რომელი საკვები გვიცავს ინფექციებისა და ვირუსებისგან და როგორ მოვამზადოთ ორგანიზმი ზამთრისთვის
სწორი კვება ადამიანის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის აუცილებელია. როგორც ექიმი-დიეტოლოგი, ქალბატონი ასმათ კევლიშვილი ამბობს, არასწორად შერჩეული კვების რაციონი სხვადასხვა დაავადებასთან პირდაპირ კავშირშია. ადამიანმა ორგანიზმს წლის ნებისმიერ დროს, ისე უნდა შეურჩიოს საკვები, რომ ის მისთვის სასარგებლო იყოს. თუ რომელ საკვებს მივაქციოთ ყურადღება შემოდგომის მიწურულს და როგორ გადავაწყოთ ჩვენი ორგანიზმი ზამთრისთვის, ამაზე თავად ქალბატონი ასმათი გვესაუბრება.
ასმათ კევლიშვილი: გლობალური ბიოლოგიური, ქიმიური თუ ეკოლოგიური საფრთხის პირობებში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ადამიანმა კვების რაციონს და ჯანსაღი ცხოვრების წესს. ანუ იმას, რაც მისი სწორი და ჯანმრთელი განვითარებისთვის არის საჭირო და აუცილებელი. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს მიერ მოხმარებული საკვები ძირითადად ქიმიური, სინთეტიკური, რაფინირებული, გენმოდიფიცირებული და მასტიმულირებელი ნივთიერებებისგან შედგება: მასში საერთოდ არ მოიპოვება საზრდო, რამაც უნდა უზრუნველყოს ორგანოების და ზოგადად, მთელი ორგანიზმის ფუნქციონირება. ადამიანის ორგანიზმისთვის კი, როგორც თვითმარეგულირებელი სისტემისთვის, საჭიროა, შესაბამისი საწვავის, ბუნებრივი და არა ხელოვნური ფერმენტების, ვიტამინების, მინერალების სახით მიღება. დღეს საიდუმლო არაა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობასა და მოხმარებულ საკვებს შორის მუდმივი ურთიერთკავშირია. დაავადებებს გარკვეული გენეტიკური განწყობა აქვს, მაგრამ მერწმუნეთ, არის დაავადებები, რომელთა უმრავლესობა, არასწორი ცხოვრების წესით ჩნდება.
– ქალბატონო ასმათ, ამბობენ, ადამიანმა წელიწადის დროების მიხედვით უნდა შეარჩიოს კვების რაციონი. ეს თუ არის მართალი და თქვენ რას გვირჩევთ?
– ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ წლის გარკვეულ პერიოდში უნდა მიიღოს ბევრი ცილა, სახამებელი და სხვა. ერთი სიტყვით, დატვირთული კვება უნდა ჰქონდეს. ზოგი კი, პირიქით, ფიქრობს, რომ წლის ნებისმიერ დროს ფორმაში უნდა ჩადგეს და ნაკლებ საკვებს იღებს, რათა გარკვეულწილად წონა დაარეგულიროს და ზედმეტი კილოგრამები დაიკლოს. როცა კვების რაციონს ჩვენი შეხედულებისამებრ ვცვლით, ანუ ცხოვრების წესში გარკვეული ცვლილებები შეგვაქვს, ამ დროს ბევრი რამის გათვალისწინებაა საჭირო. ხშირად ამას გაუთვითცნობიერებლად აკეთებენ ადამიანები, ყოველგვარი კომპეტენციის გარეშე და ახლობლებისა და მეგობრების რჩევით, იწყებენ კვების რაციონის შეცვლას. აქვე გეტყვით, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, თავის ორგანიზმს ისე მოექცეს, როგორც მას სურს, მაგრამ თუ გინდა, ჯანმრთელი იყო და შენი ორგანიზმიც დიდხანს გემსახუროს, მაშინ ის სწორად უნდა მართო. დამიჯერეთ, იმიტომ არ უნდა იკვებო ნაკლები რაოდენობის საკვებით, რომ მხოლოდ ვიზუალურად გამოიყურებოდე კარგად. ამას სჯობს, მეტი ყურადღება სრულფასოვან, ჯანსაღ საკვებს დაუთმო და ჯანმრთელობაც ღრმა სიბერემდე შეინარჩუნო. ზამთარში ადამიანის ორგანიზმი ითრგუნება, დეპრესიულია, შენელებულია ნივთიერებათა ცვლის პროცესი, ამიტომ, მას სასიცოცხლო ძალები დაქვეითებული აქვს. სწორედ ახლა ის პერიოდია, როცა ზამთრისთვის უნდა მოვამზადოთ ჩვენი ორგანიზმი და მივაწოდოთ მას ყველა ის ბუნებრივი ვიტამინი და მინერალი, რაც ცივ სეზონზე აუცილებლად წაადგება. იმისთვის, რომ ორგანიზმი სასიცოცხლო ძალებით მოვამარაგოთ, რომელიც მას ფუნქციონირებისთვის სჭირდება, კი არ უნდა ვიშიმშილოთ, ან ძალიან დავნაყრდეთ, არამედ სწორად ვიკვებოთ, მსუბუქად. კერძოდ, უნდა გამოვრიცხოთ ის ცილოვანი საკვები, რაც დიდი რაოდენობით ცხიმოვან ტოქსიკურ მჟავებს შეიცავს, ასევე უნდა გამოვრიცხოთ სახამებლები. არსებობს ორგანული და არაორგანული ცხიმები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხიმები, ცილები და სახამებლები საერთოდ გამოვრიცხოთ საკვები რაციონიდან და მოვაკლოთ ისინი ორგანიზმს. ჩვენ, რასაკვირველია, ამ სეზონზე ბუნებრივი საკვები უნდა მივიღოთ, რასაც ვერ შევჭამთ ზამთრის ცივ დღეებში.
