რას გამოხატავენ ადამიანები დრედებით, რასთან ასოცირდება ის და რომელ ცნობილ ადამიანებს აქვთ ეს ვარცხნილობა
ამ ბოლო დროს აქტუალური გახდა ვარცხნილობა, სახელად დრედები. ეს სიტყვა ითარგმნება როგორც შემზარავი კულულები ან მკვდარი კვანძი. მის წარმომავლობაზე სხვადასხვა ვერსიებს ასახელებენ. რასტები ამბობენ, რომ დრედები მხოლოდ რასტული ვარცხნილობაა, თუმცა არსებობს ცნობები, რომ დრედებს ავსტრალიელები და ინდოელები, რასტაფარიზმის გამოჩენამდე ოცი ათასი წლით ადრე ატარებდნენ. რასთან ასოცირდებოდა დრედი ძველად და რა დატვირთვა აქვს მას დღეს, ამას გოჩა ხუხუნი გვიამბობს.
– ამ ბოლო დროს აქტუალური გახდა ცოტა უცნაური ვარცხნილობა, სახელად დრედები. საიდან წამოვიდა ეს ვარცხნილობა?
– ეს ვარცხნილობა არ არის კონკრეტული რეგიონიდან ან ეთნიკური ჯგუფიდან წამოსული. მას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. არსებობს ცნობები, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჰქონდათ მსგავსი ვარცხნილობები რომაულ იმპერიაში, ეგვიპტეში. როგორც სურათებზე ჩანს, თითქმის ყველა ფარაონს ჰქონდა ეს ვარცხნილობა. დრედებს ადრე უფრო სხვა დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე დღეს. ამ ვარცხნილობით ადამიანები ღვთისმოშიშობას გამოხატავდნენ. ბიბლიაშიც არის ნახსენები, რომ სამსონის ვარცხნილობაც დრედები გახლდათ და ეს იყო მისი სიძლიერის ნიშანი.
– ესე იგი, დრედები სიძლიერესთან ასოცირდება?
– დიახ, ამბობენ, რომ როცა თმას არ იჭრი და ინახავ, ენერგიას იგროვებ. ყოველ შემთხვევაში, ადრე ასე ითვლებოდა და ის მხოლოდ ძლიერ ადამიანებს ჰქონდათ. ამ ვარცხნილობას იყენებდნენ პროტესტის გამოხატვის მიზნითაც. მაგალითად, ეთიოპიაში მოხდა რამდენიმე შემთხვევა – ხალხი აჯანყდა და ამბობდნენ, რომ სანამ მიზანს არ მიაღწევდნენ, დრედებს არ მოიჭრიდნენ.
– როგორც ვიცი, არსებობს ბუნებრივი და ხელოვნურად გაკეთებული დრედები.
– კი, მაგალითად, ბობ მარლის ბუნებრივად ჰქონდა ეს ვარცხნილობა. გარკვეული პერიოდი თმას თუ არ დაივარცხნი, თავისთავად გაკეთდება დრედი. ამ ბოლო დროს, ხშირად ვხედავ ქუჩაში დრედებიან ადამიანებს. ჩემი აზრით, ამ ვარცხნილობას უფრო ხელოვანი ადამიანები იკეთებენ – მუსიკოსები, მხატვრები. ისინი ამით საკუთარ ინდივიდუალიზმს გამოხატავენ. მაგალითად, ევროპაში მეომრებს ჰქონდათ დრედები. ტრადიციასავით იყო, ვინც ბრძოლას წააგებდა ოდნავ იმოკლებდა დრედის სიგრძეს. ეს ნიშნავდა, რომ ვისაც ყველაზე გრძელი ნაწნავი ჰქონდა, ის ყველაზე ძლიერი იყო.
– შენ როდის დაინტერესდი ამ ვარცხნილობით და დამოუკიდებლად ისწავლე მისი გაკეთება?
– სრულიად შემთხვევით ვისწავლე. ჩემი მეგობარი, სამორი ბალდე დაინტერესდა ამ ვარცხნილობით და მოუნდა, თვითონაც ჰქონოდა. ჩავუჯექით ინტერნეტს, დავათვალიერეთ სხვადასხვა საიტი, ვუყურეთ ვიდეოებს. მოკლედ, ყველანაირი ცნობები მოვიძიეთ ამის შესახებ. შემდეგ ნელ-ნელა, თითო-თითო დრედით დავიწყეთ და ორ დღე-ღამეში დავამთავრეთ. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის – გარკვეულ პერიოდში ერთხელ საჭიროა, თითოეული ნაწნავის დამუშავება, სანამ სასურველ შედეგს მივაღწევთ.
– რამდენი ხანია საჭირო, სანამ სასურველ შედეგს მიაღწევთ?
– იმისთვის, რომ თმამ თავისი სტრუქტურა იცვალოს, საჭიროა მინიმუმ, ნახევარი წელი. ამ პერიოდში ის ყოველ ორ თვეში ერთხელ მაინც, უნდა დამუშავდეს. თუ გაიკეთებ და ყურადღებას აღარ მიაქცევ, მალევე დაიშლება. ასე რომ, თუ არ მიხედე და მოუარე, აზრი არ აქვს დრედების გაკეთებას. დრედის შესანარჩუნებლად თმა უნდა აიძულოთ, გაიზარდოს ისე, როგორც თქვენ გინდათ. ბოლოს უკვე თქვენი თმა თავისთავად გაიზრდება დრედებად.
