რამდენ მილიარდიან კაპიტალს ფლობს პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალბატონი ამერიკელი, კრისტი უოლტონი
2011 წლის მსოფლიოს მილიარდერთა რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ, „ფორბსმა” მონაცემები შეაჯამა და ქალ მილიარდერთა რეიტინგი ცალკე გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ტოპ-ოცეულს ქალ მილიარდერთა საერთო კაპიტალი 232 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება მამაკაცი მილიარდერების პირველ ტოპ-ხუთეულს. ასევე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ყველაზე მდიდარი ქალების უმეტესობამ დიდძალი ქონება მემკვიდრეობით მიიღო და მათგან მხოლოდ ძალიან მცირე პროცენტმა მოახერხა მრავალმილიარდიანი კაპიტალის შეგროვება საკუთარი ძალებით.
კრისტი უოლტონი – 26,5 მილიარდი დოლარი – „უოლ-მარტი”
ჯონ უოლტონის ქვრივმა და პლანეტის ყველაზე მდიდარმა ქალმა დიდძალი ქონება 2005 წელს მემკვიდრეობით მიიღო, მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე ავიაკატასტროფაში დაიღუპა ვაიომინგის შტატში. გარდა მემკვიდრეობისა, კრისტიმ სარფიანი ინვესტიცია განახორციელა „ფერსტ სოლარში” (მზის ენერგეტიკაში), რომლის აქციების ფასმა 2006 წლიდან 500 პროცენტით მოიმატა. კრისტის მილიარდიანი კაპიტალის ძირითადი წყარო სუპერმარკეტების ქსელი „უოლ-მარტია”, რომლის გაყიდვები წელიწადში 420 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანიაში 2,1 მილიონი ადამიანია დასაქმებული. კრისტი უოლტონი ცნობილი ფილანტროპია – იგი ეხმარება მუზეუმებს, განათლების სფეროს და ორგანულ მებაღეობას.
ლილიან ბეტანკური – 23,5 მილიარდი დოლარი – „ლორეალი”
საფრანგეთის ყველაზე მდიდარ ქალბატონს, 88 წლის მადამ ბეტანკურს ქონება მამისგან მემკვიდრეობით ერგო. ახლახან ლილიან ბეტანკური ხმაურიანი სკანდალის მონაწილე გახდა. მისმა ქალიშვილმა, ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერმა სასამართლოს მიმართა, მან ეჭვქვეშ დააყენა დედისგან მხატვარ ფრანსუა მარი-ბანიესთვის 1,4 მილიარდი დოლარის ნაღდ ფულად გადაცემის მართებულობა და საქმის გამოძიება მოითხოვა. ფრანსუაზას თქმით, ფრანსუა დედას აშანტაჟებდა, რასაც ლილიანა კატეგორიულად უარყოფდა. საბოლოოდ, ფრანსუაზამ სასამართლოდან სარჩელი გამოიტანა. თუმცა, ეს არ იყო პირველი სკანდალი, რომელიც ბეტანკურების გვარს ეხებოდა. ამბობენ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, ლილიანას მამა და „ლორეალის” დამაარსებელი იუჟენ შულერი ნაცისტებთან თანამშრომლობდნენ.
ელის უოლტონი – 21,2 მილიარდი დოლარი – „უოლ-მარტი”
61 წლის ელისმა, დიდძალი კაპიტალი მამისგან, სემ უოლტონისგან – „უოლ-მარტის” იმპერიის დამაარსებლისგან მიიღო. ელისი არ მონაწილეობს კომპანიის მართვაში, ცხოვრობს არკანზასში და ხელოვნების ნიმუშთა კოლექციონერია. 2011 წლის ნოემბერში ელის უოლტონი ქალაქ ბენტონვილში მუზეუმის – „ბროლის ხიდის” გახსნას გეგმავს. გასულ წელს „უოლ-მარტის” აქციათა ფასმა 5 პროცენტით მოიმატა და დივიდენდების სახით, ელისმა დამატებით 420 მილიონი დოლარი მიიღო. ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს „უოლ-მარტის” აქციათა ფასი კიდევ მოიმატებს, რაც უოლტონების კაპიტალს მნიშვნელოვნად დაეტყობა.
აირის ფონტბონა და ოჯახი – 19,2 მილიადი დოლარი – სამთო
მრეწველობა
2005 წელს, კიბოს დაავადებით გარდაცვლილი ჩილელი მილიარდერის, ანდრონიკო ლაკსისის ქვრივი, აირის ფონტბონა სამხრეთ ამერიკის უმდიდრესი ქალბატონია. იგი აკონტროლებს სპილენძის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საბადოს მსოფლიოში – ანტოფაგასტას. გასულ წელს კომპანიის აქციათა ფასმა 70 პროცენტით მოიმატა. სპილენძის მოპოვების გარდა, ფონტბონა ფლობს სასტუმროთა ქსელს ხორვატიაში და წვენების მწარმოებელ საწარმო „ქუინენკოს”.
