ვის გამო ვერ გაიარა ბექა ელბაქიძემ რობერტ დენიროსთან ერთწლიანი მასტერკლასი და რატომ არის მისთვის დეპრესია ფუფუნება და დროის კარგვა
ჟურნალისტ ბექა ელბაქიძეს საკმაოდ აქტიური ცხოვრების სტილი აქვს. ის 15 წლიდან მუშაობს და ჟურნალისტიკაში უკვე 9 წელია მოღვაწეობს. მუშაობდა რადიო „საქართველოს ხმაში,” იყო ტელეკომპანია „იმედის” საკმაოდ რეიტინგული გადაცემის, „ჟურნალისტის დღიურის” ჟურნალისტი და წამყვანი. ტელეკომპანია „მზეზე” იყო დღის შოუს „მზესუმზირას” ერთ-ერთი წამყვანი. ამჟამად კი მზეზე გადაცემა „კინოკლუბი“ მიჰყავს. გეგმები და მიზნები ბევრი აქვს. ასე რომ, ახლო მომავალში მის შესახებ ბევრ საინტერესო სიახლეს შევიტყობთ. ინტერვიუში, როგორც თავად აღნიშნა, ის არც ისეთი რომანტიკოსია, როგორიც ხალხს ჰგონია. არის რეალისტი და სულაც არ დაფრინავს ოცნებებში.
– როგორია შენი ცხოვრების სტილი?
– საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან აქტიური ცხოვრების სტილი მაქვს, იმდენად, რომ ხშირად მეგობრებისთვისაც კი არ მრჩება დრო. მთელი დღე ვმუშაობ და ძირითადად, მეგობრების შემოვლას ღამის 11-12 საათიდან ვიწყებ. შესაბამისად, გვიან ვიძინებ, მაქსიმუმ 4-5 საათზე. სულ ვცდილობ, რაღაც მოვასწრო, რაღაც ვნახო და ასე შემდეგ. სულ იმის პრობლემა მაქვს, რომ დრო გამირბის. ვერასდროს ვერაფერს ვასწრებ. 22 წლამდე არ მიგრძნია დროის უკმარისობა, მაგრამ ბოლო 2 წელია, უკვე ვგრძნობ, რომ დრო მართლა გამირბის. თან, ჩემი ყველაზე ცუდი თვისებაა, არაპუნქტუალურობა. ეთერშიც კი დამიგვიანია.
– ამ ეტაპზე შენი ბოლო გასვლა საქართველოდან ეგვიპტეში იყო. პირადი ინტერესებიდან გამომდინარე გაემგზავრე თუ სამსახურიდან?
– ეს იყო ჩემი პირველი გასვლა უცხოეთში, როცა მივლინებით არ ვიყავი. ეგვიპტეში ჩავედი და ორ-სამ დღეში არეულობაც დაიწყო. მართალია, შარმალშეიხში გავჩერდი, მაგრამ დაძაბულობა იქაც იგრძნობოდა. ქართველი თუ მოხვდება ასეთ სიტუაციაში – კუნძულს იქით ორი ქალაქი იწვოდა – ქაირო და ალექსანდრია და ხალხს ხოცავდნენ, ხოლო კუნძულს აქეთ მაგარი დროსტარება და გართობა იყო.
– ყოველთვის გრძნობ, როდის არიან შენს მიმართ გულწრფელები?
