რა მსხვერპლი გაიღო ნინო კალანდაძისთვის მეუღლემ და რასთან უწევთ მათ შეგუება
„მის საქართველო“, მშვენიერი ნინო კალანდაძე, რომელიც 3 წლის შვილის დედაა, კვლავ აქტიურად განაგრძობს მოდელობას და, პარალელურად, ერთ-ერთ იურიდიულ კომპანიაში მუშაობს. ის ახლახან ფლორენციაში იმყოფებოდა, სადაც საკმაოდ საინტერესო შოუში მიიღო მონაწილეობა.
ნინო კალანდაძე: ახლახან ჩემი პროფესიით დავიწყე მუშაობა, თან, აქტიურად ვარ ჩართული სამოდელო საქმეში – თითქმის ყველა „ფეშენ-ვიქში“ ვმონაწილეობ, ჯერჯერობით ვერ ველევი ამ საქმეს. ეს პროფესია ხანმოკლეა, თუმცა ამჟამად ყველაფერი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. აპრილში სამოდელო სააგენტო „ამსას“ ხელმძღვანელმა სოფო ჭყონიამ გაგზავნა გოგონები ფლორენციაში. მოდელები სხვადასხვა სააგენტოებიდან შეირჩა, სულ თორმეტნი ვიყავით. ფლორენციაში არის მოდისა და არქიტექტურის ძალიან ცნობილი აკადემია „იტალიანა“, სადაც ყოველ წელიწადს ეწყობა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ დიპლომების დაცვა. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და მის ორგანიზებაში თითქმის მთელი იტალიაა ჩართული. შოუ მხოლოდ პოდიუმზე გასვლა-გამოსვლით კი არ შემოიფარგლებოდა, სპეციალურად ჩამოიყვანეს ძალიან ცნობილი ქორეოგრაფი, რომელმაც დაგვიდგა ნომერი, რათა შოუ უფრო მეტად სანახაობრივი ყოფილიყო. თბილისიდან 10 აპრილს გავემგზავრეთ. როგორც კი ჩავედით, მაშინვე ტანსაცმლის მოსინჯვა დავიწყეთ. ერთ-ერთი მონაწილე ქართველი იყო, აკადემიაში სწავლობს, ნინო თევზაძე, ისიც იცავდა დიპლომს. ძალიან კარგი, გემოვნებიანი კოლექცია ჰქონდა. საქართველოში აპირებს ჩამოსვლას და, იმედია, საქართველოს მოდის კვირეულებშიც მიიღებს მონაწილეობას. ახალი სახეა და თან, ძალიან საინტერესო.
– დატვირთული დღის რეჟიმი გქონდათ?
– ძალიან. დილის ცხრის ნახევარზე რომ გვეწყებოდა რეპეტიციები საღამოს 5-6 საათამდე ვერ გამოვდიოდით გარეთ. შოუ გაიმართა ფლორენციის დიდ თეატრში, ყველაფერი საოცრად ორგანიზებული იყო, დიდ ყურადღებას გვაქცევდნენ, მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენება დაახლოებით ორსაათ-ნახევარი გაგრძელდა, ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა, ერთ-ერთ იყო „სვაროვსკების“ ოჯახი. წინა წელს „დოლჩე და გაბანას“ სამოდელო სახლიდანაც იყვნენ. საერთოდ, ამ შოუზე ძალიან ბევრი სამოდელო სახლიდან მოდიან, რომ ნახონ ახალგაზრდა დიზაინერები, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან და შემდეგ უკვე ისინი მიჰყავთ მილანში. სამოსი ძალიან კარგი ხარისხის ქსოვილისგან იყო შეკერილი, განსხვავებული იყო, ბევრმა გოგონამ იქვე იყიდა. მეც მინდოდა ყიდვა, მაგრამ ბოლოს ისეთი არეულობა იყო, რომ, იმ დიზაინერს, ვისი სამოსიც მომეწონა ყველაზე მეტად, ვეღარ მივაგენი. ძალიან კარგი ხარისხი იყო და ძალიან დაბალი ფასები. ორგანიზატორები ძალზე კმაყოფილები დარჩნენ ჩვენი, ქართველი მოდელების მუშაობით, შექებები დავიმსახურეთ და შემდეგ წელსაც გველოდებიან. „ავთერ ფართიზეც“ წავედით. ძალიან კარგი დრო კი ვატარეთ, მაგრამ, დაღლილები ვიყავით და მალე წამოვედით. ყველაფერი ზღაპარივით იყო, არაჩვეულებრივად ჩაიარა.
