კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დამკვიდრდა ქართულ პოლიტიკაში სიტყვის გატეხა და რატომ იყენებს ხელისუფლება და ოპოზიცია ახალი სისულელით ძველი სისულელის გადაფარვის ერთნაირ მეთოდს

ის, რაც ქართულ ოფიციალურ პოლიტიკურ სცენაზე ხდება, უნებლიეთ შიდა გარჩევების შთაბეჭდილებას ქმნის, რადგან ბოლო დროინდელი პოლიტიკური ტრადიციით, განსაკუთრებით დაუნდობლად ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფილი თანამოაზრეები მოქმედებენ. შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ ერთმანეთის სუსტი წერტილები ყველაზე კარგად სწორედ მათ იციან. ქართული პოლიტიკის ამ თავისებურებაზე მამუკა გიორგაძე გაგვიზიარებს თავის დაკვირვებას.

– თქვენც შიდა გარჩევებს ხომ არ გაგონებთ ქართული ხელისუფლება-ოპოზიციის ჭიდილი?

– სამწუხაროდ, დღეს ქართული პოლიტიკა არის არა შიდა დუღილის შედეგად წარმოქმნილი პროდუქტი, არამედ გარედან მართვადი პროცესი, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ის ხალხი იღებს მონაწილეობას, რომელიც დაშვებულია ამ პროცესში. თუ თვალს გადავავლებთ ტელეეკრანზე გამოჩენილ ლიდერებს, დავინახავთ, რომ ეს ადამიანები გუშინ ერთად იყვნენ. მეტიც, არა მხოლოდ გუშინ, „ნაცმოძრაობის“ შემადგენლობაში, არამედ „მოქკავშირის“ წიაღშიც. დღეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა პირადი მდგომარეობა პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყნის მდგომარეობასთან, არ ჰქონდეთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში. ჩვენ შეიძლება, ვხედავდეთ პოლიტიკისთვის დამახასიათებელ ყველა ნიუანსს, მაგრამ ამ ყველაფერს არსი აქვს გამოცლილი. ამ შერიგებებს, წყენებს, პანღურებს, მიტევებებს საფუძვლად მხოლოდ პირადი მოტივები უდევს, თორემ, თუ ადამიანს ქვეყნის მოღალატედ მიიჩნევ, რა პირად წყენას ივიწყებ?! პირადი აქ რა არის?! მაგრამ, რა თქმა უნდა, ერთი გუნდის შიგნით ერთნაირი ფასეულობების მქონე ადამიანებს შორის პირადი დამოკიდებულებებია. ამიტომ ხან ჩხუბობენ, ხან ისეთ სიტყვებსაც ეტყვიან ერთმანეთს, რომ ელი, ამის შემდეგ იარაღზე წაივლებენ ხელსო, მაგრამ არაფერიც არ ხდება, ისევ მშვიდად განაგრძობენ საუბარს.

– „შერეკილების“ რჩევას აშკარად არ ითვალისწინებენ, ისეთ რამესაც ნუ ვაკადრებთ ერთმანეთს, რომ დავმოყვრდებით, თვალებში შეხედვის შეგვრცხვესო.

– ვუყურებდი გადაცემას, რომელშიც უსუფაშვილმა და სუბარმა ერთმანეთი გაუგონარი სიტყვებით მოიხსენიეს, ხუთ წუთში კი ძალიან მშვიდად განაგრძეს საუბარი, მეტიც, მადლობებსაც უხდიდნენ ერთმანეთს. მტრად თუ მიგაჩნია ადამიანი; თუ მიგაჩნია, რომ ვიღაც ვანოს დაკვეთებს ასრულებს და ეს სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, რა წყენას ივიწყებ?! გამოდის, რაღაც ვერ გაიყვეს: ფული, გავლენა, ვინ დადგებოდა პირველი მიტინგზე... ამიტომ ის, ვინც ორი წლის წინათ ვიღაც ხალხისგან ზიზღს იმსახურებდა, პოლიტიკური მდგომარეობის გამო შესაძლოა, გახდეს ლიდერიც კი. შევარდნაძე კი მშვიდად ზის, ყოველ ორშაბათს ჭკუასაც გვარიგებს და კიდეც „გვაშაყირებს“.

