ექიმის რჩევები
კითხვა: გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ განვიკურნო ქუსლებზე გაჩენილი ნახეთქებისგან, რა იწვევს ამ ავადმყოფობას?
პასუხი: ქუსლების დახეთქვა დაავადება კი არა, სიმპტომია, რომელიღაც სხვა დაავადების ნიშანი. იგი ხშირად თან სდევს შაქრიან დიაბეტს, იოდის ცვლის დარღვევას, სოკოვან დაავადებას. გირჩევთ, გაიაროთ კონსულტაცია თერაპევტთან, რომელიც დაადგენს, სახელდობრ, რა შეიძლება იყოს თქვენი ჩივილის მიზეზი. ნახეთქების მოსაშორებლად საუკეთესო გზა, ადგილობრივ მკურნალობასთან ერთად, სწორედ მიზეზისგან განკურნება იქნება.
კითხვა: ჩემს 15 წლის ვაჟს საჯდომსა და ბარძაყებზე ჩირქოვანი გამონაყარი აქვს, რასაც ძალიან განიცდის. მკურნალობაა საჭირო, თუ ეს გარდატეხის ასაკის ბრალია და თავისთავად გაუვლის?
პასუხი: გარდატეხის ასაკი მოზარდის ცხოვრების ის პერიოდია, როდესაც მის ორგანიზმში მართლაც მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს. ეს ცვლილებები ეხება თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემას, რომლებიც მუშაობის ახლებურ რეჟიმზე, ახალ რიტმზე გადადის. გამონაკლისი არც კანი გახლავთ. ყოველივე ამას კი საფუძვლად უდევს ჰორმონული ძვრები.
ასეთი მოვლენები გარდატეხის პერიოდის დასრულებისთანავე უკუვითარდება. გამონაყარი დროდადრო უთუოდ უნდა დამუშავდეს ბრილიანტის მწვანით. არსებობს ანტიანთებითი და ანტიბაქტერიული მოქმედების უამრავი საცხი, რომელთა მეშვეობითაც თავიდან აიცილებთ გამონაყარის გავრცელებას კანის ჯანსაღ ნაწილზე. გარდა ამისა, გირჩევთ, მოზარდს კალციუმის ქლორიდის 10-პროცენტიანი ხსნარი და რომელიმე პოლივიტამინი ასვათ.
კითხვა: ბოლო დროს მეტისმეტად გამიხშირდა თავის ტკივილი. ციტრამონი და ანალგინი აღარ მშველის. ეგებ მირჩიოთ უფრო ძლიერი საშუალება.
პასუხი: თავის ტკივილი ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესის მანიშნებელია. ეს სიმპტომი უამრავ დაავადებასა და მდგომარეობას ახასიათებს. განმეორებითი თავის ტკივილი ხშირად დეპრესიულ მდგომარეობას, ძილის დარღვევას, გადატანილ ტრავმას და სხვა ასეთ მიზეზებს უკავშირდება. ნუ ეცდებით ტკივილის მოხსნას გამაყუჩებელი პრეპარატებით, აუცილებლად მიმართეთ ნევროლოგს. ნევროლოგი მოგისმენთ და საჭირო გამოკვლევებს დაგინიშნავთ. ჩვეულებრივ, ასეთ დროს ტარდება თავის ტვინის სისხლძარღვთა გამოკვლევა: ელექტროენცეფალოგრაფია, ტომოგრაფია. დროულად დანიშნული ეფექტური მკურნალობა აგაცილებთ უსიამოვნო სიმპტომებს.
კითხვა: ვარ 45 წლის. ოთხი წელია, მარცხენა სათესლე ჯირკვალი საგრძნობლად მაქვს ჩამოგრძელებული და შიგნიდანაც და გარედანაც დაძარღვული. ეგებ მითხრათ, რა ჰქვია ამ დაავადებას და ექიმთან მიუსვლელად თუ შეიძლება მკურნალობა?
პასუხი: თქვენი მონათხრობის მიხედვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სათესლე ჯირკვლის პათოლოგია გაწუხებთ. ეს შეიძლება იყოს ვარიკოცელე ან საზარდულის თიაქარი. ნებისმიერ შემთხვევაში, უროლოგის კონსულტაცია დაგჭირდებათ. გარწმუნებთ, ექიმთან მიუსვლელად ამ პათოლოგიების მკურნალობა შეუძლებელია. ნუ მოეკიდებით ზერელედ საკუთარ ჯანმრთელობას, გირჩევთ, დროულად დააზუსტოთ დიაგნოზი.
კითხვა: ვარ 33 წლის. ოპერაციის შემდგომ (ამოკვეთილი მაქვს ორივე საკვერცხე) დამეწყო წამოხურება, ალები. ასეთმა მდგომარეობამ საშინელ დეპრესიაში ჩამაგდო. ექიმმა დამინიშნა კლიმადინონი. გთხოვთ, ამიხსნათ, რამდენად საზიანოა ადრეული კლიმაქსი ორგანიზმისთვის, რა უარყოფითი შედეგებია მოსალოდნელი და როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა. შეიძლება თუ არა ასეთ ვითარებაში სრულფასოვანი სქესობრივი ურთიერთობა?
პასუხი: ასეთი ოპერაციის შემდეგ ქალისთვის აუცილებელია გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია. ეს სპეციალისტი მოაწესრიგებს ჰორმონულ ბალანსს – სწორედ მისი დარღვევაა ყველა თქვენი უსიამოვნების მიზეზი. პოსტოპერაციული კლიმაქსი ორგანიზმში უეცარ ფუნქციურ ცვლილებებს იწვევს, ხოლო თუ ჰორმონული დისჰარმონია დიდხანს გაგრძელდა, ფუნქციურმა დარღვევებმა შეიძლება ორგანულ პათოლოგიებს დაუდოს სათავე. სასქესო ჰორმონების დონეს უკავშირდება სრულფასოვანი სქესობრივი ურთიერთობის შესაძლებლობაც. ასე რომ, დროულად მიმართეთ ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგს.
კახა ჯანაშია