რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს „მერსედესი ცე 280” 197 ცხენის ძალით, ახლობელს ჰყავს „ბეემვე 328” 193 ცხენის ძალით. გრძელ ტრასაზე გავასწრებ თუ არა „ცე 280-ით” „ბეემვე 328-ს“. მე ვფიქრობ, რომ „მერსედესით“ გავასწრებ. მაგრამ, მეუბნებიან, ვერ შეძლებო და რატომ ვერ უნდა გავასწრო?
პასუხი: ქარხანა-მწარმოებლის მონაცემებზე დაყრდნობით, „მერსედესი ცე 280” მხოლოდ 193 ცხენის ძალას ავითარებს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თქვენი ავტომობილი გარკვეული ცვლილებების შემდეგ, 197-ს ან მეტი ცხენის ძალასაც ავითარებდეს. რაც შეეხება – გაასწრებს თუ არა ის „ბეემვე 328”-ს, აქ ბევრმა ფაქტორმა შეიძლება, ითამაშოს გარკვეული როლი. თუნდაც, ისეთმა თითქოს და მცირე ფაქტორმა – მაგალითად, გიდევთ თუ არა თქვენ, ან თქვენს მეგობარს, დამხმარე საბურავი ავტომობილში, რომელიც შესაძლოა, სულ რაღაც 15 კილოგრამს იწონიდეს; თავად თუ ხართ მძიმე მეგობართან შედარებით ან პირიქით რა ზომის საბურავები აქვს თქვენს ავტომობილებს... აღარაფერს ვამბობ, თუ რა საწვავი გისხიათ და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებზე. ამ სიტუაციიდან ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნება, თუ თქვენს მეგობარს შეეჯიბრებით გრძელ ტრასაზე და გაარკვევთ, რომლის ავტომობილი უფრო სწრაფია.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ მონდეო”, 1993 წლის, რომელსაც ეგრეთ წოდებული „ვოზდუხამერი” გაუფუჭდა. მანქანას საგრძნობლად შეუსუსტდა გაწევა და გაცილებით მეტ საწვავს წვავს. იქნებ მითხრათ, არის თუ არა ისეთი ადგილი, სადაც ამ ნაწილს განვადებით შევიძენ და საერთოდ, რა ღირს ის? ამასთანავე, მაინტერესებს, საერთოდ შეიძლება თუ არა მანქანის მართვა, სანამ ამ დეტალს შევიძენ ან სხვა გზით მისი შერემონტება?
პასუხი: რაც შეეხება განვადებას ამა თუ იმ დეტალის შეძენისას, ის კეთდება ყველა დიდ მაღაზიაში, მათ შორის ქუთაისის ქუჩაზეც, სადაც ავტონაწილები იყიდება. ბანკის წარმომადგენლები იქ სხედან და ეს ძალიან მარტივი პროცესია. რაც შეეხება „ვოზდუხამერის” ფასს, სერიოზული განსხვავებებია ფასში იმის მიხედვით, თუ რა ფირმის ნაწილს იძენთ. კარგი ხარისხის „ვოზდუხამერი” საკმაოდ ძვირია. ამიტომ, ჩემი რჩევაა, ეს ნაწილი ელიავას ბაზრობაზე ეგრეთ წოდებულ „დაშლილებში” შეიძინოთ, სადაც მართალია, ნახმარ, მაგრამ, სამაგიეროდ, მანქანის ორიგინალ ნაწილს იშოვით, მით უმეტეს, რომ ამ ავტომობილის ნაწილები საკმაოდ ბევრია. რაც შეეხება, შეგიძლიათ თუ არა მანქანის მართვა ამ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ. გაფუჭებული „ვოზდუხამერი” სხვა არც ერთ დეტალს არ დააზიანებს, მაგრამ წვას სხვა ხერხებით ვერ შეამცირებთ. ეს ის ნაწილია, რომელიც კომპიუტერს საწვავისა და ჰაერის ნაზავის შესახებ ინფორმაციას აწვდის. რადგან ის გაფუჭდა, შესაბამისად, კომპიუტერიც არასწორად მუშაობს და უფრო დიდი რაოდენობით საწვავს აწვდის. ამიტომ, უმჯობესია, ეს დეტალი, რაც შეიძლება, მალე შეცვალოთ.