– უფრო ხშირად „გვაშაყირებს“ ხოლმე.

– ჩვენ ამას ჩვეულებრივად ვიღებთ და ვამბობთ, შევარდნაძის დროს უკეთესი იყოო. გასაგებია, რომ პიროვნების რეაბილიტაცია ხდება, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ქმედებებია, როგორ შეიძლება იმის რეაბილიტირება, რაც მოხდა? სწორედ ამას გვავიწყებენ. აი, ამ გარეგნულად დრამატული მოვლენების მიზანიც ეს არის: ჩვენ გავბოროტდეთ, გავუხეშდეთ, დავკარგოთ ერთმანეთის მიმართ ადამიანური გრძნობები. იქამდე მივედით, რომ მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს და ამ პროცესების საფუძველი სრულებითაც არ არის ქვეყნის ხვალინდელი დღე, იმიტომ რომ არავინ ლაპარაკობს, როგორი უნდა იყოს ქვეყნის ხვალინდელი დღე. მიმდინარეობდა აქცია და არაფერი თქმულა არც ტერიტორიებზე, არც ტერიტორიულ მოწყობაზე, არც სოფლის მეურნეობაზე, მხოლოდ სიმინდის ტაროზე დაგინება არ არის პოლიტიკა. ვსაუბრობთ რაღაც გეგმებზე, რომლებიც არ არსებობს. ხელისუფლებაც ხელს უწყობს ამ პროცესებს. ყველამ დაკარგა არა მხოლოდ თავისი ეროვნული სახე, არამედ საკუთარი პროფესიის პატივისცემა. ჟურნალისტი აქციაზე იღებს მთვრალ ადამიანს. ეს კი ძალიან უმნიშვნელო დეტალია. სახლი არეულია დილით ან წვეულების შემდეგ, რა ვქნათ, ბინძური საცვლები გამოვამზეუროთ?! აი, აქამდე დავიდა ჟურნალისტიკა. სხვა პასუხი რომ არ აქვთ აქციის ორგანიზატორებს, ვანოს ხრიკებს აბრალებენ ყველაფერს და ქართველი ერი, რომელიც მაღალი პოლიტიკური და ზნეობრივი სტანდარტებით იყო ცნობილი, დავედით საბავშვო ბაღის დონეზე: ჩამოვა თუ არ ჩამოვა ოქრუაშვილი; მივა თუ არ მივა აქციაზე „გრეჩიხა“; წამოვა თუ არ წამოვა გუნცაძე პარტიიდან; რატომ მივიდნენ აქციაზე ცალ-ცალკე გაჩეჩილაძე და გუნცაძე; სუბარი და კიწმარიშვილი. ამის გამო საერთო დონე იწევს და შემდეგ გვიკვირს, რატომ არ იცის მელიქიშვილის გამზირზე მოსიარულე ადამიანმა, ვინ იყო მელიქიშვილი. მალე შეიძლება, ქართულად საუბარიც დაგვავიწყონ.

– სინგაპურში პირველი ენა ინგლისური ყოფილა.

– ყველაფრის ტონის მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა, მაგრამ მისი დონე იმდენად დაცემულია, რომ მასას რაღა უნდა მოსთხოვო. აი, ესაა უმთავრესი პრობლემა.

– რადგან ზნეობრივი სტანდარტები ახსენეთ: კანის კინოფესტივალზე რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი განცხადების გამო, ნაცისტი ვარო, პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს, მაგრამ მისი ფილმი ოქროს პალმის რტოთი დააჯილდოვეს მის გარეშე. მნუსხავს დასავლური სამყაროს ეს სტანდარტი?