წელიწადის ყველა დროს არის ის სეზონური ხილ-ბოსტნეული, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს. აქვე გეტყვით, რომ ერთია სამკურნალო კვება, მეორე კი – სწორი კვება, რომელიც ადამიანს სჭირდება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად წელიწადის ნებისმიერ პერიოდში. შემოდგომით თუ არ მიიღო ადამიანმა საკვები სწორად, ძნელია ზამთრის რთულ პერიოდს ჯანმრთელად გაუძლოს. როგორც გითხარით, ამ დროს ნივთიერებათა ცვლა შენელებულია, მატულობს გაციების, ვირუსების ალბათობა. ამიტომ, ახლავე უნდა ვიზრუნოთ იმუნური სისტემის გაძლიერებაზე. თუ ზაფხულში უნდა გეჭამათ ქლიავი, ბალი, მარწყვი და სხვადასხვა ბოსტნეული და ხილი, ახლა ის უნდა ჩაანაცვლოთ ციტრუსებით, რადგან მათში შემავალი C ვიტამინი იმუნური სისტემისთვის აუცილებელი პროდუქტია. შემოდგომის ბოლოდან მთელი ზამთრის განმავლობაში უნდა ჭამოთ მანდარინი, ფორთოხალი, კივი, ფეიხოა, ვაშლი, გოგრა – ისინი არაჩვეულებრივად არეგულირებენ და აძლიერებენ ადამიანის იმუნურ სისტემას.
– ბევრი, ზამთრისთვის კომპოტისა და მურაბის სახით იმარაგებს ხილს.
– მართალია, ზოგიერთი ზამთრისთვის ზაფხულის ხილს იმარაგებს კომპოტის, მურაბის ან წვენის სახით. მინდა გითხრათ, რომ ეს დიდი შეცდომაა, რადგან არანაირი კვებითი ღირებულება არ აქვს ზამთრის პერიოდში ამგვარად შენახულ ხილს. ორგანიზმს ასეთი პროდუქტებით ვერ მოატყუებთ. როგორც გითხარით, სჯობს, სეზონურად მიიღოთ შესაბამისი ხილ-ბოსტნეული და არა კონსერვირებული ნებისმიერ დროს. აუცილებელია, ამ პერიოდში სეზონური ხილ-ბოსტნეულის ცოცხალი სახით მიღება და ხორბლის ფაფის ჭამა. კარგია ნატურალური, ახალგამოწურული წვენების დალევა. მერწმუნეთ, აბსოლუტურად ყველა დაავადება, არ ვგულისხმობ, რასაკვირველია, გენეტიკურ პათოლოგიას, სათავეს იღებს არასწორი კვებიდან. ძირითადად კი, დაავადების საწყისი ბავშვობიდან მოდის. ამიტომ, ადრეული ასაკიდანაა საჭირო ჯანსაღი, სწორი კვების რაციონის შემუშავება. აუცილებელია ნატურალური და არა გენმოდიფიცირებული საკვების შერჩევა, ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის ხილფაფების ჭამა. საჭმელი მხოლოდ კუჭის გასაძღომი საშუალება არ არის. ეს ყველამ უნდა გაითავისოს. ჩვენი ჯანმრთელობის ერთადერთი გარანტი სწორი კვებაა. თუ შემოდგომითვე გადააწყობთ თქვენს ორგანიზმს ზამთრისთვის, მაშინ ამ პრობლემისთვის დამახასიათებელ, ეგრეთ წოდებულ, მომატებულ დეპრესიულ სინდრომს ადვილად დააღწევთ თავს. მოამარაგეთ ორგანიზმი საჭირო მინერალებით, ფერმენტებით, მინერალური მარილებით, ვიტამინებით და მერწმუნეთ, ზამთარში ვერანაირი ვირუსი ვერ მოგერევათ. ისწავლეთ სწორი სეზონური კვება და ამით ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან.
ნონა დათეშიძე