„საქართველოს ლატარიის კომპანია“ სოციალურად დაუცველ პატარებს ეხმარება
ლამაზი დღე საჩუქრად სოციალურად დაუცველ პატარებს „საქართველოს ლატარიის კომპანიისგან“
„საქართველოს ლატარიის კომპანიისათვის“ ქველმოქმედება პრიორიტეტია. განსაკუთრებით როცა საქმე ქვეყნის მომავალს, ანუ, ბავშვებს ეხება. ჩვენ არაერთგზის გავხდით ძალიან ბევრი სასიამოვნო სიურპრიზისა და აქციის მომსწრე, რომელიც ლატარიის კომპანიამ განახორციელა სპორტსკოლებისთვის, სკოლებისა და ბაღების სოციალურად დაუცველი პატარებისთვის, ის, აგრეთვე, გახდა კლასიკური მუსიკის საბავშვო რესპუბლიკური ფესტივალის ოფიციალური სპონსორი. მოკლედ, კომპანიამ ბევრი მზიანი და ლამაზი დღე აჩუქა ბავშვებს და მცირე ხნით მაინც გაახალისა ისინი. პატარების სიხარული და მადლიერება კი, ყველა საჩუქარზე უფრო ძვირფასია.
13 მაისს, „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ 55-ე ბაგა-ბაღის სოციალურად დაუცველ აღსაზრდელებს სიურპრიზი მოუწყო. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლალი კრიხელი ბავშვებთან, მათ მშობლებსა და ჟურნალისტებთან ერთად, ბავშვთა გასართობ ცენტრ „დისნეი ფართის” ესტუმრა, სადაც ბავშვებს მხიარული გარემო, ბევრი გასართობი და უამრავი საჩუქარი ელოდათ. რა თქმა უნდა, პატარებმა ძალიან გაიხარეს, გახარებულები იყვნენ მათი მშობლებიც.
ბავშვებს გასართობ ცენტრში მიკი მაუსმა უმასპინძლა, რომელმაც მათთან ერთად, იცეკვა და იმხიარულა. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ლალი კრიხელმა პატარებს საჩუქრად ტკბილეული დაურიგა. ბავშვებმა ისრიალეს, ითამაშეს, შესანიშნავი დრო გაატარეს. დღე ლამაზი და ხალისიანი გამოვიდა, რაც ამ ბავშვებს ნამდვილად სჭირდებოდათ და, რა თქმა უნდა, მსგავს აქციებს კომპანია მომავალშიც განახორციელებს.
ლელა ჩლაიძე (55-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელის მშობელი): ძალიან ბედნიერები ვართ დღევანდელი დღით, ლატარიის კომპანიამ ჩვენ და ჩვენს შვილებს სასიამოვნო სიურპრიზი მოგვიწყო. დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ მათ ამ მშვენიერი დღისთვის. ბაღში ნორმალური პირობებია, ასე თუ ისე, არაფერს ვუჩივით, მაგრამ, ბავშვების აქ მოყვანის საშუალება ხშირად არ არის, დღეს კი ბავშვები კარგად გაერთნენ – იმღერეს, იცეკვეს, ითამაშეს და საჩუქრებიც მიიღეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
ლალი კრიხელი („საქართველოს ლატარიის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): ჩვენი კომპანიისთვის ქველმოქმედება პრიორიტეტულია. დღეს ჩვენ განვახორციელეთ საქველმოქმედო აქცია და 55-ე ბაგა-ბაღის სოციალურად შეჭირვებულ ბავშვებს ვუმასპინძლეთ „დისნეი ფართიში”. ვფიქრობ, აქცია შემდგა, რადგან ბაშვებმა გადასარევი დრო გაატარეს. მინდა, დაგპირდეთ, რომ „საქართველოს ლატარიის კომპანია“ მომავალშიც არაერთ საქველმოქმედო ღონისძიებას განახორციელებს. გისურვებთ წარმატებებს!