რისთვის დადიოდა კატო დედაბრიშვილი მთელი ცხოვრება ფეხებდალეწილი და როდის განიცადა მან იმედგაცრუება
შეიძლება ითქვას, კატო დედაბრიშვილი იმიტომ გახდა სერიალ „დეტექტივების” მონაწილე, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. კატო ამ სერიალში დეტექტივის თანაშემწე ნინოს ასახიერებს. თუ რითი ჰგავს კატო თავის გმირს, რამ ჩააგდო ის საგონებელში გადაღების მეორე დღესვე და რა იმედგაცრუება ჰქონდა მას ცხოვრებაში მანამდე, ამას თვითონ კატო გვიამბობს.
კატო: უკვე 3 თვეა, რაც სერიალ „დეტექტივების” მეორე სეზონის გმირი გავხდი.
– როგორ მოხვდი ამ სერიალში?
– ახლობელმა შემომთავაზა, რომ მივსულიყავი სამსახიობო სააგენტო „არტ ათეულში”, სადაც მისვლისთანავე გავიცანი მსახიობი ზაზა იაქაშვილი, რომელმაც მირჩია, რომ მონაწილეობა მიმეღო ქასთინგში. გადამიღეს სურათები, ამის შემდეგ შემახვედრეს ფილმის რეჟისორ ლაშა ცერიაშვილს, მან ჩემთან გასაუბრების შემდეგ გადამიღო სინჯები. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ კი დამირეკეს და მითხრეს, რომ დამტკიცებული ვიყავი როლზე.
– როგორი რეაქცია გქონდა?
– თავიდან არ მჯეროდა, რადგან, როგორც ვიცოდი, ითქვა, რომ როლისთვის სჭირდებოდათ პროფესიონალი მსახიობი, მე კი არ ვარ პროფესიონალი მსახიობი. საბოლოოდ, რეჟისორისა და ფილმის დირექციის არჩევნით ვიყავი ერთდროულად გაოგნებული და, ამავე დროს, ძალიან ბედნიერი. ამის შემდეგ უკვე ერთ კვირაში დაიწყო ფილმზე მუშაობა.
– პირველად მოხვდი გადასაღებ მოედანზე და...
– ... და, ირგვლივ იყო ყველაფერი უცხო, მაგრამ, მინდა აღვნიშნო, რომ ყოველი ადამიანი, მსახიობებიდან დაწყებული, ტექნიკური ჯგუფი, რეჟისორი, მოკლედ, ყველა, მეხმარებოდა და მასწავლიდა, რისთვისაც თითოეული მათგანის ძალიან მადლობელი ვარ. ასე გაიარა პირველმა სამუშაო კვირამ. ამის შემდეგ, ასე თუ ისე, უკვე გადავლახე კომპლექსი თუ, რა დავარქვა და, ავყევი სამუშაო რიტმს. იყო ძალიან ბევრი ღამისთევა, მაგრამ, იმდენად ვიყავი მონდომებული და იმდენად მომწონდა სიტუაცია, რომელშიც მოვხვდი, რომ ეს არაფრად ჩამიგდია.
– მართალია, პროფესიონალი მსახიობი არ ხარ, მაგრამ, შენს გმირს ბევრი საერთო უნდა ჰქონდეს შენს ძირითად პროფესიასთან. ასეა?
– ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ჩემს გმირს, დეტექტივის თანაშემწე ნინოს, ჩემს პროფესიასთან და, გარდა ამისა, ამ როლზე მუშაობა, ჩემთვის, როგორც მომავალი იურისტისთვის, ძალიან დიდი პრაქტიკაა, რადგან მე აქ ბევრი რამ ვისწავლე: გავიარეთ მოსამზადებელი ვარჯიშები პოლიციის აკადემიაში; ვნახე, რა და როგორ ხდება.
– ხომ არ გაიხსენებ რომელიმე მომენტს გადასაღები მოედნიდან?
– ზუსტად გადაღების მეორე დღეს გვქონდა პროზექტურის სცენების გადაღება. ჯერ იყო და, ჩემს გმირს მამაკაცის გვამის საჯდომზე მოუწია ლუპით დაკვირვება. ეს არაფერი, მეორე დღეს სცენარში ვკითხულობ, რომ ამჯერად მამაკაცის გენიტალიები უნდა დამეთვალიერებინა. ძალიან შევშფოთდი. ამ სცენის გადაღების მოლოდინში მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვიყავი, განვიცდიდი. დღის ბოლოს ჩემთან მოვიდა რეჟისორის თანაშემწე და მკითხა, რა გჭირსო. მიზეზი რომ გაიგო, დამამშვიდა: შვილო, ნუ ნერვიულობ, ამ სცენის გადაღება არ დაგვჭირდებაო (იცინის).
– შენი უხასიათობის მიზეზი სხვებსაც ხომ არ შეატყობინა?
– არა, შემინახა საიდუმლო.
– შენს გმირზე მელაპარაკე.
– ჩემი გმირი, დეტექტივის თანაშემწე ნინო, არის დამწყები თავის პროფესიაში და ცდილობს, წარმატებას მიაღწიოს. მას უყვარს თავისი საქმე და ამისთვის ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებს. ნინო არის ძალიან რისკიანი, რაც მე რეალურ ცხოვრებაში არ მახასიათებს, ვისურვებდი, რომ ამ თვისებით დავმსგავსებოდი მას. მიზანდასახულობითა და შრომისმოყვარეობით მე და ნინო ძალიან ვგავართ ერთმანეთს.
