გაიცვალა თუ არა აზერბაიჯანში მცხოვრები ინგილოების უფლებები აზერბაიჯანულ გაზსა და ნავთობზე
ორიოდე კვირის წინათ ბაქოში საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ბედ-იღბალზე სამსჯელოდ სპეციალური ღონისძიება გაიმართა. საკითხები მრავალფეროვანი იყო, მათ შორის, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ საქართველოს ტერიტორიაზე „ისტორიული სახელწოდებების“ აღდგენა (თუმცა რატომ და როგორ „ისტორიული აზერბაიჯანული“ ქართლში?!). ცნობილია, რომ საქართველოში მცხოვრებ არც ერთ ეთნიკურ ჯგუფს არც საკუთარ ენაზე მეტყველების (სწავლა-განათლებისაც), არც სარწმუნოების და არც ეთნიკური კუთვნილების პრობლემა არ აქვს. განსაკუთრებით, ბაქოში ჩატარებული ღონისძიების ფონზე მეტად საინტერესოა, როგორ ცხოვრობენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მართლაც, ისტორიულ ქართულ მიწაზე ინგილოები. ალიაბადის ქართული მოსახლეობის გასაჭირს ალიაბადელი გიორგი ერეთიშვილი მოგვიყვება.
– დაბა ალიაბადში, ძირითადად, ქართველები, ინგილოები, ცხოვრობენ, დაახლოებით, 10 000 ადამიანი. სულ ალიაბადში ოთხი სკოლაა. ორი მხოლოდ აზერბაიჯანულია, დანარჩენ ორში კი ქართული სექტორია, ოღონდ ერთში რამდენიმე წელია, შეწყდა მიღება ქართულ სექტორზე, ანუ მოსწავლეები მხოლოდ მეხუთე კლასიდან სწავლობენ ქართულად, მეორე ქართულსექტორიან სკოლაში კი შარშან შეწყდა მიღება ქართულ სექტორზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ ენაზე საშუალო განათლების მიღება შეუძლებელი იქნება.
– საბავშვო ბაღები არის?
– არა და მოსახლეობა, ძირითადად, სოფლის მეურნეობას მისდევს.
– რა არის იქ მცხოვრებლების მთავარი პრობლემა?
– ის, რომ ყველას აზერბაიჯანული გვარი აქვს, მხოლოდ შვიდი თუ რვა ოჯახია ქართულგვარიანი.
– როგორ მოხდა, რომ ყველა უცბად აზერბაიჯანულგვარიანი გახდა?
– მოსახლეობისგან შეაგროვეს პირადობის მოწმობები, წაიღეს და შემდეგ დაურიგეს შეცვლილი გვარებით.
– იმ რამდენიმე ოჯახმა როგორ მოახერხა ქართული გვარების შენარჩუნება?
– მათ შემდეგ გამოცვალეს პირადობის მოწმობები. არქივიდან მოიპოვეს ცნობები და დაამტკიცეს, რომ ქართული გვარები ჰქონდათ, ეროვნება ისედაც არ წერია აზერბაიჯანულ პირადობის მოწმობებში. რაც მთავარია, პრობლემაა ქართული სახელების დარქმევაც. მოსახლეობას არ აქვს შვილებისთვის ქართული სახელის დარქმევის უფლება.
– ეს როგორ?
– დაბადების მოწმობას არ მოგცემენ, თუ აპირებ, რომ შვილს ქართული სახელი დაარქვა.
– ვთქვათ, ფრანგულ სახელს დაარქმევ?
– აზერბაიჯანულის გარდა, ვერანაირ სახელს ვერ დაარქმევ. როდესაც ბავშვი იბადება, დაბადების მოწმობის აღებისას მშობელს წინ უდებენ აზერბაიჯანული, როგორც თვითონ ამბობენ, ისტორიული სახელების სიას და იქიდან უნდა აარჩიო. ჩამონათვალში მხოლოდ აზერბაიჯანული სახელებია.
– ამ წესის შემოღებამდე როგორ იყო?