სიუზანა კლატენი – 14,6 მილიარდი დოლარი – „ბეემვე“
სიუზანა კლატენმა თავისი წილი „ბეემვეში“ მამისგან, ჰერბერტ კვანდტისგან მიიღო, რომელმაც 60-იან წლებში გაკოტრებისგან იხსნა გერმანული ავტოკონცერნი. განათლებით ეკონომისტი სიუზანა ასევე ქიმიური საწარმო „ალტანას”, 100-პროცენტიანი მფლობელია. ორი წლის წინ, სიუზანა, გახმაურებული სკანდალის მონაწილე გახდა. მისი საყვარელი, ჟიგოლო ჰერგ სგარბი სატრფოსგან დიდძალი ფულის გამოძალვას გეგმავდა, თუმცა, გერმანელი სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ, გამომძალველი ექვსი წლით ციხეში მოათავსეს.
ბირგიტ რაუზინგი და ოჯახი – 14 მილიარდი – „ტეტრა”
ყველაზე მდიდარმა შვედმა ქალმა მსოფლიოში, ბირგიტ რაუზინგმა „ტეტრა ლეველის” შეფუთვის საწარმო, მეუღლის – ჰოდ რაუზინგის გარდაცვალების შემდეგ მიიღო. კომპანია მამამთილმა დააარსა და რევოლუციურად ითვლებოდა შეფუთვის სამყაროში. რაუზინგის ყველა შვილი კომპანიის საქმიანობაშია ჩართული და „ტეტრას” დირექტორთა საბჭოში შედიან. გარდა ამისა, უმცროსი – იორნი კომპანიაში ერთ-ერთი დირექტორის პოსტს იკავებს, უფროსი – ფლინი შვედეთის გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობს, ხოლო ქალიშვილი – კირსტენი ცხენების მოშენებით არის დაკავებული.
ენ კოქს-ჩემბერსი – 13,4 მილიარდი დოლარი – „კოქს ენთერფრაიზ”
90 წლის იუბილე ენ კოქს-ჩემბერსმა მშობლიურ სოფელ ჯექსონბურგში აღნიშნა, იქ, სადაც ბავშვობის წლები გაატარა. მედიაიმპერია „კოქს ენთერფრაიზის” შემადგენლობაში შედის – საკაბელო კომპანია „კოქს ქომუნიქეიშენ”, „კოქს მედია გრუპი” (ათამდე ჟურნალ-გაზეთი, 15 ტელეარხი, 86 რადიოსადგური), ავტოაუქციონი „მანჰეიმი” და ვებ-გვერდი „აუტოტრეიდერ.კომ”. 1977 წელს ამერიკის პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა, ენ კოქს-ჩემბერსი ბელგიაში ელჩად დანიშნა. გარდა ამისა, 80-იან წლებში ენი „კოკა-კოლის” დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობდა. ენ კოქს-ჩემბერსი საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით არის დაჯილდოებული.
სავიტრი ჯინდალი და ოჯახი – 13,2 მილიარდი დოლარი – მეტალურგია
სავიტრი ჯინდალი სათავეში უდგას კომპანია „ო.პ. ჯინდალ გრუპს”, რომლის წლიური მოგება 12 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს არის მეტალურგიული და ენერგეტიკული კომპანია, რომელიც სავიტრის ქმარმა, ომომ პრაკაშ ჯინდალმა დააფუძნა. ჯინდალი ვერტმფრენის დაშვებისას გარდაიცვალა. სავიტრის ვაჟები, პრიტჰვარაჯი, საჯანი და ნავინი კომპანიაში საქმიანობენ, თუმცა, ნავინ ჯინდალი ინდოეთის პარლამენტის წევრია. ცნობილია, რომ ჯინდალების კომპანია მუდმივ კონფლიქტშია ინდოეთის გარემოს დაცვის სამინისტროსთან. სამინისტრო მიიჩნევს, რომ კომპანია ინდოეთის ეკოლოგიის დაბინძურების ხარჯზე ზრდის თავის კაპიტალს.
ებიგეილ ჯონსონი – 11,3 მილიარდი – „ფიდელიტი“
ებიგეილ ჯონსონი, მამასთან ერთად აკონტროლებს ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ კომპანიას, „ფიდელიტი ინვესთმენთს”. ებიგეილს ჰარვარდის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და პირველი ფინანსური ოპერაცია 1993 წელს განახორციელა. დღემდე უცნობია, თუ როგორ აქვთ გადანაწილებული აქციები ჯონსონებს, თუმცა ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ სწორედ ებიგეილი გახდება კომპანიის მემკვიდრე მამის გარდაცვალების შემთხვევაში.
ჟაკლინ მარსი – 10 მილიარდი – „მარსი”
ჟაკლინ მარსს შოკოლადის დედოფალს უწოდებენ. იგი ხელმძღვანელბს მსოფლიოში ყველაზე მსხვილ საკონდიტრო კომპანიას, რომლის გაყიდვები წლიურად 28 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2008 წელს კომპანიამ საღეჭი რეზინის მწარმოებელი კომპანია „ვრიგლი” შეიძინა და ამით მოგება უფრო გაზარდა. მსოფლიო ბაზარზე კომპანია „მარსის” ორი პროდუქტი საოცარი პოპულარობით სარგებლობს – შოკოლადის ბატონი – „სნიკერსი”, რომელსაც მარსებმა საკუთარი ცხენის პატივსაცემად უწოდეს ეს სახელი და შოკოლადის დრაჟე – „ემ ენდ ემსი”. ჟაკლინ მარსი ცნობილი ფილანტროპია.