– ის თავისუფალი საზოგადოებაა და, შესაბამისად, იღებს თავისუფალ გადაწყვეტილებებს სტანდარტების მიხედვით. ფილმს აფასებენ ფილმის სტანდარტით, პიროვნებას პიროვნების სტანდარტით. როდესაც ამა თუ იმ ხელოვანს პატივს მივაგებთ, სულაც არ ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორია ის ოჯახში. ეს ცალკე საკითხია და ბულვარული პრესის თემაა. საქართველოში კი ლიბერალიზმის დროშის ქვეშ უზნეობის დამკვიდრება ხდება. ჩვენთან ლიბერალიზმის სახელით ბოლშევიზმი შემოვიდა, რომელიც არ ტოვებს ადგილს სხვაგვარად მოაზროვნეებისთვის. ამას უკან უდგას სახელმწიფო, ფინანსები და ამიტომაც ეს უმცირესობა თავს ახვევს ქართველ საზოგადოებრივ უმრავლესობას თავის აზრებს. როდესაც ამას აკეთებენ არა კონკურენციით, არამედ ძალისმიერი მეთოდებით, გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. მე ვერ ვნახე, რომ ისინი, ლიბერალებს რომ უწოდებენ თავიანთ თავს, ლიბერალიზმს ცხოვრების წესად ინარჩუნებდნენ. გრანტის მიღმა არ ენაღვლებათ, რა ხდება?! სწორედ ამიტომ არის ეს ბოლშევიკური მიდგომა. იმ ხალხს, რომლებიც გავიზარდეთ ილია ჭავჭავაძის ლიბერალიზმზე, უნადგურებენ ქართულ ლიბერალურ სკოლას, იმიტომ რომ ქართული ლიბერალიზმი, რომელიც ქრისტიანულ ღირებულებებს ეფუძნება, ყველასთვის ტოვებს ადგილს. მაგრამ, რადგანაც ისინი უმცირესობაში არიან, ძალისმიერად და ექსტრემისტულად იქცევიან. როგორც ბოლშევიზმმა მოახვია ქართველ საზოგადოებას თავისი ცხოვრების წესი დაშინებით, ძალითა და ტერორით, ისინიც ყველანაირ მეთოდიკას იყენებენ, რომ თავს მოგვახვიონ თავიანთი შეხედულებები. ძალიან ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით თანამედროვე ეგრეთ წოდებული ლიბერალები ამბობენ, ეკლესიაში შეგვიქმნეს დისკომფორტი შეუფერებელი ჩაცმულობის გამოო. თეატრში რომ მიხვიდე „პლავკით“, ხომ გამოგაგდებენ?! ეკლესია, რა, თავისუფალი მოძრაობის ადგილია, სადაც, რასაც გინდა, იმას ჩაიცვამ?! გადაავლეთ თვალი თანამედროვე ლიბერალური საზოგადოების მოთხოვნებს. ამერიკაში არსებობს კანონი კომუნიკაციების ზნეობრივი სტანდარტების შესახებ: ბიბლიოთეკიდან ვერ გაიტანს ბავშვი მისი ასაკისთვის შეუფერებელ წიგნს.

– ამან გამახსენა ის, რომ „იმედი“ შაბათობით ღამის პირველ საათზე „ფლეიბოის“ ვადაგასულ ფილმებს უჩვენებს, თუმცა პროგრამაში ღამის ოთხი საათი აქვს მითითებული და ყველა დუმს, რატომღაც?