– შენ შეგეძლო აგერჩია აზერბაიჯანული სახელებიდან, ახლა კი აზერბაიჯანული სახელების ჩამონათვალსაც ისინი გაძლევენ.
– რომ არ დაარქვა აზერბაიჯანული სახელი, რა მოხდება?
– იფიციალურად ბავშვს სახელი არ ექნება და სკოლაში ვერ მიიყვან, რადგან არ მოგცემენ დაბადების მოწმობას.
– სარწმუნოების მხრივ არის შეზღუდვა?
– კანონში წერია, რომ რწმენის თავისუფლებაა, მაგრამ რეალურად სრულიად განსხვავებული სურათია. ალიაბადში არ არის ეკლესია, არის მხოლოდ კახში და ისიც მხოლოდ აღდგომის ღამეს იხსნება. დანარჩენი დროის განმავლობაში დაკეტილია და ნახევარი წელია, რაც გაუკეთეს წარწერა, რომ ეს არის ძველი ალბანური მონასტერი.
– მეჩეთი არის ალიაბადში?
– არის და იქ მუსლიმანი ქართველები დადიან, ასეთი კი ჩვენს დაბაში მოსახლეობის 80-90 პროცენტია.
– კახში ძალიან ბევრი ქრისტიანია, ალიაბადში რატომ არის ასე ბევრი მუსლიმანი?
– გასულ წლებში აიძულებდნენ, მიეღოთ მუსლიმანობა. სკოლაში, ქართულ სექტორზეც კი, არ ისწავლება საქართველოს ისტორია. მოსახლეობის უმეტესობამ არც იცის, რა სარწმუნოების იყო და რა სარწმუნოების უნდა იყოს. მე სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობ და ერთი სემესტრის განმავლობაში გავიარეთ საქართველოს ისტორია. ძალიან გამიხარდა, რადგან ბევრი რამ არ ვიცოდი.
– არ იცის მოსახლეობამ, როგორ მოხვდა ის ტერიტორია აზერბაიჯანის შემადგენლობაში?
– არა, არ იციან. საიდან უნდა იცოდნენ?!
– ის 10 პროცენტი როგორ გახდა ქრისტიანი?
– ზოგი თბილისში ჩამოვიდა და აქ მოინათლა, ნაწილი – კახში. კახში მცხოვრები ყველა ქართველი მართლმადიდებელია. ისინი სუფთა ქართველები არიან: ენითაც, სარწმუნოებითაც, გვარებითა და სახელებითაც.
– ალიაბადში რატომ არის აკრძალვა და არ არის კახში?
– ალიაბადი და კახი სხვადასხვა რაიონებს ეკუთვნიან. ალიაბადი ზაქათალის რაიონშია და უფრო ახლოსაა საქართველოსთან, ამიტომ უფრო მკაცრად იქცევიან. კახი უფრო შიგნითაა და იქ უფრო მეტ თავისუფლებას აძლევენ ქართველებს. კახში, როგორც გითხარით, ყველას ქართული გვარ-სახელი აქვს. იქ ადგილობრივ მთავრობაში კახის მკვიდრები მუშაობენ, ალიაბადში კი სპეციალურად აგზავნიან ოფიციალურ კადრებს.
– თუ ალიაბადში აღარ იქნება ქართული სექტორი სკოლებში, კახის სკოლებში სიარულს ვერ შეძლებთ?
– კახი 30-40 კილომეტრითაა დაშორებული და ძნელია იქ ყოველდღე სკოლაში სიარული. როდესაც ალიაბადში ეკითხები, რა ეროვნების ხარო, ნახევარი გპასუხობს, ინგილო ვარო, ნახევარი კი გეუბნება, აზერბაიჯანელი, რადგან აზერბაიჯანში ვცხოვრობო. კახში კი ყველამ იცის, რომ ქართველია.
– ერთმანეთთან რა ენაზე ლაპარაკობთ?
– ინგილოურად, ძალიან ჰგავს ქართულ ენას.
– ინგილოურს სად სწავლობთ?
– ოჯახებში ყველანი ინგილოურად ლაპარაკობენ, თუმცა სკოლაში ქართულად სწავლობენ. მშობლები ასწავლიან შვილებს.
