10 მითი გახდომის შესახებ
გახდომის მსურველები, ალბათ, დაგვეთანხმებიან, რომ ხშირ შემთხვევაში მათ ერთმანეთის გამომრიცხავ რჩევებს აძლევენ როგორც ახლობლები, ისე ცნობილი დიეტოლოგები.
ჩვენ დღეს მოკლედ განვიხილავთ ათ რჩევას და აგიხსნით, რომელი არ არის მათგან მითი და რომელი – რეალობა.
მითი პირველი: ნახშირწყლები ასუქებს
ეს მართლაც ასეა. ნახშირწყლები იზიდავს წყალს. ამიტომ, მათზე უარის თქმის შემთხვევაში, მართლაც შეგიძლიათ, გახდეთ. მაგრამ, ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან, თუ თქვენ საერთოდ ამოიღებთ მენიუდან ნახშირწყლების შემცველ პროდუქტებს, თქვენი ორგანიზმი საგრძნობლად დასუსტდება, რაც, ცხადია, სერიოზულ დისკომფორტსა და პრობლემებს შეგიქმნით – ნახშირწყლები ხომ ენერგიის წყაროა!
მითი მეორე: აკრძალეთ ვახშამი!
დიეტოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ საღამოს კვება არ გაგასუქებთ, თუ ზედმეტი არ მოგივათ, ანუ, თუ არ გადააჭარბებთ კალორიების სადღეღამისო ნორმას. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – გააჩნია, რას მიირთმევთ ძილის წინ.
მითი მესამე: შოკოლადი მავნებელია
შოკოლადზე მთლიანად უარის თქმას დიეტოლოგები არ გირჩევენ. კაკაოს მარცვლები მდიდარია განსაკუთრებული ნივთიერებებით, რომლებიც აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობას. მაგრამ, ამ გემრიელი სასუსნავით გატაცება ნამდვილად არ დაგეხმარებათ გახდომაში. ნებადართულია დღის განმავლობაში მხოლოდ 1 ფინჯანი უშაქრო, ცხელი შოკოლადი ან მწარე შოკოლადის ნახევარი ფილა.
მითი მეოთხე: გამორიცხეთ პური!
პურის მთლიანად გამორიცხვა არ შეიძლება – უბრალოდ, უნდა იცოდეთ თქვენი დღიური ნორმა და, რაც მთავარია, მიირთვათ მხოლოდ დიეტური შავი ან ცეხვილი პურის 2-3 პატარა ნაჭერი.
მითი მეხუთე: საჭიროა ბევრი ცილა
არ შეიძლება ცილების დამატებით მიღება. აბსოლუტურად საკმარისია ცილების ის რაოდენობა, რასაც ორგანიზმი საკვებიდან ითვისებს.
მითი მეექვსე: ბალი და ალუბალი დაბალკალორიული ხილია
ეს მართლაც ასეა. 100 გრამი ბალი ან ალუბალი შეიცავს სულ რაღაც 52 კილოკალორიას. ამასთან, ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, აქრობს წყურვილს, კარგია კუჭის შეკრულობის დროს, მაგრამ, აძლიერებს მადას.
მითი მეშვიდე: ცოცხალი ხილი უფრო სასარგებლოა, ვიდრე წვენები
წვენები ისევე, როგორც ხილი, უზრუნველყოფს ორგანიზმს მნიშვნელოვანი ვიტამინებით, რომლებიც კარგად შეიწოვება სისხლში.
მითი მერვე: ზღვის პროდუქტები სასარგებლოა მხოლოდ ცოცხალი სახით (და არა გაყინული)
ნახევრად გაყინვისა და სრული გაყინვის შემდეგაც კი, ზღვის პროდუქტებში დიდხანს ინახება მისი ყველა კვებითი ღირებულება.
მითი მეცხრე: მცენარეული ზეთებიდან ყველაზე სასარგებლოა ზეითუნის ზეთი
სინამდვილეში, თავისი ბიოლოგიური ღირებულებების მიხედვით, პირველ ადგილზეა არა ზეითუნის, არამედ სელის ზეთი.
მითი მეათე: ცოცხალი ბოსტნეული უფრო სასარგებლოა, ვიდრე გაყინული
თუ ბოსტნეული სწორი ტექნოლოგიით არის გაყინული და, თანაც, მხოლოდ ერთხელ (ანუ, არ არის გამლღვალი და ხელახლა გაყინული), ის არ კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს.