როგორ ვითარდება ინსულტი და ვის ემუქრება ის
ინსულტი, ანუ ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ძალიან საშიში დაავადებაა. ის მოულოდნელად და სწრაფად ვითარდება. ჟანგბადის გარეშე დარჩენილი ტვინის უჯრედები უმოკლეს დროში იღუპება, ამიტომ პაციენტი კარგავს კოორდინაციას, მეტყველების უნარსა და მეხსიერებას. იმისთვის, რომ გაიგოთ, გაქვთ თუ არა მიდრეკილება ამ საშიში დაავადების მიმართ, რამდენიმე მომენტზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, ყველაზე მთავარი კი ამ დროს არტერიული წნევაა. თუ ზედა ზღვარი 150-ს აჭარბებს, ქვედა კი 120-ს აღწევს, ეს უკვე სერიოზული რისკის ფაქტორია. ჰიპერტენზიის ფონზე მცირედი ფიზიკური დატვირთვა ან ძლიერი ემოციური განცდაც კი სერიოზულ თანმდევ გართულებებს იწვევს.
შაქრიანი დიაბეტი და სისხლში ქოლესტერინის მომატებაც რისკის ფაქტორებია, სიგარეტი კი ზრდის ინსულტის განვითარების რისკს. აქ გასათვალისწინებელია მემკვიდრეობითი ფაქტორიც. ზოგჯერ ინსულტის გამომწვევი მიზეზი კისრის ოსტეოქონდროზი ხდება. ამ დროს ფირფიტის ბირთვი სისხლძარღვებსა და ნერვულ დაბოლოებებს აწვება, იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას და შედეგად ფერხდება ტვინის უჯრედების ჟანგბადით მომარაგება.
მოსალოდნელი დაავადების პირველი სიმპტომია პერიოდულად დაწყებული ძლიერი, უმიზეზო თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. შესაძლოა, იგრძნოთ სახის ერთი ნაწილის, ხელის, ენის ან ტუჩის დაბუჟება, თვალების ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, წონასწორობის დაკარგვა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ადამიანები მსგავს ჩივილებს არ აქცევენ სათანადო ყურადღებას და ტკივილს აბებით ახშობენ. წამლები ხსნის სისხლძარღვების სპაზმს, მაგრამ პათოლოგიური პროცესი რჩება და ავადმყოფობა პროგრესირდება.
ინსულტის მკურნალობა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. აუცილებელია პროფილაქტიკა.
თუ თავის ტკივილს უმიზეზოდ უჩივით, არტერიული წნევაც ხშირად თამაშობს, აუცილებლად მიაკითხეთ შესაბამის სპეციალისტს და თავიდან აიცილეთ ინსულტის საფრთხე.