რატომ ჩამოშორდა სცენას მარინე თბილელი და რა ტრაგედია მოხდა მის ცხოვრებაში
„თოჯინები იცინიან“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“, „აბეზარა“, „თხუნელა“, „ბაში-აჩუკი“... – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც მარინე თბილელს აქვს შესრულებული როლები. ის თავისი უზადო სილამაზით ნიჭიერებით, იუმორით, ქალურობით, უშუალობითა და არაჩვეულებრივი კისკისით ხიბლავდა საზოგადოებას. დღეს ამ თაობის მსახიობებს მხოლოდ ეკრანზე უყურებ და გული გტკივა, რომ მათ ვეღარც თეატრის სცენაზე ხედავ, ვერც თბილისის ქუჩებში ხვდები. დღეს მარინე თბილელის ცხოვრების დღიურებს წაიკითხავთ და, დარწმუნებული ვარ, თვალწინ გადაგეშლებათ ის ლამაზი კინოკადრები, რომლებითაც მან თავი შეაყვარა და დაამახსოვრა ყველა ჩვენგანს. მას კი მისი ქალიშვილი, ბაია დვალიშვილი წარმოგიდგენთ.
– მარინე თბილელი უაღრესად საინტერესო პიროვნება და მსახიობი იყო. როლებიც ასეთივე საინტერესო და სახასიათო ჰქონდა, მაგრამ მისი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. ყველას ძალიან გვაინტერესებს თქვენი ოჯახის ისტორია. რას გვიამბობთ?
– დედამ ძალიან გვიან – 40 წელს იყო გადაცილებული, რომ გამაჩინა. საერთოდ არ ეგონა, თუ ამ ასაკში შვილი ეყოლებოდა, მაგრამ, ასე მოხდა. სამაგიეროდ, 17 წლის იყო, როცა ჩემი ძმა დაიბადა. ძალიან კარგი ლიტერატორი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, მწერალი გახლდათ. დედა მისი გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე გარდაიცვალა.
მარინე წარმოშობით სიღნაღიდან გახლდათ. თელავში დაამთავრა საშუალო სკოლის ოთხი კლასი, მერე ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბებია და ბაბუა არ მახსოვს. დედამისი, ალექსანდრა ბასინჯაგოვა და მამა სტანისლავ ამბროვსკი ძირძველი კახელები ყოფილან. თბილელი, დედას ფსევდონიმია. რადგან საოცარ სითბოსა და სიყვარულს გამოსცემდა, ეს გვარი მამამთილმა – აკაკი ვასაძემ აჩუქა. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დედა და გოგი ვასაძე დაშორდნენ.
რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, მე და დედას მეგობრული ურთიერთობა არ გვქონია. იგი ჩემ მიმართ საკმაოდ მკაცრი იყო. რამდენადაც ჩემთან იყო მკაცრი, იმდენად რბილი იყო ჩემს ძმასთან. ერთნაირად იყვნენ ხელოვნებაზე შეყვარებულები, თანამოაზრეები, მეგობრები. ზოგჯერ მათი კამათი ჩხუბში გადაიზრდებოდა ხოლმე – კვირაობით იბუტებოდნენ. ძალიან საინტერესო ურთიერთობა ჰქონდათ, იმიტომ, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა სულ რაღაც 16 წელი იყო. ეს იყო არანორმალური დედაშვილური სიყვარული. კაკული პატარა იყო, როცა მათი ოჯახი დაინგრა. დედა არ იმჩნევდა, მაგრამ, ალბათ, გულში მაინც ჰქონდა ის ტკივილი თუ დანაშაულის გრძნობა, რადგან ჩემი ძმა ამას მწვავედ განიცდიდა. მათი ამგვარი ურთიერთობა ჩემში არანაირ ეჭვიანობას არ იწვევდა. პირიქით, მსიამოვნებდა.
