კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მამა ძალიან მკაცრად მექცევა

თქვენი ჟურნალის მუდმივი მკითხველი ვარ, განსაკუთრებით ხშირად ვკითხულობ რუბრიკას – „ინტიმური საუბრები”. ჩემი ტოლებიც წერენ და ამიტომ მაინტერესებს. ვფიქრობდი, მომეწერა თუ არა. საკუთარ მშობელზე ასე აშკარად ლაპარაკი, ალბათ, მაინც არ არის ლამაზი. მაგრამ, იმდენად ამომივიდა ყელში, ღმერთმა მაპატიოს და უკვე აღარ დავეძებ. მატერიალურად საკმაოდ ძლიერი ოჯახი მაქვს. რომ ვთქვა, საჭმელ-სასმელი, ან რამე მაკლია-მეთქი, მოგატყუებთ. მამას კარგი სამსახური აქვს და არ მახსოვს, ოდესმე გაგვჭირვებოდა, მეტ-ნაკლებად, ყოველთვის კარგად ვცხოვრობდით. შეიძლება, რომელიმე ჩემმა თანატოლმა რომ წაიკითხოს, თქვას: შენ რა გენაღვლება, ფული გაქვს და ასე იმიტომ ლაპარაკობ. აბა, გიჭირდეს, რას იტყოდი. მეტი სადარდებელი არ გაქვსო – მაგრამ დამიჯერეთ, ფული არ არის ყველაფერი.

მოკლედ, საქმე ისაა, რომ მამა ძალიან უხეშად მექცევა. ხომ იცით, საქართველოში მაინც ბიჭებს უფრო მეტის უფლებას აძლევენ, რადგან ბიჭის კულტია. ჩემს ძმას ყველაფრის ნებას რთავენ, თუნდაც გამთენიისას მოვიდეს სახლში – ბიჭია და ეპატიებაო. მე კი მამაჩემი თავისი სიმკაცრით უკვე სულს მიხუთავს. მამა პირველ ცოლთან გაშორებულია და რატომღაც სულ ეჩვენება, რომ ყველა ქალი ერთნაირია. თუ მაგრად არ მოუჭირე, რამე სისულელეს ჩაიდენსო. ხომ არ შეიძლება, ადამიანი ასეთი ეჭვიანი იყოს? დავიჯერო, თვითონ არ აწუხებს ეს და არ ტანჯავს? სულ კუდში დამდევენ, ყველაფერს მიკონტროლებენ, ჩემს ნებაზე გაღიმებაც არ შემიძლია, მგონი განსაკუთრებით მაშინ ბრაზობს, როცა ტელეფონზე ბიჭს ველაპარაკები, ან ბიჭთან ერთად სადმე დამინახავს. ვერ გავიგე, ისიც ჩვეულებრივი ადამიანი არ არის? ხომ არ მიკბენს ან შემჭამს? რომელ საუკუნეში ცხოვრობს ბოლოს და ბოლოს. სოფლებში აღარ აზროვნებს ხალხი ასე. ერთხელ თანაკლასელ ბიჭს ვურეკავდი, იმ დღეს გაკვეთილები გავაცდინე და მინდოდა, დავალება გამეგო. ორი ტელეფონი გვაქვს. მამაჩემმა ჩემს ძმას უთხრა – მიდი ერთი, ყურმილი აიღე და მოუსმინე, ვის ელაპარაკებაო. ძალიან ვიძაბები და ვნერვიულობ. ამის გამო, გამოგიტყდებით, ადამიანებთან და განსაკუთრებით, ბიჭებთან ურთიერთობაც მიჭირს. რა თქმა უნდა, ჩემი ძმაც მამაჩემს ბაძავს ყველაფერში. ათამამებენ და აღარ იცის, ნერვები როგორ მომიშალოს. ჩემ ზედამხედველად ჰყავთ დაყენებული და ყველაფერს ეგ მიწყვეტს – სად წავიდე, რა ჩავიცვა, რა გავაკეთო. თუ მას არ უნდა, ისე ვერავისთან ვიმეგობრებ. თან, სულ ცდილობს, ნერვები მომიშალოს. ჩემთვის რაღაცეებს ვწერ, ლექსებს, მოთხრობებს... ამას წინათ რვეული წამართვა – დააფრიალებდა, ხმამაღლა კითხულობდა და დამცინოდა. არც დედაჩემს და არც მამაჩემს ხმა არ ამოუღიათ.

