კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მართლა სჭირდება თუ არა მამაკაცს მორჩილი ცოლი და რისკენ უბიძგებს ეს მას

ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, ერთი შეხედვით, თითქოს „ჯდება“ ფსიქოლოგიურ ჩარჩოებში, თითქოს ემორჩილება რაღაც სტერეოტიპს, თითქოს შეიძლება მისი პროგნოზირება; მაგრამ, რადგან ადამიანი მაინც ინდივიდუალური არსებაა, თავისი ინდივიდუალური გამოვლინებებით, ყველა კონკრეტული შემთხვევა „კონკრეტულად“ საინტერესოა. თუმცა, შეიძლება დასკვნის გაკეთებაც: ზოგადად, ქალები მაინც პატიობენ მეუღლეებს ღალატს და ამას სხვადასხვა მიზეზით ხსნიან, თითქოს ცდილობენ, თავი გაიმართლონ. სინამდვილეში, ზუსტად იციან, რა დააშავა მათმა „ძვირფასმა“ მეორე ნახევარმა. იქნებ, შინაგანი ხმა აპროტესტებს კიდეც მათ მორჩილებას, მაგრამ მოთმინებისთვისაც საკმაოდ ბევრი მიზეზი აქვთ. უპირველესად, ეს არის მარტოდ დარჩენის შიში და, სიყვარულიც, რა თქმა უნდა.

თათო (39 წლის): მე ისეთ ასაკში ვარ, სიახლეებსა და ცხოვრების შეცვლაზე ფიქრს, რაც გაქვს, იმისი შენარჩუნების მცდელობა რომ ჯობია. ხვდებით, ალბათ, რასაც ვგულისხმობ. ადვილად არაფერი გვეძლევა, სამაგიეროდ, დაკარგვაა ადვილი – ბევრი არაფერი სჭირდება. შეგიძლია, ერთ საათში დაამთავრო ყველაფერი. ჩემს ოჯახს ერთხელ უკვე ჰქონდა კრიზისი ათი წლის წინ. მაშინ მე ვიყავი გაქცევაზე, რაღაც-რაღაცეებს ვერ ვეგუებოდი. სამი წლის გათხოვილი ვიყავი და ძნელად ველეოდი თავისუფლებას. ახალი ვალდებულებები, ახალი გარემო, დედამთილი... არა, მას არაფერს ვაბრალებ, მაგრამ, ცოტ-ცოტა ყველაფერმა იმოქმედა. გვიშველა იმან, რომ ცალკე გადავედით. მართალია, საზრუნავი მოგვემატა და, დედამთილმაც, პროტესტის ნიშნად, ბავშვის აღზრდაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მაგრამ, მაინც ასე მერჩივნა. ამ პერიოდში მე და ჩემი ქმარი უფრო დავახლოვდით. თან, ძალიან შეიცვალა: პასუხისმგებლობა მოემატა, უკვე აღარ იყო „დედიკოს ბიჭი“ და მასზე დამოკიდებული. პირიქით, სულ ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ დამოუკიდებელი იყო. მე ეს ძალიან მსიამოვნებდა და განქორწინებაზე ფიქრსაც თავი დავანებე.

– მანამდე ფიქრობდით ამაზე?

– დიახ და, საკმაოდ ხშირადაც. არ მქონდა განცდა, რომ გვერდით ძლიერი მამაკაცი მყავდა, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში გამიგებდა და დამიცავდა, ამიტომ ხშირად ვჩხუბობდით, და, თან, ძალიან სერიოზულად.

– რატომ არ დაშორდით?

– ხომ ვთქვი, იმან გააკეთა ყველაფერი ჩემს შესანარჩუნებლად. ეტყობა, მაშინ ვუყვარდი.

– რატომ მაშინ, ახლა აღარ უყვარხართ?

– არ ვიცი, დარწმუნებული არ ვარ. იმ ყველაფრის მერე, რაც მოხდა, მისი რწმენაც დავკარგე და სიყვარულისაც აღარ მჯერა. ისეთი გააფთრებული ებღაუჭებოდა ჩვენს ქორწინებას და, რისთვის, თუკი ბოლოს მაინც გული უნდა ეტკინა?! სულ ამაზე ვფიქრობ და ძალიან ვწვალობ. რომ ჰკითხოთ, ახლაც არაფერი შეცვლილა ჩვენს ურთიერთობაში. ირევა, ისე ვუნდივარ და არც არასდროს, არავინ ჰყოლია სერიოზული.

