რა ვერ გადახარშა დიტო ქისიშვილის მომავალმა მეუღლემ და რით მანიპულირებდა გათხოვებაზე მის დასათანხმებლად მომღერალი
მომღერალმა დიტო ქისიშვილმა, დაახლოებით ორი კვირის წინ, ცოლი მოიყვანა – 18 წლის მოდელი, გადაცემა „ვა-ბანკის“ მონაწილე, მშვენიერი რუსკა შველიძე. დიტო ამჟამად საკუთარ ალბომზე მუშაობს, წერს სიმღერებს და ახლო მომავალში მის გამოშვებას გეგმავს.
– რუსკა, თუ არ ვცდები, სკოლას ახლა ამთავრებ და, გამოცდები გაქვს.
დიტო: კი, სკოლას ამთავრებს და ახლახან შესრულდა 18 წლის. რადგან სრულწლოვანი გახდა, გადავწყვიტე, სახლშიც მიმეყვანა. გამოცდებს ერთად ვაბარებთ. დილით მასთან ერთად ვდგები, რომ გამოცდაზე წავიყვანო, როგორც შემიძლია, ვეხმარები.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– ერთმანეთი შარშან, 4 თებერვალს გავიცანით საერთო მეგობრის დაბადების დღეზე. შორიდან იღიმებოდა. ლამაზი ღიმილი აქვს და მაშინვე მომნუსხა. მანამდე ერთი წელი მის სახეს სხვა ადამიანებში ვხედავდი. „დეჟავუები“ მქონდა, ოღონდ მომავლის. სხვა გოგონებში რუსკას სახეს ვხედავდი და ძალიან მომწონდა. თან, იმ ადამიანებს საერთოდ არ ვიცნობდი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, ვისაც მათში ვხედავდი, იმ გოგონას კარგად ვიცნობდი და მასთან ერთად მთელი ცხოვრება მოვდიოდი. რუსკა რომ დავინახე, გულში სხვანაირმა ნემსმა წამკრა. ავფორიაქდი, გულში ცეცხლები ამენთო.
რუსკა: დაბადების დღეზე დიტო გვიან მოვიდა, ჩვენ უკვე ვცეკვავდით, ვერთობოდით. რომ მოვტრიალდი, ინსტინქტურად გავუღიმე, ოღონდ რატომ – არ ვიცი. მერე დიტომ იმღერა და მალე წავიდა, ერთმანეთს არც გამოვლაპარაკებივართ.
დიტო: იმ ღამეს მივწერე – გძინავს? – ოღონდ არც სახელი მიმიწერია, არც გვარი. მეორე დღეს კიდევ მივწერე, ჩვენს საერთო მეგობართან ვიყავით დაბადების დღეზე. შენ მიმართ ინტერესი, სიმპათია გამიჩნდა-მეთქი. მომწერა, თუ არ მეტყვი, ვინ ხარ, საერთოდ არ მოგწერო. მე ვცდილობდი დამეინტრიგებინა, მაგრამ ბოლოს მივხვდი, შეიძლებოდა, საერთოდ აღარ მოეწერა და „გავულაითე“.
რუსკა: პირველად არანაირი რეაქცია არ მქონდა – ვაიმე, რა კარგი ბიჭი იყო და ასე შემდეგ. ესემესიც რომ მომივიდა, არ მეგონა, თუ დიტოს მოვეწონებოდი, ვიფიქრე, „ღადაობდა“. მაგრამ მერე დამირეკა და ხმის ტემბრიც რომ გავიგე, დავიჯერე.
დიტო: ხმის ტემბრით მოვნუსხე, ჩემმა ბუნებრივმა ხმამ კვლავ გაამართლა. რა თქმა უნდა, უკვე მქონდა გარკვეული გრძნობა, მაგრამ, რომ დავინახე, გავიცანი მისი შინაგანი სამყარო, მისი მსოფლმხედველობა, ურთიერთობას დაესვა ძალიან ლამაზი „დამღა“ და გადაიზარდა წრფელ, სასიყვარულო გრძნობაში.
რუსკა: ურთიერთობა რომ დავიწყეთ, თავიდანვე მაჯახა, მე შენთან მეგობრობა არ მინდაო. მაგრამ, მაშინ სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვიყავი, თუმცა ერთ თვეში უკვე მიყვარდა.
