კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შესწორება შეიტანა კობა ხაბაზის 13 წლის ქალიშვილმა სალვადორ დალის ნახატში

თითქმის ყველა ჟურნალში დაბეჭდილა ინტერვიუ კობა ხაბაზთან. ის ყოველთვის სასურველი რესპონდენტია, თუმცა, ბოლო დროს კატეგორიული უარი განაცხადა საქვეყნოდ ინტერვიუს მიცემაზე, თუ მის საქმიანობასთან არ იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ მისი დაყოლიება ერთი საინტერესო ფაქტის აღსანიშნავად მაინც მოვახერხეთ – გავიგეთ, რომ მისი 13 წლის ქალიშვილი, ნინო, ძალიან კარგად ხატავს და სერიოზულად არის ამ საქმით დაკავებული. მართალია, მამა დავიყოლიეთ, მაგრამ, მოულოდნელად, ნინომ განაცხადა უარი ინტერვიუზე – ამისთვის ჯერ მზად არ ვარო. ბოლოს და ბოლოს ჩვენი შეხვედრა შედგა და ნინოს პირველი ინტერვიუც ჩავწერეთ მამასთან ერთად.

– ნინიკო, რამდენი ხანია, რაც ხატვით დაინტერესდი?

ნინო: დაახლოებით სამი-ოთხი წელია.

კობა: დაახლოებით ოთხი წლის წინ ქობულეთიდან მოვდიოდით. შროშაში ნინომ მანქანა გაგვაჩერებინა, იყიდა თიხის ფიალები, დოქები და ნატურმორტი დახატა. თავიდან ნინოს ხატვას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ, ამ ნახატის შემდეგ მივხვდი, რომ მისგან კარგი მხატვარი დადგება. ძალიან მომეწონა. სიმართლე გითხრა, ჩემი შვილი ხატვას თუ შეძლებდა, ვერ წარმომედგინა. მე რომ მითხრან, პინგვინი დახატეო, შეიძლება, სპილო ან ძროხა გამომივიდეს. ერთადერთი, კარგი და ცუდი ნახატის გარჩევა შემიძლია. იტალიაში რაფაელის ნახატები რომ ვნახე, გაოგნებული ვუყურებდი, იგივე დამემართა ჰოლანდიაში, ვან გოგის მუზეუმში. ფიროსმანის ნახატებს რომ ვუყურებ, გულის სიღრმემდე ჩამდის ერთი გრძნობა – რას განიცდიდა ფიროსმანი, როცა ამას ხატავდა.

– თქვენს ოჯახში ნინოს გარდა კიდევ თუ ხატავს ვინმე?

– ბებია ჰყავს მხატვარი, დედაჩემი. ახლახან ნინოს უკვე პირველი პერსონალური გამოფენაც ჰქონდა ზაალ სულაკაურის სტუდიაში. ზალიკო გამოვიდა გამოფენის გახსნაზე და თქვა, რომ ეს არის ჩემი ყველაზე ნიჭიერი მოსწავლეო. მისმა ძმამ ჩუმად შეუსწორა – ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერიო. ზალიკო დაფიქრდა და – არა, ყველაზე ნიჭიერიო – გაიმეორა.

– ნინო, ალბათ, ძალიან ნერვიულობდი. როგორ ჩაიარა გამოფენის დღემ?

კობა: ნინო, ეს შენი პირველი ინტერვიუა და ჯერ არ იცი, როგორ მოიქცე. საერთოდ ნუ მოუსმენ ჟურნალისტებს, თქვი რაც გინდა – ეს არის პირველი წესი (იცინის).

ნინო: მართლა ძალიან ვნერვიულობდი, ბევრი სტუმარი იყო მოსული, მათ შორის ჩემი მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები, პედაგოგები სკოლიდან და ასე შემდეგ.

– ნინიკო, ნახატებს შორის ყურადღებას იქცევს ბრინჯით ნამუშევარი. ეს შენი იდეა იყო?

– მასწავლებელმა ვან გოგის „მზესუმზირები“ მომცა დავალებად, მერე მომეწონა ბრინჯზე მუშაობა და მე თვითონ გავაკეთე.

– არ გაგიჭირდა?

– დიახ, საკმაოდ დიდხანს ვაკეთებდი.

– მამა დაგიხატავს?

– არა.

კობა: ჯერჯერობით ლამაზ ფერებსა და კარგ რაღაცეებს ხატავს და, არ მინდა, ხელი გავაფუჭებინო (იცინის).

– გავა დრო და, რა იცი, შენი ნახატები, შეიძლება, ძალიან ძვირადაც გაიყიდოს.

კობა: იქნებ მეშველოს.

– როგორი მამაა კობა?

კობა: დავიღუპე!

ნინო: კარგი მამაა, როცა ახერხებს და ჩვენთან ერთად ატარებს დროს, მივყავართ სხვადასხვა ადგილას.

– ისეთივე კარგი იუმორი გაქვს, როგორც მამას?

– არ ვიცი...

კობა: მასში უფრო სიფაქიზეა განვითარებული. ოჯახში გვყავს კატა – ფეფო. ნინოს სიყვარული ოჯახის წევრებს შორის იყოფა ასე: ჯერ კატა, შემდეგ ძმა და მშობლები. კატა უპირობოდ პირველ ადგილზეა. არჩევნის წინაშე რომ დადგეს – ფანჯრიდან კატა გადააგდოს თუ მამა, რა თქმა უნდა, მამას მოუწევს გადახტომა. წარმოიდგინე, დახატვასაც ვერ ბედავს – ისეთი ლამაზი რომ არ გამომივიდეს, გული დამწყდებაო.

– ყველაზე მეტად რისი ხატვა გიყვარს?

ნინო: სიურეალისტური ნახატები მიყვარს. ჩემი საყვარელი მხატვარი არის სალვადორ დალი და, ვცდილობ, მივბაძო.

კობა: სალვადორ დალის სტილში ერთ-ერთი კომპოზიციაც აქვს გაკეთებული.

ნინო: წინანდალში ვიყავით სალვადორ დალის გამოფენაზე. ამის მერე დავალება მოგვცეს რამე კომპოზიცია გაგვეკეთებინა მისი რომელიმე ნახატის მიხედვით. ინტერნეტში მოვიძიე მისი ერთი ნახატი – ჰაერში იყო ვარდი. ის რომ დავხატე, ცოტა ცარიელი სივრცე მომეჩვენა, ამიტომ, რაღაცეები დავამატე და საბოლოოდ გამოვიდა: ქვიშაში გემი, გემიდან ამოსული ვარდი და ზემოთ – ქუდები.

– გამოდის, რომ შენეული კორექტივი შეიტანე სალვადორ დალის ნახატში?

– დიახ და ძალიან ლამაზი გამოვიდა.

კობა: ახლა ყველა ნახატი ვერ მოიტანა, ზოგი გამოფენაზეა. რამდენიმე სურათმა მიიქცია სტუმრების ყურადღება, მათ შორის იყო „მზესუმზირები“ – ვან გოგის ნინიკოსეული ნახატი და „ბებია, რომელიც ზის და წინდებს ქსოვს“. მართლა აღფრთოვანებას და აღტაცებას იწვევდა, სტუმრები მიდიოდნენ და ფოტოებს იღებდნენ.

– რა დრო გჭირდება ერთი ნახატის დასამთავრებლად?

ნინო: სახლში იშვიათად ვხატავ, ამიტომ, ერთ ნახატს ორ გაკვეთილში ვამთავრებ, ჩანახატს კი დღეში დაახლოებით 50-100-ს.

კობა: ნინიკოს შემოქმედების მიმართ ყველაზე კრიტიკული მისი ძმაა.

– რამდენი წლის არის?

– 16-ის.

– ყველა, ვისაც ხატვა უყვარს, სკოლის მერხი, რვეულები, ოთახის კედლები – სულ მოხატული აქვს. შენ ამ მხრივ როგორ ხარ?

ნინო: იციან მასწავლებლებმა, ხატვა რომ მიყვარს. მერხზე და რვეულებში მეც ვხატავ. ამის გამო იშვიათად, მაგრამ შენიშვნა მაინც მიმიღია.

– კიდევ რა გიყვარს?

კობა: კატა (იცინის).

ნინო: ზღვა და ცურვა. ტკბილეულიც ძალიან მიყვარს.

კობა: ძმა ჰყავს კარგი მოცურავე. გადაწყვიტა, სწავლას მოჰკიდოს ხელი სერიოზულად, თორემ, ძალიან წარმატებული მოცურავე იყო, ბევრი საპრიზო ადგილი აქვს აღებული.

