პოლიტიკური კალეიდოსკოპი
ისრაელის პრემიერი „მტკივნეული კომპრომისისთვის” ემზადება
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ამერიკის კონგრესის წინაშე გამოსვლის დროს განაცხადა, რომ იგი მზად არის, „მტკივნეულ კომპრომისზე” წავიდეს, რათა დამყარდეს მშვიდობა ისრაელსა და პალესტინას შორის. ნეთანიაჰუს თქმით, ორივე მხარე დაინტერესებულია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებით და ისრაელი, თავის მხრივ, მზად არის, წავიდეს დათმობებზე. ამავე გამოსვლიდან ცნობილი გახდა, რომ ისრაელის მხარე ჯერჯერობით არ გეგმავს თავისი სამხედრო კონტინგენტის გაყვანას კონფლიქტის ზონიდან, იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილზე პალესტინელების პრეტენზიას კი აბსურდულს უწოდებს. პალესტინურმა მხარემ ნეთანიაჰუს ეს განცხადება „ომის გამოცხადებას” გაუტოლა და ამერიკელებს კონფლიქტის ესკალაციაში დასდო ბრალი.
დედოფლის ორქიდეა
ტაივანელმა მეყვავილეებმა დიდი ბრიტანეთის დედოფალს, მის უდიდებულესობა ელიზაბეთ მეორეს, ახალი ჰიბრიდული ორქიდეა აჩუქეს, რომელიც დედოფლის სახელს ატარებს. ტაივანელი მეყვავილები ლონდონის „ჩელსის” უბანში გამართულ ყვავილების ფესტივალში იღებენ მონაწილეობას და სწორედ მათთან იყო მისული სტუმრის სტატუსით დედოფალი. აღსანიშნავია, რომ ორქიდეის ეს ახალი ჯიში პირველად 2009 წელს გამოიყვანეს, თუმცა, რეგისტრაციაში მისი გატარება მხოლოდ 2011 წლის აპრილში მოხერხდა. მასობრივად გასაყიდად დედოფლის ორქიდეა ორ-სამ წელიწადში გამოჩნდება.
ვიზიტი ჩინეთში – რჩევის მისაღებად
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ირი, ეკონომიკური განვითარების საკითხებში რჩევების მისაღებად ჩინეთს ესტუმრა. ჩინეთის პრემიერ-მინისტრის, ვენ ძიაბაოს თქმით კიმ ჩენ ირი დაინტერესებულია და სურს, გაიგოს, თუ როგორ მიაღწია ჩინეთის ეკონომიკამ უზარმაზარ წარმატებას. ცნობილია, რომ ადრინდელი შეხვედრების დროს ჩინეთის პრეზიდენტმა ხუ ძინ ტაომ ურჩია ჩრდილოკორეელ კოლეგას, რომ ქვეყნის ეკონომიკა უფრო ღია გაეხადა უცხოური ინვესტიციებისთვის. ვიზიტის ფარგლებში კიმ ჩენ ირი შანხაისა და პეკინის მონახულებას გეგმავს. ამჟამად ჩრდილოეთ კორეა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს განიცდის – ქვეყანაში საკვებისა და ენერგორესურსების ნაკლებობაა.
ბუტანის მეფე ქორწინდება
ბუტანის ახალგაზრდა მეფემ, ჯიგმე კჰესარ ნამგიალ ვანგჩუკმა, დაქორწინების შესახებ გააკეთა განცხადება. 31 წლის მონარქი 20 წლის სტუდენტზე, ჯეტსუნ პემაზე აპირებს დაქორწინებას. ქორწილი, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი, წელს რიგით მესამე სამეფო ქორწილი იქნება, პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის და მონაკოს მთავრის, ალბერ მეორის სამხრეთაფრიკელ მოცურავეზე, შარლენ უიტსტოკზე (ქორწილი ივნისში შედგება) ქორწინებების შემდეგ. ჯიგმე კჰესარ ნამგიალ ვანგჩუკი 2006 წლიდან მეფობს ბუტანში და დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის იგი ყველაზე ახალგაზრდა მეთაურად ითვლება.
ისლანდიურმა ვულკანმა ობამას გეგმები აურია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას, რომელიც ევროპულ ქვეყნებში ტურნეში იმყოფება, სასწარფო წესით მოუხდა დუბლინის დატოვება, რადგან, შეიქმნა იმის საშიშროება, რომ ისლანდიაში ვულკან გრიმსვოტნის გამოღვიძების გამო ჩაიკეტებოდა საჰაერო მიმოსვლა ევროპის ჩრდილოეთით. ირლანდიიდან ვადაზე ადრე გამოფრენილი პრეზიდენტი ორი დღე ლონდონში გაჩერდა, საიდანაც შემდგომ პარიზში გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ დუბლინში ყოფნის დროს, ობამას „კადილაკი”, რომელსაც გაბარიტების გამო „ცხოველს” უწოდებენ დუბლინში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ჭიშკარში ვერ გაეტია და შესასვლელი კარი დააზიანა, რის გამოც ობამასა და მის მეუღლეს სხვა ავტომობილში გადასხდომა მოუხდათ, რათა გზა გაეგრძელებინათ. „კადილაკის” დაზიანებების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მოიპოვება.