ფოტოგამოფენა კაფე “ნეროში„
„ფერები – მონაფერები” – მოსაწვევი კაფე „ნეროში” ამ გამოფენაზე მსახიობი წყვილისგან – გიორგი კალანდაძისა და ნათია წიწილაშვილისგან მივიღე. აღმოჩნდა, რომ მათ კაფეების ქსელ „ნეროს” ფიარმენეჯერებად დაუწყიათ მუშაობა და ამის შემდეგ ეს ულამაზესი, ძალიან დახვეწილი სივრცეები უამრავი საინტერესო ღონისძიების მასპინძელი იქნება. ფოტოგრაფ ანი გოგუაძის პროექტ „ფერები – მონაფერებიდან”, შიშველი ხელების ფოტოები ძალიან ბევრმა ცნობილმა ადამიანმა დაათვალიერა. „ნეროში” სალომე ბაკურაძე, თიკა მახალდიანი, ანა იმედაშვილი და სხვები ნანახით ნასიამოვნები ჩანდნენ. „ნერო” უგემრიელესი კერძებით, უმაღლესი ხარისხის კონიაკითა და სიგარებით გაუმასპინძლდა სტუმრებს. იქ მისულმა სხვა საინტერესო ამბებიც შევიტყვე. გიორგი და ნათია მონაწილეობას მიიღებენ გიორგი ლიფონავას ახალ ფილმში „ჯინსების თაობა”, სადაც მთავარ როლებს „ჰოლივუდის“ ვარსკვლავები ითამაშებენ. ალბათ, ის ამბავიც იცით, რომ ნათია ფეხმძიმედ არის და წყვილი გოგონას ელოდება. როგორც წიწიმ გვითხრა, ორსულობის პროცესი მშვიდად მიდის და აქტიურად მუშაობაში ხელს არაფერი უშლის.