– ჟურნალისტიკაში 15 წლიდან ვმუშაობ, უკვე 9 წლის სტაჟი მაქვს. ამ პროფესიამ ადამიანების ცნობა მასწავლა. მასწავლა როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს ისეთ ადამიანთან, ვინც არ მოგწონს. მაგრამ, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, გიწევს მათ გარემოცვაში ყოფნა. ადამიანებს ძალიან ადვილად ვცნობ. ჟურნალისტიკას ტაქსის მძღოლის საქმეს ვადარებ. დღის განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა, შესაბამისად, თამაშის გარკვეული წესებიც გიყალიბდება. შეიძლება, შენ არ იყო განწყობაზე, ან პირიქით, ის არ იყოს, მაგრამ როცა ინტერვიუა, გადაცემაც, ჩვენ ვიხსნით ამ ყველაფერს, ვდებთ გვერდზე და იწყება არაგულწრფელი ურთიერთობაც. მე პირადად, ძალიან მაწუხებს ის, რომ დღეს, ძირითადად, ძალიან ხშირად არის ყალბი ურთიერთობები. ეს, ალბათ, ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა უფრო გამძაფრებულია. ალბათ, ასეთი ერაა. ისეთ გარემოში გავიზარდე და ისეთი სამეგობრო წრე მყავს, რომ ჩვენი ურთიერთობა სიყალბეზე არასდროს იდგა. ჩემმა საქმიანობამ კი მასწავლა ის, რომ შეიძლება, გულწრფელი არ იყოს ადამიანი, მაგრამ შენ შეგიძლია, გახსნა ის და გულწრფელი გახადო იმ დონემდე, რა დონემდეც გჭირდება. ეს უკვე შენზეა დამოკიდებული.
– 15 წლიდან ვმუშაობო, აღნიშნე. რა იყო იმის მიზეზი, რომ 15 წლის ბავშვმა მუშაობა მოინდომე?
– ბავშვობიდან მივისწრაფოდი ამისკენ და მუშაობა ძალიან მინდოდა. ყველაფერი მარტომ გავაკეთე, საერთოდ არ მინდოდა, ვინმე ჩარეულიყო ამაში. დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა თავიდანვე მქონდა. ალბათ, ეს იმის დამსახურებაც არის, რომ ადრეულ ასაკში წავიკითხე ისეთი ლიტერატურა, რომელსაც ზრდასრულები კითხულობენ. ასევე, ძალიან ადრეულ ასაკში ვნახე ძალიან ბევრი ისეთი ფილმი, რაც შემდეგ უნდა მენახა. ამ ყველაფერმა ალბათ რაღაცნაირად ზრდას შეუწყო ხელი. ბევრი ინფორმაცია რომ გაქვს, მერე უკვე გინდა, საკუთართ თავის რეალიზება მოახდინო. ერთ დღესაც, გადავწყვიტე, რომ რადიოში მინდოდა მუშაობა და გადაცემის გაკეთება. დავიწყე „საქართველოს ხმაში” მუშაობა, მაშინ 15 წლის ვიყავი. მას შემდეგ, ყველაფერს მარტო ვაკეთებ და გამომდის. არასდროს ვიტყვი უარს იტალიაში წასვლაზე, ის ჩემი მეორე სამშობლოა. ასევე, არასდროს ვიტყვი უარს კინოში თამაშზე. სამსახიობოზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ ვერ ჩავაბარე. მითხრეს, უფასოზე ადგილები არ არის, ფასიანზე მიბრძანდიო. მე გავბრაზდი, წამოვედი და კინომცოდნეობაზე ჩავაბარე. ამერიკიდან მქონდა მიწვევა, ინტერნეტით ჩავაბარე და რობერტ დენიროსთან უნდა მქონოდა ერთწლიანი მასტერკლასი, მაგრამ განათლების სამინისტროდან ვერ მივიღე დაფინანსება და ჩემი სამსახიობო კარიერაც „ჩაესვენა“. რაღაცნაირად რთული ზაფხული იყო ჩემთვის. „ჟურნალისტის დღიური” დაიხურა, ვერც ამერიკაში წავედი დაფინანსების გამო... მაგრამ, სამაგიეროდ, ამ ზაფხულს დავასრულე ჩემი პირველი რომანი, რომელიც მალე დაიბეჭდება. რადგან ამერიკა არ გამოვიდა, აუცილებლად, ვაპირებ ევროპაში წასვლას და სწავლის გაგრძელებას კინოსამსახიობოზე.
– როცა რაღაც არ გამოგდის, ფარ-ხმალს ყრი თუ იმედს არ კარგავ?
