რა ტიპის გართობა ეკრძალებათ მორწმუნეებს და რას განასახიერებს ბანქოზე გამოსახული სიმბოლოები
ადამიანების დიდ ნაწილს ძალიან უყვარს აზარტული თამაშები; ასევე, მათი უმეტესობა დროს ხშირად გართობაში ატარებს. იმის შესახებ, თუ როგორია ამ საკითხის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება, გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი).
– მამა საბა, როგორია ეკლესიის დამოკიდებულება აზარტული თამაშების მიმართ, ამ საკითხშიც თუ არის ზომიერების დაცვა მნიშვნელოვანი?
– მართლმადიდებლური ეკლესია ყველაფერში ზომიერების დაცვას გვასწავლის: ლოცვაში, ყოფით ცხოვრებაში, ადამიანებთან ურთიერთობაში, სწავლაში, შემეცნებაში. რათა ადამიანი არ გადაიწვას ფიზიკურად და სულიერად, არ მოხდეს გაორება, რასაც საეკლესიო ენაზე ხიბლი, საკუთარი თავის განდიდების მდგომარეობა ჰქვია. მაგრამ ამას ვერ ვიტყვით აზარტულ თამაშებზე, გასართობ შოუებზე, სხვადასხვა სანახაობაზე. აქ მხოლოდ ზომიერების დაცვა კი არ არის საჭირო, ამას ეკლესია ყოველთვის კრძალავდა, რა თქმა უნდა, იმ წევრებისთვის, ვინც ეკლესიის წიაღში იმყოფებოდნენ, ანუ მორწმუნეებისთვის. თუ ადამიანი არ არის ეკლესიის წიაღში, არ არის მორწმუნე, მას, გარკვეულწილად, ეკლესია ვერ მოსთხოვს სარწმუნოებრივი მხრივ ამა თუ იმ ვალდებულების აღებასა და შესრულებას. პირველ საუკუნეებში ამ საკითხს კრებებიც კი მიეძღვნა. ერთ-ერთი არის მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრება. 62-ე კანონში ყურადღება გამახვილებულია არა მხოლოდ აზარტულ თამაშებზე, არამედ, ზოგადად თეატრალურ წარმოდგენებზე, სხვადასხვა სანახაობებზე. თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ დღეს ეკლესია თეატრალურ სანახაობებს ეწინააღმდეგება. უბრალოდ, მაშინდელი ცხოვრების წესში, გარემოცვაში, მაშინ, როდესაც ეკლესია ყალიბდებოდა, აუცილებელი იყო, ამ საეკლესიო კრებებზე მიეღოთ ადამიანების ზნეობის დამცველი კანონები. მაშინდელი სანახაობები, თეატრალური წარმოდგენები სულ სხვა სახის იყო, სხვა თვალსაზრისის; იქ უფრო მეტი გარყვნილება იყო, ვიდრე დღეს. დღეს, თანამედროვე თეატრში საუბარია არა გარყვნილებაზე, არამედ, არის ისეთი სცენები, რომლებიც თავის თავში ატარებს ზნეობრიობას; არის პროზა, ლირიკა, რასაც, შეიძლება, რომ ადამიანმა უყუროს და ამაში ცუდი არაფერია. თუმცა, როგორც წესი, ადრე ასეთი სანახაობები არ იყო, პირიქით, ისინი ადამიანებზე უარყოფით გავლენას ახდენდა. ამიტომ, იმ ადამიანს, რომელიც ეკლესიის წევრი იყო, ეკრძალებოდა ასეთ სანახაობაში მონაწილეობის მიღება. ამ კანონის თანახმად, ამ სანახაობებზე, ანუ კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს – რომელიც თავის თავში მოიცავდა გარყვნილებას, უხეშობას, უზნეობას – დასწრება ეკრძალებოდათ როგორც სასულიერო პირებს, ასევე მათ შვილებს და, თუ ისინი დაესწრებოდნენ, ეკლესიისგან განიკვეთებოდნენ. ხოლო მრევლი, ასეთ შემთხვევაში, ისჯებოდა უზიარებლობით, რომლის ხანგრძლივობასაც განაპირობებდა ის, თუ რა დონის სანახაობაზე იყო ის მისული. ანუ, ეს ყველაფერი ხდებოდა პირველ საუკუნეებში, თუმცა დღეს მიდგომა, ადამიანების აზროვნების დონე განსხვავდება იმისგან, რაც მეექვსე-მეშვიდე საუკუნეებში იყო. მაგრამ, მორალური კანონები ისევე რჩება და ადამიანი, რომელიც თავს მიიჩნევს მორწმუნედ, ქრისტიანად, არ უნდა ესწრებოდეს ისეთ გასართობ სანახაობებს, სადაც არის გარყვნილება, უზნეობა. მაგრამ, იმ გადაცემებში, სანახაობებში, რომლებშიც ცუდი არაფერია, არ აბრკოლებს ადამიანის ზნეობას, ადამიანს შეუძლია, მივიდეს და დაესწროს.
