კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იღებენ სასულიერო პირები მრევლის მიერ საკურთხეველში შეგზავნილი სეფისკვერებიდან ცოცხალი და გარდაცვლილი ახლობლების სახელზე წმიდა ნაწილებს



ვინც წირვა-ლოცვას ესწრება, მას კარგად ეცოდინება, რომ ამ დროს, განსაკუთრებით კი წირვაზე, საკურთხეველში დიდი საიდუმლოება აღესრულება. თუ რა აუცილებელ სიწმიდეებს, საეკლესიო ნივთებს იყენებენ ღვთისმსახურები ამ დროს, რისგან შედგება მათი ჩაცმულობა, ამის შესახებ გვესაუბრება ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გურამი (გურამიშვილი):



– როგორც იცით, ეკლესიაში არსებობს სამი სამღვდელო იერარქია: დიაკვანი, მღვდელი და ეპისკოპოსი. დიაკვნის შესამოსელი შედგება: კვართისგან, გინგილისა და სამუხლეებისგან ანუ სამაჯურებისგან, რომლებსაც დიაკვანი მარჯვენა და მარცხენა ხელზე იკეთებს. კვართით იმოსებიან ასევე მღვდლები, ეპისკოპოსები და თავად სტიქაროსნების შესამოსელიც, რომელსაც ჩვენ სტიქარს ვეძახით, კვართია და განასახიერებს მაცხოვრის კვართს. ძალიან დიდი პატივია, ადამიანი ეკლესიაში მსახურობდეს სტიქაროსნად და სტიქარის მატარებელი იყოს, ეს მას დიდ პასუხისმგებლობას მატებს. როდესაც დიაკვანი წირვა-ლოცვაზე „კვერექსს“ წარმოთქვამს, მას ხელში უკავია გინგილი და მაცხოვრის ხატთან ხელაპყრობილი აღასრულებს თავის მსახურებას. რაც შეეხება მღვდლის შესამოსელს, ის შედგება: კვართისგან, ფილონისგან, საგვერდულისგან, სამკლაურებისგან, ოლარისგან და, თუ დააჯილდოებენ, უფლება აქვს, ატაროს მიტრა. ეპისკოპოსის სამოსი კი შედგება: კვართისგან, სამღვდელმთავრო ბისონისგან, ოლარისგან, სამუხლეებისგან, ომოფორისგან, რომელიც არსებობს დიდი და მცირე, სხვადასხვა ფორმის და სამღვდელმთავრო მიტრისგან. მსახურების დროს, მღვდელი იქნება ის თუ ეპისკოპოსი, წირვაზე იმოსება სრულად, ხოლო ლოცვაზე – კვართის გარეშე, რადგან ამ დროს არ არის კვართის ჩაცმა აუცილებელი. მიტრა განასახიერებს იმ ეკლის გვირგვინს, რომელიც უფალს ჯვარცმის დროს თავზე დაადგეს. ანუ სტიქარი, როგორც უკვე აღვნიშნე, განასახიერებს მაცხოვრის კვართს, მიტრა – ეკლის გვირგვინს, ოლარი – მადლმოსილ სიწმიდეს, სამაჯურები – იმ ბორკილებს, რომლებიც მაცხოვარს დაადეს.

– მამაო, როდესაც ადამიანი აღსარებას ამბობს, მას მოძღვარი თავზე გადააფარებს ოლარს და უკითხავს შენდობის ლოცვებს. ხშირად გამიგია, რომ ბოროტ ძალას განსაკუთრებულად ეშინია ოლარისო.

– ოლარი – ეს არის სიწმიდე, სიმბოლო იმ მადლმოსილებისა, რომელსაც ადამიანი მღვდლად კურთხევისას იღებს. შესაბამისად, როდესაც მოძღვარი იბარებს აღსარებას, ის ოლარს აფარებს ადამიანს და უკითხავს შენდობის ლოცვას, რომლის დროსაც ადამიანს ეპატიება შეცოდებანი, რა თქმა უნდა, თუ მას გულწრფელი სინანული გააჩნია. სასულიერო პირების ნებისმიერი შესამოსელი სათავეს ჯერ კიდევ პირველი საუკუნეებიდან იღებს. რუსულ ეკლესიაში ფილონში არის განსხვავება – ის უფრო ამაღლებულია უკანა მხარეს, კისერთან. ბერძნულ ეკლესიაში მიტრის ტარების უფლება მხოლოდ პატრიარქსა და ეპისკოპოსებს აქვთ. ჩვენი ქვეყნიდან ჩასული სასულიერო პირი, ანუ მღვდელი, იქ მიტრას ვერ დაიფარებს, ამის უფლებას არ მისცემენ.

– რას იყენებენ სასულიერო პირები წირვა-ლოცვის დროს?

