შერჩევითი სამართალი
„ბეი კრასნიხ – ნე პობელეიუტ, ბეი ბელიხ – ნე პოკრასნეიუტ“
26 მაისის ღამე ჯერაც არ დამდგარიყო, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბ-ნმა თორდიამ, ბიუროს სხდომაზე კოლეგებს საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას (ბუნებრივია, საპროტესტო აქციების მონაწილეთა მხრიდან) ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები კიდეც დაგმო (როგორც ჭეშმარტ უფლებთა დამცველს შეეფერება) და რეაგირებაც მოითხოვა (სავსებით სამართლიანად). მეტიც, დაგვარწმუნა, რომ „ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებას ვაშენებთ, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩაურევლობა და პოლიტიკური მოვლენების ობიექტურად გაშუქებაა.“ „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ცნობით კი, 26 მაისის ღამით „სპეცრაზმის წევრებმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტ დარეჯან პაატაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, იმავე სააგენტოს კიდევ ერთი კორესპონდენტი მალხაზ ჭკადუა კი სცემეს, საბუთები წაართვეს, დააკავეს და დიღმის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ვიდეოკამერა დაუმსხვრიეს „პალიტრა TV-ის“ ოპერატორ ავთანდილ სურმავას. დააკავეს საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესნიუსის“ ორი ჟურნალისტი: ანა გაბუნია და თენგო ოკუჯავა. სცემეს საინფორმაციო სააგენტო „პირველის” ორი ჟურნალისტი: თელარა გელანტია და ხათუნა გაგნიძე. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტ ზაირა მიქატაძეს. დაშავდნენ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები – ბექა სივსივაძე და გიორგი მამაცაშვილი. ბექა სივსივაძეს რეზინის ტყვიებით სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი თამაზ კუპრეიშვილი, ზედაც ვიდეოკამერა წაართვეს, ვიდეოკამერა წაართვეს „ნეტგაზეთის“კიდევ ერთ ჟურნალისტს, ნესტან ცეცხლაძეს. ცრემლსადენი გაზით მოიწამლა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი ნინო კახიშვილი. სპეცრაზმელებმა წიხლებით სცემეს და ფოტოკამერა წაართვეს გაზეთ „გურია ნიუსის” ჟურნალისტ ნატო გოგელიას. ჯორჯაძის ქუჩაზე კი ფიზიკურად გაუსწორდნენ და პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება არ მისცეს Media.Ge-ს რედაქტორს დავით მჭედლიძეს. სპეცრაზმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედიაკავშირ „ობიექტივის“ ჟურნალისტს დიანა ხოფერიას, რომელსაც თავზე რამდენიმე ნაკერის დადება დასჭირდა.
ასე რომ, იმედია, ბიუროს მომავალი სხდომისთვის ბ-ნ თორდიას სპეცგანცხადების გაკეთების კიდევ ერთი საფუძველიც მიეცა და იმის საშუალებაც, რომ თავისი პოსტი და განათლება იარაღად მოახმაროს მის მიერ დეკლარირებულ ღირებულებას: „ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებას ვაშენებთ, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩაურევლობაა“!