კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო არ წაიყვანა ანტონიო კასანო მსოფლიოს ჩემპიონატზე მარჩელო ლიპიმ და რა აკავშირებს მას მსაჯების გახმაურებულ სკანდალთან

რთულია, წარმოიდგინო თანამედროვე იტალიური ფეხბურთი ანტონიო კასანოს გარეშე, რომელიც, მრავალი საფეხბურთო ექსპერტის აზრით, იტალიურ ფეხბურთში ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც თამამად შეიძლება ეწოდოს „სუპერ-ვარსკვლავი“. მისი რთული ხასიათის შესახებ ლეგენდები დადის და სწორედ მის „მეამბოხე” იმიჯს აბრალებენ ხშირ მოგზაურობას კლუბიდან კლუბში. ამჯერად ანტონიო კასანოს შესახებ ცნობილ 10 ყველაზე გახმაურებულ სკანდალურ ფაქტს მიმოვიხილავთ, მით უმეტეს, რომ სულ ახლახან მან „მილანთან” ერთად იტალიის ჩემპიონობა იზეიმა.

* ჯერ კიდევ მშობლიური „ბარის” რიგებში თამაშის დროს, ანტონიო სკანდალური ქრონიკების ხშირი მონაწილე იყო. მას ხშირად აჯარიმებდა პოლიცია ავტომობილის მოწმობის გარეშე მართვის გამო. ის ხშირად სეირნობდა ქალაქში მოტოროლერით, დამცავი ჩაფხუტის გარეშე. გარდა ამისა, კასანო ხშირად იღებდა მონაწილეობას ღამის უკანონო რბოლებში, ბარის და, შემდგომ, უკვე, როდესაც დედაქალაქურ „რომაში” გადაბარგდა რომის ქუჩებში, რის გამოც ასევე ჯარიმდებოდა პოლიციის მხრიდან.

* 2001 წლის მარტში, რუმინელებთან თამაშამდე ცოტა ხნით ადრე, იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა, კლაუდიო ჯენტილემ, თავდასხმის ხაზში ჩიპრიანი-ბონაცოლის წყვილის დაყენება გადაწყვიტა, რამაც კასანოს უკმაყოფილება გამოიწვია. განაწყენებულმა ფეხბურთელმა მყესების ტრავმა მოიმიზეზა და სახლში დაბრუნდა, თუმცა, სამედიცინო შემოწმებას არანაირი ტრავმა არ უჩვენებია. ამბობენ, რომ თამაშამდე კასანო მაღალ ხმაზე ეკამათებოდა ჯენტილეს და ნაკრებში სასტარტოში დაყენებას ითხოვდა, მაგრამ მწვრთნელმა მას არ უსმინა და კასანომ ნაკრები დატოვა. პრესისთვის კი, მან სპეციალურად შეთხზა ტრავმის ისტორია.

* 2001 წლის ზაფხულში ანტონიო კასანო 30 მილიონ დოლარად პროვინციული „ბარიდან” „რომაში” გადავიდა, სადაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფაბიო კაპელო მუშაობდა. კასანოს თავიდანვე არ აეწყო ურთიერთობა კაპელოსთან: იგი სისტემატურად და უმიზეზოდ აცდენდა ვარჯიშებს; ხანდახან, უკმაყოფილო კაპელოს შენიშვნის გამო, ვადაზე ადრე ტოვებდა კლუბის ბაზას და თითქმის არ იცავდა რეჟიმს.

* 2002 წელს მადრიდის „რეალთან” თამაშამდე ერთი დღით ადრე, ფაბიო კაპელომ ანტონიო კასანო იმის გამო დააჯარიმა, რომ მან სადილის დროს არ გამორთო მობილური ტელეფონი. ამას, შეიძლება, დაემატოს კასანოს „ხულიგნური” ქცევები არბიტრების მიმართ. ყველაზე გახმაურებული ფაქტები შვეიცარიელ ურს მაიერსა და იტალიელ რობერტო როზეტის უკავშირდება. შვეიცარიელი მსაჯი კასანომ მკაცრად გააკრიტიკა და მეტოქე გუნდისთვის ხელის შეწყობაში დაადანაშაულა. ხოლო როზეტის, თამაშის მსვლელობის დროს, კასანომ „რქები დაადგა“ (უკნიდან მიეპარა და საჩვენებელი თითებით რქების იმიტაცია გააკეთა როზეტის თავზე). ამ ქმედებების გამო კასანოს იტალიის საფეხბურთო კავშირმა ფულადი ჯარიმები გამოუწერა.

* 2004 წლის სექტემბერში, „რომა”-„ფიორენტინას” მატჩის დროს, კასანომ ფლორენციელ კიელინის უხეშ თამაშზე უხეშობით უპასუხა და სახის არეში იდაყვი უთავაზა. მსაჯმა უმალ გააძევა კასანო მოედნიდან, ხოლო „რომას” მაშინდელმა მწვრთნელმა, გერმანელმა რუდი ფიოლერმა, ამ ინციდენტის გამო კასანო მომდევნო, ჩემპიონთა ლიგის კიევის „დინამოსთან” გასამართი მატჩის განაცხადიდან ამოიღო. ამ თამაშამდე ფიოლერმა და კასანომ სერიოზულად იჩხუბეს და ანტონიომ მწვრთნელს „ბინძური ფრიცი” უწოდა.

