კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაწყვიტა თეთრმა სახლმა პალესტინელების გულის მოგება ისრაელთან სტრატეგიული მოკავშირეობის მიუხედავად

ჩვენმა მედიასაშუალებებმა უღმერთოდ მიაყურისძირეს ბარაკ ობამას ამას წინანდელი განცხადება, რომ დროა, პალესტინას დამოუკიდებელი სახელმწიფო ჰქონდეს და ისრაელი იძულებული გახდება, დათმოსო. დღესავით ნათელია, რომ ამერიკის პრეზიდენტის ეს განცხადება პირდაპირ კავშირშია არაბულ სამყაროში განვითარებულ მოვლენებთან და ბინ ლადენის ლიკვიდაციასთან. მეორე მხრივ, ისიც ნათელია, რომ ისრაელი ამერიკის ფავორიტებს შორის უპირველესია. იმის გარკვევას, თუ რატომ უგანა უპირველესს და რა ბედი გველის დანარჩენ ფავორიტებს, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან ერთად შევეცდებით.

– რას ნიშნავს ბარაკ ობამას ეს განცხადება?

– ეს ნიშნავს ერთ რამეს: ბარაკ ობამა არაბულ სამყაროსთან რთულ სიტუაციაშია, რადგან ნატო ბომბავს არაბულ სამყაროს. მე, ასე თუ ისე, ვიცნობ იმ რეგიონს და ისინი სოლიდარობის დიდი გრძნობით გამოირჩევიან. მაგალითად, ევროპელები ერთმანეთზე არ ამბობენ, ძმები ვართო. არც ამერიკელი იტყვის კანადელზე, ჩემი ძმააო, მაგრამ ლიბიიდან დაწყებული და მავრიტანიით დამთავრებული, ტერმინი „ჩვენი ძმები“ არსებობს. ამიტომ ბაჰრეინელი რიგითი არაბისთვის, როდესაც ნატო ბომბავს ტრიპოლს, ნატო ბომბავს არაბულ მიწას და კოშმარია ობამასთვის, თუ ეს გააძლიერებს ანტიამერიკულ განწყობას არაბულ სამყაროში. ისრაელი დღიდან მისი დაარსებისა არასდროს გამოირჩეოდა თავმდაბლობითა და ზომიერების გრძნობით. მას, თავის დროზე, 14 000 კვადრატული კილომეტრი გამოუყო გაეროს უშიშროების საბჭომ სახელმწიფოს დაარსებისთვის, პალესტინას კი – 11 000 კვადრატული კილომეტრი. ანუ გაეროს უშიშროების საბჭომ ორი სახელმწიფოს დაარსების შესახებ მიიღო რეზოლუცია, მაგრამ დღეს ებრაული ლობისა და დიასპორის დიდი მცდელობით აღარავის ახსოვს ეს მეორე ფაქტი. 1967 წლის ომის შემდეგ 14 000 კვადრატული კილომეტრი ებრაელებმა 70 000 კვადრატულ კილომეტრად აქციეს.

– ყოჩაღ!

– აქედან, მართალია, ცოტა დაუბრუნა ეგვიპტეს, მაგრამ მაინც მთელი არაბული სამყაროს თვალში ისრაელი აგრესორია. სხვათა შორის, როდესაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ებრაელმა ლობისტებმა პირველად დასვეს სახელმწიფოს შექმნის საკითხი და დაიწყეს ეს კამპანია, რომელსაც, განსაკუთრებით, ინგლისელი სიონისტები უჭერდნენ მხარს როტშილდის ფულით, უგანდაში მოითხოვდნენ ისრაელის სახელმწიფოს შექმნას. ის, მართლაც, ზღაპრული ადგილია. ნამყოფი ვარ.

– მე მხოლოდ ჰემინგუეის წყალობით ვარ ნამყოფი „კილიმანჯაროს თოვლიანი მთით“.