დიტო: ერთმანეთს რომ უნდა შევხვედროდით, იმ საღამოს რუსკას ჩვენება ჰქონდა, მივაკითხე. ჩემი ჰობია ავტომობილის ტარება და გადავწყვიტე, იმ დღესაც ერთად წავსულიყავით. მინდოდა, მის შესახებ ყველაფერი მაქსიმალურად გამეგო. დასასრულს, რაც მაინტერესებდა, ყველაფერი ვიცოდი და ვუთხარი, შენთან მეგობრული ურთიერთობა არ მინდა. მე უფრო სხვა ინტერესები მაქვს და თუ მზად ხარ ამისთვის, შეგიძლია, პასუხი მითხრა-მეთქი. იმ საღამოს დავშორდით გადაწყვეტილებით, რომ შეიძლება, მომავალში გაგრძელდეს ეს ყველაფერი და ამის შემდეგ ამ თემაზე აღარ გვისაუბრია. მომავალ დღეებში სასიყვარულო ურთიერთობა გაგრძელდა და მას შემდეგ, დღე არ ჩაგვიგდია, ერთმანეთი არ გვენახა. რომ ამბობენ, არ უნდა ნახო, მოანატრო თავი, ითამაშოო, – ეს სისულელეა. როდესაც არ ნახულობ, იტანჯები. ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებთ. საღამოს ცოტა რომ შემაგვიანდეს, ტელეფონზე ისტერიკული რეკვები იწყება – შენ დღეს ჩემთვის არ გცალიაო. მე ვიცი ეგოისტური სიყვარული, ოღონდ კარგი გაგებით – ელემენტარულიც შეიძლება მეწყინოს. რაც რუსკამ გადაწყვიტა, რომ ეს იყო სერიოზული ურთიერთობა და არა თამაში, რადიკალურად განსხვავებული გახდა. მეც თავიდანვე „გავუიასნე“, რომ მაქვს ასაკიც და ოჯახის შექმნის მოთხოვნილებაც, ამიტომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეიძლება, ეს ნაბიჯი გადავდგათ. ამიტომ, შენ თუ ეჭვი გეპარება, შენი სიყვარული არ არის იმდენად მყარი, რომ ჩემს წინადადებაზე, ოჯახი შევქმნათ, – არ იქნები თანახმა, მაშინ ჯობია, ახლავე დასრულდეს ურთიერთობა-მეთქი. მას შემდეგ დღემდე სიმყარით მოგვაქვს ჩვენი ურთიერთობა და საბოლოოდ, ყველაფერი ასე კარგად დაგვირგვინდა.
– ჩხუბობდით შეყვარებულობისას?
რუსკა: პირველად, ჩემი დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე ვიჩხუბეთ და დავშორდით. დიტომ მითხრა, მე მჭირდება დაფიქრება იმაზე, რამდენად მყარია ჩემი გრძნობებიო.
დიტო: ვინც მიყვარს, ეს შეიძლება იყოს – დედა, მამა, და, მათგან თუ რამე მეწყინება, მერე რთულად ვაპატიებ ხოლმე. ახლა შევიცვალე, რუსკას დამსახურებაა, რომ ჩემს საყვარელ ადამიანებს შეიძლება, ერთ საათში ვაპატიო და თავადვე გავხდე ურთიერთობის დალაგების ინიციატორი, ოღონდ არა ჩემი ღირსების ხარჯზე. ამ შემთხვევაშიც ეს ვუთხარი რუსკას. თან, მე მიყვარს სიურპრიზების გაკეთება. ვიფიქრე, რადგან 5-6 დღეში უწევდა რუსკას დაბადების დღე, ცოტა გავუწელავ დროს, სანერვიულოს მივცემ, რომ მომავალში მსგავსი არაფერი გააკეთოს და შემოვირიგებ-მეთქი.
