როგორია თანამედროვე ქალაქი და ვისი გულის მოსაგებად წარმოადგინა პატარა კაბები „ივ სენ-ლორანმა“
შანელი, ივ სენ-ლორანი, კრისტიან დიორი – ფრანგული და, ზოგადად, მოდის ფუძემდებლები... მათ ჩაცმის სამყაროში რევოლუცია მოახდინეს და აჩვენეს, რომ მოდაზე და ჩაცმაზე საუბარი მხოლოდ კეკლუცი ქალბატონების უფლება კი აღარ არის, ის ხელოვნებაა, რომელზეც უნდა ილაპარაკოს ყველამ. ივ ენრი დონა მატიე სენ-ლორანი – ალჟირში დაბადებული ფრანგი მაღალ მოდაზე სამოც-სამოცდაათიან წლებში მეფობდა. კრისტიან დიორის გარდაცვალების შემდეგ მან მოდის მართვის სადავეები ხელში აიღო და ის სიკვდილის შემდეგაც კი არ გაუშვია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ სწორედ დიორის ასისტენტად დაიწყო მუშაობა და მისი სიკვდილის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში მართავდა ამ სახლს, მაგრამ სენ-ლორანის ცხოვრებაში იყო ჩავარდნის პერიოდებიც. „დიორის“ სახლის მმართველობისას ის ალჟირში სამხედრო სამსახურში იქნა გამოძახებული, სადაც ბრძოლებში მონაწილეობაც მოუწია, მაგრამ ნერვული შეტევის გამო სენ-ლორანი უკან დააბრუნეს. დიდი ხნის განმავლობაში უდიდეს დიზაინერს ფსიქიატრიულ კლინიკაში ელექტროშოკის მეთოდით მკურნალობდნენ. არ ვიცი, როგორ იმოქმედა მკურნალობის ამ საშინელმა მეთოდმა სენ-ლორანის ფსიქიკაზე, მაგრამ კარიერის საქმე რომ უკეთ წავიდა, ეს ცხადია. მან და მისმა მთელი ცხოვრების პარტნიორმა, პიერ ბერჟემ, ამერიკელი მილიარდერი დაარწმუნეს იმაში, რომ რამდენიმე მილიონი ფრანკი ჩაედო ახალი მოდის სახლის განვითარებაში, რომლის სახელიც იქნებოდა „ივ სენ-ლორანი“, შემოკლებით „YSL“. მოდის სახლის პირველი კოლექციები შეიქმნა თემაზე – „მოდილიანის შემოქმედება“. სწორედ ივ სენ-ლორანი იყო პირველი, ვინც ქალბატონებისთვის სმოკინგი შექმნა, რომელიც კომპანიის სამარკო ნიშნად იქცა ათწლეულების განმავლობაში. სენ-ლორანმა მოახერხა და რევოლუცია მოახდინა პარფიუმერიულ ინდუსტრიაშიც „ოპიუმის“ შექმნით, მან სრულიად ახალ ეპოქას ჩაუყარა საფუძველი სურნელების სამყაროში. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ალბათ, ძნელია წარმოიდგინო, რომ 71 წლის დიზაინერი, რომელიც მშვიდად გარდაიცვალა საკუთარ სახლში, ნახევარი საუკუნით ადრე, თავისი ახალი მამაკაცური სუნამოს რეკლამირებისთვის შიშველი პოზირებდა.
2004 წლიდან „ივ სენ-ლორანის მოდის სახლს“ სათავეში იტალიელი სტეფანო პილეტი უდგას. პილეტის 2009 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ქალაქის ცხოვრებას ასახავდა. მოსახლეობა, ინფრასტრუქტურა, ხასიათი, განვითარება – სწორედ ეს იყო ის თემები, რომლებზეც პილეტიმ ახალი კოლექცია შექმნა. „მე მინდა დროების ასახვა, მისი ცვალებადობის ჩვენება, ეს არის ჩემი განწყობა და არ მინდა სხვა თემაზე მუშაობა“, – განაცხადა დიზაინერმა. არასტაბილურმა ეკონომიკამ ძალიან ბევრი მოდის სახლის მუშაობა შეაჩერა და ძალიან ბევრსაც გაუბედაობის კვალი დაატყო. კრიზისმა მხოლოდ „ივ სენ-ლორანის მოდის სახლზე“ იმოქმედა არაჩვეულებრივად. პარიზის ცენტრში, პალაი დე ტოკიოს ვიწრო ქუჩაზე მსხვილი ხედით წარმოდგენილი კოლექცია ერთმნიშვნელოვნად უსვამდა ხაზს დიზაინერის ხედვას – ის მთლიანად კონცენტრირებული იყო თანამედროვე ქალაქის სრულყოფილ ჩვენებაზე. პილატის სამოსი ერთ ფერში იყო გადაწყვეტილი. ივ სენ-ლორანის კოდექსების თანახმად, მან გამოიყენა შავი ტყავი, რუხი ფანელი, „დაძველებული“ თეთრი და, რა თქმა უნდა, სენ-ლორანის ცნობილი „ლე სმოუქინგი“ ანუ მარტივად, რომ ავხსნათ სიგარეტის ბოლის ფერი. შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში პილატიმ გვერდი ვერ აუარა „ბაიკერულ“ ტყავის ქურთუკს, რომელიც თავად ივ სენ-ლორანის საყვარელი თემა იყო, ჯერ კიდევ „დიორის სახლში“ მუშაობისას. ეროტიკული ელემენტების მიუხედავად, რომელიც, ერთი შეხედვით, ჰელმუტ ნიუტონის არაჩვეულებრივ ფოტოებს გვახსენებდა, სამოსი ერთმნიშვნელოვნად „ქუჩის ცხოვრებისთვის“ ანუ ყოველდღიურობაში გამოსაყენებლად იყო შექმნილი. მიუხედავად უცნაური გადახვევებისა, პილატიმ მაინც არ დაივიწყა პარიზელი ქალბატონები და მათი გულის მოსაგებად რამდენიმე მოდელი წარმოაჩინა: პატარა, ლამაზი კაბები, გრძელი ხელთათმანები, რამდენიმე შორტი და... ნებისმიერი სტილის მიმდევარი აუცილებლად „ივ სენ-ლორანში“ გამოწყობილი გაატარებს მთელ შემოდგომას.
ანა სარალიძე