კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: მინდა, გავიზარდო ფრჩხილები, მაგრამ, არ ვიცი, როგორი ფორმა მივცე, რომ ჩემი თითები ლამაზად გამოიყურებოდეს. მინახავს, ზოგს მომრგვალებული ფრჩხილები აქვს, ზოგს – ოდნავ წაწვეტებული, ზოგსაც – ოთხკუთხედი, მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში, არ მომწონებია, თითქოს ეს ფორმები მათ ხელებს არ უხდება. რას მირჩევთ?
პასუხი: გაზრდილ ფრჩხილებს ერთი ძირითადი დანიშნულება აქვს – ვიზუალურად დააგრძელოს თითები და ხელის მტევანი, მაგრამ, ლამაზი ხელები რომ გამოგიჩნდეთ, უნდა იცოდეთ, როგორი ფორმა მისცეთ ფრჩხილების დაბოლოებას, კერძოდ, თუ ნუნები (ფრჩხილის ძირები) ოვალური გაქვთ, წამოზრდილ ფრჩხილებსაც ასეთივე ოვალი უნდა გაუკეთოთ; თუ თქვენი ნუნები კვადრატისებურია, ფრჩხილების დაბოლოებასაც კვადრატული (ოღონდ, არა მკვეთრად გამოკვეთილი კუთხეებით) ფორმა მიეცით.
კითხვა: ხანდახან თვალების ქვეშ ქუთუთოები ჩამომისივდება ხოლმე. თქვენი ჟურნალის ერთ-ერთ ნომერში ეწერა, რომ ამ „ტომსიკების“ გაქრობა კარტოფილითაა შესაძლებელი. მაინტერესებს, კონკრეტულად რა გავლენას ახდენს ამ შემთხვევაში კარტოფილი?
პასუხი: შეგახსენებთ, რომ თვალების ქვეშ „ტომსიკების“ გაჩენის შემთხვევაში (თუ ამის მიზეზი რამე დაავადება არ არის), აიღეთ საშუალო ზომის კარტოფილი, კარგად გარეცხეთ, გათალეთ და მოაჭერით ორი თხელი, მრგვალი ფირფიტა. შემდეგ წამოწექით და მჭიდროდ დაიფინეთ თვალებზე. 15-20 წუთის შემდეგ ფირფიტები მოიშორეთ და 1 საათის განმავლობაში არ ჩამოიბანოთ. მერე კი მსუბუქად დაიმასაჟეთ პიტნის ან გვირილის ნაყენის ყინულის კუბიკით და არ შეიმშრალოთ, აცადეთ, თვითონ შეშრეს. რაც შეეხება ზემოქმედებას, კარტოფილი შეიცავს ასკორბინის მჟავას, რომელიც წმენდს და ათეთრებს კანს და, შესაბამისად, თვალების ქვეშ გაჩენილ სილურჯესაც აფერმკრთალებს.
კითხვა: მაჩუქეს ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის ჟოლოს გელი. მაინტერესებს, რა სასარგებლო თვისებები აქვს მას კანისთვის?
პასუხი: ჟოლოს ექსტრაქტზე დამზადებული გელი კანს ხდის მკვრივსა და ხავერდოვანს, ხელს უწყობს კანში ნივთიერებათა ცვლასა და ნაოჭების გაქრობას.
კითხვა: მაქვს წვრილი თვალები. გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ უნდა წავისვა კონტურის ფანქარი, რომ თვალები ვიზუალურად დიდი გამომიჩნდეს?
პასუხი: აიღეთ ორი ფანქარი: ერთი – შავი, მეორე კი – ორი-სამი ტონით უფრო ბაცი (ანუ, მუქი ნაცრისფერი). შავი ფანქრით გაიკეთეთ კონტური ზედა ქუთუთოებზე, წამწამების ძირში, მუქი ნაცრისფრით კი – ქვედა ქუთუთოებზე, წამწამების გარედან.