– ანუ, არასერიოზული რომ ჰყავდა, მაგას აღიარებს?

– საქმეც ეგაა, რომ აღიარებს, თან, ისე თამამად და წარბშეუხრელად, რომ შოკში ვარ, თითქოს ძალიან სასახელო საქციელი ჩაედინოს. არ ვიცი, მარტო ჩემი ქმარია ასეთი თუ ყველა მამაკაცს აქვს მსგავსი „გადახრები“. გადახრაა, აბა, რა არის, ცოლს რომ უღალატებ და დარწმუნებული ხარ საკუთარ სიმართლეში?! რატომღაც, მგონია, რომ ეს ჩემ მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა. ყოველ შემთხვევაში, ამას ჰგავს. არ მეთანხმებით?

– რაში უნდა სჭირდებოდეს თქვენზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება?

– მე ჩემს ეჭვს გაგიზიარებთ, პრინციპში, ამიტომაც მოვედი თქვენთან. მარტო ვარ, ვფიქრობ, ვფიქრობ და ლამის გამაგიჟოს ამ ფიქრებმა. მგონია, რომ მთავარი შეცდომა მაინც თავად დავუშვი – ზედმეტად მორჩილი ვიყავი, მასზე ზედმეტად დამოკიდებული გავხდი. მის სასარგებლოდ ძალიან ბევრჯერ ვთქვი პირადულზე უარი.

– მაინც, რაზე?

– მაგალითად, სამსახურს დავანებე თავი და სახლში დავჯექი. მართალია, ჩემი შემოსავალი მაინც მაქვს. მოსწავლეები მყავს და იმათ ვამზადებ, მაგრამ, როცა ქალს ყოველდღიურად არ აქვს გასასვლელი სახლიდან, მას ძალიან ბევრი აკლდება, უინტერესო ხდება, უინტერესო – ქმრისთვის.

– რატომ?

– იმიტომ, რომ აღარაფრით არის დამაინტრიგებელი. სახლშია, რა! მხოლოდ სახლის პრობლემებითა და საჭიროებებით შემოფარგლული. მასზე აღარც ეჭვიანობენ, აღარც ნერვიულობენ, აღარც ყურადღებას აქცევენ...

– ანუ, ყველა დიასახლისი განწირულია, რომ ქმარი უღალატებს?

– ვაიმე, არა, ამის თქმა არ მინდოდა. მე ვინ ვარ, რომ ამ მასშტაბების დასკვნები გავაკეთო ან რა უფლება მაქვს? ნუ შევაშინებთ დიასახლისებს. მამაკაცებისას რას გაიგებ? მე ლამაზი ქალების ქმრებიც მინახავს, მახინჯებზე რომ გაგიჟებულან, გაოგნებული დავრჩენილვარ. ამიტომ განზოგადება დაუშვებლად მიმაჩნია. მე ჩემს კონკრეტულ შემთხვევაზე ვლაპარაკობ. რატომ დავიკომპლექსე თავი და ყველაფერში რატომ ვენდობოდი? მგონი, ამით ვუბიძგე გვერდზე გახედვისკენ. თუმცა, არ ვიცი, იმ ქალმა რით დააინტერესა. კონკრეტულად მე მას არ ვიცნობ, მაგრამ, ვიცი, ვინც არის. ჩემი ქმარი აღიარებს, რომ მიღალატა და, მიუხედავად იმისა, ამტკიცებს, ეს ღალატი არანაირად არ არისო.

– აბა, რა არისო?

– მოღალატე მაშინ ვიქნებოდი, რომ მიყვარდესო. მე ეს ურთიერთობა მჭირდებოდა და თუკი ვინმეს ცუდად მოვექეცი, მხოლოდ იმ ქალსო. ანუ, შენთან ასპროცენტიანი მართალი ვარო. გადამიყვანა ჭკუიდან. ზედმეტი მორჩილებით მე მის წისქვილზე დავასხი წყალი და ახლა ამის შედეგს ვიმკი. იცის, რომ მაინც მასთან ყოფნას ვარჩევ; ვიჩხუბებ, ვინერვიულებ და ვაპატიებ. რატომ? იმიტომ, რომ მეფიცება, მიყვარხარ, ჩვენი ოჯახი ჩემთვის ყველაფერზე ძვირფასია, მის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად ყველაფერს გავაკეთებ. ამიტომაც მქონდა ეს ურთიერთობა მაგრამ, დავამთავრე და მორჩა, მისკენ აღარასოდეს გავიხედავო... – და, მეც მჯერა. ხომ სასაცილოა?