რუსკა: ჩემი დაბადების დღე ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ სიურპრიზი არ მიხარია, თუ ნაჩხუბარი ვარ. იმ დღეს დამირეკა, გილოცავო. მე ცივად ველაპარაკე. აივანზე გადიო, გავედი. ქვევით ჩავიხედე, ვიფიქრე, მოსულია-მეთქი, მერე წინ გავიხედე და ორ ხეზე გაკრული იყო უზარმაზარი პლაკატი: „რუსკა, მიყვარხარ, გილოცავ დაბადების დღეს“. იმწუთას არ გამხარებია, რადგან გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ მერე ძალიან გამიხარდა.
დიტო: თან, იმ დღეს წავიყვანე სიღნაღში და ვაკოცე. მას მერე ჩემით მონუსხულია.
– როდის გადაწყვიტეთ დაქორწინება, გაიპარეთ?
რუსკა: დიტოს, ეტყობა, ისტერიკული წინათგრძნობა ჰქონდა. სამი თვით ადრე დავშორდით, რადგან გათხოვება არ მინდოდა.
დიტო: თებერვალში გადავწყვიტეთ, რომ ოქტომბერში უნდა დავქორწინებულიყავით, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დადგა, მისმა გონებამ ეს ვერ გადახარშა და წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. მე ვიმანიპულირე – ესე იგი, შენი სიყვარული არ არის ძლიერი, მყარი-მეთქი, მაგრამ არაფერმა გაჭრა. მაშინ კარგად იყავი-მეთქი და ერთი კვირით დავშორდით. მერე შევრიგდით, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ოქტომბერში დავქორწინდებოდით. იმ დღეს, როდესაც სახლში წავიყვანე, საუბარი ისე წარიმართა, მივხვდი, არ აპირებდა ოქტომბერში გამოყოლას. ბოლოს ვუთხარი, ახლა ან ჩემთან მიგიყვან სახლში, ან შენთან-მეთქი. პასუხს არ მცემდა, დავძარი მანქანა და რადგან პასუხს არ მაძლევ, წაგიყვან სახლში და მე შენი ცხოვრებიდან გავქრები-მეთქი. დაიწყო ტირილი, ნახევარი საათი ტიროდა. ჯიხვი ხასიათი მაქვს, მოკლედ „ვა-ბანკზე“ წავედი. არადა, როცა თვალზე ცრემლი ადგება, ცუდად ვხდები, ვამშვიდებ, რომ არ იტიროს. ერთი სიკვდილი გავათავე, მაგრამ თავი შევიკავე. ცივად ვეკითხებოდი – მორჩი ტირილს? როდესაც პასუხი გამცა – არა, დიმუნა, მე შენთან სახლში მინდაო – უკვე ტირილი ისტერიკულ სიცილში გადაეზარდა. გადავამოწმე, ძალადობას ხომ არ აქვს ადგილი – ჩემთან ერთად ერთი დღით გინდა, ორით თუ სამუდამოდ-მეთქი და ესეც ტირილით მპასუხობდა სამუდამოდო, მეც ბოლოს სახლში წამოვიყვანე.
რუსკა: თუ რაღაც არ მოსწონს, მაშინ მკაცრია. საერთოდ, გაბრაზებული ძალიან ცუდია.
დიტო: ზაფხულში ბათუმში ვიყავით – მე მეგობრებთან, ეს ოჯახთან ერთად. ერთ საღამოს მანქანით „ვკატაობდით“, რაღაცაზე ვიყავი „დაგრუზული“. რუსკას ერთი ცუდი თვისება აქვს, თუ ჩაიციკლა, მართალია, მე რამეს რომ ვეუბნები, მპასუხობს – ჰო აბა, რა, შენ ხარ მართალი – თან ცინიკურად. იმ დღესაც რაღაც მეწყინა, წყობიდან გამომიყვანა. არადა, გაბრაზებულს ყველაფერი მეკეტება. ამას „სი ბემოლ-მაჟორი“ ჰქვია და „სი ბემოლ-მაჟორში“ ისეთი ვუყვირე, ლამის შიშისგან ფანჯრიდან გადავარდა. ისე შემეცოდა...
– აპირებთ ჯვარის დაწერას?
– დილემის წინაშე ვდგავართ – ქორწილი გავაკეთოთ, თუ სამოგზაუროდ წავიდეთ. ამიტომ ჯერ დრო და თარიღი არ ვიცით, მაგრამ ჯვარს აუცილებლად დავიწერთ.