– ვინმე თუ დაინტერესდა შენით?
– რამდენიმე სააგენტოს წარმომადგენელი მოვიდა და ჩემი სააგენტოს მენეჯერს გაესაუბრა. ერთი ვიცი, რომ გეგმაში კიდევ გვაქვს რაღაც პროექტები და შემოთავაზებები.
– მოდელები, ალბათ, ერთად ცხოვრობდით.
– სასტუმროში ვცხოვრობდით ყველანი ერთად. როგორც კი აკადემიიდან გამოვიდოდით, მაშინვე მაღაზიებისკენ ან მუზეუმებისკენ გავრბოდით. მოვახერხეთ რაღაცეების ნახვა. მედიჩების სასახლე მოვინახულეთ, საოცარი იყო, ვერსალის მსგავსი ბაღებით. მათი ძველი სამოსიც ვნახეთ, ისეთი ლამაზი იყო. ასევე, ვნახე მიქელანჯელოს, რაფაელის, ბოტიჩელის ნახატები. მართლა გენიოსები იყვნენ. თვითონ ფლორენცია ქალაქი-მუზეუმია ვიწრო ქუჩებით, იქ ყველაფერი განსაკუთრებულია. მთელი მოსახლეობა ველოსიპედით ან მოტოციკლით დადის, ერთადგილიანი ავტომობილი პირველად ვნახე ჩემს ცხოვრებაში. ხალხი ჩვენნაირია – ემოციური, ხმაურიანი. თავი საკუთარ სახლში მეგონა. ყველაფერი ძალიან ნათელი და ლამაზი იყო. სამწუხაროდ, არ მეყო დრო, რომ ბევრი რამ მენახა, კიდევ წავალ უკვე მეუღლესთან ერთად.
– მას შემდეგ, რაც გათხოვდი, მგონი, მეუღლის გარეშე პირველად წახვედი მარტო უცხოეთში, თან – სამუშაოდ.
– დიახ. ჩემი მეუღლე მოხარულია, რომ ვმუშაობ, წარმატებულად ვუძღვები ჩემს საქმეს და მგულშემატკივრობს, ხელს მიწყობს. უხარია, რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს და ბედნიერებას მანიჭებს, კარგად ვარ.
– ალბათ, გაგიჭირდა ბავშვის დატოვება.