– პროფესია, როგორ აირჩიე?
– მთელი ბავშვობა ხელოვნებაში ვიყავი გადავარდნილი. პატარა ვიყავი, როდესაც სუხიშვილების სტუდიაში მიმიყვანეს ნინო კირვალიძესთან. მან შემომხედა და თქვა, ეს გოგონა სუხიშვილების ანსამბლისთვის უნდა გავზარდოო. მართლაც, მთელი ცხოვრება სულ ამისთვის ვშრომობდი, თავს ვიკლავდი, ფეხის თითები დალეწილი მქონდა. ხუთი წლის თავზე, დადგა მომენტი, როდესაც ჩვენთან მოვიდა ილიკო სუხიშვილი – მას ხუთი გოგონა უნდა აერჩია თავისი სტუდიისთვის. მე ამისრულდა ოცნება და ამ ხუთ გოგოს შორის მოვხვდი, მაგრამ, როდესაც ანსამბლში უნდა გადავსულიყავი, აღმოჩნდა, რომ პრობლემები შემექმნა ფეხებთან დაკავშირებით, რის გამოც დიდხანს ვეღარ შევძლებდი ცეკვას. ამიტომ, მომიწია სხვა არჩევნის გაკეთება. როდესაც დავჯექი და დავფიქრდი, თუ რა მიყვარს, რა მომწონს, რა არის ჩემთვის საინტერესო, მივხვდი, რომ ეს იყო იურისტობა. თუმცა მანამდე, აბიტურიენტობის პერიოდში, სუხიშვილებიდან წამოსვლის შემდეგ, ახლობლებსა და მათ ახლობლებს მე და ჩემი მეგობარი ცეკვას ვასწავლიდით – ეს უმრავლეს შემთხვევაში იყო საქორწინო ცეკვა ნეფე-დედოფლისთვის. ეს ძალიან სახალისო საქმიანობა იყო იმხანად ჩვენთვის. რა თქმა უნდა, როდესაც სტუდენტი გავხდი, ამ საქმიანობისთვის აღარ მეცალა. პირველი ლექცია რომ ჩამიტარდა, ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი და მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. გარდა ამისა, ვიყავი, უფრო სწორად, ამჟამადაც ვარ (უკვე ოთხი წელია) სამოდელო სააგენტო „ნატალის” მოდელი. „ნატალი“ ჩემი სახლივითაა.
– მსახიობობაზე თუ გიოცნებია როდისმე?
– დიახ, მსახიობობა სულ მინდოდა ბავშვობაში. მინდოდა ჰოლივუდში მოხვედრა, მაგრამ შემდეგ მქონდა იმედგაცრუება და ამან ჩემს პროფესიულ არჩევანზე გადამწყვეტი როლი იქონია.
– რას გულისხმობ?
– იყო მომენტები, როდესაც დამამტკიცეს როლზე, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს როლი სხვას ერგო.
– ანუ, სხვა დროსაც მიგიღია კინოსინჯებში მონაწილეობა?
– ერთხელ მოვსინჯე და იქვე ჩავიქნიე ხელი. ამას გარდა, იყო პატარ-პატარა სარეკლამო გადაღებებიც. სულ პატარა რომ ვიყავი, აზერბაიჯანისთვის „ნესტლეს” რეკლამაშიც გადამიღეს. ამ მხრივ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ, კინოსფეროში კი ვიგემე იმედგაცრუება.
– რომელ ფილმში გინდოდა როლის მიღება?
– კინოფილმ „სვანში”. მითხრეს, რომ ერთ-ერთ როლზე დამამტკიცეს, ველოდი, როდის დამიძახებდნენ გადაღებებზე. რომ აღარ გამოჩნდნენ, ჩემი აგენტი დაუკავშირდა მათ და პასუხად მიიღო, რომ იმ როლზე სალომე გასვიანს ჰქონდა დაწყებული მუშაობა.
– მოდი, სხვა კუთხითაც გაგიცნობთ: სამზარეულოში ფუსფუსი თუ შეგიძლია?
– ხაჭაპურის ცხობა ვიცი. 10 წლის ვიყავი, ამ საქმეს უკვე წარმატებით რომ ვართმევდი თავს, რაზეც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ბებიებს.
– პრანჭია ხარ?
– არც ისე. ხშირად ვერ დამინახავთ სარკის წინ.
– შეყვარებული ხარ?
– არა.
– როგორი მამაკაცი შეიძლება მოეწონოს კატოს?
– იცით, მამაკაცის იდეალი არ მყავს. ალბათ, რაღაც დოზით უნდა ჰქონდეს იუმორი, ამავე დროს, უნდა იყოს სერიოზული და ძალიან ჭკვიანი. თუ მამაკაცი არ არის ჭკვიანი, ის ვერასდროს მოიგებს ჩემს გულს.
– გარეგნობა არის შენთვის მნიშვნელოვანი?
– კვაზიმოდო ნამდვილად არ მომეწონება, მაგრამ, არც „მისტერ მსოფლიოზე“ ვიოცნებებ არასდროს. მგონია, რომ ჩემი გული ჩემზე უფროსმა მამაკაცმა შეიძლება მოიგოს – ოთხი წლით უფროსი მაინც უნდა იყოს. საერთოდ, მიჭირს ჩემზე უმცროსებთან ურთიერთობა, მეგობრებშიც ასე ვარ – უფროსებთან უფრო მალე ვნახულობ საერთო ენას.