ვის გამო აქვს გულის ფანცქალები ვაჟა მანიას და რის გამო „ჩაქოლავენ“ ნანუკა გოგიჩაიშვილს ოჯახის წევრები
ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ვაჟა მანიამ ამერიკაზე მეოცნებე თინეიჯერის ასაკი გადალახეს და დღეს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე არიან. ოცნება აიხდინა თუ არა, ნანუკა თბილისში დაბრუნდა – მიხვდა, რომ მისი ადგილი აქ არის, ვაჟასთვის კი ამერიკა სახლია, სადაც აუცილებლად წავა და ძალიან ბევრს მიაღწევს.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ნანუკა გოგიჩაიშვილი
– „ჯეოსტარის” მერე, ალბათ, შეიცვალა შენი ცხოვრება. ახლა რა გეგმები გაქვს, რას აპირებ?
– ამ კონკურსმა მართლა საოცრად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ყველაფერი ნელ-ნელა წინ მიდის. სასწავლებლად ვიყავი წასული ცოტა ხნით, ბევრი სასარგებლო რამე ვისწავლე. ახლაც მინდა წავიდე და კიდევ უფრო მეტი ვისწავლო ანუ. ჩემი გეგმები ისევ სწავლაზეა აწყობილი.
– როგორ ხედავ საკუთარ თავს უცხო ქვეყანაში. თუნდაც ჯაზის ქვეყნებში? რა შეუძლია ერთ ქართველ ბიჭს, იქ გააკეთოს?
– ყველაზე კარგი თვისება, რაც მაქვს, ესაა კარგი ადაპტაციის უნარი. სადაც არ უნდა ჩავიდე, ყველგან იქაურობის ნაწილად ვგრძნობ თავს, თითქოს სახლში ვარ. იქაურ წესებსაც იოლად ვერგები, ადვილად ვიცვლი რაღაცეებს. თან ქართველი ვარ და თან – იქაური. არ მიჭირს სიახლესთან შეგუება. რაც შეეხება ამერიკას, ვერ დაადგა საშველი და ვერ მოვხვდი ამ ქვეყანაში, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ იქ ვიქნები როგორც თევზი წყალში. ამერიკასთან დაკავშირებით უზარმაზარი კოშკები მაქვს აგებული. ვგრძნობ, რომ ეს ქვეყანა მელოდება.
– ამერიკასთან დაკავშირებით ორი სიტყვა მინდა გითხრა: ეს არის ოცნებების ქვეყანა – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ამაში თვითონ დავრწმუნდი. თუ ოდნავ მაინც გაგიმართლა, უკვე ცაში ხარ, „ოსკარით“ ხელში წითელ ხალიჩაზე მიაბიჯებ, შენზე გიჟდებიან (იცინიან). თუ ხარ ნიჭიერი, აუცილებლად გიფასდება.
– ყოველთვის რთულია ევროპაში ფეხის მოკიდება. ამერიკაში რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ, მგონია, რომ იქაც რთულია, რადგან ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს და უფრო მეტი – ჩადის. წინასწარ ვერ ვიტყვი, რომ, ჩახვალ თუ არა, ფრთებს გაშლი და – მორჩა, შენია ამერიკა. ერთადერთი, ბავშვობიდან მგონია, რომ ეს ჩემი ქვეყანაა, ვგრძნობ, რომ იქ არის ჩემი ადგილი, იქ უნდა ვიყო, მელოდება. შენ ხომ იყავი, მართლა ასეთია?
– ნახევარ წელიწადზე ცოტა მეტხანს ვიყავი და დავრწმუნდი, რომ იქ შრომა ფასდება. ერთი-ორი თვე ვშრომობდი და ამ შრომამ ეგრევე გამოიღო შედეგი. აგვისტოში ჩიკაგოში ჩემი რეკლამები გამოვა. როგორც ნიუ-იორკშია ყვითელი ტაქსები, ისე ჰყავთ ცისფერი ტაქსები ჩიკაგოში და ამ ფირმის სახე გავხდი ისე, რომ საერთოდ არაფერი გამიკეთებია ამისთვის. უცებ დამიკავშირდნენ და მითხრეს: „გოგონი, თქვენ გიღებთ“. „უი, მართლა? რა მაგარია!“ – ასე უცებ მოხდა ყველაფერი. ორ დღეში გადამიღეს ფოტოები, მშვენიერი ანაზღაურებაც მომცეს და წამოვედი. ამერიკული ჟურნალის „ესქვაიერდის” ასი ყველაზე სექსუალური ქალბატონის სიაში მოვხვდი. ოღონდ, მართლა ისე მოხდა ეს, რომ, ამერიკაში სახლში მეძინა, საქართველოდან ბებიაჩემი მირეკავს, გაიღვიძე ჟურნალისტები დაგირეკავენო (იცინიან). ერთს მივხვდი – იქ ყველაზე მნიშვნელოვანი შრომაა. ბევრისგან გამიგია: ეს იმაზე ლამაზია და არ გაუმართლაო, ან, რაღაც მსგავსი, მაგრამ, ასე არ არის, თუ იშრომებ, აუცილებლად გამოვა.