ჩვენ თუ დავუბრუნდებით კაცობრიობის ისტორიას, კერძოდ, შესაქმეს, როცა ღმერთი ბადებს ადამიანს თავის ხატად და მსგავსად, დავინახავთ, ის მას ამქვეყნად არ მოავლენს გასართობად. ღმერთმა ყველაფერი უმყოფობიდან მყოფობაში მოიყვანა, უხილავი სამყარო ჩვენთვის ხილული გახადა და ამის გვირგვინად დაადგინა ადამიანი, რათა ის განაგებდეს ღვთისგან შექმნილს, მაგრამ უფალს არ უთქვამს მისთვის, რომ ის უნდა გაერთოს. სამოთხეში ადამიანები ნეტარებაში იმყოფებოდნენ, მაგრამ ეს ნეტარი მდგომარეობა არამც და არამც არ უნდა შევადაროთ გართობის მდგომარეობას. ადამიანის ბუნებაში არ ზის გართობა, ეს გარედან მოხვეულია, იმიტომ, რომ ის ადამიანისთვის გამოიგონეს. გართობის გამოგონება იმ ძალებს ეხება, რომელიც ადამიანის მოწინააღმდეგეა, ანუ ეშმაკს.
– მაშ, რა დანიშნულება აქვს გასართობ საშუალებებს?
– საუკუნეების განმავლობაში ახვევენ ადამიანებს თავს გასართობ საშუალებებს, უფრო მეტიც, ადამიანი თავად გახდა საკუთარი გართობის შემოქმედი. რა თქმა უნდა, ყველაფერში ეშმაკი არ მონაწილეობს, თუმცა, მას აქვს თავისი ადგილი, დანიშნულება, არ სძინავს, არ ჭამს, რომ ადამიანი აცდუნოს, ცხოვრების გზიდან გადააცდინოს. ადამიანი აღარ ფიქრობს იმაზე, რომ განვითარდეს სულიერად, არ ფიქრობს აწმყოზე, მომავალზე, ყველაზე ღირებულზე – ცხონებაზე, ის ფიქრობს მხოლოდ გართობაზე. მისთვის სულიერი ღირებულებები არ არის მთავარი, პირიქით მისთვის მთავარია გართობა – რაც უფრო მეტად გაერთობა, მით უფრო გადააყოლებს გულს ყველაფერს, რაც ამ ცხოვრებაში ხდება. შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ მკაცრად ვამბობ, მაგრამ, სწორად უნდა აღვიქვამდეთ ამ მდგომარეობას. თუ ადამიანი მთელი დღე ზის კომპიუტერთან და თამაშობს, მან ეს დრო ფუჭად დაკარგა და არაფერი შეიძინა. უპირველეს ყოვლისა, დაკარგა სულიერი ძალები, ასევე, გამოფიტა გონება, ზედაპირული სიამოვნება მიიღო, მაგრამ მისთვის ამ ყველფერს სარგებელი არ მოუტანია. ადამიანი, რომელიც არ ერთობა, ფუჭად არ ხარჯავს დროს, ის ცდილობს, ბევრი მიიღოს ცხოვრებისგან, მეტად იყოს შემოქმედი და ამით მიემსგავსოს უფალს. ბლეზ პასკალი ამბობდა: ადამიანს არანაირად არ სჭირდება გართობა, იმიტომ რომ, ეს, როგორც აღვნიშნე, გარედან არის მოხვეული, ეს არ არის ადამიანის სულიერი ძალების გამოვლინება.
– თუმცა, ადამიანი, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში მუშაობს, განტვირთვა სჭირდება და ამ დროს კარგია თუნდაც მსუბუქი გართობა.
– ადამიანი უნდა დაკონკრეტდეს იმაზე, თუ რა სახის გართობა სჭირდება. მაგალითად, თუ ის სახლში მოდის გონებრივად დაღლილი, მას შეუძლია, დაისვენოს, თავად წაიკითხოს, ან შვილებს წაუკითხოს წიგნი, სულიერი საზრდო მიიღოს, ან ეზოში გაისეირნოს. სულიერი არსებაა და მას, ფიზიკურთან ერთად, სულიერი დასვენებაც სჭირდება, ანუ, გააჩნია, რით ერთობა. როდესაც ბავშვები დილიდან-საღამომდე კომპიუტერულ თამაშებს თამაშობენ, ეს არის არა უწყინარი გართობა, არამედ მათი ფსიქოლოგიის გადაგვარება, რადგან ძირითადად თამაშები არის ძალადობაზე, მკვლელობაზე, სისხლზე. ამ დროს ბავშვის ზნეობა, ნერვული სისტემა კატასტროფამდე მიდის, ის ხდება სასტიკი, ნერვიული, გაღიზიანებული, მოძალადე. მაგრამ, თუ თამაში თავის თავში არ მოიცავს სისასტიკეს, გარყვნილებას, მაშინ, შეიძლება, ბავშვმა ერთი საათით ითამაშოს, ამაში ცუდი არაფერია.