– ოჯახის შესანარჩუნებლად ღალატი ძალიან უცნაური მეთოდი არ არის?!

– უცნაური – რბილად ნათქვამია. გეუბნებით, ფსიქოლოგიური ზემოქმედება აქვს ჩემზე-მეთქი. როცა პირველად შევამჩნიე მის საქციელში ცვლილება და ვუთხარი, რა ხდება-მეთქი, გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ იტყოდა, არაფერიც არ ხდებაო. ძალიან მინდოდა, სწორედ ეს სიტყვები მომესმინა მისგან, მაგრამ, პირდაპირ მითხრა: ერთ ქალთან მაქვს ურთიერთობა, მაგრამ შენ ამას სერიოზულად ნუ მიიღებ, ისეთი არაფერია და მალე ყველაფერი ძველებურად იქნებაო. ანუ, მარტო სექსი „ისეთი არაფერი“ ყოფილა.

– გერჩივნათ, ეთქვა, რომ ყველაფერი თქვენი ფანტაზიის ნაყოფია და მას არანაირი ურთიერთობა არა აქვს სხვა ქალთან?

– ალბათ, მერჩივნა. ახლა თავში სულ ეს ამბავი მიტრიალებს, სულ, გამუდმებით და ვერ ვისვენებ. თუ არ მეცოდინებოდა, ამდენსაც არ ვინერვიულებდი. ახლა რა უნდა ვქნა? ვიცხოვრო კაცთან, რომელიც სხვა ქალთან წვებოდა და „დავიკიდო“ ეს ამბავი თუ ახლავე დავშორდე?

– თქვენ რა გსურთ, რომელი გადაწყვეტილებისკენ იხრებით?

– ვაიმე!.. დილით – ერთისკენ, საღამოს – მეორისკენ. როცა ბრაზი მომაწვება, სახლიდან მისი გაგდება მინდა, ვიწყებ ჩხუბს, მერე ის იწყებს მუდარას – შევრიგდეთ, ყველაფერი ნულიდან დავიწყოთო, მეც გული მიჩვილდება და, თითქოს, ვპატიობ. რამდენიმე დღის შემდეგ კი ისევ მეორდება სცენები – გაგდების სურვილი და პატიება. დამღალა ამ ყველაფერმა. ან უნდა დავშორდე, ან დავივიწყო მომხდარი და ყველაფერი მართლა თავიდან დავიწყოთ, თორემ, ასე, შეიძლება, გავგიჟდე.

– ალბათ, ჯერ მომხდარი უნდა გააანალიზოთ თავიდან ბოლომდე.

– გეთანხმებით. მაგრამ ამას მარტო ვერ ვახერხებ. ჩემს ქმარს აქვს ჩემზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა. იმის შეგრძნება არ მშორდება, რომ მის გარეშე დავიღუპები. არადა, ეს ხომ სრული სისულელეა. ქალები ქმრებს ეყრებიან, მაგრამ, განაგრძობენ ცხოვრებას, თავს არავინ იკლავს. თუმცა, არის მედლის მეორე მხარეც – იქნებ, ოჯახს ტყუილად ვანგრევ? იქნებ, მართლა საჭირო იყო მათი ურთიერთობა – ჩემი ქმრის კარიერული წინსვლისთვის აუცილებელი.

– ასე გითხრათ, ჩემს კარიერას სჭირდებაო?

– დიახ. ის ქალი მე მიზნის მიღწევაში დამეხმარა. თვითონ არც არაფერში ვჭირდები დიდად, უბრალოდ, რაღაც მომენტში დეპრესია ჰქონდა და მე გამოვიყვანეო.

– ძალიან საინტერესოა. ასეთი ორიგინალური თავის მართლება არც გამიგია.

– მეც ასე ვფიქრობ. თუმცა, ფაქტია, რომ ბოლო დროს ჩვენი ოჯახის შემოსავალმა საგრძნობლად მოიმატა.

– ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ თქვენი ქმარი იმ ქალს „მომსახურებაში“ ფულს ართმევს?