– ყველაზე მეტად, იცი, რა მომწონს? მათი ცხოვრების რიტმი, გიჟებივით რომ დაქრიან ქუჩებში „სტარბაქსის” ყავის ჭიქებითა და ქაღალდის პარკებით ხელში. მგონია, რომ არასდროს მომბეზრდება ეს ქაოსი.
– ზუსტად ასე ვიყავი, ფილმში მეგონა საკუთარი თავი: გავიქეცით, პარკინგის ადგილს ვერ ვპოულობ... – „ძაან ფილმში” ვიყავით.
– ეგრე ვიყავი ზუსტად ლონდონშიც – აი, დილით რომ სადღაც გარბიხარ, არაფერში არ გჭირდება ეს ყავა, მაგრამ, იქ ეს უკვე ცხოვრების წესია – აუცილებლად ყავის ჭიქით ხელში უნდა გავარდე საქმეზე; ამაშია მთელი „მუღამი”, გზაში რომ იცვამ ქურთუკს. ხანდახან დამიფიქსირებია, რომ, არ მეჩქარებოდა, მაგრამ, ტემპი იმდენად მაღალია ქუჩაში, ისე გარბის ყველა სადღაც, რომ ჩემდა უნებურად ავჩქარებულვარ.
– თბილისში რომ გაწკეპილი გადიხარ გარეთ, იქ ეს არავის აინტერესებს, შეიძლება ხალათითა და ჩუსტებით გამოხვიდე ქუჩაში. ისე, ჩაცმის კულტურა საერთოდ არ აქვთ. იცი, როგორი მაღაზიებია ამერიკაში?! იყიდება პულოვერი, ნაქსოვი, იმიტომ, რომ გცივა და პულოვერი საჭიროა. ის რომ, აი, სხვანაირი, უფრო ლამაზი ან მოდაში რომელიც არის, ისეთი მინდა – მათთვის მსგავსი ცნებები არ არსებობს. დავუბრუნდეთ კითხვებს, აუცილებლად უნდა გკითხო პირად ცხოვრებაზე. სიმპათიური ბიჭი ხარ, უამრავი თაყვანისმცემელი გყავს და, გოგოები მიმახრჩობენ, რომ არ გკითხო.
– და, პასუხით რომ მიიხრჩობიან?!
– (იცინიან) ააა, უკაცრავად, დაგვაშანტაჟე უკვე! ხშირად ამბობენ, რომ პირადი ცხოვრება და საქმე ერთმანეთს ხელს უშლის. ასეა?
– არა, ასეც არაა. ჩემი აზრით, ეს გარკვეული სტიმულიცაა საქმეში. საერთოდ, სიყვარული არავის ეკითხება დროსა და ადგილს. შეიძლება, ახლაც კი, როდესაც წასვლას ვგეგმავ, მაინც დავიწყო სერიოზული ურთიერთობა – ხომ შეიძლება ისიც წამოვიდეს?!
– ნუ არიდებ პასუხს თავს, პირდაპირ მითხარი, არის შენს ცხოვრებაში ვინმე?
– ახლა ჩემი გული თავისუფალია.
– ისე ამბობ, აშკარად ვიღაც მოგწონს.
– ახლა, ასე სულ მომწონს ვიღაც, შანსი არ არის, სხვანაირად ვერ ვიცხოვრებ. ცარიელი ვერ ვიქნები. რაღაცა პატარამ მაინც ყოველთვის უნდა შეგავსოს. თუმცა, ვერც ერთ ამ ურთიერთობას სერიოზულ სახელს ვერ ვარქმევ. გულის ფანცქალი და რაღაცეები კი საჭიროა.
– კი, აუცილებელია ადამიანი, ვისთვისაც გამოიპრანჭები, ფორმაში ხარ. ათი წლის შემდეგ როგორ ხედავ საკუთარ თავს?
– ყველა ვარიანტში ვარ ნიუ-იორკში. წყალი რომ არ გაუვა, ისე უნდა ვიყო ამერიკაში, ოკეანეს გადავცურავ, სხვას თუ ვერაფერს მოვახერხებ. იმედი მაქვს, სიმღერაშიც რაღაცას მივაღწევ, რადგან ამ საქმეში საკუთარ თავს არ ვზოგავ. თავს გადავდებ იმისთვის, რომ იქ რაღაცას მივაღწიო. მინდა, რომ გამიმართლოს.