მაგრამ ამას კიდევ რამენაირად ავიტანდი, სხვების თანდასწრებით რომ არ მეჩხუბებოდეს და არ მამცირებდეს. ისედაც ემოციური ვარ და კიდევ უფრო ვნერვიულობ ხოლმე. შეიძლება, სახლში მამის მოსვლის გეშინოდეს? ჩემს მეგობრებს ერთი სული აქვთ, მამა ნახონ. ერთად სადმე წავიდნენ და თუ ყველა საიდუმლოს არ უყვებიან მამას, არც ასეთ შეურაცხყოფას ითმენენ მისგან. კარგად ვსწავლობ, სულ ვცდილობ, კარგი ნიშნები მივიღო. სკოლაშიც ამბობენ, რომ ნიჭიერი ვარ და ხშირად მაქებენ ხოლმე. მაგრამ, მამა მაინც სულ მაკრიტიკებს. 8 ქულა თუ მივიღე, სახლში შიშით მივდივარ, ვიცი, რომ მეჩხუბება და საყვედურს მეტყვის. სახლში რომ მოდის, ისეთი სახით შემოდის, გეგონება, რაღაც საშინელი მოხდა. საერთოდ არ მინდა, დავენახვო და ოთახში ვიკეტები ჩემთვის. ისე ხმამაღლა ვაღრიალებ მუსიკას, ხანდახან მე თვითონ მრცხვენია. არც მკითხულობს, როგორ ვარ, ჩემთან ურთიერთობას საერთოდ არ ცდილობს. ვიცი, მამაა და უნდა მიყვარდეს. ამიტომაც ვცდილობ ამას. მაინცდამაინც დედაჩემიც არ ცდილობს, შეეწინააღმდეგოს. მეუბნება, უყვარხარ და შენთვის კარგი უნდაო, მაგრამ, ჩემი აზრით, სიყვარული სხვა რაღაცაა.

სამეზობლოში ყველამ იცის, რომ ასეთი ხასიათი აქვს და ასე თუ ისე შეეგუენ, ერიდებიან, მაგრამ, სამაგიეროდ, თანაკლასელებთან ერთხელ იმხელა სირცხვილი მაჭამა, ვერაფრით დავივიწყებ და ვაპატიებ. თანაკლასელებთან მივდიოდით ხოლმე, ვიკრიბებოდით, ვქეიფობდით. იქ მიშვებდა, ოღონდ იმ პირობით, მალე დავბრუნებულიყავი, ან ჩემს ძმას მაყოლებდა. იმას უნდა შევთანხმებოდი სად გავიცინებდი, ვისთან ვიცეკვებდი ან თუ ვიცეკვებდი, საერთოდ. მერე მიდიოდა განხილვა: ეს რატომ თქვი? ისე რატომ გაიცინე? მოკლედ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ ამაზე. ერთხელ თანაკლასელები მოვიდნენ ჩემთან. მათ შორის ორი ბიჭიც დავპატიჟე, დედაჩემს უკვე სუფრა ჰქონდა გაშლილი. ამ დროს შემოვიდა მამაჩემი მოღუშული. ბავშვები მიესალმნენ და არც უპასუხა, მერე კი ისე აყვირდა, გაოცებული და შეშინებული თანაკლასელები მაშინვე ადგნენ და წავიდნენ. სირცხვილით დავიწვი, მეორე დღეს მთელი კლასი მე დამცინოდა. თუმცა, მეეჭვება, ეგ ანაღვლებდეს. გაისად ვაბარებ და ალბათ, პროფესიის არჩევის უფლებასაც არ მომცემს. უნდა, რომ ექიმი გამოვიდე. მე კი ექიმობა საერთოდ არ მინდა, არ მაინტერესებს. ვერ გავიგე, ასე რა აბრაზებს? კარგი სამსახური აქვს, დედაჩემი თან ჰყვება, შვილებზეც არ აქვს საწუწუნო. უყვარხარო, რომ მეუბნებიან, ადამიანს, რომელიც უყვართ, ასე არ ექცევიან.