– ნინო დამჯერი შვილია თუ ცელქი?

– როცა ბავშვს უბრაზდებიან და სჯიან, ძალიან მიკვირს. ყოველთვის ვიხსენებ ჩემს ბავშვობას და, ჯერჯერობით ვერ ვიპოვე ბავშვი, რომელიც ისეთ რამეს აშავებს, რაც მე არ დამიშავებია. ცოცხალი მაგალითი ვარ. ამიტომ, ვერასდროს ვახერხებ ბავშვებზე გაბრაზებას. ჩემი აზრით, ნინო ჯიუტი კი არა, ყველაზე კარგი და წესიერი ბავშვია, ვინც კი მინახავს, ყოველ შემთხვევაში ჩემთან შედარებით. მაგრამ, დედას რომ ჰკითხო, გეტყვის, რომ ჯიუტია.

– რა რეაქცია აქვთ, როცა იგებენ, რომ კობა ხაბაზის შვილი ხარ? მამაშენი ყველას უყვარს.

ნინო: ვინც არ მიცნობს, რატომღაც, ძალიან ამაყი ვგონივარ, მაგრამ, რომ გამიცნობენ, ხვდებიან, რომ ეს ასე არ არის.

– ზურიკოს თუ აქვს შერჩეული მომავალი პროფესია?

კობა: ზურიკო ახლა დგას არჩევნის წინაშე. მკვეთრი ნახტომი აქვს ტექნიკურ საგნებში. კარგად სწავლობს. საერთოდ, ჩვენს გვარს ტექნიკური საგნებისადმი აქვს მიდრეკილება: მე, ჩემი და-ძმა და ბიძაშვილები არაერთ ოლიმპიადაში ვიმარჯვებდით საქართველოს მასშტაბით. მერაბ ხაბაზი, მოვლენა იყო ქართულ მათემატიკურ სკოლაში, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ზურიკოსაც ბოლო დროს დააინტერესა მათემატიკამ, სიყვარულიც გაუჩნდა და ზუსტად ჩასწვდა.

– ნინო, შენც გიყვარს მათემატიკა?

ნინო: დიახ, მაგრამ უფრო ჰუმანიტარული საგნები მომწონს.

– ახლა შენ ის მითხარი, რატომ არ გინდოდა ინტერვიუს ჩაწერა, რატომ იყავი კატეგორიულ უარზე?

– არ ვარ მიჩვეული ამ ყველაფერს და უცხოა ჩემთვის.

– ხომ უნდა შეეჩვიო? უკვე დროა. იმედი მაქვს, პირველი ინტერვიუ ისევე დაგამახსოვრდება, როგორც პირველი ნახატი. ინტერვიუს დასასრულს, რას უსურვებთ ერთმანეთს მამა-შვილი ხაბაზები?

კობა: 1987 წელი იყო კომუნისტური რეჟიმი და საქართველოში ეროვნული მოძრაობის პირველი ნაბიჯები – ჯერ კიდევ სუკისა და უშიშროების მეთვალყურეობის ქვეშ იყო ყველაფერი. მიტინგების ერთ-ერთი ორგანიზატორი მეც ვიყავი, რის გამოც ოჯახის წევრებისა და ნათესაობის მიმართ მუქარები ხშირად იყო. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემს ჩემი განადგურებით ემუქრებოდნენ, ძალიან კარგად მახსოვს მისი სიტყვები, რომელიც მე მითხრა: თუ შენ მიგაჩნია, რომ აკეთებ სწორ საქმეს – გააკეთე; ხოლო, თუ დარწმუნებული არ ხარ ამაში, დაანებე ყველაფერს თავი, მათ შორის სწავლასაც, წამოდი სახლში, მოკიდე თოხს ხელი და იმუშავეო. მინდა, როცა ჩემი შვილები არჩევნის წინაშე დადგებიან, მათაც ვუთხრა ანალოგიურად, რომ, შეეცადონ, ის საქმე გააკეთონ, რომელიც სწორად მიაჩნიათ, რის შემდეგაც იქნებიან მართლები საკუთარ თავთან და ეს საქმე ჩვენს სამშობლოს გამოადგება. რაც მთავარია, არ უნდა შერცხვეთ უკან მოხედვის.

– ნინო, შენ რას ეტყოდი მამას?

ნინო: ალბათ, იმავეს.


скачать dle 11.3