– შენ ისეთ სამუსიკო სკოლაში მიდიხარ, რომ აუცილებლად გაგიმართლებს.
– დავამთავრებ ბერკლის, გამოჩნდება პროდიუსერი და საქართველოს კონცერტებს აღარ მოვაკლებ...
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ვაჟა მანია
– მითხარი, მართლა ასე იოლად უმართლებთ ადამიანებს ამერიკაში?
– კი, დავრწმუნდი. დოლარიან „მაკდონალდსში” ისეთი ვიღაც შემოვიდოდა, რომელიც დაგინახავდა და, შეიძლება, შენი ცხოვრება თავიდან ბოლომდე ამოეტრიალებინა. ზუსტად ასე, „მაკდონალდსის” რიგში ვიდექი, მოვიდა პროდიუსერი, მომცა სავიზიტო ბარათი და წავიდა. უამრავი სავიზიტო ბარათი მქონდა, ასე ქუჩაში მოჩეჩებული, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ სააგენტოში არ ვყოფილვარ. სამწლიანი კონტრაქტი ყველაზე ცნობილ სააგენტოსთან – „ელიტთან” მაქვს და აგვისტომდე მაქვს დრო, რომ კონტრაქტს ხელი მოვაწერო. უმაგრესი ქვეყანაა, მართლა.
– მაგრამ, შენ ახლა იქ არ ხარ. რატომ ჩამოხვედი?
– არ ვიცი, ჯერ არ მივდივარ. ალბათ, ამერიკაში უფრო ტურისტად თუ წავალ, სამი-ოთხი თვე დავრჩები და ჩამოვალ. ამ კონტრაქტს თუ ხელს მოვაწერ, სამი წლით ისე უნდა წავსულიყავი, რომ ევროპაშიც კი ვერ ჩამოვიდოდი. მაიამი, ჩიკაგო, ლას-ვეგასი და ნიუ-იორკი – ამ სააგენტოს აქ აქვს მსხვილი წარმომადგენლობები. ოჯახმაც იცოდა, ყველამ, მილოცავდნენ, მაგრამ, არ წავედი. აგვისტომდე ჩემი მშობლები და სააგენტო ელოდებიან, რომ მოვიფიქრებ და ხელს მოვაწერ, მაგრამ, არა მგონია.
– სამი წელი ძალიან ცოტა დროა.
– მართლა?! არადა, ჩემთვის ძალიან ბევრია. ჩემს ცხოვრებას ვერ ვხედავ იმ ქვეყანაში და რა ვქნა! მიკვირს, ახლა ჩემი პირით ამას რომ ვამბობ – მეოჯახე თუ რაღაც ეგეთი გამოვდექი... (იცინიან).
– გათხოვებას აპირებ?
– არა, რას ამბობ! ღმერთმა დამიფაროს, ჯერ რა დროს გათხოვებაა!
– მაშინ, ვიღაც გაჩერებს.
– არა, არავინ არ მაჩერებს. სიმართლე გითხრა?! იცი, რისი მეშინია? მიწისძვრები და რაღაცეები რომ ხდება. ორჯერ იყო ტორნადო თუ რაღაც ეგეთი საშინელება იქ ყოფნის დროს. ჩემმა მეგობარმა მითხრა, ტორნადო მოდის და, სადღაც უნდა შევძვრეთ და დავიმალოთო – მიწისქვეშა სახლებში თუ სადღაც. თან, რომ ხედავ, რა სახლში ცხოვრობ, გული გეპარება. გარედან ყველა სახლი ულამაზესია შიგნიდან კი თითის მიდებაზე იღუნება – „ფანერკის” თუ რაღაც ეგეთი მასალისგანაა აშენებული. ტელევიზორში რომ ხედავ, ისე მოემართება ამხელა ქარბორბალა ტრიალით. უკვე ყველას ვემშვიდობებოდი. ორჯერ აუარა გვერდი ტორნადომ იმ ადგილს, სადაც ვიყავი. იმდენი ვილოცე, ალბათ, ამან გვიშველა.
– მართლა მიწისძვრების გამო არ მიდიხარ?
– რა ვქნა, მეშინია, მეორედ მოსვლის მეშინია. გეხვეწები, ნუ დამცინი რა, მართლა მეშინია.
– რომ წახვიდე და, თუ მეორედ მოსვლა დაიწყო, დაბრუნდე – არა?