ნანკა, 16 წლის.



დედამთილი შენიშვნებით თავს მაბეზრებს

ჩემი ისტორია თითქოს ჩვეულებრივია, მაგრამ მთლად ჩვეულებრივიც არ არის. მინდა, ყველა ქართველ კაცს მივმართო და ვუთხრა, ცოტა მეტი პრინციპულობა გამოიჩინონ და დაიცვან საკუთარი პოზიცია, ან, თუნდაც, საკუთარი ცოლი. 2 წელი ჯერ იტალიაში ვცხოვრობდი, მერე გერმანიაში და მინდა ვთქვა, მარტო საქართველოში არ არის დედის კულტი. ყველა სამხრეთულ ქვეყანაში, ალბათ, ასეა. „ქორწინება იტალიურად” ხომ ყველას გახსოვთ? მოკლედ, შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს და სულ ვამბობდი, ქართველი კაცები ქართველი ქალების ღირსები საერთოდ არ არიან-მეთქი. სიმართლე გითხრათ, აქედან ქართველ კაცებზე საშინლად დაბოღმილი წავედი, იმ იმედით, რომ ქართველ კაცზე საერთოდ არ გავთხოვდებოდი. რატომღაც ამოჩემებული მქონდა, ცოლად უცხოელს უნდა გავყვე-მეთქი. მაგრამ ღმერთმა ისე ინება, რომ ზუკა გავიცანი. ინტერნეტით ვკონტაქტობდით, კომპლიმენტებით მავსებდა, მეხვეწებოდა, რომ ჩამოხვალ, შევხვდეთო. ერთი სიტყვით, ტვინს მიჭამდა. რომ ჩამოვედი, გავიცანი და იმდენად მომხიბლა, სულ სხვა თვალით შევხედე. ჰოდა, დავრჩი და დავრჩი ამ საქართველოში. ვფიქრობდი, ზუკა რაინდი იყო, სხვანაირი, ისეთი, ვისაც შეგიძლია დაეყრდნო. თანაც, ევროპული აზროვნება ჰქონდა – ყურადღებიანი იყო, წესიერი, არც მექალთანეობით იკლავდა თავს, რასაც მამაკაცში ძალიან ვაფასებ. მაგრამ, თურმე ადამიანთან მართლა ერთი ფუთი მარილი უნდა ჭამო, რომ კარგად შეიცნო, ვინ არის. გარეგნობით, არ ვტრაბახობ, საკმაოდ კარგი ვარ, განათლებაც კარგი მაქვს და დიდი ხანია, ვმუშაობ. თაყვანისმცემლები გერმანიაში არ მაკლდა, მით უმეტეს, რომ ისინი სამხრეთული ტიპის ქალებზე გიჟდებიან. მაგრამ, ალბათ, ბედი იყო და მაინც ქართველზე გავთხოვდი. დედამთილთან ერთად ვცხოვრობ. რომ გავიცანი, ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. კულტურული, გაწონასწორებული, ინტელიგენტი ქალია-მეთქი, ვიფიქრე. კარგად მიმიღო, წინასწარ იცოდა, რომ კარგი და შეძლებული ოჯახიდან ვიყავი. ოჯახში ნამდვილად არ შევსულვარ იმ განწყობით, როგორც ზოგიერთი სხვა რძალი – მეუღლის დედის მიმართ ეჭვიანობისა და მტრობის განცდა არ მქონია ნამდვილად. მაგრამ, ქართველი დედები კალთაზე იმდენად იკერებენ თავიანთ შვილებს, რომ როგორც ჩანს, რძალთან მიმართებაში ჯიბრის განცდა მაინც აქვთ. ნამდვილად არ ვამბობ, რომ ცუდი ადამიანია, ალბათ, მგულშემატკივრობს კიდეც, მაგრამ რატომღაც მის მიმართ აგრესია გამიჩნდა, რაც ძალიან მაწუხებს. სულ ცდილობს, საკუთარი გემოვნება, შეხედულებები, ცხოვრების წესი თავს მომახვიოს და თანაც, სულ ჩასაფრებულია, რომ რამე შემეშალოს და მერე გამაკრიტიკოს. ცოტა არ იყოს, მანებივრებდნენ მშობლები და გადასარევი დიასახლისობით ვერ დავიკვეხნი. თუმცა, ვერც იმას დამწამებენ, რომ არ ვცდილობ და არ მაინტერესებს. ზუკაც ჩემში სულ დედამისის თვისებებს ეძებს და ეს ძალიან მაღიზიანებს, სულ უნდა, მასავით ვფიქრობდე, მის რჩევებს ვითვალისწინებდე. შეიძლება, ისიც სასაყვედურო გახდეს, რომ კვირა დღეს ცოტა გვიანობამდე მეძინოს. კვირა დილით რომ მტვერსასრუტის ზუზუნი და ქვაბების რახარუხი გესმის, ცხადია, უხერხულად გრძნობ თავს და იძულებული ხდები, ადგე. ჩემი და მისი გემოვნება საშინლად არ ემთხვევა ერთმანეთს. ჩემი აზრით, ძველმოდური ქალია – ყველაფერი ძველის ტრფიალი. პრანჭია და ქალური არასოდეს ყოფილა და ამიტომ, არც სხვების პრანჭვა-გრეხის სურვილი ესმის მაინცდამაინც. მეორადში სამოსს ყიდულობს და ევროპულიაო, გაიძახის. ამას წინათ ძველი, ნაფტალინში ჩადებული საკუთარი კაბები და საკაბე ქსოვილები გადმოიღო – ჩაიცვი, ჩეხოსლოვაკიიდან არის ჩამოტანილი, ახლანდელ ტანსაცმელს არ სჯობსო? ისე გადავირიე და ავილეწე, კარგად ჩაცმა-დახურვას მიჩვეული ქალი, გული ლამის ბურთივით მომებჯინა ყელში. რამე ძვირფასს რომ ვიყიდი, სულ ზეთები ჩამოსდის და კვდება. ვერ წარმოიდგენთ, რა ძნელი ასატანია ასეთი რამ. მეუღლეს კარგი სამსახური აქვს. მეც ვმუშაობ და ხელფასიც ნორმალური მაქვს, შემიძლია, თავი გავინებივრო. თანაც, იმდენად უემოციოა, ვერასოდეს გაიგებ, რა სწყინს, რა უხარია. მალაყზე რომ გადავიდე, მაინც სულ ერთი იქნება, ალბათ. საქართველოში ოჯახები ხშირად იმიტომ ინგრევა, რომ დედები შვილებს სულს უხუთავენ და 40 წლის ჭაღარაშერთულ ჩინოვნიკ კაცებს ცინგლიანი ბაღის ბავშვივით ექცევიან. ძალიან მიყვარს ქმარი, მაგრამ მისი, ცოტა არ იყოს, სუსტი პოზიცია, ნერვებს მიშლის. ყველას ვურჩევ, დედიკოს ბიჭებს ცოლად ნუ გაჰყვებიან. ასეთ რაღაცაზე თვალის დახუჭვა, არ შეიძლება.