– ძალიან გამიჭირდა და მომენატრა. ყოველდღე ვრეკავდი საქართველოში. სანამ წავიდოდი, ბევრი რამ დამაბარა ჩამომიტანეო და მეც ჩამოვუტანე. ჩემები მეუბნებოდნენ, საერთოდ არ გახსენებსო. ყოველდღე სადღაც მიჰყავდათ, გასართობ ცენტრებში და კარგად ართობდნენ. ჩემი მეუღლეც სულ მეხმიანებოდა. სხვათა შორის, 15 აპრილს, სიყვარულის დღეს, ყვავილების ულამაზესი თაიგული გამომიგზავნა საქართველოდან. საერთოდ, ასეთი რამ სხვა დროსაც გაუკეთებია – პოლონეთში რომ ვიყავი, იქაც გამომიგზავნა უზარმაზარი თაიგული, მაგრამ, იტალიაში არ ველოდებოდი, რადგან სასტუმროს მისამართიც არ იცოდა. სახელი კი ვუთხარი, მაგრამ, არ ვიცოდი, თუ ეხსომებოდა. ფოიეში რომ შევედი, თაიგული დავინახე. გოგონები წივილ-კივილით გაცვივდნენ, არავინ იცოდა, ვის ეკუთვნოდა, აღმოჩნდა, რომ ჩემი იყო. თან, იმ დღეს ძალიან მოწყენილი ვიყავი. ბოლო სამი წელია, მე და ჩემი მეუღლე სიყვარულის დღეს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ, განსაკუთრებული ემოციებით და იმ დღეს არ მოულოცია, თანაც, მარტო ვიყავი და მოვიწყინე. გულში ვფიქრობდი ცოტა გაბრაზებული, ხომ არ დაავიწყდა-მეთქი, მაგრამ, საღამოს თაიგული რომ დამხვდა, მისი სიახლოვე და გვერდით ყოფნა ვიგრძენი. როდესაც უცხოეთში ხარ, ყველასგან შორს, ასეთ რაღაცეებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სანამ დავქორწინდებოდით, უცხოეთში ცხოვრობდა და მუდმივად გვქონდა ტელეფონით კონტაქტი, ყველაფერს ვუყვებოდი, დიდხანს ვსაუბრობდით ხოლმე.
– ანუ, ძალიან ყურადღებიანი ადამიანია.
– ძალიან, ოღონდ, მოსაბეზრებლად არა. ყოველდღე ყვავილები რომ გამომიგზავნოს, როგორც თვითონ ამბობს, ეს ყველაფერი ძალიან გაუფასურდება და მეც ვეთანხმები. სიყვარულის დღეს, ასევე, ჩვენთვის სხვა მნიშვნელოვან დღეებში, იცის მოულოდნელად რაღაცეების გაკეთება. ეს ადამიანი ჩემთვის ცხოვრების სიურპრიზია, ამაზე დიდი საჩუქარი და სიურპრიზი არ მქონია. რომ ამბობენ, დროთა განმავლობაში სიყვარული გადისო, პირიქით, ამ დროს საოცრად იზრდება ეს გრძნობა. ერთმანეთი ისე შევისწავლეთ, თითქოს მის აზრებსაც უსიტყვოდ ვხვდები, რა უნდა და ისიც ასეა. ერთმანეთზე ვართ ძალიან მიჯაჭვულები, არაჩვეულებრივი მეუღლე და მამაა.
– შენს მეუღლეს სამსახურის გამო ბათუმში უწევს ხშირად ყოფნა. ამას უკვე შეეგუე?
– ძალიან ძნელია, თუმცა, თვითონ ხშირად ჩამოდის და მეც მივდივარ. მალე ყველაფერი შეიცვლება და ერთად ვიქნებით. ორივეს გვესმის, რომ ჩემს საქმეს ასე სჭირდება, ჩემს მომავალს ახლა ვაწყობ. ზოგი ქმარი ამხელა მსხვერპლზე არ წავიდოდა – მარტო არ იცხოვრებდა, თან, ასე შორს, მაგრამ, ჩემი მეუღლე ძალიან დადებითი პიროვნებაა. მე ცოტა რთული ხასიათი მაქვს – ჯიუტი ვარ, თუმცა, ცოტა გამოვსწორდი, სამაგიეროდ, არ ვარ მომთხოვნი, ელემენტარულითაც ძალიან ბედნიერი ვარ. სამაგიეროდ, სულ მონატრების გრძნობა გვაქვს, თუმცა, ზაფხულის განმავლობაში ერთად ვართ. საღამოობით სულმოუთქმელად ველოდები, ერთი საათი რომ ვერ ვნახო, მენატრება. ახლაც მიჭირს მის გარეშე, რთულია, მაგრამ, ორივე ვუძლებთ.