშვი გამეშვილებინა, მან მე ცალკე კაბინეტში გამიყვანა და რჩევის დონეზე მესაუბრა, რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა ბავშვის გაშვილება, თანაც, მითხრა, რომ აქვე მომუშავე ერთ პროფესორ კაცს გოგონას შვილად აყვანა სურდა, რადგან თვითონ უშვილო იყო. იმ კაცის სახელი და გვარი, სამწუხაროდ, არ ვიცი. ბავშვის გაშვილებაზე მტკიცე უარი განვაცხადე. ლილი კი სულ იმას მეუბნებოდა, ვინ დაგეხმარება და გაგაზრდევინებს შვილს, როცა, არც მშობლები არ გიღებენ და საქმროც სადღაც იმალებაო. ლილი მპირდებოდა, რომ ჩემს შვილს ძალიან კარგ ოჯახში გააშვილებდა. როდესაც ბავშვი სამშობიაროდან გამოვიყვანე, კვლავ ნაქირავებ ბინაში დავბრუნდი. შვილი აღრიცხვაზე „ნახალოვკის“ პოლიკლინიკაში ავიყვანე და ყველანაირად ვცდილობდი, მარტოს მომეხერხებინა მისი გაზრდა (ტირის), მე მას დაბადების მოწმობაც კი ავუღე, სადაც ეწერა: „ანა გელას ასული ასანიშვილი, დაბადებული 1982 წლის 19 მაისს“. ერთი სიტყვით, ძალიან მიჭირდა, უსახსროდ და ყველასგან მიტოვებული ვიყავი. ვცდილობდი, რამე გზა მენახა, რომ ბავშვი დროებით მაინც სადმე ყოფილიყო, სანამ მე ვიმუშავებდი. მახსოვს, ერთხელ ბავშვთა სახლშიც კი მივედი და სამსახური ვითხოვე – დამლაგებლად მაინც ვიმუშავებ და ჩემი შვილიც აქ იყოს-მეთქი, მაგრამ, უარი მითხრეს. იმ დროს ბავშვთა სახლში რაღაც ეპიდემია იყო მოდებული და ბავშვის სიცოცხლისთვის საშიშიაო, – ასეთი პასუხით გამომისტუმრეს. ერთ დღესაც, როდესაც ბავშვი უკვე 1 თვის იყო, ნაქირავებ ბინაში მომაკითხეს მანანა ხუციშვილმა და ექთანმა, რომელსაც ეთერი ერქვა, (გვარი არ ვიცი). მათი მოსვლა დიდად არ გამკვირვებია, რადგან, ბავშვი, როგორც გითხარით, აღრიცხვაზე მყავდა და ჩემი მისამართიც ეცოდინებოდათ. მანანამ და ეთერმა ბავშვი გასინჯეს და მითხრეს, რომ მათთვის დაურეკავს ლილი რამიშვილს და ჩემი სიტუაცია აუხსნია – უთქვამს, მარტოხელაა და ყველანაირად დაეხმარეთო. მათ იგივე მირჩიეს, ანუ ბავშვი გამეშვილებინა.

– ბოლოს როგორ მოხდა ბავშვის გაშვილება, ანუ, ვის მიაშვილეთ გოგონა?

– უკიდურეს სიტუაციამდე რომ მივედი და უკვე ძუძუსაც ვეღარ ვაჭმევდი, რადგან საკვები არ მქონდა, გადავწყვიტე, ბავშვი გამეშვილებინა და, როგორც მანანამ და ეთერმა დამიბარეს, პოლიკლინიკაში დავრეკე და თვითონ წავიყვანე ჩემი გოგონა (ტირის). როდესაც პოლიკლინიკაში მივედი, ძალიან ბევრი ექიმი დამხვდა. ყველანი ჩემ შვილს სინჯავდნენ და ბჭობდნენ, რომ ბავშვი მართლაც ჯანმრთელია (ტირის). მეც ვეცოდებოდი, მეუბნებოდნენ, გეტყობა, რომ გაჭირვების გამო დგამ ამ ნაბიჯს, მაგრამ, არა უშავს, შენი შვილი კარგ ხელში ხვდება და კიდეც ნახავ ხოლმეო. ჩემი ხელით დავწერე განცხადება, რომ თანახმა ვარ, ბავშვი გავაშვილო (ტირის). იქ მხოლოდ ექიმები იყვნენ. დღემდე არ ვიცი, ვინ იშვილა ჩემი გოგონა, რადგან გული წამივიდა და, როდესაც აზრზე მოვედი, ირგვლივ ექიმები მესივნენ და, მასულიერებდნენ. მას შემდეგ ბავშვი აღარ მინახავს. ჩემი შვილის გაშვილებას ესწრებოდნენ: აზა ადამია (განყოფილების გამგე), ეთერი (ექთანი), მანანა ხუციშვილი (ბავშვის ექიმი, ამჟამად ცოცხალი აღარაა). მე ამ ამბის დავიწყება ვერ შევძელი, რადგან შემდგომ სულ მეფიქრებოდა ჩემს შვილზე. ჩემს გელას ისევ შევხვდი. აღმოჩნდა, რომ, თურმე, ამ ხნის განმავლობაში ის ჯარში იყო – უცებ გაუწვევიათ და, როგორც კი ჩამოვიდა, ისევ ჩემთან მოვიდა. დედაჩემმა გელას უთხრა, რომ ბავშვი დაბადებისთანავე გარდაიცვალა. ბავშვის გაშვილების მერე ჩემი მშობლები ისევ შემირიგდნენ. ამჟამად გელა რუსეთში ცხოვრობს. ჩემმა შვილმა, გვანცამ, ბებიამისისგან გაიგო, რომ და ჰყავს, რომელიც გაშვილებულია. მე და გვანცა ვეძებდით ანას, მაგრამ, უშედეგოდ. მისულები ვიყავით ნაძალადევის ბავშვთა პოლიკლინიკაშიც, სადაც არაფრით არ გვითხრეს ეთერის მისამართი, მხოლოდ ის გავარკვიეთ, რომ მანანა ხუციშვილი გარდაიცვალა. ბავშვთა პოლიკლინიკაში კვლავ აზა ადამია არის გამგე, რომელიც ამჟამად უკვე ხანშია შესული. ჩემმა გვანცამ, როგორც კი გაიგო, რომ და ჰყავს, მოსვენება დაკარგა (ტირის) – ძალიან უნდა დის პოვნა. ერთხელ თავის მოკვლაც კი სცადა (ტირის).