– სხვათა შორის, როდესაც ეს ისრაელის ერთ-ერთ ელჩს ვუთხარი, ძალიან არ ესიამოვნა. ერთი სიტყვით, შემდეგ დადგა იერუსალიმის საკითხი. დღეს იერუსალიმი, როგორც ისრაელის დედაქალაქი, ფართო გაგებით, არალეგიტიმურია. ნაწილი აღიარებს, მეორე ნაწილი არ აღიარებს. ობამა მძიმე მდგომარეობაშია. ფაქტია, რომ პალესტინელ ხალხს უნდა ჰქონდეს თავისი სახელმწიფო. ოფიციალურად 12 მილიონამდე პალესტინელია, არაოფიციალურად – გაცილებით მეტი. თან, მთელ არაბულ სამყაროში პალესტინელები ყველაზე განათლებულ ეთნიკურ ჯგუფად მიიჩნევიან. საუდის არაბეთში, ქუვეითში, ბაჰრეინში, ყატარში მთელი საინჟინრო ინტელიგენციისა და საბანკო სფეროს წარმომადგენლების 80 პროცენტი პალესტინელია. როდესაც ისრაელი არსდებოდა, იყო ასეთი ლოზუნგი: უნდა ეპოვათ მიწა ხალხის გარეშე და ებრაელებმა უბრალოდ გარეკეს პალესტინელები. ეს იყო ენთიკური წმენდა, უბრალოდ მაშინ ეს ტერმინი არ იყო ასე პოპულარული. რა თქმა უნდა, ომს იწყებდნენ პალესტინელები, რომლებსაც ისრაელი ძალიან ადვილად წამოაგებდა პროვოკაციაზე. მაშინ ის რეგიონი თურქეთის, ოტომანთა იმპერიის შემადგენლობაში იყო და ერთ მშვენიერ დღეს მათ აღმოაჩინეს, რომ გაყიდულია ყველაფერი.

– ებრაელებმა ისრაელი ბედუინებისგან ნაყიდი მიწით შექმნეს.

– როტშილდებმა იყიდეს. იმ პერიოდში ხუმრობდნენ, პალესტინაში ქვა რომ გდია, თავისი წონა ოქრო ღირსო. იქ უდაბნო იყო, ებრაელებმა აქციეს წალკოტად. ყიდულობდნენ და ყიდულობდნენ და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათი იყო. მოკლედ, დიდი ისტორიული უსამართლობა მოხდა და მშვენივრად იციან ამერიკაში. მე მინახავს პალესტინელი ლტოლვილების ბანაკები: სინას ნახევარკუნძულსა და იორდანიის საზღვარზე. წარმოიდგინეთ, კარვების ქალაქები უდაბნოში, სადაც დღისით 40-გრადუსამდე სიცხეა, ღამით კი – ნულ გრადუსამდე ყინვა. სამ დღეში ერთხელ მიდიოდა წითელი ჯვრის მანქანები, გამწკრივდებოდნენ ქალები და ბავშვები ტაშტებით ხელში და აგროვებდნენ წყალს. სწორედ ამ ბანაკებში გაზრდილი ბიჭებიდან გამოდიოდნენ თვითმკვლელი ტერორისტები. აი, ასე დაიწყო პალესტინის გათავისუფლების მოძრაობა, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად გადაიქცა. ამით ისრაელმა მშვენიერი კოზირი მიიღო და სწორედ მათთან ბრძოლაში იქცა „მოსადი“ „მოსადად“. გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს თვითონ ამერიკაშიც მიხვდნენ, რომ რაღაც უნდა შეცვლილიყო. მაშინ ამერიკის ელჩი გაეროში იყო ამერიკული პოლიტიკის პირველი აფროამერიკელი ამომავალი ვარსკვლავი ენდრიუ იანგი, კინომსახიობივით ლამაზი. ის, რასაკვირველია, თეთრი სახლის თანხმობით რამდენჯერმე საიდუმლოდ შეხვდა პალესტინის წარმომადგენლებს. ეს ებრაელებს არ გამოჰპარვიათ, იმხელა კამპანია ატეხეს, რომ ენდრიუ იანგი გააგდებინეს გაეროდან და მისი ვარსკვლავიც ჩაესვენა პოლიტიკაში. არადა, შეიძლებოდა, ის გამხდარიყო ამერიკის პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტი. მეორე მაგალითსაც გეტყვით: ამერიკის სენატში 28 წლის განმავლობაში იყო სენატორი, უჭკვიანესი და ძალიან პოპულარული ადამიანი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე უილიამ ფულბრაიტი. ერთხელაც, გაექცა სიტყვა და „ვაშინგტონ პოსტს“ ინტერვიუში უთხრა, რომ ისრაელმა მეტი თავმდაბლობა და მეტი ტოლერანტობა უნდა გამოიჩინოსო. ერთი წლის შემდეგ მის შტატში არჩევნები ტარდებოდა და ისე იმუშავა ებრაულმა ლობიმ, რომ არჩევნები წააგო.