– კარიერულ წინსვლაში ხელს ხომ არ გიშლით წარმოშობა?
– ოჯახებში დადიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ეუბნებიან, ბავშვი აზერბაიჯანულ სკოლაში უნდა მიიყვანოთ, თორემ პრობლემები შეგექმნებათო.
– რას ნიშნავს პრობლემების შექმნა?
– თუ სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობ და ბავშვს ქართულ სექტორზე მიიყვან გაგათავისუფლებენ. თუ არ მუშაობ, შენი საქმეა, სად მიიყვან, მაგრამ ალიაბადში უკვე აღარ არის იმის საშუალება, რომ ბავშვმა ქართულ სკოლაში ისწავლოს.
– თბილისში როგორ მოხვდი?
– ჩემამდე ბევრმა ჩააბარა საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში. თუ ჩამოხვალ, ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებ და მოხვდები, საქართველოს სახელმწიფო გადაგიხდის სწავლის ფულს. ჩამოვიტანე იქაური საბუთები, ქართულად ვთარგმნე და დავამოწმებინე. ბოლო წელი ქართულ სკოლაში ვისწავლე თბილისში. შემდეგ ჩავაბარე ეროვნული გამოცდები, ჩავირიცხე და ვსწავლობ. სხვათა შორის, შევარდნაძის პერიოდში საერთო საცხოვრებლებში ცხოვრების საშუალებაც იყო, მაგრამ ახლა საერთო საცხოვრებლები აღარ არის და ცხოვრების ხარჯი ჩვენ თვითონ უნდა დავფაროთ. როდესაც სკოლაში ვსწავლობდი ალიაბადში, საქართველოდან ჩამოდიოდა სხვადასხვა სახელმძღვანელოები, ყველა საგნის, გარდა საქართველოს ისტორიისაა. როდესაც ქართულ სკოლას ამთავრებ, ბუნებრივია, აზერბაიჯანში ვერ ჩააბარებ უმაღლეს სასწავლებელში.
– ბევრი სწავლობდა საქართველოშიო, შემდეგ სად საქმდებიან?
– თუ გინდა, აქ დარჩები. ამის არანაირი პრობლემა არ არის. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეობას ვერ აიღებ.
– რატომ? ორმაგი მოქალაქეობა ხომ დაშვებულია?
– დაშვებულია, მაგრამ ჩვენ არ გვაძლევენ. როდესაც ვიკითხეთ მიზეზი, გვითხრეს, შეწყვეტილიაო. უფრო მეტიც, პირადად მე, თანახმა ვარ, დავტოვო აზერბაიჯანის მოქალაქეობა და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე გავხდე. ეს ვარიანტიც შევთავაზე, მაგრამ მაინც უარი მივიღე.
– აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებს აქვთ ორმაგი მოქალაქეობა?
– მოსახლეობის, დაახლოებით, ნახევარმა აიღო ორმაგი მოქალაქეობა და, როდესაც მიხვდნენ, რომ ყველას მოუნდებოდა, შეწყდა ეს პროცესი. ვინც მოასწრო, აქვს ორმაგი მოაქალაქეობა, მაგრამ ნაწილს აზერბაიჯანულმა პოლიციამ წაართვა პასპორტები. ვინც გადამალა, მას აქვს, მაგრამ ვერ იყენებს, რადგან თუ საზღვრის გადაკვეთისას აზერბაიჯანელ მესაზღვრეს აჩვენებ, წაგართმევენ.
– შენი აზრით, რა შეიძლება, გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ დაგეხმაროთ, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებს?