ლიკა, 28 წლის



დაქალის შეყვარებულისგან

დავორსულდი

ძალიან მრცხვენია ამ წერილის დაწერა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ყოველთვის ერთგული და კარგი მეგობარი ვიყავი, მაგრამ ხომ იცით, ადამიანს ეშმაკი რომ შეუჩნდება, არ მოასვენებს, სანამ სისულელეს არ ჩაადენინებს. ისე მკაცრად გავკიცხავდი სხვას ასეთი საქციელისთვის, ქვასაც არ დავინანებდი. მიკვირს, მე როგორ დამემართა ეს. მე და ია ბავშვობიდან ვმეგობრობდით, ძალიან მიყვარდა, თუმცა ია გარეგნობით ჩემზე ბევრად უკეთესი იყო და გულის სიღრმეში, ცოტა არ იყოს, გული მწყდებოდა ამაზე. ია მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო, დასდევდნენ, საჩუქრებს უძღვნიდნენ, მის გამო მთელი უბანი აწრიალებული იყო. იას კი ეს აინუნშიც არ მოსდიოდა. ძალიან კარგი გოგოა და თავშიც არ ჰქონია ავარდნილი. ზოგჯერ ამბობენ, ლამაზები შეუხედავებთან იმიტომ მეგობრობენ, რომ პატივმოყვარეები არიან და მათ ფონზე უფრო ლამაზები გამოჩნდებიანო. მაგრამ, იასგან ეს არასოდეს მიგრძნია. ძალიან მიხაროდა და მეამაყებოდა ასეთი მეგობარი. სადაც წავიდოდით, მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო, ყველას მოსწონდა და აქებდა. ვერ ვიტყვი, რომ უშნო ვარ, თუმცა არც კარგი მეთქმის. იას ფონზე ხომ სულმთლად ვიჩრდილებოდი. მოკლედ, ცოტა არ იყოს, შური შემეპარა. ხომ იცით, ქალი როგორია, ყველას თვითონ უნდა, ყურადღების ცენტრში იყოს. ჰოდა, ერთ ჟურნალში ასეთი რამ წავიკითხე: „აღფრთოვანებული ხართ მეგობრით და საკუთარ თავს უკანა პლანზე აყენებთ? დროა, გამოხვიდეთ ლამაზი მეგობრის მომაბეზრებელი ჩრდილიდან, თუნდაც ის თქვენი საუკეთესო მეგობარი იყოს”. ერთი სიტყვით, მაგრად „დავიგრუზე”, ვფიქრობდი, ამდენ ხანს რა დებილი ვყოფილვარ-მეთქი.

ერთხელ სადღაც ვიყავით ერთად. ერთი ბიჭი მომეწონა, თანაც ძალიან. სულ ვცდილობდი, სიმპათიური ბიჭებისთვის თვალი არ დამედგა. ვფიქრობდი, მაინც არ შემომხედავდნენ და გული დამწყდებოდა. სულ ასე იყო, მომწონდა ის, ვისაც ვერ მივწვდებოდი. ის კი, ვისაც მოვწონდი, გულზე არ მეხატებოდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მახოზე დავშტერდი. მთელი საღამო ვიჯექი და დებილივით ვუყურებდი ჩუმ-ჩუმად. ათასნაირად ვეპრანჭე, ვეკეკლუცე, ვიცინოდი, ვერაფრით მივიქციე მისი ყურადღება. უცებ ადგა და ჩვენკენ წამოვიდა, ჩვენს მაგიდასთან დაჯდა. მთელ საღამოს იას ელაპარაკებოდა, ჩემთვის „სასიამოვნოას” მეტი არაფერი დასცდენია. იაც თვალებს უფახულებდა, მოეწონა ეტყობა. მე თავი მოვიკალი, წავიდეთ წავიდეთ-მეთქი. გამოგვაცილა, იას ტელეფონის ნომერი გამოართვა. მეც იასთან ავედი. იამ მახოზე ლაპარაკით ტვინი გამიბურღა და ვუთხარი, რა გული გააწყალე, ხამივით იქცევი, ჩვეულებრივი ერთუჯრედიანი აყლაყუდაა-მეთქი. ეწყინა და მომახალა: შენს აპოლონჩიკ თაყვანისმცემლებს მაინც არ სჯობიაო? გავბრაზდი, მაგრამ არაფერი მითქვამს.

