სიბრძნე მინიატურებში
ფინიკისგან თავის შეკავება
ერთხელ მოხუცმა ქალმა წინასწარმეტყველ მუჰამედს სთხოვა, დალაპარაკებოდა მის ვაჟს, რომელიც თვის ყოველდღიურ ჯამაგირს ფინიკზე ხარჯავდა და დედას უგროშოდ ტოვებდა. წინასწარმეტყველი ქალს დაჰპირდა, რომ მის ვაჟს ხუთი კვირის შემდეგ დაელაპარაკებოდა.
დათქმულ დღეს ყმაწვილი წინასწარმეტყველთან მიიყვანეს. მუჰამედმა მას ალერსიანად უთხრა:
– შენ ხომ კეთილგონიერი ბიჭი ხარ და უნდა გახსოვდეს, რომ შენ გამო დედაშენმა მრავალი ტანჯვა გადაიტანა. თავის ჯამაგირს მთლიანად შენ გახმარდა, შენს აღზრდაზე ხარჯავდა. ახლა მოხუცდა და უნდა შეინახო. შენ კი მთელ შენს ფულს ფინიკზე ხარჯავ. დაფიქრდი, პატიოსნად და სამართლიანად იქცევი? იმედი მაქვს, ალაჰის ნებითა და მადლით, ეს აღარ განმეორდება. ყმაწვილმა ყურადღებით მოუსმინა მუჰამედს და მისი რჩევა გაითვალისწინა.
წინასწარმეტყველის მოსწავლეებს გაუკვირგდათ და ჰკითხეს, რატომ უფრო ადრე, ოცდათხუთმეტი დღის წინ არ მისცა მან ყმაწვილს შენიშვნა. წინასწარმეტყველმა აუხსნა:
– ფინიკი მეც ძალიან მიყვარს და ვგრძნობდი, რომ ბიჭისთვის რჩევის მიცემის უფლება არ მქონდა, თუ ხუთი კვირის განმავლობაში მე თვითონ ვერ შევიკავებდი თავს და ფინიკს შევჭამდი.
ყველაზე შეუცნობელი
ერთი კაცი ცოლ-შვილთან ერთად უდაბნოში მიდიოდა. წყურვილით გატანჯულებმა ჭა დაინახეს და მისკენ გაემართნენ. კაცს შინაგანმა ხმამ უთხრა, რომ წყალი ამ ჭაში მოწამლული იყო, მაგრამ მან ამას ყურადღება არ მიაქცია და ცოლ-შვილს წყალი მიაწოდა. როდესაც იგი ჭიდან ამოღებული ბოლო ხაპით წყლის დალევას აპირებდა. დაინახა, რომ მისი უახლოესი ადამიანები სასიკვდილოდ იკრუნჩხებოდნენ.
კაცმა ღმერთს შესთხოვა:
– ღმერთო, გადამირჩინე ოჯახი, გადამირჩინე ცოლ-შვილი! წყურვილი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ყურად არ ვიღე შენი გაფრთხილება.
– დაგიბრუნებ შენს ახლობლებს, – უთხრა ღმერთმა, – თუ ერთ კითხვაზე მიპასუხებ. რა არის ადამიანში ყველაზე შეუცნობელი?
კაცმა დიდხანს იფიქრა, ეშინოდა, ვაითუ არასწორად ვუპასუხოო და ბოლოს გაბედა:
– ადამიანში ყველაზე შეუცნობელი ის არის, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სხვების სიკვდილს ხედავს, მაგრამ ისე ცხოვრობს, თითქოს თვითონ არასდროს მოკვდება.
ღმერთმა მას ცოლ-შვილი დაუბრუნა.
დაცემა
ერთმა მოწაფემ მოძღვარს ჰკითხა:
– მოძღვარო, რას მეტყოდი, ჩემი დაცემის ამბავი რომ გაგეგო?
– წამოდექი-მეთქი.
– შემდეგ ჯერზე?
– იმავეს გეტყოდი: წამოდექი!
– რამდენ ხანს შეიძლება ასე გაგრძელდეს? რამდენჯერაც წავიქცევი უნდა წამოვდგე?
– თუკი წაიქცევი, სანამ ცოცხალი ხარ, უნდა წამოდგე! აკი, ვინც დაეცა და არ წამოდგა, უკვე მკვდარია.