– ტელევიზიით მოვისმინე, თურქეთთან ხელშეკრულება ფორმდება, რომ საქართველოს მიეცეს საშუალება, აღადგინოს თავისი ისტორიული ძეგლები. ჩვენს შემთხვევაშიც ხომ შეიძლება, გაფორმდეს ხელშეკრულება აზერბაიჯანთან, რომ ჩვენ, აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველებს, გვქონდეს უფლება, დავირქვათ ქართული სახელი, დავიბრუნოთ ჩვენი გვარები, ავაშენოთ ეკლესია, თუ მოვინდომებთ და მოვინათლოთ?! ხომ შენდება მეჩეთები საქართველოში და საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებს აქვთ სამყოფი მეჩეთი, ხომ არავინ უშლის მათ იქ მისვლას და ლოცვას?! რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენთანაც იყოს ეკლესიები. მე მრცხვენია იმ აზერბაიჯანული გვარის, რომელსაც ვატარებ, იმიტომ რომ ჩემი ნამდვილი გვარი არ არის. სიის ყოველი ამოკითხვისას უნივერსიტეტში ვნერვიულობ და ცუდ ხასიათზე ვდგები.
– მაგრამ მათ ხომ იციან, რომ ქართველი ხარ?
– იციან, მაგრამ მე მრცხვენია. მინდა, რომ ჩემი ნამდვილი გვარი მქონდეს. ჩემი სახელისაც მრცხვენია.
– თუ საქართველოს მოქალაქეობას მიიღებ, შენი გვარის და სახელის დაბრუნება პრობლემა არ იქნება.
– ჩვენ არაფერს ვითხოვთ განსაკუთრებულს. გვინდა, რომ გვქონდეს თავისუფლად ცხოვრების საშუალება. გვქონდეს საშუალება, ქართულ სკოლაში მივიყვანოთ ბავშვები. არადა ქართული სკოლა უკვე დაიკეტა. თუ სკოლა აღარ იქნება, ქართული ენაც გაქრება ნელ-ნელა. ფერეიდანში საუკუნეების წინათ გადასახლებულებმა იციან, რომ ქართველები არიან და ენაც შეინარჩუნეს, ჩვენ მხოლოდ 1921 წლიდან ვართ აზერბაიჯანის შემადგენლობაში და რატომ უნდა დავკარგოთ ჩვენი ენა, სარწმუნოება, ეროვნება?! საქართველო თავისი ისტორიის განმავლობაში არასდროს ყოფილა აზერბაიჯანის გავლენის ქვეშ და არ მესმის, დღეს რატომ არის. მრჩება შთაბეჭდილება, რომ აზერბაიჯანულ ნავთობსა და გაზზე გაგვცვალეს. შეიძლება, ხალხის, ადამიანების ბედით ასე თამაში?! ახლაც, თქვენ რომ გელაპარაკებით, ჩემს ოფიციალურ გვარს არ ვამბობ, იმიტომ რომ მეშინია. არადა საქართველოს მოქალაქე რომ ვიყო, ჩემს გვარს არ დავმალავდი. თანდათან იქ დაავიწყებენ, რომ ქართველები არიან, არც გაზეთია, არც თეატრი, არც ქართული რადიო, არც სკოლა იქნება მალე და აღარავის ემახსოვრება, რომ ოდესღაც ქართველი იყო.
– მოსახლეობის ცხოვრების დონე როგორია?
– არ უჭირთ, სოფლის მეურნეობით ირჩენენ თავს. თუ იმუშავებ, იცხოვრებ.
– საქართველოში უფრო უჭირთ გლეხებს თუ იქ?
– ვერ შევადარებ, რადგან მშიერი თავისუფლება ჯობია იმას, რომ მაძღარი დაბმული იყო.
– როდესაც დაამთავრებ სამედიცინო უნივერსიტეტს რას აპირებ?
– თუ ყველანი წამოვედით იქიდან, ვინც ვიცით, რომ ქართველები ვართ, მერე სულ აღარ იქნება ქართველი. მაგრამ მე ვერ შევეგუები, რომ შვილებს აზერბაიჯანული სახელი დავარქვა. ამიტომ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, დაგვეხმაროს, გვქონდეს ქართული სახელები და გვარები, გვქონდეს ქართული ენის შენარჩუნების უფლება. რა თქმა უნდა, ვიქნებით აზერბაიჯანის მოქალაქეები, მაგრამ დავრჩებით ქართველებად. თუ მეც აქ დავრჩი, იქ ვიღას ემახსოვრება, რომ ქართველია?