– თუ ჩვენ ვიღებთ დასავლური ცხოვრების წესს, ყველას გვახსოვს ენციკლოპედიური შემთხვევა, როდესაც ჯენეტ ჯეკსონს პირდაპირი კონცერტის დროს მკერდი გადმოუვარდა, თუ გადმოიგდო და ტელეკომპანია დააჯარიმეს მილიონი დოლარით, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი ეთერი იყო. არის კანონი, რომელიც განსაზღვრავს, სად როგორ უნდა გეცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგაჯარიმებენ. ვინმეს გვინახავს ამერიკის კონგრესში მაისურით მისული დეპუტატი? საქართველოში კი ლამის შორტებით დადიან. ესე იგი, არ მივდივართ იმ მიმართულებით, ჩვენ კვლავ იქითკენ მივდივართ, საიდანაც თითქოს გამოვდივართ. ლიბერალიზმის აფრიალებული დროშის ქვეშ ხდება სულიერი განადგურება. მაგალითად, ფაშისტებს საკონცენტრაციო ბანაკზე ეწერათ: „შრომა ათავისუფლებს“, ამაზე მეტი ცინიზმი წარმოუდგენელია და შევადაროთ ეს ბოლშევიკურ ლოზუნგებს: „დიდება შრომას“ ან „შრომამ შექმნა ადამიანი“. სწორედ ასეთი ბოლშევიკური იდეებით შეპყრობილი ადამიანები გვახვევენ თავს, რომ ეს არის დამოუკიდებლობა; ეს არის თავისუფლება, რომ აპათია გაჩნდეს. ამის შემყურე, არ მინდა ასეთი თავისუფლება, წამოიყვირებს ერთი; არ მინდა ასეთი დასავლეთი, წამოიყვირებს მეორე და ყველაფერი ეს თავისუფლების სახელით ინგრევა. ჯერ კიდევ პავლე მოციქული გვაფრთხილებდა, ნუ გახდით თავისუფლებას ბოროტების საფარადო. ჩვენ ეს თავისუფლება, სამწუხაროდ, ბოროტების საფარად გამოვიყენეთ. როდესაც არაფრით განსხვავდება იდეოლოგიურად ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და ოპოზიცია, ყველაფერი დადის პირად კეთილდღეობაზე და ჩვენ ვხედავთ, რომ იშვიათია იდეებით თავგანწირული ადამიანები. იდეოლოგიური ბრძოლა არ მიმდინარეობს, არადა ადამიანი არ არის მხოლოდ არსებობისთვის გაჩენილი. ღმერთმა მის სულში მაღალი ზნეობრივი სტანდარტები ჩანერგა. ეს ჩაკლეს და ამიტომაც ვიღებთ ასეთ რეზულტატს.

– რეზულტატზე გამახსენდა: ირაკლი ოქრუაშვილიც, ედუარდ შევარდნაძის არ იყოს, „გვაშაყირებს“? მერამდენედ უნდა გატეხოს სიტყვა?

– და რა მერე?! რა მერე, რომ ერთ დღესაც ვერ გაძლო ციხეში?! დღეს ხომ ჩვენთან ეს მაღალი სტანდარტები არ ინერგება?! ეს ხომ არ არის იმ ცივილიზაციის წევრი ქვეყანა, სადაც იაპონიის ერთ-ერთი მინისტრი გადადგა იმიტომ, რომ ალუბლის აყვავების ზუსტი დრო ვერ განსაზღვრა; როდესაც მინისტრი ნასვამი მივიდა პრესკონფერენციაზე და გადადგა.

– ამ ტრაგედიის შემდეგ იაპონიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა კუთვნილ ხელფასზე, სანამ იაპონიის ეკონომიკა დარტყმას არ მოინელებს.

– გერმანიის თავდაცვის მინისტრი, რომელიც დღეს-ხვალ კანცლერი უნდა გამხდარიყო, გადადგა იმის გამო, რომ 20 თუ 25 წლის წინათ დისერტაციის პლაგიატობაში დაადანაშაულეს. ამერიკის პრეზიდენტს ლამის იმპიჩმენტი მოუწყვეს იმის გამო, რომ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა. თითქმის ყველგანაა დანერგილი ასეთი მაღალი სტანდარტები და იქ ყველგან მსგავსი სიტუაციაა. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ადამიანები არ აპირებენ ამ მაღალი სტანდარტების დაფუძნებას საქართველოში. მეორე მომენტი: დღეს ხალხის უმეტესობა იმიტომ კი არ გადის აქციაზე, რომ მხარს უჭერს ამა თუ იმ პოლიტიკური ფიგურის პოლიტიკურ ხედვებს, არამედ იმიტომ რომ ხელისუფლება ეზიზღება. სანამ ისეთი ვითარებაა, რომ ზიზღის გამო გავდივართ აქციაზე, მანამდე ოქრუაშვილებისნაირების მიერ სიტყვის გატეხა არაფერს ნიშნავს. ერთი ამბობს, უფრო უარესს აპირებდა მიშა და მე გადაგარჩინეთ 7 ნოემბერსო; მეორე ამბობს, უფრო უარესს აპირებდა რუსეთი, მაგრამ არ ჩამოვიშალეთო. ეს დემაგოგიის ფონია, რომელსაც სპეციალურად ქმნიან, რადგან ამ ტიპის ადამიანების პოლიტიკაში შენარჩუნებას ემსახურება. ასეთ ფონზე კი პატიოსან ადამიანებს არ აქვთ პოლიტიკაში მოსვლის არანაირი პერსპექტივა. ძალიან მარტივად ამბობენ, თუ დღეს ეს არ გამოვა, პოლიტიკიდან მივდივარო, მაგრამ შემდეგ განმარტავენ, რომ ეს პოლიტიკური დუღილის შესანარჩუნებლად თქვა; აფხაზეთში თუ არ დავბრუნდებით, კენჭს არ ვიყრითო, მაგრამ იყრიან და ასე შემდეგ. ამ სახის განცხადებები ერთდღიანი ეფექტის იმედით კეთდება, საზოგადოება კი ამას ყლაპავს. თუ ოქრუაშვილი კიდევ გააკეთებს მსგავს განცხადებას, შესაძლოა, ტაშიც დაუკრან, სააკაშვილის ჯინაზე და არა იმიტომ, რომ ოქრუაშვილი უყვართ.

– არის მოსაზრება, რომ ამ საპროტესტო აქციებით და მასში ჩაურევლობით შესაძლოა, იხეიროს ეგრეთ წოდებულმა „ოპოზიციურმა რვიანმა“, თუმცა პირადად მე ძალიან ამბიციურად მეჩვენება ეს სახელწოდება.

– საქმეც ის არის, რომ პოლიტიკური პრინციპების დანერგვას არც ისინი ესწრაფვიან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსებობს შიდა ქართული კონსენსუსი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება? რატომ არ ამბობენ იმ მინიმუმს, რომლის იქითაც არ დათმობენ?! ამაში მაინც მიაღწიონ თანხმობას?! ესე იგი, თვითონაც არ იციან ქვედა ზღვარი?! ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ხელისუფლებასთან ვაჭრობის თემა. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, ჩავიდა თუ არა მოსკოვში ესა თუ ის პოლიტიკოსი, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია, რაზე საუბრობს მოსკოვში ჩასული. ჩვენ ფუნდამენტურ საკითხებზე არ ვსაუბრობთ და მხოლოდ იმას ვამბობთ, შეიცვლება თუ არა საარჩევნო გარემო, ოღონდ შემდეგ აღმოჩნდება, რომ ხელისუფლებამ ამას იგნორირება გაუკეთა. მათ ქუჩაში გასვლის სურვილი არ აქვთ, იმიტომ რომ მაშინ ამოცვივდებიან ვაჭრობის სცენარიდან. ერთი სიტყვით, ახალ სისულელეს აკეთებენ წინა სისულელის გადასაფარავად. საბოლოო ჯამში, სისულელესაც აქვს ზღვარი. ამიტომ სააკაშვილი გამარჯვებულია. ბოლო წუთამდე ამბობს ერთი საყვარელი პარტია, ბოიკოტი, ბოიკოტიო, მაგრამ ბოლო წუთს ყველა არჩევნებში იღებს მონაწილეობას. არის პარლამენტში, მაგრამ იქ არ ზის, იღებს ხელფასს, მაგრამ ამბობს, არ მაქვს პასუხისმგებლობაო. თუ ხელფასს იღებ, ღმერთმა შეგარგოს, შედი და დისკომფორტი მაინც შეუქმენი ხელისუფლებას. სააკაშვილს თუ სხვამ ვერ გაუბედა, შენ გაუბედე და უთხარი, რასაც ფიქრობ. ეს პოლიტიკოსები, მედიისა თუ ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ: ეს არის პოლიტიკა, ეს არის ჟურნალისტიკა, ეს არის ბიზნესი. ყველანი ერთად ცდილობენ ამ ბინძური გარემოს შენარჩუნებას, რადგან ამღვრეულ წყალში მათთვის იოლია თევზის დაჭერა. ღირსეულ ადამიანებს კი უჭირთ, რადგან ესენი ერთმანეთს ვითომ მტრობენ, მაგრამ მაინც ერთნი არიან ამ ბინძური გარემოს შენარჩუნებაში. მოდი, სააკაშვილის წინააღმდეგ კი არა, ღირებულებების გარშემო გავერთიანდეთ. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: ქართველი საზოგადოება შევთანხმდით, რას ნიშნავს გამარჯვება?! ყველას აქვს თავისი გამარჯვება, რაც ნიშნავს დამარცხებას.


скачать dle 11.3