– დაახლოებით, რა ჯდება ამ ვარცხნილობის გაკეთება?
– უცხოეთში ძალიან ძვირია, ამიტომ არის შემთხვევები, როცა აქ ჩამოდიან და იკეთებენ. იქ მისი ფასი ორასი-სამასი დოლარიდან იწყება. იცით როგორ არის? მიხვალ სალონში, გაგიკეთებენ და მორჩა. მე სამას ლარად ვაკეთებ და ამ თანხაში შედის დამატებითი პროცედურები. ანუ, სანამ სრულ ფორმაში არ მოვიყვან ვარცხნილობას.
– ცნობილი ადამიანებიდან თუ გაგიკეთებია ვინმესთვის?
– ჯერჯერობით არა. საქართველოში ის არც აქვთ ცნობილ ადამიანებს, უცხოეთში კი ძალიან ბევრი იკეთებს. მაგალითად, ანდერს ფრიდენი, ტომ კაილიტცი, ვუპი გოლდბერგი, დემიან მარლეი, კორი ტეილორი, ლილ ჯონი და ასე შემდეგ. ხშირად უცხოელებს უკვირთ, საქართველოში სად ვისწავლე დრედის გაკეთება. სხვათა შორის, ბევრ ქართველს უნდოდა ამ ვარცხნილობის გაკეთება, მაგრამ, ზოგს სახლში აქვს პრობლემები, ზოგს სამსახურში. ეშინიათ, საზოგადოება როგორ მიიღებს.
– გოგონები უფრო ხშირად იკეთებენ თუ ბიჭები?
– სხვათა შორის, გოგონები უფრო ხშირად ინტერესდებიან და რეკავენ, იგებენ პირობებს, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როცა ოჯახის წევრები უკრძალავენ. ბიჭები უფრო კომპლექსიანები არიან ამ საკითხში. შეიძლება, მათ არც არავინ უშლით, მაგრამ უჭირთ ამ ნაბიჯის გადადგმა. ეტყობა, ეშინიათ ყურადღების ცენტრში მოქცევის – დრედი ხომ იშვიათია, განსაკუთრებით საქართველოში და ძალაუნებურად, ყველას თვალი გაურბის ამ ვარცხნილობისკენ.
– ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ძნელი დასაბანია, ზოგს კი ჰგონია, ასეთ თმას არც იბანენ.
– არანაირად არ არის ძნელი დასაბანი. წარმოიდგინეთ, რომ ასი ღერი თმა გაქვთ თავზე. როგორც ჩვეულებრივ იბანთ თავს, ზუსტად ისე უნდა დაიბანოთ დრედებიც. ოღონდ, მხოლოდ შამპუნით ან საპნით, ბალზამი საჭირო არ არის. ერთადერთი უსიამოვნო პროცესი ის გახლავთ, რომ მათი გაკეთებიდან, მინიმუმ ორი კვირა, თავის დაბანა არ შეიძლება.
– ესე იგი, რთული მოსავლელი არ არის?
– არა, უბრალოდ, უნდა იცოდე სწორად მოვლა. ზოგი შამპუნი, თმაში ოდნავ რჩება, ან რაღაცას მაინც ტოვებს, რაც დრედებს აზიანებს. ამიტომ, ასეთი შამპუნით არ უნდა დაიბანოთ. ჩვეულებრივ სალონში ხომ დადიხართ ერთ ან ორ თვეში ერთხელ მაინც, დრედებსაც სწორედ ამ პერიოდში ერთხელ ჭირდება დამუშავება. ოღონდ განა მთელი ცხოვრება, უბრალოდ, გარკვეული დროის განმავლობაში აღარ სჭირდება. ყურადღება მიაქციეთ სისუფთავეს. თუ ისეთ ადგილას მოხვდით, სადაც სპეციფიკური სუნია, დრედი ადვილად ისრუტავს ნებისმიერ სუნს და შემდეგ მისი მოშორება რთულია.
– როგორც ვიცი, დრედს ვეღარ დაიშლი, სამუდამოა.
– მართალია. სიტყვა დრედი ასოცირდება მკვდარ კვანძთან, შანსი არ არის დაიშალოს. გამოსავალი მხოლოდ მოჭრაა. საიტებზე დევს ვიდეოები, სადაც დრედების დაშლას გვაჩვენებენ და გვასწავლიან. ეს, უპირველესად, ძალიან რთულია, ხოლო შედეგი არის საშინელი. თმა ძალიან ფუჭდება. ამიტომ, ყველა ვარიანტში, მოჭრა ჯობია. 6-7 სანტიმეტრი თმა მაინც დარჩება, რადგან დრედი ძირებიდან არ კეთდება. ასე რომ, დიდი ტრაგედია არ არის (იცინის). სხვათა შორის, ხშირად არ ითხოვენ დრედების დაშლას, რადგან მას, ვინც ამ ვარცხნილობას იკეთებს, უპირველესად ყველანაირ ინფორმაციას ვაწვდით მასზე და თუ არ უნდა, თავიდანვე არ გაიკეთებს. თმა რატომ უნდა გააფუჭოს?!