ამის შემდეგ თავს ისე ვიჭერდი, თითქოს მახოს და იას ურთიერთობის უპირველესი მომხრე და ხელისშემწყობი ვიყავი. რომ ხვდებოდნენ, ზოგჯერ მეც მათთან ერთად ვიყავი. თუმცა, მახო მომწონდა და თავს ვერაფრით ვერეოდი. იას მიმართ ისეთი ბოღმა გავხდი, კარგად რომ გამოიყურებოდა, გულზე ვსკდებოდი. ია გულუბრყვილოდ მემასხრებოდა ხოლმე, როდემდე უნდა იტანტალო ეგრე, ერთი კარგი ბიჭი შენც „ააგდეო”. რა იცოდა, როგორ ნერვებს მიშლიდა მისი სიტყვები. ერთხელ იმასაც მოვკარი ყური, მახო იას ეუბნებოდა – ჩემთან ეგ გოგო გამომწვევად იქცევა, ხომ არ იცი, რა სჭირსო.

მოკლედ, თავს არ ვზოგავდი, რომ როგორმე მახოსთან, თუნდაც ერთხელ დაწოლის შანსი მქონოდა. ბოლოს დარწმუნება დავუწყე, მახო სხვა გოგოებს ხვდება და მეც სხვა თვალით მიყურებს-მეთქი. მახოს გამომწვევ და უხერხულ მესიჯებს ვწერდი სხვისი ნომრიდან. ბოლოს იმდენი მოვახერხე, რომ მასთან დავწექი. არ დავიწყებ იმის მოყოლას, რა და როგორ მოხდა, უბრალოდ, სიტუაციით ვისარგებლე. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ბოროტმა სურვილმა ამიტანა, ია გამემწარებინა. დავურეკე და ვუთხარი, რაც მოხდა, თან დავაყოლე, მაგრად შეინახე შენი ქალიშვილობა-მეთქი. გაოგნებისგან ცუდად გახდა, ყურმილი დამიკიდა... მერე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მეგობრებმა ზურგი მაქციეს, მამა არ მელაპარაკება, ერთადერთი, დედას ვებრალები. მთელ უბანში თითით საჩვენებელი გავხდი. მახოს და იას ვეზიზღები. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ან როგორ გაგრძელდება ჩემი ცხოვრება. მახო ბავშვის გამო ჩემზე არ დაქორწინდება და რომც დაქორწინდეს, ამას თავს ვერასოდეს ვაპატიებ.

თამთა, 25 წლის.



ჩემი ქმარი ყოფილ შეყვარებულზე ეჭვიანობს

ძალიან ცუდ დღეში ვარ, აღარ ვიცი, რა ვიღონო. ქმარი ნერვებს უკვე ისე მიშლის, ვეღარ ვცნობ. ვფიქრობ, ეს ის ადამიანია, ვის გამოც ამდენი ვიბრძოლე, ვინერვიულე და ამდენ ადამიანს დავუპირისპირდი-მეთქი? რომ დავფიქრდები, ზოგჯერ მეცინება, კაცი ასეთ წვრილმანებს როგორ უნდა გადაჰყვეს?! უკვე ორი შვილი გვყავს და ისეთი ლაწირაკები აღარ ვართ, ბავშვებივით ყველაფერზე ვიკინკლაოთ. ახლა ეჭვი მეპარება, ღირს თუ არა ერთად ყოფნა საერთოდ.