მარინე თბილელის სილამაზე არ იყო მხოლოდ სილამაზე. ეს იყო ადამიანი, რომელსაც თან ახლდა განსხვავებული ბუნება, ოპტიმიზმი, საოცარი სილაღე. მაშინ სიტყვა „სექსუალურობა“, რაც დღეს ძალიან მოდაშია და ქალის პლუსად ითვლება, სამარცხვინოდ ითვლებოდა. დედას ყოველივე ეს გამოკვეთილად ჰქონდა. 16 წლისა რუსულ ფილოლოგიურზე სწავლობდა. ვორონცოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ფოტოატელიეს გარეთა სტენდზე ფოტოგრაფს მისი სურათი გამოეკიდა. იმ დროს რუსეთიდან კინოგადამღები ჯგუფი ყოფილა ჩამოსული და მიიპატიჟეს, მაგრამ მერე ეს გადაღებები რაღაც მიზეზით ჩაიშალა. შემდეგ აკაკი ფაღავას სტუდია გაიხსნა. თეატრალური ინსტიტუტი ჯერ არ იყო გახსნილი. მეგობრებმა შეაგულიანეს და ჩუმად დაიწყო სიარული, ისე რომ დედამისმა არაფერი იცოდა. ბებიაჩემს თავისი ძმა გაუგზავნია – ამ ბოლო დროს მარინე, რაღაც, ძალიან იგვიანებს, მგონი, სადღაც დაძვრება და გააკონტროლეო. უკან გაჰყვნენ და აღმოაჩინეს, რომ თეატრალურ სტუდიაში დადის. ბებია დააწყნარეს და დააიმედეს, რომ მის შვილს დიდი მომავალი აქვს. სწორედ აქ გაიცნო დედამ აკაკი ვასაძის ვაჟი, რეჟისორი გოგი ვასაძე. მისი პირველი როლი რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლში – „კრწანისის გმირებში“ თეკლა ბატონიშვილი იყო. გვერდიდან იოლი ჩანს მსახიობის ცხოვრება, მაგრამ, ასე არ არის. ბევრჯერ სტკენია გული, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს თამაშობდა. დიდხანს მიაჩნდათ, რომ გარეგნობა ხელს უშლიდა, რადგან, ძალაუნებურად, სულ ლამაზი ქალების როლებს აძლევდნენ. ეს არ გაკმაყოფილებს მსახიობს მაშინ, როდესაც იცი, რომ გაცილებით დიდი გაქანება გაქვს – სახასიათო როლები გინდა, სადაც მკვეთრად გამოჩნდება შენი ნიჭი. კინოშიც და თეატრშიც ლამაზი ქალები უფრო ტრაგიკულები არიან, რადგან მათ მხოლოდ ამ კუთხით იყენებენ. საერთოდ, დედა უთქმელი მაგრამ, მიზანსწრაფული ადამიანი იყო. ბოლომდე რომ გაგეშვათ, ალბათ, მთებს გადადგამდა. მე მყავდა ასევე არაჩვეულებრივი მამა და, მართლაც, თუ შეიძლება ითქვას, რომ დედას ყველაზე მეტად რაღაცაში გაუმართლა, ეს იყო მამაჩემთან ერთად შექმნილი ოჯახი. პირადად მე, ასეთი კაცები და მეუღლეები ჯერ არსად შემხვედრია. აქ არ არის საუბარი მის ბუნებასა და განათლებაზე. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ლამაზი და წარმატებული ქალის ქმრობა ადვილი სულაც არ არის, მამა კი ყველაფერს გაგებით ეკიდებოდა.
– მამათქვენიც საკმაოდ პოპულარული იყო საზოგადოებისთვის. მასზეც გვიამბეთ.
– დედა ოცდასამი წლის შემდეგ გაჰყვა ცოლად კაკო დვალიშვილს. მამა სარეჟისოროზე, ტოვსტონოგოვის ჯგუფში სწავლობდა. მასთან ერთად სწავლობდა მიხეილ თუმანიშვილიც. ძალიან საინტერესოდ და არაორდინარულად დაიწყო თავისი მოღვაწეობა რუსთაველის თეატრში. საკმაოდ პრინციპული ადამიანი იყო და, მოინდომა, რადიკალურად შეეცვალა ის წესი და იდეოლოგია, რითაც ცხოვრობდა მაშინ რუსთაველის თეატრი. დადგა რამდენიმე ქართული პიესა, მაგრამ ეს არ იყო გმირულ-ჰეროიკული სპექტაკლები. რამდენიმე სპექტაკლმა აბსოლუტური გარდატეხაც კი მოახდინა რუსთაველის თეატრში. ამან გამოიწვია ხელმძღვანელობის დიდი უკმაყოფილება. ძალიან ცუდად ჰქონდა საქმე და აკაკი ხორავამ გადაარჩინა – კაკო დვალიშვილი დროებით კულტურის სამინისტროში გაუშვეს. მაშინ ქართული კულტურის დღეები ეწყობოდა მოსკოვში. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ მამა სამინისტროში დატოვეს მინისტრის პირველ მოადგილედ. მაშინ, სულ რაღაც 33 წლის იყო. არ ვიცი, გული გაუტყდა თუ შიში გაუჩნდა, მაგრამ, თეატრში აღარ დაბრუნებულა. ვსაყვედურობდი, მთელი შენი ცხოვრება ჩინოვნიკობას შეალიე-მეთქი. ბოლოს ძალიან ნანობდა, მაგრამ... შემდეგ კულტურის სამინისტრო, როგორც ერთი დიდი უწყება, გაიყო და მამა გახდა კინემატოგრაფიის თავმჯდომარე. დედამ და მამამ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როცა მამა მინისტრის მოადგილე იყო. მეგობრებმა დედაჩემს უთხრეს: გახსოვს კაკო დვალიშვილი, თითქოს ერთ დროს მოსწონდიო. კი, მახსოვს, ასეთი რეჟისორი რომ იყო და ნეტა ახლა სად არისო, – უპასუხია დედას. როგორ თუ სად არის, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილეაო. დედას თვალებში ვარსკვლავები აენთო, გაიღიმა და თქვა: ახლა უკვე შეიძლება სერიოზულად ფიქრიო. თუმცა, სულ ამბობდა, გოგი ვასაძეს როგორც ვუყვარდი, ასეთი გამანადგურებელი სიყვარული არ შეიძლება, ამიტომაც მოხდა ჩვენი დაშორებაო.