* კასანოს კლუბის ხელმძღვანელობასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა. ყველაზე გახმაურებული კონფლიქტი მას „რომას” მფლობელთან – ფრანკო სენსისთან მოუვიდა, რომელმაც იგი „ბარიდან” იყიდა. სენსი და კასანო ხშირად კამათობდნენ და პერიოდულად არც კი ურთიერთობდნენ. ერთხელ „რომას” ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომში პატივცემულმა ბრუნო კონტიმ, კასანოს სთხოვა, რომ სენსისთვის ბოდიში მოეხადა და შერიგებოდა, რაზეც ძალზე უხეში პასუხი მიიღო: „დამიჩოქე და ამის შემდეგ გადავწყვეტ, მოვუხადო ბოდიში სენსის თუ არა”. ამბობენ, რომ ამ ინციდენტის შემდეგ საბოლოოდ გაფუჭდა ურთიერთობა კასანოსა და „რომას” სიმბოლოს – ფრანჩესკო ტოტის შორის.

* 2006 წლის ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს, კასანოს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ აღარ გააგრძელებდა კონტრაქტს „რომასთან” და მშვიდად დაელოდებოდა თავისუფალი აგენტის სტატუსს, თუმცა, მისით მადრიდის „რეალი” დაინტერესდა და ყოვლისშემძლე ფლორენტინო პერესმა იტალიელი ვარსკვლავი მადრიდულ გრანდში გადმოიყვანა. კასანოს წარდგენის ცერემონიალზე პერესმა შემდეგი სიტყვა წარმოთქვა: „ანტონიო კასანო „რეალის” მომავალია და იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაიცავს კლუბის ღირსებას“. გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ პერესმა დატოვა კლუბის ხელმძღვანელის პოსტი, ხოლო კასანოს მადრიდული კარიერა არ აეწყო.

* მადრიდის „რეალში” კასანოს ისევ ფაბიო კაპელოსთან მუშაობა მოუწია. მადრიდში მას სერიოზული კონკურენცია ელოდა რაულის, რონალდოსა და რუუდ ვან ნისტელროის სახით. საბოლოოდ კი, მოხდა ისე, რომ კასანომ ვერ გაუძლო კონკურენციას და დროის უმეტეს ნაწილს მასავით სათადარიგო ფეხბურთელებთან ლაპარაკში ატარებდა, მუსიკას უსმენდა. ერთ-ერთი მატჩის დასრულების შემდეგ კასანომ კაპელოს განუცხადა: „მე ვიმსახურებ ადგილს ძირითად შემადგენლობაში, შენ ხარ უნამოსო ადამიანი, „რომაში” მუშაობის დროს მე ბევრჯერ დაგიდექი გვერდში, შენ კი ასე მექცევი. ნამდვილი არარაობა და ჭკუიდან გადასული მოხუცი ხარ”. ამ სიტყვების შემდეგ კაპელომ მოითხოვა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ფეხბურთელი ვარჯიშებიდან ჩამოეშორებინათ, რაც დაკმაყოფილდა კიდეც.

* მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ანტონიო კასანო ვერ ხვდებოდა მუნდიალზე წამსვლელთა სიაში. მარჩელო ლიპიმ კასანოს არწაყვანა მის რთულ ხასიათს დააბრალა, ხოლო კასანომ ლიპის საპასუხოდ სულელი უწოდა და, სამხრეთ აფრიკაში წასვლის ნაცვლად, ქორწილი გადაიხადა.

* უკანასკნელად ანტონიო კასანომ თავისი ხასიათი გენუის „სამპდორიის” პრეზიდენტთან, რიკარდო გარონესთან გამოამჟღავნა: გარონემ უკმაყოფილება გამოხატა, რომ კასანო „ვერცხლის გოლის” დაჯილდოების ცერემონიალზე არ გამოცხადდა. ფეხბურთელმა არგამოცხადება იმით ახსნა, რომ, გადაწყვიტა, თავისუფალი დრო თავისი ფეხმძიმე მეუღლისთვის დაეთმო. ამ ფაქტმა „სამპდორიის” ხელმძღვანელობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და, საბოლოოდ გადაწყდა, რომ შფოთისთავ კასანოს კლუბის რიგები უნდა დაეტოვებინა. 2011 წლის იანვარში ანტონიო კასანო „მილანში” ჩაირიცხა, სადაც წლევანდელი „სკუდეტო“ მოიგო, თუმცა, ამ პერიოდმა მნიშვნელოვანი სკანდალების გარეშე ჩაიარა.

ფეხბურთის ექსპერტების აზრით, „მილანის” ხელმძღვანელობამ ჯერაც არ იცის, როგორი „მეამბოხე სული” მიიყვანა გუნდში ანტონიო კასანოს სახით.


скачать dle 11.3