– რა მეთოდებით მუშაობს ებრაული ლობი?

– ამერიკაში ასამდე ებრაული საზოგადოებრივი ორგანიზაციაა. ფული ხომ აქვთ და აქვთ, მაგრამ მათი საქმიანობის მიზანი შემდეგია: როგორც კი, რომელიღაც პოლიტიკოსს კრიტიკის მაგვარი წამოსცდება საჯაროდ, ის მეორე დღიდანვე იღებს დღეში ათასობით კრიტიკულ წერილს და მის შტატში უკვე იწყება მის წინააღმდეგ კამპანია, რომ არჩევნები წააგოს. ეს საათივით აწყობილი მექანიზმია, ამიტომ ბევრი რამ შერჩა ისრაელს. შერჩა, როდესაც გაირკვა, რომ ჯაშუშობდა პენტაგონში. საერთოდაც, ისრაელი თავის თავს უფლებას აძლევს, ყურად არ იღოს ამერიკის რჩევები და რეკომენდაციები.

– თუმცა ისრაელი თანახმაა პალესტინის ავტონომიაზე?

– პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე დიდი ხანია, ლაპარაკია. ყველაზე დიდი, რაზეც ისრაელი დაითანხმეს, არის პალესტინის ავტონომია, მაგრამ ეს ავტონომია კუდმოკვეცილია, იმიტომ რომ თვითონ პალესტინელები ვერ გაერთიანდნენ და ჩამოყალიბდნენ. გაიმართა ისტორიული მოლაპარაკება ოსლოში რაბინსა და იასერ არაფატს შორის, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და, სანამ არ გამოცხადდა პრესკონფერენციაზე, რომ შეთანხმებას მიაღწიეს, ვერავინ გაიგო, რაზე იყო ლაპარაკი, ისე გასაიდუმლოებული გახლდათ. არაფატმაც და რაბინმაც მშვიდობის ნობელის პრემიები მიიღეს, თუმცა რაბინი შემდეგ მოკლეს ისრაელში, არ აპატიეს. ეს შესავალი იმისთვის გავაკეთე, რომ ობამასთვის ეს განცხადება არის ფიარი. ობამას ესმის, რომ შეიძლება, ებრაელებმა ეს ძვირად დაუსვან, მაგრამ ობამას ისიც ესმის, რომ არაბულ სამყაროსთან ურთიერთობის გამწვავება არ შეიძლება, რომ არ გაჩნდნენ ახალი ბინ ლადენები და არ მოხდეს ახალი 11 სექტემბერი. ობამასთვის ეს პრაგმატიზმით ნაკარნახები იძულებითი ნაბიჯია.

– ჩვენ ვიცით, რომ ისრაელი ამერიკის ძალიან დიდი დახმარებებით სარგებლობს: ის პირველ ადგილზეა და არის ამერიკის ერთადერთი დასაყრდენი არაბულ სამყაროში, მთელ იმ უზარმაზარ ტერიტორიაზე. ობამას ეს ნაბიჯი რას ნიშნავს? როგორც კი გადაკვეთს აშშ-ის ინტერესი მოკავშირის ინტერესს, მოკავშირე უპირობოდ იწირება?

– არ მგონია, ისრაელს სწირავდეს.

– ისრაელისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია პალესტინის დამოუკიდებლობა. მე ჩვენი გადასახედიდან ვუყურებ ამ პროცესს. ისრაელის ბედი თუ შეაგდო სასწორზე, ჩვენსას არ შეაგდებს?