– მსახურების დროს სასულიერო პირები იყენებენ ბარძიმ-ფეშხუმს, ორივე ძალიან დიდი სიწმიდეა. ფეშხუმი განასახიერებს ბაგას, სადაც იშვა მაცხოვარი. მასზე დაბრძანებულია ვარსკვლავი. როდესაც მაცხოვარი ბაგაში იშვა, მას ზემოდან დაადგა ვარსკვლავი და როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, მოგვები, როდესაც ვარსკვლავი იხილეს, მიხვდნენ, რომ იშვა კაცობრიობის მხსნელი, მაცხოვარი იესო ქრისტე. წირვაზე ასევე გამოიყენება ხუთი დიდი სეფისკვერი: ერთი – ღვთისმშობლის გამოსახულებით, ოთხი კი – ჯვრის გამოსახულებით. სამკვეთლოზე პირველი სეფისკვერიდან ღვთისმშობლის სახელზე ხდება ნაწილის ამოღება, რომელიც დაბრძანდება ფეშხუმზე, ხოლო, რაც შეეხება დანარჩენ სეფისკვერებს, ერთიდან ამოდის ტარიგი, იესო ქრისტეს სახელზე, რომელსაც აქვს ასეთი წარწერა: „იესო ქრისტე და ძლევა“, შემდეგ ეს ნაწილი ოთხად გაიყოფა და ფეშხუმზე დაბრძანდება. დანარჩენი სეფისკვერებიდან ხდება ცხრა დასის სახელზე წმიდა ნაწილების ამოკვეთა, რომლებიც ასევე დაბრძანდება ფეშხუმზე, მეოთხე სეფისკვერიდან კი ამოდის ნაწილი ჩვენი პატრიარქის სახელზე და ღვთივდაცული ერისთვის, ხოლო მეხუთე სეფისკვერი განკუთვნილია მიცვალებულთა სულების მოსახსენიებლად, იქიდან ამოიკვეთება მათ სახელზე წმიდა ნაწილი და მასაც სხვა წმიდა ნაწილებთან ერთად დააბრძანებენ ფეშხუმზე. ბარძიმში კი ხდება ღვინისა და წყლის შერევა. დიდი გასვლის დროს, როდესაც სამკვეთლოდან გადის სასულიერო პირი, ჩამოილოცავს, შემდეგ ბრუნდება საკურთხეველში, ბარძიმ-ფეშხუმს დააბრძანებს ტრაპეზზე, წაიკითხავს სულიწმიდის გარდამოსვლის ლოცვას, სიწმიდეები იკურთხება და ტარიგს, სიწმიდეებს, ჩააბრძანებს ბარძიმში, რომელსაც შემდეგ ეზიარება სასულიერო პირი და მორწმუნე ერი. რაც შეეხება პატარა სეფისკვერებს, რომლებსაც მრევლი აგზავნის საკურთხეველში საკუთარი ოჯახის ცოცხალი და გარდაცვლილი წევრების სახელზე, ცოცხლებისთვის არის სეფისკვერი ღვთისმშობლის გამოსახულებით, ხოლო მიცვალებულთათვის ჯვრის გამოსახულებით, მოძღვრები ვკვეთთ ამ სეფისკვერებს, ვიღებთ წმიდა ნაწილს, მოვიხსენიებთ მრევლის ცოცხალ და გარდაცვლილ ახლობლებს და შემდეგ ჩავუშვებთ ამ ნაწილებს ბარძიმში. ბარძიმსა და ფეშხუმს აქვს თავისი დაფარნები – ორი მცირე და ერთი დიდი დაფარნა, რომლებიც მათ ეფარება. ანუ ერთი დაფარნა ეფარება ბარძიმს, მეორე – ფეშხუმს, ხოლო ორივეს ზემოდან ეფარება დიდი დაფარნა. როდესაც „მრწამსი“ იგალობება, მოძღვარი დიდ დაფარნას აღამაღლებს, წარმოთქვამს „მრწამსს“ და ხდება დაფარნების გარდამოხსნა, ძღვენის კურთხევა. ლახვარი, რომლითაც ხდება სეფისკვერების კვეთა და წმიდა ნაწილების ამოღება, განასახიერებს იმ ლახვარს, რომლითაც უგმირეს ქრისტეს. ტრაპეზზე ასევე არის დაბრძანებული ოდიკი, რომელზეც გამოსახულია მაცხოვრის გარდამოხსნა, ის ქსოვილისაა და მასზე უკან მოთავსებულია წმიდა ნაწილი. წირვის ჩასატარებლად აუცილებელი და მთავარია ოდიკი, ის წირვის დროს ტრაპეზზეა დაბრძანებული, მას ვშლით და მასზე დაბრძანდება ბარძიმი და ფეშხუმი, ასევე ჯვარი, რომელიც მოძღვარს ჩამოლოცვის დროს გამოაქვს და მას ემთხვევა მორწმუნე მრევლი. როდესაც ხდება ტაძრის კურთხევა, მისი უწმიდესობა მოძღვარს ატანს ოდიკს, რომელშიც ჩაბრძანებულია წმიდა ნაწილი და ამ დროს იკურთხება წმიდა ტრაპეზი, რომლის წინ მოძღვარი აღასრულებს ღვთისმსახურებას. თავად ტრაპეზი კი არის გოლგოთის ადგილი, სადაც მაცხოვარი იქნა ჯვარცმული და შემდეგ მოხდა მისი აღდგომა და ამაღლება. საკურთხეველში, ტრაპეზის წინ, ასევე დაბრძანებულია შვიდტოტა კანდელი, რომელიც შვიდი საეკლესიო საიდუმლოს სიმბოლოა, ყოველთვის ანთია. საკურთხეველში ასევე ანთია ერთი კანდელი და ორი სანთელი.

– რას განასახიერებს საცეცხლური?

– საცეცხლურს თავისი დანიშნულება და მნიშვნელობა აქვს. მასში იდება ნახშირი, საკმეველი და სასულიერო პირი უკმევს წმიდა ძღვენს, ხატებს, მრევლს და ეს ერთგვარი მადლის მიღებაა, რომელიც საცეცხლურის კმევით გადმოდის ადამიანებზე. ის, რაც აცვიათ სასულიერო პირებს, რასაც ვიყენებთ წირვა-ლოცვის დროს, შემთხვევითი არ არის, ყველაფერი ღვთისგანაა დადგენილი და ეკლესიისგან დაწესებული და უკავშირდება უფალს. ეს ერთგვარი გახსენებაა ქრისტეს შობისა, ჯვარცმისა, აღდგომისა და ამაღლებისა.



ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3