– არ შემიძლია, მარინე თბილელზე ვისაუბროთ და არ გკითხოთ „ძველ ვოდევილებზე“, რომელიც, თავის დროზე მარჯანიშვილის თეატრში ანშლაგებით მიდიოდა. ჩვენს თაობას ამ სპექტაკლის ვიდეოჩანაწერი აქვს ნანახი, რაც ყოველი ნახვისას აღფრთოვანებას იწვევს. რა იცით ამ არაჩვეულებრივი სპექტაკლის შესახებ?
– ეს სპექტაკლი დიდი ხნის განმავლობაში იყო მარჯანიშვილის თეატრის სავიზიტო ბარათი. სხვათა შორის, ორი წლის განმავლობაში არ უშვებდნენ. როცა ვასო გოძიაშვილმა ის დადგა, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ მოსულები და დაიწუნეს – ძალიან მდაბიო, უგემოვნო და იაფფასიანი სპექტაკლია, აკადემიური თეატრისთვის შეურაცხმყოფელიო. გააჩერეს და მხოლოდ ორი წლის შემდეგ გაუშვეს. იფიქრეს, რამდენიმე პრემიერა იქნება და მერე მოვხსნითო, მაგრამ ვერ მოხსნეს, რადგან ანგშლაგი ანშლაგზე მიდიოდა. ვასო გოძიაშვილი იმ ნიჭისა და გემოვნების ადამიანი გახლდათ, რომელმაც ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა. ამიტომ იცოცხლა ამ სპექტაკლმა ამდენ ხანს.
– დედას გარეგნულად ძალიან ჰგავხართ, თითქოს ღიმილითაც. სხვა მხრივ?
– უცბად რაღაცაზე ძალიან რომ გავბრაზდები, ხმა მეცვლება. ჩემმა მეგობრებმა იციან თქმა – თბილელმა მოაკითხაო. არ მახსოვს დედაჩემის ყვირილი, ხმამაღალი სიტყვა. მახსოვს ხმამაღალი სიცილი, იცინოდა ისე, რომ მთელ სადარბაზოს ესმოდა და მაშინვე ყველა კარგ გუნებაზე დგებოდა, რადგან გადამდები სიცილი ჰქონდა. სპექტაკლებზე რომ მიდიოდა, მსახიობები აფრთხილებდნენ, არ გაიცინოო, იმიტომ რომ მერე ის მსახიობებიც „ფუჭდებოდნენ“ და ფუჭდებოდა მთლიანად სპექტაკლი. საკმარისი იყო, თითი გეჩვენებინათ ან რაღაც ისეთი გეთქვათ, რომ მაშინვე სიცილს იწყებდა. ბევრჯერ ფარდაც დაუხურავთ ამის გამო – რომ იწყებდა, აღარ ჩერდებოდა.
– როგორი იყო მარინე თბილელი სიცოცხლის ბოლო წლებში, რას განიცდიდა, რაზე ფიქრობდა?
– დედამ ძალიან იავადმყოფა ბოლო წლებში. თითქმის თორმეტი წელი არ გასულა სცენაზე. მეტ-ნაკლებად კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. სიბერეს ყველა განიცდის, მაგრამ დედა არ განიცდიდა. მიაჩნდა, რომ ადამიანი ამასაც ღირსეულად უნდა შეხვდეს; რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, თუ დღეს რამე კარგია, არის წარმავალი. რეპეტიცია გაქვს თუ პრემიერა, იმ წუთებით, წამებით ბედნიერი უნდა იყო. ძალიან საინტერესო ცხოვრება გაიარა და სულ ამას ამბობდა – ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარო. ჩემთვის დედა დიდი მაგალითი იყო. იშვიათია, რომ არ გაბოროტდე და არ თქვა: ეს ახალგაზრდები რას ჰგვანან, ჩვენ უკეთესები ვიყავითო. ეს კი ნიშნავს, რომ სიბერეს ვერ ეგუები, სწორად არ ბერდები სწორად, არ მიჰყვები ცხოვრებას ფეხდაფეხ. არ უყვარდა საკუთარი თავის ეკრანზე ყურება და ეს მეც გადმომდო. ამ ქვეყნიდან მძიმედ წავიდა. კომაში იყო. გვთხოვა, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე, თეატრიდან კი არა, სახლიდან გაგვესვენებინა. საერთოდ, თვითონ ძალიან უჭირდა პანაშვიდებზე სიარული. ვეუბნებოდით, უხერხულია, არ შეიძლება, უნდა წახვიდეო, მაგრამ უარს ამბობდა – არა, ვერ წავალ და ისინიც ნუ მოვლენ ჩემს პანაშვიდებზეო.