– დე გოლის დროს მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოხსენებას აკეთებდა და მან თქვა, ჩვენი მეგობარი ქვეყნებიო. დე გოლმა, რომელიც ისედაც ძალიან უხეში ადამიანი იყო, შეაწყვეტინა და პირდაპირ უთხრა, ბატონო საგარეო საქმეთა მინისტრო, სახელმწიფოს, თუ ის ღირსია, ატაროს ეს სახელი, მეგობრები არ ჰყავს. ყველა მეგობარი უცხოელია, უცხოელებს კი საკუთარი ინტერესები აქვთო. ამით უთხრა, რომ დღევანდელი მეგობარი ხვალ შეიძლება, მტერი გახდეს, ამიტომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობას განსაზღვრავს ინტერესები. ყოველ წელს ამერიკის სენატი ისრაელს გამოუყოფს სამ მილიარდ დოლარს. ეს ფორმალურად სესხად ითვლება, მაგრამ, როდესაც ეს სესხი გროვდება, რომელიღაც სანატორი გამოდის ინიციატივით, რომ ეს სესხი ჩამოაწერონ ისრაელს და კაი დედის შვილია, ვინმე წავიდეს ამის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ამერიკა შეიარაღებითაც ეხმარება ისრაელს, მაგრამ, როგორც გითხარით, ისრაელს არ აქვს ზომიერების გრძნობა. სწორედ ამის გამო ვაშინგტონი ხელმძღვანელობს საკუთარი ინტერესებით და ჩვენი ბედიც ის არის, რომ ჩვენი ინტერესები ემთხვევა. მაგრამ იმის გარანტია, რომ ინტერესების თანხვედრა 100 წლის შემდეგაც იქნება, არ არსებობს. ამიტომაც მაშინაც კი, როდესაც სხვის დახმარებას იღებ, საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს.

– მეორე მხრივ, მთელი არაბული სამყაროსთვის აშკარა გახდა ობამას ამ განცხადებით, რომ ისრაელი მარტო დარჩა?

– ისრაელი მარტოა, იმიტომ რომ მას ჰქონდა შესანიშნავი ურთიერთობა თურქეთთან, მაგრამ გაიფუჭა; სირიასთან გაფუჭებული აქვს; ირანთან ისედაც ვიცით; ცუდი ურთიერთობა აქვს საუდის არაბეთთანაც, უბრალოდ საუდის არაბეთი ამერიკის მოკავშირეა.

– რა შეიძლება, მოიმოქმედოს ისრაელმა საპასუხოდ?

– ისრაელს აქვს კარგად გადამალული კოზირი – ბირთვული იარაღი.

– სწორედ ამას ვგულისხმობ.

– ამიტომ უნდოდა თავის დროზე კადაფის, სადამ ჰუსეინს ბირთვული იარაღის შეძენა. მაგრამ მაშინ ისრაელმა ურცხვად დაუბომბა ერაყს დაწყებული მშენებლობა. ოთხი სახელმწიფოს საჰაერო სივრცე გადაკვეთა. ტულონში კი ერაყისთვის ნაყიდი ბირთვული რეაქტორებით დატვირთული გემები ააფეთქა. ეს ყველაფერი ხახვივით შერჩა. ისრაელი თავისი მოქმედებით ამტკიცებს, რომ საერთაშორისო სამართალი ეს არის ძლიერის სამართალი. მაგრამ ისრაელის კოზირი კიდევ ის არის, რომ არაბულ სამყაროში, მიუხედავად სოლიდარობის გრძნობისა, არ არის ერთობა. ერთმანეთს ჭამენ შიიტები და სუნიტები, „ჰესბოლა“ და „ჰამასი“. ცხონებული გიორგი წერეთელი ამბობდა ხოლმე, კიდევ კარგი, ისრაელი არსებობს, თორემ არაბები ერთმანეთს დაჭამდნენო.

– ეს არ წაახალისებს არაბულ სამყაროს ისრაელის წინააღმდეგ?

