რა დეტალები ფუჭდება თუ ძრავა ვერ ახერხებს ბოლომდე გადახურებას
ცივი ამინდები, ზამთარი, გრძელი წვიმიანი დღეები თავის დაღს ასვამს ავტომობილს და ამინდების შეცვლასთან ერთად, მას „გადარეფრეშება” სჭირდება. პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე ზამთრის შედეგად ავტომობილში გაჩენილ იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც აუცილებლად იჩენს თავს ამ პერიოდში.
მევლუდ მელაძე: უჩვეულოდ გრძელი ზამთრისა და ცივი დღეების შემდეგ, ავტომობილებმა ნელ-ნელა დაგროვილი გაუმართაობები და პრობლემები გამოამჟღავნეს. უპირველესად ეს გაგრილების სისტემაში გამოიხატება. როგორც კი სიცხეები დადგება კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობთ ამ ყველაფერს. მძღოლების დიდი ნაწილი შეატყობს, რომ ავტომობილში წყალი უჩვეულოდ მალე თბება; საცობებში და, აღმართებზე ტემპერატურა მაღლა იწევს და შემდეგ ისევ დაბლა ვარდება; წყლის ტემპერატურა არ არის სტაბილური, მერყეობს და ამას ვხვდებით ტემპერატურის მაჩვენებლით. ეს ნიშნავს, რომ თერმოსტატს პრობლემები აქვს. ასეთ გაუმართაობას ის ავტომობილი ავლენს, რომლის მძღოლსაც ზამთრის პერიოდში სისტემატურად უხდებოდა მოკლე მანძილებზე გადაადგილება. მათ კი, ვინც დიდხანს ამუშავებს ძრავას, ქალაქში მთელი დღე მანქანით სიარული ან ტრასაზე მოძრაობა უწევს მსგავსი პრობლემა ნაკლებად ექმნება. ეს არის იმ ავტომობილების პრობლემა, დილით რომ დაქოქავენ, მოკლე მანძილზე გადაადგილდებიან და ჩააქრობენ. ამ დროს ძრავა ვერ ასწრებს გადახურებას და თერმოსტატი მოქმედებაში ვერ მოდის.
– ეს ასე მნიშვნელოვანია?
– თერმოსტატი არის მოწყობილობა, რომელიც ავტომობილის გახურებიდან გამომდინარე, არეგულირებს წყლის დინებას და შესაბამისად, მის გაგრილებას არეგულირებს. იმ შემთხვევაში, თუ ძრავა იმ დონემდე არ გახურდა, რომ გაიღოს და დაიკეტოს, ეს მის ჩაკირვას იწვევს. დეტალს უჩნდება რაღაც ნალექები, რომელიც საერთოდ მის მწყობრიდან გამოსვლას იწვევს, ან ცუდად მუშაობს.
– ეს ნალექები სიცხეში არ შორდება როცა, თერმოსტატი ინტენსიურად მუშაობს?
– ის შექმნილია სპეციალური, ძალიან მგრძნობიარე ლითონით, რომელიც საოცრად რეაგირებს ტემპერატურაზე, მექანიკურად იღუნება, იკუმშება და იზრდება ზამბარა. ამის ხარჯზე ხდება გაღება და დაკეტვა. ნალექების შემთხვევაში კი, ის ამ სიზუსტით ვერ იმუშავებს. ასეთი დაწოლის შედეგად, ის შეიძლება, გაიღუნოს კიდეც. ავტომობილს დაქოქავთ, თუ ბევრი სიარული არ გიწევთ, წყალი სულ ოდნავაც რომ გათბეს, ხოლო თუ სრული დატვირთვით მოგიწევთ მისი მართვა, ტემპერატურის დონე მკვეთრად მოიმატებს. ეს ნიშნავს, რომ თერმოსტატი ოდნავ ღია პოზიციაშია გაჭედილი. ასეთ დროს, თუ ძრავა ცივია, ვერ ახერხებს ბოლომდე დახურვას და ძრავა მალე არ თბება, ასევე – პირიქით. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი ზამთრის პერიოდში კარგად გახურებას ვერ ასწრებდა და თერმოსტატის გაღება საერთოდ არ იყო საჭირო, ის შეიძლება, დახურულ მდგომარეობაში გაიჭედოს, როცა დათბება კი, აღარ გაიღოს. ამ დროს ძრავას დავქოქავთ და ის უჩვეულოდ მალე გათბება. ამიტომ, როგორც კი შეამჩნევთ, სულ პატარა ცვლილებასაც კი, გაგრილების სისტემაში ცივი ამინდების შემდეგ, გირჩევთ, ეს დეტალი ხელოსნებს გადაამოწმებინოთ, რათა ავტომობილს არ დაუზიანდეს იმაზე მეტი, რაც ზამთარს შეეძლო დაეზიანებინა.
– ხშირად აინტერესებთ მძღოლებს, უნდა დავცალოთ თუ არა წყლის სისტემა ანტიფრიზისგან?
– ანტიფრიზის და წყლის გამოცვლა ამ პერიოდში არანაირად არ არის საჭირო. ანტიფრიზი თავისი დანიშნულების შესრულებას განაგრძობს. თუ ზამთარში ყინვისგან იცავდა სისტემას, ახლა ის საჭიროა იმისთვის, ავტომობილმა უფრო მაღალ ტემპერატურას გაუძლოს და იოლად მოახერხოს გაგრილება. ანტიფრიზი სისტემას იმაში ეხმარება, რომ არ გაჩნდეს ნალექები და იგივე თერმოსტატი არ გაიჭედოს. ის ასევე უზრუნველყოფს წყლის პომპის შეზეთვას და მას წყლის გაჟონვისგან იცავს. კიდევ ერთი – ისეთი ამინდები იყო, რომ ბევრს, ალბათ, ჯერ კიდევ შემორჩა ავტომობილზე ზამთრის ან შერეული ტიპის საბურავი. რაც შეიძლება სწრაფად დააყენეთ ავტომობილზე ზაფხულის საბურავი, რადგან ზამთრისას ძალიან ცუდი მოჭიდება ექნება და სხვა რომ არაფერი, საკმაოდ საშიშიც არის. თუ არ გინდათ, საბურავი შოკოლადივით შემოგადნეთ ხელში, გამოცვალეთ. წვიმიანი ამინდების შემდეგ, კარგი იქნება, თუ სავალ ნაწილში ხელოსანს შეახედებთ. ხშირად დამცავი რეზინები დაზიანებულია ხოლმე და წყალი ახერხებს მთლიანად გამორეცხოს საპოხი მასალა ამა თუ იმ დეტალიდან, რაც სავალი ნაწილის დაზიანებას იწვევს.