– ფარ-ხმალს არასდროს ვყრი. შეიძლება, ნევროზული შემოტევები მქონდეს, მაგრამ დეპრესიაში არასდროს ვვარდები. ჩემი აზრით, დეპრესია მაინც ფუფუნება და დროის კარგვაა. მე ძალიან კარგი მეთოდები მაქვს ამისთვის. როცა მძიმე სიტუაციაში ვარ, ვწერ. ამ დროს იქმნება ხან პიესა, ხან კინოსცენარი. ჩემს ცხოვრებაში ერთი ამბავი რომ მთავრდება, მეორე იწყება. ყველაფერი ეტაპობრივად ხდება.
– შენთან ურთიერთობა მარტივია თუ რთული?
– როგორც მეუბნებიან, ძალიან კომუნიკაბელური ვარ და ადვილად შევდივარ ადამიანებთან ურთიერთობაში. სხვათა შორის, როგორც აღმოვაჩინე, ეს არ არის კარგი თვისება, რადგან მგონია, ყველა ადამიანი კარგია, მერე კი აღმოჩნდება, რომ არც ასეა საქმე. ზუსტად ამ ფაქტმა გამოიწვია, ჩემს ცხოვრებაში კრიზისული პერიოდები. ადამიანები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ და მეც რაღაცა ვისწავლე.
– როგორ ფიქრობ, არიან ადამიანები, ვისაც არ მოსწონხარ?
– ყველას ვერ მოვეწონები, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან პირდაპირი ვარ. არ მიყვარს ზურგს უკან ლაპარაკი. თუ რამეს ვფიქრობ, პირდაპირ ვეუბნები ადამიანს.
– ადვილად გამოდიხარ წყობიდან?
– ემოციური ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადვილად გამოვდივარ წყობიდან. თუმცა, ძალიან რთული აფექტის მდგომარეობა მაქვს.
– მანდილოსნებთან მიმართებაში როგორი ხარ?
– ძალიან რომანტიკული კაცის იმიჯი მაქვს. ეს ალბათ, იმიტომ, რომ ლექსებს ვწერდი, პოეზიის საღამოები მქონდა. გარკვეული რომანტიზმი მაქვს, მაგრამ არც ისეთი რომანტიკოსი ვარ... ჩემთვის სიყვარულისა და რომანის ცნება ცოტა სხვადასხვა რამაა. არასდროს ვამბობ: „მე შენ მიყვარხარ...” ყველას ჰგონია, რომ ძალიან რომანტიკული ვარ და ვდნები, მაგრამ ასე არ არის. სულაც არ ვდნები, რადგან ძალიან რეალისტი ვარ, განსაკუთრებით ბოლო წლებში მყარად დავდივარ მიწაზე, რადგან ფრენამ და ვარდისფერმა სათვალემ, კარგი არაფერი მომიტანა.
– შენი ცხოვრების სტილი თუ იცვლება მაშინ, როცა შეყვარებული ხარ?
– ბუნებრივია, როცა შენს გვერდით ახალი ადამიანი ჩნდება, ცხოვრებაც იცვლება.
– ეჭვიანი ხარ?
– არა. თუ ადამიანს ენდობი, ეჭვი აღარ ჩნდება.
– როგორც ჟურნალისტსა და ხელოვანს, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს?
– უხერხულია ჩემგან ამის თქმა, მაგრამ თუ გავითვალისწინებ სოციალურ ქსელს, თუ გავითვალისწინებ წერილებს და ასე შემდეგ, თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ ვუჩივი.
– სიურპრიზებსაც გიკეთებენ?
– კი, რაღაც საჩუქრები ტელევიზიაშიც და რადიოშიც მომსვლია. ასეთი ფაქტი ბევრი იყო, რაც ძალიან მახარებს. მაგრამ, არ მიყვარს, როცა აიდეალებენ ადამიანს და შემდგომში მისგან კერპს ქმნიან. მე თვითონაც მიმიბაძავს ვიღაც-ვიღაცეებისთვის, მაგრამ იდეალი არავისგან შემიქმნია. ხორციელ ადამიანებს შორის იდეალები არ არსებობენ.