ხელის ფათური
ანუ სამართლის სახლში
არაერთი ადგილობრივი კვლევის მიხედვით (რომლებსაც, მართალია, ადგილობრივი ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი არ ეთანხმება), ქართულ სასამართლოს ზეობის ხანა აქვს, თუმცა, მეორე მხრივ, საერთაშორისო არასამთავრობოები შეშფოთებას არ მალავენ იმის გამო, რომ სასამართლო 99-ზე მეტი პროცენტით აკმაყოფილებს პროკურატურის მიერ მოთხოვნილ სასჯელს.
აკმაყოფილებს თუ ვერა, ჩვენებური მმართველები არა მხოლოდ სასამართლოს მიმდინარე რეფორმას აფასებენ, როგორც წარმატებულს, არამედ, მის დახვეწასაც გვპირდებიან. თუმცა, თუ ზემონახსენებ 99-ზე მეტ პროცენტს გავიხსენებთ, დასახვეწიც დიდი არაფერია.
მეორე მხრივ, 99-ზე მეტი პროცენტი იქით იყოს, მაგრამ, ამ გაქანებულ ოცდამეერთე საუკუნეში ამ ჩვენსავე უზენაეს სასამართლოში დაცვა მიმსვლელ-მომსვლელს ჩანთებს ხელით უჩხრეკს. ჰოდა, იქნებ, სანამ სასამართლოს რეფორმას სრულყოფილებამდე აიყვანდნენ, მის მესვეურებს შესაბამისი აპარატურა შეეძინათ, რომ ადამიანის უფლებები სამართლის ტაძარში შესვლისთანავე არ დაერღვიათ.