მამათა შეგონებანი
გრიგოლ ღვთისმეტყველი: ღმერთზე საუბარი – დიდი საქმეა, მაგრამ, გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისთვის.
ტიხონ ზადონელი: არაფერია იმ გამარჯვებაზე სახელოვანი საკუთარ თავზე რომ მოიპოვებ.
ამბროსი მედიოლანელი: თუ დავფიქრდებით, რა გააკეთეს ჩვენთვის ჩვენმა მშობლებმა, თავზარდაცემულნი დავრჩებით ჩვენი ვალის განუსაზღვრელობით.
ილია მეორე: ნუ დაჩაგრავ მოჯამაგირეს და ღარიბ-ღატაკს, შენი მოძმე იქნება ის თუ შენს ქვეყანაში, შენს კარზე მცხოვრები მდგმური. თავის დროზე გადაუხადე გასამრჯელო და ნუ დაუცდი მზის ჩასვლას, რადგან ღარიბია იგი და შენი იმედი აქვს; არ გიჩივლოს უფალთან და ცოდვა არ დაგედოს.
იოანე ოქროპირი: მოშურნე სხვის უბედურებას საკუთარ ბედნიერებად მიიჩნევს, სხვის კეთილდღეობას კი – საკუთარ წარუმატებლობად.
ნილოს სინელი: როდესაც ხედავ სიმდიდრეს, ანდა – დიდებას, ან – საერო ხელმწიფებას, იფიქრე იმაზე, რომ ისინი ხრწნადია და საცდურს თავს დააღწევ.
გაბრიელ ეპისკოპოსი: ადამიანი, რომელიც ცოდვას სჩადის, არა მხოლოდ თავის თავს იგდებს სნეულებასა და უბედურებაში, არამედ, სენსა და განსაცდელს წინასწარ უმზადებს თავის შთამომავლობასაც, რადგან მისი ხორციელი თუ სულიერი თვისებები შვილებსა და, საერთოდ, მომავალ თაობებზე გადადის.
ისიდორე პელუზიელი: როგორც იქედნეს ქვეყნად მოვლინებას მისი დედის სიკვდილი სჭირდება, ასევე ცოდვაც მისი წარმომშობის სიკვდილს იწვევს.
პაისი მთაწმინდელი: დავეხმაროთ ქვეყნიერებას სინანულში, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რათა მიიღოს ღვთის კურთხევა, სინანული და აღსარება – აი, რა არის დღეს საჭირო. ჩემი უცვლელი რჩევაა ადამიანებისთვის: შეინანეთ და აღსარება თქვით, რათა ეშმაკს წაერთვას უფლება, თქვენ კი აღარ წამოეგოთ ეშმაკის გარეგნულ ზემოქმედებას. იმისათვის, რომ ადამიანები მიხვდნენ და შეინანონ, შეჯანჯღარება სჭირდებათ.
ეფრემ ასური: მოიპოვე ბეჯითობა – ეს დიდი საუნჯე სიბრძნისა და განეშორე სიზარმაცეს – ყოველივე უბედურების შესაკრებელს.
მიტროპოლიტი ანტონი: შეუძლებელია, იცხოვრო ლოცვით, შეუძლებელია, წინ, ღმერთისკენ მიდიოდე, თუ რაღაცაზე ხარ დამოკიდებული: ორივე ხელი თავისუფალი უნდა გქონდეს, გული – სრულიად გახსნილი, საფულესავით კი არა, რომლის ღიად დატოვებას ვერიდებით, რომ იქიდან ფული არ გადმოცვივდეს, არამედ – როგორც ღია და ცარიელი საფულე. ჩვენი გონებაც სრულიად გახსნილი უნდა იყოს, „ცარიელი” – უცხოსა და მოულოდნელისაგან. ამგვარად ვართ ჩვენ ერთდროულად მდიდრებიც და თავისუფლებიც ყოველგვარი დამოკიდებულებისაგან. აი, მაშინ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჯერ ღვთის სასუფეველში არ ვიმყოფებით, მაგრამ, ასე მდიდრები ვართ; ან, მასში ვართ, მაგრამ, ვართ ასე თავისუფალნი.
ალექსი ბერი: ერთადერთი საშველი დედამიწაზე ჩვენდამი ხვედრებულ ტანჯვა-უბედურების აღსასრულებლად მხოლოდ და მხოლოდ სარწმუნოებაა, რათა ღრმად გვწამდეს, რომ პირველი განსაცდელი, ჭირი და ვაება, რაიცა მოიწევიან ჩვენზედა, არის საუკუნო ნეტარების თავდები. ამ სარწმუნოების ფრთებით ამაღლდება ქვეყნიური სიყვარული და ერთად ჩვენი საგონ-საფიქრებელ ძვირფას პირებითურთ შეესაკუთრების ღვთის სახიერებას და მიიღებს დიდ ნუგეშინისცემას.
ისააკ ასური: ვინც ჯერ სათნოებაში წარემატება, შემდგომ კი კვლავ ბილწ ჩვეულებებს მიუბრუნდება, არა მარტო კარგავს ჯილდოს ძველი ღვაწლისთვის, არამედ ათასგზის სასჯელს ექვემდებარება, როგორც იგი, ვინც კეთილ საქმეთა აღსრულების სიტკბო შეიცნო.