– გვანცას რომ არ გაეგო ეს ამბავი და არ მოენდომებინა დის მოძებნა, თუ აპირებდით მისთვის სიმართლის თქმას ან ბავშვის მოძებნას?

– სულ ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ, ვერ ვბედავდი შვილისთვის ამ ამბის მოყოლას. დედაჩემისგან გაიგო – ბებიამ სიკვდილის წინ უთხრა სიმართლე, სინდისი ქენჯნიდა... (ტირის). ოღონდაც შვილი ვიპოვო და მუხლებზე დავუჩოქებ, ძალიან ვთხოვ, მაპატიოს (ტირის). ჩემს მიღებას თუ არ მოინდომებს და მაინც გაიცნოს. მე მისი აღმზრდელი მშობლების მადლობელი ვარ, მაგრამ, ძალიან მინდა, ვიპოვო ჩემი შვილი და დედამამიშვილებს ერთმანეთთან ურთიერთობა ჰქონდეთ.

ინტერვიუ დაკარგულის დასთან, გვანცასთან:

– გვანცა, რა ემოცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ და გყოლია, რომელიც გაშვილებულია? ვიცი, რომ მისი მოძებნა სწორედ შენი ინიციატივა იყო.

– ბებიამ მითხრა სიმართლე – სიკვდილის წინ დამიძახა და ყველაფერი მიამბო: მითხრა, რომ და მყავს და სწორედ მისი ბრალია, რომ დედამ ის გააშვილა (ტირის). ყველა ღონე იხმარე და შენი და იპოვეო, – დამიბარა გაოგნებული დავრჩი, რადგან ყოველთვის ვოცნებობდი და მყოლოდა. (ტირის). მახსოვს, მაშინვე დედას მივუვარდი. ვკითხე, რა და როგორ მოხდა, დის სურათი მაინც მანახე-მეთქი. მაგრამ, როდესაც გავიგე, რომ სურათიც კი არ გვაქვს და არც ის ვიცით, ვინ იშვილა ჩემი და, კინაღამ გავგიჟდი. სულ მინდოდა, ისეთი ადამიანისთვის მიმემართა, ვინც დის პოვნაში დამეხმარებოდა და, გადავწყვიტე, თქვენთან მოვსულიყავი.

– გვანცა, როგორც ვიცი, შენ ძალიან გინდა დაკარგული და გაშვილებული დის პოვნა, ერთხელ თვითმკვლელობაც კი გიცდია, იმედია, ამას აღარ გაიმეორებ.

– სასოწარკვეთილი ვიყავი, რადგან ყველა ჩვენი ცდა უშედეგოდ მთავრდებოდა და ამიტომ, ვენების გადაჭრა გადავწყვიტე. ღვთის მადლით, გადავრჩი (ტირის) მარტო დედა მყავს, მეტი არავინ (ტირის). ძალიან მინდა, ვიპოვო ჩემი დაიკო. ერთადერთი, რაც ვიცი, თვალებით ვგავართ, ისე კი, მე ქერა ვარ, ის კი შავგვრემანი ყოფილა. ნამდვილად არ მინდა მისთვის ცხოვრების არევა, მაგრამ, ამჟამად ის უკვე 29 წლის უნდა იყოს და, იმედია, იცის, რომ ნაშვილებია. თუკი დას ვიპოვი, მისთვის სიცოცხლეს არ დავიშურებ.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3