ვინ არის ყველაზე კაშკაშა და ნათელი კოლექციის მფლობელი
უამრავი კოლექცია მინახავს, მაგრამ მათ შორის ნინო აბრამიძის კოლექცია ყველაზე კაშკაშა და ნათელია. ამას პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ, რადგან ქალბატონი ნინოს კოლექციაში ოცდაათამდე აბაჟურია თავმოყრილი. თუ როდის დაიწყო ჩვენმა რესპონდენტმა აბაჟურების შეგროვება და რა პერიოდი სჭირდება ერთი აბაჟურის შექმნას, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნინო აბრამიძე: ძალიან მიყვარს აბაჟური – ინტიმს ჰმატებს ინტერიერს.
– როგორ შეიქმნა ამ კოლექციის პირველი აბაჟური?
– ერთხელ, სრულიად შემთხვევით, ძველ ნივთებს შორის აღმოვაჩინე აბაჟურის სადგამი და მომინდა, შეკვეთა გამეკეთებინა ოსტატთან მის აღსადგენად, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც ერთმა მათგანმა ვერ გააკეთა ისეთი, როგორიც მინდოდა. სახლში რომ მოვიტანე, დავშალე და თავიდან გადავაკარი. ისე მომეწონა ეს პროცესი, რომ გადავწყვიტე, კიდევ ერთი აბაჟური გამეკეთებინა. ძველებური ლამპის შუშა მქონდა დიდი ზომის, ავდექი და ეს შუშა გამოვიყენე ფეხად. ნახეთ, მგონი, ძალიან ორიგინალური აბაჟური გამომივიდა.
– გეთანხმებით.
– თანდათან გავთამამდი, ხელიც უფრო გავიწაფე. მაქვს ჩემი ხელწერა. თუ დააკვირდებით, ამ კოლექციიდან არც ერთ აბაჟურს არ აქვს ნაკერი – ზედაპირს ისე ვჭრი, რომ ეს აღარ სჭირდება, ნემსისა და ძაფის დახმარებით შესანიშნავად ერგება წინასწარ გამზადებულ კარკასს.
– კარკასს როგორ ამზადებთ?
– კარკასს ვხაზავ და ჩემი ნახაზის მიხედვით ერთი კოლორიტული ოსტატი – ლოვა მიმზადებს, რომელიც სულ მეუბნება: „ნინოჯან, როგორ დავიჯერო, რომ არც ერთი აბაჟური არ გაგიყიდია?” სულ უკვირს, ვერ წარმოუდგენია, რად მინდა ამდენი აბაჟური.
– მართლა არც ერთი აბაჟური არ გაგიყიდიათ?
– არა. რა ვქნა, ვერ ველევი ვერც ერთს. ძალიან ახლობლისთვის მიჩუქებია. ერთი აბაჟური ამ კოლექციიდან იტალიაში მოხვდა, ჩვენი მეგობრების სახლში. მათ ახალი სახლი აიშენეს და, მინდოდა, განსაკუთრებული საჩუქარი გამეკეთებინა ამასთან დაკავშირებით. ამ მიზნით, საკმაოდ დიდი ზომის – მეტრი და ათი სანტიმეტრი დიამეტრის აბაჟური გავუკეთე. მე თვითონაც ძალიან მომეწონა, მათ ხომ სიტყვები აღარ ჰყოფნიდათ. ძალიან მოეწონათ, თურმე, ოჯახის სტუმრებსაც.
– რა ფერებს ანიჭებთ უპირატესობას?
– საერთოდ, პასტელის ფერები მომწონს. თუმცა, როგორც წესი, აბაჟურს წინასწარ გამზადებულ ფეხს ვუხამებ ხოლმე, ფერითაც, ზომითაც და ფორმითაც.
მეკითხებიან ხოლმე – რად გინდა ამდენი აბაჟურიო. ყველას არ უყვარს, მაგრამ, მე, მაგალითად, ისე მიყვარს, შემიძლია, ყველა ერთად ავანთო, დავჯდე და ვუყურო. ამ დროს შესანიშნავად ვგრძნობ თავს.
– ალბათ, დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს თითოეული აბაჟურის დამზადება. რამდენ ხანს უნდებით მათ გაკეთებას?
– აბაჟურის შექმნა საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ჯერ კარკასი უნდა შეკრას ლოვამ, შემდეგ ქსოვილის გადაკვრა და მორგება სჭირდება. ამის შემდეგ იწყება დამუშავება. ისე უნდა დაამუშაო, რომ შიგნიდანაც და გარედანაც უნაკლოდ სუფთა ნამუშევარი გამოგივიდეს. ამის შემდეგ იწყება დაქარგვა გაფორმების მიზნით. აქაც ბევრი ნიუანსის ცოდნაა საჭირო, რადგან, შესაძლოა, კარგად ქარგავდე, მაგრამ, როდესაც ამ ნაქარგს გადაჭიმავ, სრულიად სხვა შედეგი მიიღო. დრაპირებებიც სიზუსტით უნდა შესრულდეს, რაც ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს. დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება ერთი აბაჟურის შექმნას.
– რა მასალით ფორმდება თქვენი აბაჟურები?
– ზოგიერთი აბაჟური კანვის ნაქარგითაა გაფორმებული, ზოგი – ფოჩებით, „მერიაშკებით“, ბისერებით, ეს, მაგალითად, ვალაგუტის მაქმანითაა გაკეთებული და ასე შემდეგ.
– დღეისათვის რამდენი აბაჟურია ამ კოლექციაში თავმოყრილი?
– ამჟამად ოცდაათამდე აბაჟურია, რა თქმა უნდა, მათ შორის არ ვთვლი გაჩუქებულ აბაჟურებს.
– რა პროფესიის ბრძანდებით?
– პროფესიით ექიმი გახლავართ, ასე რომ, ჩემს პროფესიას არავითარი საერთო არ აქვს ამ კოლექციასთან.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– ეს კოლექცია ჩემთვის ნიშნავს ბევრ სინათლეს როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე, საზოგადოებრივში. ეს კოლექცია არის ის, რის გარეშეც გამიჭირდებოდა ცხოვრება.