პატარა არ გავთხოვილვარ. 23 წლის ვიყავი, ზაზას ცოლად რომ გავყევი. შემიყვარდა და წელიწად-ნახევარში დავქორწინდით. თუმცა, არც მანამდე იყო ჩვენი ურთიერთობა მთლად უღრუბლო და ვარდისფერი. მამაჩემს და ჩემს ძმას ზაზა არ მოსწონდათ, გარეგნობით არ არის დასაწუნი, მაგრამ რაღაც მაინც არ მოსწონდათ – ზუსტად არც მე ვიცი, რა. ერთხელ ჩემი ძმა მეჩხუბა და მითხრა: ნახავ, ზაზასთან ბედნიერი არ იქნები და მერე მე არაფერი დამაბრალოო. გავბრაზდი და ძმას საერთოდ არ ვცემდი ხმას ამის გამო.

სანამ ზაზას შეყვარებული გავხდებოდი, სხვა ბიჭი მიყვარდა. თუმცა, ეს, ალბათ, უფრო ბავშვური გატაცება იყო. სკოლაში მაკითხავდა, წერილებს მწერდა. ზაზასნაირი სიმპათიური ვერ იყო, მაგრამ კარგი ადამიანი გახლდათ და როგორღაც მოახერხა ჩემი მოხიბვლა. დასამალი რა არის, ან რომელი გოგოა ისე, პირველად რომ შეუყვარდება, მაინცდამაინც იმას გაჰყვეს ცოლად? თქვენს ჟურნალში ხშირად ვკითხულობ სხვების წერილებს და ქალები იმასაც ამბობენ, სავალდებულო არ არის, ქმარს ყველაფერი ჩაუკაკლო და ყველაფერი იცოდესო. ვინ მექაჩებოდა ენაზე, ან საერთოდ რა მინდოდა?

მოკლედ, ისე მოხდა, ჩემი ყოფილი შეყვარებული უცხოეთში გააგზავნეს მშობლებმა სასწავლებლად და ამის გამო დავშორდით. პატარა ვიყავი და ისე სერიოზულად არ მყვარებია, იმას დავლოდებოდი. ყველაფერი ხდება და თემო რომ ჩამოვიდა, მაინცდამაინც იქ დაიწყო მუშაობა, სადაც მე ვმუშაობ, არ ვიცი, იცოდა თუ არა, გამომიცხადა, ისევ მიყვარხარო. ყველანაირად ვცდილობ, თავი ავარიდო, მაგრამ სამსახურში ურთიერთობა მაინც გვიწევს. დღემდე ვერ გამიგია, რატომ გადავწყვიტე, ზაზასთვის მეთქვა, მანამდე თემო რომ მიყვარდა. ზაზასაც ხომ ჰყავდა ჩემამდე ვიღაც, ამის გამო ვიჩხუბო და ოჯახი დავანგრიო?

ჩემმა ქმარმა რომ გაიგო, თემო ჩემთან მუშაობს, სულ გადაირია. მანამდე არასდროს ჰქონია ჩემს სამსახურთან პრობლემა, არ უთქვამს, სახლში დაჯექი და ქურასთან იტრიალეო, პირიქით, მეხუმრებოდა ხოლმე: იმუშავე, ოჯახში რამე შემოიტანე, ხომ ხედავ, ცხოვრება როგორ გაძვირდაო. ახლა კი ისეა გაგიჟებული, აღარ ვიცი, რა ვქნა, ყოველდღე ცდილობს, შარი მომდოს, საბაბს ეძებს მეჩხუბოს და საქმე ხელჩართულ ბრძოლაში გადადის. ყველაფერი კი იმით მთავრდება, რომ მაყვედრის და სულ თემოს ხსენებაშია. მეშინია, სამსახურში არ მომივარდეს და სკანდალი არ ატეხოს, ან თემოს არ ეჩხუბოს. მოკლედ, რა ვქნა, არ ვიცი. ოჯახის დანგრევა არ მინდა, მაგრამ სცენებიც ყელში მაქვს ამოსული.

ანუკი, 27 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3