კუჭის ტკივილი ქაცვის ზეთით დაიამეთ
ქაცვის ნაყოფი მდიდარია პოლივიტამინებით. მასში დიდი რაოდენობითაა შაქარი, ორგანული მჟავები, ვიტამინი A, B1, B2, C, E, კაროტინი, თამინი, რიბოფლავინი.
ქაცვის ქერქი შეიცავს სეროტონინს. ეს უკანასკნელი კი სიმსივნის განვითარებას ებრძვის.
ხალხურ მედიცინაში ქაცვი გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ნაყოფის ნახარშს იყენებენ კუჭის დაავადების დროს, ტოტებისა და ფოთლების ნახარშს – კუჭის აშლილობისას, ხოლო თესლის ნახარში გამოიყენება, როგორც საფაღარათო საშუალება. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ და დამწვრობის დროს კარგია ქაცვის ზეთი. ის მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ქაცვის ზეთი ხელს უწყობს უჯრედების ეპითელიზაციის პროცესს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. მისი მიღება ეფექტურია ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტების, ნახეთქების, კატარალური და ატროფირებული პროქტიტების, ბუასილის, ქრონიკული ენტეროკოლიტის, ქრონიკული ტონზილიტისა და პაროდონტიტების მკურნალობის დროს. მისი დალევა ასევე კარგია სიმსივნეთა მკურნალობის დროს ჩატარებული ქიმიოთერაპიის პარალელურად, კერძოდ, 1 სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ.
ქაცვის ნაყოფის ნახარში კი, რომელიც კუჭის დაავადებებს უხდება, შემდეგნაირად მოამზადეთ: 3 სადილის კოვზ ნაყოფს დაასხით ნახევარი ლიტრი ცხელი წყალი, ადუღეთ ათი წუთი ნელ ცეცხლზე, შემდეგ გადაწურეთ, დაუმატეთ ნატურალური თაფლი გემოვნებით და დალიეთ, დღეში 2-3-ჯერ, როგორც ჩაი. მისი დალევა უმჯობესია უზმოზე.
ტოტებისა და ფოთლებისგან კი ნახარში ასე მოამზადეთ: აიღეთ ერთი სადილის კოვზი წვრილად დაჭრილი ფოთლები და ტოტები, დაასხით ნახევარი ლიტრი ცივი წყალი და ადუღეთ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში რამდენჯერმე: დღის ნორმა ერთი ჩაის ჭიქაა.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობის დროს დალიეთ ქაცვის ზეთი – ერთი ჩაის კოვზი, დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, 4 კვირის განმავლობაში. ნუ შეგეშინდებათ, თუ, მკურნალობის პირველ დღეებში გაგიძლიერდებათ გულძმარვა, ბოყინი, უსიამოვნო შეგრძნებები. ამ მოვლენების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, ქაცვის ზეთში აურიოთ ორპროცენტიანი სოდის ხსნარი (1/4 ჭიქა), კარგად შეანჯღრიეთ, ცოტა ხანს გააჩერეთ და ისე მიიღეთ.