ბრილიანტები ვარსკვლავებისთვის
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის თანაშემწემ, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა – ალენ ბოგოსიანმა, სხვა ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად, გროზნოში, „აჰმატ კადიროვის” სახელობის სტადიონის გახსნის საზეიმო ცერემონიალისთვის მიძღვნილ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამ ნაკრებმა რამზან კადიროვის მეგობრისგან დაკომპლექტებულ გუნდთან 2:5 წააგო. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ბოგოსიანის ვიზიტი გროზნოში არ იყო შეთანხმებული საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან, თუმცა, ეს ფაქტი თავად ექსფეხბურთელისთვის პრობლემა არ არის, რადგან მას ორდღიანი შვებულება ჰქონდა და ვიზიტი კერძო ხასიათს ატარებდა. „გროზნოს მატჩს ჰუმანიტარული დატვირთვა ჰქონდა და ამიტომაც გადავწყვიტე, მასში მონაწილეობა”, – აღნიშნა ბოგოსიანმა, რომელიც წარმოშობით სომეხია და ამაყობს თავისი წარმომავლობით. სხვათა შორის, გავრცელდა ცნობა, რომ თითოეულმა ვარსკვლავმა, მათ შორის – დიეგო მარადონამ, ლუიშ ფიგუმ და ფაბიენ ბარტეზიმ, მატჩში მონაწილეობისთვის საჩუქრად ბრილიანტებით გაწყობილი მაჯის საათები მიიღეს, თითოეულის ფასი 70-110 ათასი ევროს ფარგლებში მერყეობდა. ფულადი ანაზღაურება კი დაწყებული 200 ათასი ევროდან მილიონ ევრომდე იყო გამოყოფილი.