– კარგი რა, ნუღარ მიტევ! მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება იყო ამერიკა. ჩავედი, დავინახე, რა და როგორ იყო, მივხვდი, რომ ეს არის საოცარი ქვეყანა, მაგრამ იქ ჩემი ადგილი არ არის. აქ ცხოვრება მომწონს, კარგად ვგრძნობ თავს.
– შენი პროფესიის მხრივაც მოგწონს აქ?
– მოდელობას გულისხმობ?! ამას, მაინც, როგორც გატაცებას, ისე ვუყურებ. თუ მაღალი ანაზღაურება გინდა, ბევრი შრომით აქაც შეგიძლია, აიღო. რა თქმა უნდა, ამერიკას არ შეედრება, მაგრამ, მოდი, რუკაზეც შევადაროთ მასშტაბი და ისიც, თუ რა პირობებში ამუშავებენ იქ მოდელებს. სამსახური-ძილი, სამსახური-ძილი... – ცხოვრება არ აქვთ. აგროვებენ ფულს, ასაკში შედიან და მერე იწყებენ ცხოვრებას.
– ჩემი აზრით, კონტრაქტს ხელი მაინც უნდა მოაწერო. ჯობია, ინანო იმაზე, რაც გააკეთე, ვიდრე იმაზე, რაც არ გააკეთე.
– არ ვიცი, არ მგონია. ამ კონტრაქტს ხელს, ალბათ, არ მოვაწერ. არ მაქვს საჭიროება, რომ დავტოვო ყველაფერი და წავიდე. მაქვს ჩემი შემოსავალი, მშობლებიც მეხმარებიან. 14 წლის ასაკიდან ვმუშაობ და დავიღალე, მინდა, ცოტა გავერთო, სხვა რაღაცეები ვაკეთო.
– კარგი, მითხარი, რისი კეთება გინდა აქ?
– ვიქნები ტელეწამყვანი... მოკლედ, ვიზამ რაღაცას. ამერიკა ჩემთვის იყო დაუპყრობელი ვარსკვლავი. მივაღწიე ამას: მოდი, გოგონი, იცხოვრე, იმუშავე, რაც გინდა, ქენი და – უი, მადლობა, არ მინდა! – ასე დამემართა.
– შენზე ამბობენ, დაბალი ბიჭები მოსწონსო.
– მართლა ასეთები მომწონს. ამ ბოლო დროს კალათბურთზე სიარული დავიწყე – ვერთობი, ბევრ მეგობართან ერთად მივდივარ და მსიამოვნებს გულშემატკივრობა. ეგრევე დაიწყეს ლაპარაკი – ეტყობა, ვიღაც კალათბურთელი მოსწონსო. არა! ყველა ჩემმა მეგობარმა იცის, რომ, ვინ-ვინ და, შანსი არ არის, კალათბურთელი მომეწონოს. დაბალი ბიჭები მომწონს. სახლში საშინლად ჩამქოლავენ ამის გამო, მაგრამ, რა ვქნა.
– მე მაღალი ვარ თუ დაბალი?
– მაღალი ხარ, საშუალოდ მაღალი. კალთბურთელები რაღაც ზედმეტად, გაწელილად მაღლები არიან. ახლა დავიწყე თამაშებზე სიარული. ზოგადად, საშინლად აზარტული გავხდი, ვინც აგდებს, ყველასკენ ვარ. სულ „მიდი, მიდის“ ვყვირი. ვიღაცეები მეუბნებიან – გოგონა, დამშვიდდითო. ფარის ზემოთ ქულები რომ ეწერება, მეგონა რომ ეს დრო იყო (იცინიან). ამის გამო ბევრი დამცინეს.
– არის ვინმე დაბალი ბიჭი შენს ცხოვრებაში?
– არა. როგორც ჩანს, დაბალი ბიჭის პოვნაც პრობლემაა. ვგიჟდები ემინემზე, თუ გინდა ბევრი დამცინე, მაგრამ, ძალიან მინდოდა, სადმე მენახა. ბედის ირონია არ გინდა?! ჩავედი თუ არა ამერიკაში, ლას-ვეგასში ვიყავი და მეორე დღესვე, ასე, ქუჩაში, პირდაპირ შემეჩეხა ბექჰემი. ოღონდ, იცი როგორ?! – „დათო, გამარჯობა, როგორ ხარ?.. (იცინიან) ვიკა მომიკითხე“. აი, დათო იყო უკვე ჩვენთვის, ოჯახში გვყავდა. ემინემი კი ვერ ვნახე. ნიუ-იორკში ვიყავი, ისიც იქ იყო, მაგრამ, ეს მერე გახმაურდა, მალავენ ხოლმე ვარსკვლავების ადგილსამყოფელს.
– რომ ნახავ, რას იზამ?
– არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, გული წამივა, ალბათ...