– არა, ასე არ არის. უბრალოდ, იმ ქალს აქვს ძალიან სერიოზული კავშირები, „ბიზნეს ვუმენია“. ქმარიც ჰყავს და ძალიან მაგრადაც აქვს ცხოვრება აწყობილი. ჩემს ქმართან პატარა ინტრიგა მოუნდა, თორემ, მუდმივ საყვარლადაც კი არ დაუჯდება, არათუ ოჯახი დაუნგრიოს და ცოლად მოყვანა მოსთხოვოს.

– ეს ყველაფერი თქვენმა ქმარმა გითხრათ?

– დიახ, ჩემმა ქმარმა მითხრა. გეუბნებით, არაფერს მიმალავს, საერთოდ არაფერს. მოდის სახლში და ყველაფერს მიყვება. ამბობს, რომ ამ ყაიდის ქალი მისთვის საერთოდ მიუღებელია და ვერც ვერასდროს შეიყვარებდა მის მსგავსს; რომ ეს უბრალოდ სექსი იყო და მეტი არაფერი. მინდა, დავუჯერო და მეც ასე მარტივად შევხედო „უბრალოდ, სექსს“, მისი თვალით დავინახო ეს ყველაფერი, მაგრამ, რა ვქნა, ძალიან მიჭირს. არადა, რაღაც აუცილებლად უნდა მოვიფიქრო, რაღაც დასკვნამდე აუცილებლად უნდა მივიდე.

– თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენს მეუღლეს აქვს გამართლება, როცა პირდაპირ ამბობს, რომ იყენებდა ადამიანს?

– ეს უკვე იმ ქალის პრობლემაა და არა ჩემი. შეიძლება, ძალიან ცუდ რაღაცას ვამბობ და მეც არ ვტოვებ კარგ შთაბეჭდილებას თქვენს თვალში, მაგრამ, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვარ. ჩემი ოჯახი ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. იმ ქალმა თავად განსაზღვროს და გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს.

– თქვენ თქვით, რომ მეუღლეს ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების უნარი აქვს. იქნებ, იმ ქალზეც მოახდინა ასეთი ზეგავლენა? არ გაგჩენიათ სურვილი, შეხვედროდით მას და დალაპარაკებოდით?

– არა, ამის სურვილი ნამდვილად არ გამჩენია და არც გამიჩნდება. რა საქმე მაქვს მასთან? ქალს არანაირი პრობლემა არ აწუხებს და აღარ იცის, რით გაერთოს. ეს, ეტყობა, მისი ჰობია და, პრინციპში, როგორც უნდა, ისე მოექცეს, თავის ცხოვრებას, რა მენაღვლება. მე როგორ უნდა ვიცხოვრო, ეს მაინტერესებს. მგონი, მამაკაცს მორჩილი ცოლი საერთოდ არ სჭირდება – მისი მორჩილება დაუსჯელობის სინდრომს უჩენს და სისულელეების კეთებისკენ უბიძგებს. ახლა როგორიც გავხდი, სულ ასეთი რომ ვყოფილიყავი, ამდენს ვერ გამიბედავდა. ახლა დამდევს უკან და ჩემი ყოველი ნაბიჯი აინტერესებს.

– რა შეიცვალა?

– სამსახური ვიშოვე და იცის, რომ მშიერი აღარ ვიქნები, მივხედავ თავს და არ დავიკარგები. მართალია, ქმარი მარტო იმისთვის არ მჭირდება, რომ გამომკვებოს, სიყვარულიც მაქვს მის მიმართ და ემოციურადაც ვარ მასზე დამოკიდებული, მაგრამ, ამაზე მასთან არ ვლაპარაკობ.

– იქნებ, პირიქით, უნდა ილაპარაკოთ?

– ფიქრობთ, ეს ჩვენს ურთიერთობას წაადგება? ეჭვი მეპარება. ჩემს ქმარს მკაცრად ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს და ჯიუტად „აწვება“ თავის სიმართლეს – არ არის მოღალატე და მორჩა, სულაც არ აინტერესებს ჩემი განცდები. უბრალოდ, ახლა ცოტა დაძაბულია – ეშინია, სამაგიერო არ გადავუხადო. იქნებ, მეც გამომიჩნდეს „კარიერული წინსვლის“ შანსი? თუკი მას შეუძლია, ამით თავი გაიმართლოს, მეც რატომ ვერ გავაკეთებ იმავეს? ცოლები ზედმეტი მორჩილებითა და ქმრებზე დამოკიდებულებით ინდივიდუალურობას ვკარგავთ, რაც ისევ ჩვენ გვაზარალებს.


скачать dle 11.3