– მიუხედავად არაბულ სამყაროში მომხდარი რევოლუციებისა, ამერიკის გავლენა შეურყეველია. საუდის არაბეთი, არაბული სამყაროს ბანკირი, სახელმწიფოდ გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩამოყალიბდა ამერიკელების დახმარებით. ის მსოფლიოში უნიკალური ქვეყანაა. რატომ არ ითხოვენ ამერიკელები იქ დემოკრატიას? საუდის არაბეთში არ არსებობს სახელმწიფო ბიუჯეტი: ყველაფერი ეკუთვნის მეფეს – ქვეყანა, ფული, მიწა, ნავთობი. პირველ მეფეს 53 შვილი ჰყავდა, მათგან შვიდი – ყველაზე საყვარელი მხევლისგან, სუდაურასგან, ლიბანელი ქალისგან, რომელიც პრინცესა არ იყო. დღეს სუდაურელების კლანის ლიდერია პრინცი ბანდერა. სხვათა შორის, საუდის არაბეთში ტახტი გადადის არა მამიდან შვილზე, არამედ ძმიდან – ძმაზე, ვინაიდან ძმები ბევრნი არიან. დღევანდელი მეფე აბდალა 89 წლისაა, მის შემდეგ იქნება მისი ძმა, რომელიც 86 წლისაა, შემდეგ – მომდევნო. ყველაზე ახალგაზრდა ძმა 78 წლისაა. ასე რომ, არავინ იცის, ვის როდის მოუწევს მეფობა. პრინცი ბანდერა, რომელმაც შეთქმულებაც კი მოუწყო აბდალას, გააძევეს ქვეყნიდან და ამერიკაში მუშაობდა ოცი წლის განმავლობაში. ძალიან ახლოს იყო მამა ბუშთან, რომელიც ამბობდა, ასეთი შვილი მინდა, მყავდესო. დღესაც მას ბანდერა-ბუშს უწოდებენ. მისი გაზრდილი იყო ბინ ლადენი, მისი შექმნილი იყო ალ-ქაიდა. პრინცი ბანდერა ამერიკის გავლენით აბდალა პირველმა ჩაიყვანა საუდის არაბეთში და მარჯვენა ხელად ჰყავს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამერიკელების გავლენა არაბულ სამყაროში ძალიან ძლიერია. „ალ ჯაზირა“ ვითომ არაბული არხია, სინამდვილეში კი მისი დამფუძნებლები, იცით, ვინ არიან?! მილიარდერი ფრანგი ებრაელები ამერიკელებთან ერთად. მართალია, ამერიკის გავლენა დიდია, მაგრამ ამასაც აქვს ზღვარი და ობამას ეშინია, არ დაიწყოს ანტიამერიკანიზმის ახალი ტალღა. თორემ, სადაც კი რევოლუცია მოხდა, გენერლების ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფმა შეცვალა. სხვათა შორის, ზოგან უფრო ბებრებიც კი მოვიდნენ, ვიდრე მანამდე იყვნენ. ამერიკის ფინანსების, მე გეუბნებით ათი წლის წინანადელ მონაცემებს და არ მგონია, დიდად შეცვლილიყოს, 99 პროცენტს განაგებენ ებრაელები; მასობრივი ინფორმაციის საშულებების, კინოკომპანიების 98 პროცენტი ებრაელების ხელშია. საკვანძო ადგილებშიც სულ ებრაელები არიან და ისრაელს მათი იმედი აქვს. თეთრ სახლში პრეზიდენტები მოდიან-მიდიან, მაგრამ ებრაული დიასპორა უკვდავი კაშჩეია.

– შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ახალი ფაზა დაიწყო მსოფლიო გეოპოლიტიკაში?

– ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ახალი არის მობილური ტელეფონი, თორემ ურთიერთობებში ახალი არაფერია. ახალი ის არის, რომ ნიუ-იორკში პლაჟებსა და პარკებში აიკრძალა მოწევა. გეოპოლიტიკური სიახლე შემოვა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნავთობის და გაზის ალტერნატიული საწვავი გაჩნდება, მანამდე ზღაპარია ამაზე ლაპარაკი.


скачать dle 11.3