– რატომ ეწინააღმდეგება ეკლესია ბანქოს თამაშს, ეს ხომ ერთი შეხედვით უწყინარი თამაშია, თან, ამ დროს ადამიანი აზროვნებს.
– თუ რატომ კრძალავს ეკლესია ბანქოს თამაშს, ამას სულიერი, საკრალური დატვირთვა აქვს. ეკლესიის სწავლება, ანუ ცოცხალი გადმოცემა, თუ რატომ არ უნდა ვითამაშოთ ბანქო ასეთია: ყველა სიმბოლო, რაც ბანქოზეა გამოსახული, მკრეხელური დატვირთვით განასახიერებს მაცხოვრის ჯვარცმას: „ჯვარი“ არის მაცხოვრის ჯვარი; „გულის“ გამოსახულება – ეს არის იმ ლახვრის წვერი, რომლითაც უგმირეს მაცხოვარს; „აგური“ კი განასახიერებს იმ ღრუბელს, რომლითაც მაცხოვარს ასვეს ერთმანეთში არეული ძმარი და წყალი. რა თქმა უნდა, ეს იმიტომ არ არის გაკეთებული, რომ კარგია და ბანქოს დახმარებით სწავლობ სახარებისეულ მომენტებს, პირიქით, ეს მკრეხელობაა. თუკი შეურაცხყოფს ჩვენს ქრისტიანულ გრძნობებს, რა თქმა უნდა, იმის თამაში არ შეიძლება.
– ეკლესია კაზინოში სიარულსა და თამაშსაც კრძალავს?
– ეს კატეგორიულად იკრძალება. ჯერ ერთი, ეს არის აზარტი, ადამიანის ცუდი გატაცება. პირადად მე ბევრს ვიცნობ, ვინც ცხოვრების ამ წესს მისდევდა და ასეთ ყოფას არავინ მიუყვანია სიკეთემდე. თამაშების სისტემა იმისთვის არის მოგონილი, რომ ვინც მოიგონა და დააკანონა, ის უნდა დარჩეს მოგებული. შეიძლება, რამდენჯერმე მოიგო, მაგრამ საბოლოოდ ვერ იქნები მოგებული. ეს არის უკვე ის გართობა, რაც ოჯახებში მრავალი უსიამოვნების მიზეზი ხდება. ადამიანი, ვისაც ბევრი ფული აქვს წაგებული, ფიქრობს, ვინმეს რამე მოჰპაროს, გამოსძალოს ან სახლიდან გაიტანოს რამე და გაყიდოს, ან იყაჩაღოს და ეს ცუდ მდგომარეობაში აყენებს მთელ ოჯახს. ეს არის ძალიან ცუდი გატაცება, მიჯაჭვულობა, რაც ადამიანს აზროვნებას უხშობს, ზომბირების მდგომარეობაში აყენებს და ისიც სხვა არაფერზე ფიქრობს, გარდა იმისა, რომ ისევ წავიდეს, იშოვოს ფული, ითამაშოს, ანუ, მოსაგებად მიდის, მაგრამ, რეალურად, ბოლოს ის ისევ წაგებული რჩება. ეკლესია ადამიანებს ყოველთვის მოუწოდებს იმისკენ, რომ მათ იხელმძღვანელონ გონებით, გულით, ზნეობრივი კრიტერიუმებით, რადგან ეკლესია ადამიანს ძალით ვერ დააკავებს, არ გაუშვებს კაზინოში, თუნდაც ცრუ სანახაობების საყურებლად. ეკლესიის ძალა სიტყვაში, მის მოღვაწეობაშია და თუ ადამიანები ამ მოწოდებას მოისმენენ, გულს დაუდებენ, რა თქმა უნდა, გადარჩებიან. ხშირად ადამიანები თავად ვიქმნით პრობლემებს, მოგვწონს აფორიაქებულ მდგომარეობაში ყოფნა, ღმერთს ვიწვევთ, ვცდით და, თითქოს, ბრძოლას ვუცხადებთ, რაც ისევ და ისევ ჩვენს სულიერ ძალებს აზიანებს.