ნავთკრული
ანუ ვის ვინ ჰგონია ბატის ჭუკები
ბოლო კვირას განვითარებული მოვლენების გამო, ბუნებრივია, ისეთი პროზაული საკითხისადმი, როგორიც ნავთობპროდუქტების ფასია (თუმცა, რაღა პროზაულის, როდესაც ეს ფასი, იმას გარდა, რომ თვითონ უკიდია, ცეცხლს სხვა ფასებსაც უნთებს), ინტერესი შენელდა. ოღონდ, ისიც ფაქტია, რომ, ორიოდე კვირაა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იკლებს (ამ ტენდენციამ თავი ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ იჩინა), თუმცა, ადგილობრივმა ნავთობიმპორტიორებმა განგვიმარტეს, სანამ ძვირად შეძენილს არ ამოვყიდით, საწვავს ვერ გავაიაფებთო (დაახლოებით, ბაზრობის მოვაჭრის სტილში: ორ ლარად მაქვს ნაყიდიო; ერთი ისაა, შვილები არ დაუფიცებიათ). მაგრამ, რაკი პროცესი გაუმჭვირვალეა (ჩვენ არ ვიცით, რა რაოდენობის საწვავი რა ფასად შეიძინეს), ბუნებრივია, ჩვეულებისამებრ, ნავთობიმპორტიორთა კეთილი ნების იმედად ვართ (არადა, ჩვენ ხომ ვიცით, მათ იმედზე მხოლოდ მტერს თუ ამყოფებ). თუმცა, გასული კვირის დასაწყისში გაგვახარეს და „რეგულარის“ სახეობის საწვავის ფასს 5 თეთრი დააკლეს (დამანონსებელს ჰალსტუხშივე ეტყობოდა, რომ მსმენელთა მხრიდან მქუხარე ოვაციას მოელოდა).
მეორე მხრივ, ბოლო მონაცემებით, ნავთობის მსოფლიო ფასმა 120 დოლარიდან 110-მდე დაიწია (აგერ უკვე ორი კვირაა), თუმცა ამ ჩვენს ბედკრულ (გნებავთ, ნავთკრულ) სამშობლოში მხოლოდ „რეგულარის“ ტიპის საწვავი, ისიც დაგვიანებით და მხოლოდ და 5 თეთრით, გაიაფდა. ამ სახეობის საწვავს (როგორც ნავთობიმპორტიორთა, მწარმოებელთა და მომხმარებელთა კავშირი ირწმუნება) თითქმის ყველა ადგილობრივი ნავთობიმპორტიორი „სოკარისგან“ ყიდულობს. ეს უკანასკნელი კი საწვავს აზერბაიჯანიდან ეზიდება და იმ დღის საერთაშორისო ფასით მუშაობს (ანუ, უკვე ორი კვირაა, დაკლებული ფასით), ხოლო პროდუქტის აზერბაიჯანიდან თბილისში ჩამოტვირთვას მხოლოდ ერთი დღე და ღამე სჭირდება. აქედან გამომდინარე, ათის ფარგლებში არითმეტიკული ოპერაციების ცოდნაც საკმარისია, მიხვდე, რომ საწვავი უფრო ადრეც და უფრო მეტადაც უნდა გაიაფებულიყო (თუნდაც, „რეგულარის“), თუმცა, რაკი ეს არ ხდება, ჩნდება ეჭვი, რომ ქართველი ნავთობიმპორტიორების აზრით, ქართველი მომხმარებლების ტვინები ბატის ჭუკის ტვინებივით მოპრიალებულია.